როცა ვისმენთ, როგორ დაამარცხა ამა თუ იმ პიროვნებამ მძიმე სენი, ალბათ, ბევრჯერ გვიფიქრია, რომ ეს ჩვენ არ დაგვემართება, თუმცა კიბო ადამიანების ცხოვრებასა და ორგანიზმში, სწორედ რომ, მოულოდნელად, გაუფრთხილებლად იჭრება და ყველაფერს ცვლის. მძიმე სენთან ბრძოლა ხშირად ფიზიკურად ასუსტებს ადამიანს, თუმცა მორალულად აძლიერებს, სხვა თვალით ანახებს სამყაროს და აძლევს შანსს, დააფასოს სიცოცხლე. კიბო რომ განაჩენი არ არის, ამაზე საზოგადოება კარგა ხანია, რაც შეთანხმდა. სწორედ ამიტომ, გთავაზობთ 3 ქალის ამბავს, რომლებმაც ეს სენი დაამარცხეს.
სარა, 38 წლის, საშვილისნოს ყელის კიბო
"საავადმყოფოში მოხალისედ ვმუშაობდი. კიბოთი დაავადებული ბავშვებისთვის კონკურსებსა და წამახალისებელ ღონისძიებებს ვგეგმავდი. კიბოს შესახებ ბევრი რამ ვიცოდი, კარგად ვიცნობდი ამ დაავადებასთან დაკავშირებულ სტიგმებსა და სტერეოტიპებსაც. ამან, ალბათ, გამიადვილა ჩემი დიაგნოზის მიღება.
2016 წლის ივლისში გავიგე, რომ ორსულად ვიყავი. სექტემბერში კი ექიმებმა მითხრეს, რომ მშობიარობას ვერ შევძლებდი, რადგან ორგანიზმში სიმსივნური წანაზარდი მქონდა. მე უკვე მყავდა 4 წლის ვაჟი და ასეთ დროს დედის სიცოცხლე პრიორიტეტულად ითვლება, ამიტომ ექიმებმა აბორტის შესახებ დაიწყეს საუბარი.
ექიმებში ნამდვილად გამიმართლა. ჩემი მეან-გინეკოლოგი ყოველთვის გვერდით მედგა, ჩემი ქმარი კი ჩემი თანამოაზრე გახდა და ჩვენ მიზნად დავისახეთ, რომ მეც და ბავშვიც გადავრჩენილიყავით. მიუხედავად ასეთი შემართებისა, ღამით, როცა ყველას ეძინა, მე ბევრჯერ მიფიქრია, რა მოხდებოდა, თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით არ წავიდოდა. ჩემში ახალი თვისებაც აღმოვაჩინე - შემეძლო 40 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად მეტირა. ამ დროს ჩემი ქმარი მისმენდა, მამშვიდებდა და მაიმედებდა.
გარდა მორალური მხარდაჭერისა, კიბოსთან ბრძოლის დროს ფინანსები უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს. ხარჯი იმდენად დიდი იყო, რომ წარმოდგენაც არ მქონდა, როგორ შევძლებდით მის გადახდას. თუმცა ჩემმა მეგობრებმა ჩემგან მალულად დაიწყეს თანხის შეგროვება და ამისთვის ძალისხმევა არ დაუშურებიათ. ცრემლების გარეშე ვერ ვიხსენებ ფაქტს, რომ მათ საკუთარი დანაზოგი, წლების განმავლობაში მანქანისა თუ სახლის საყიდლად შეგროვებული ფული ჩემი და ჩემი შვილის გადარჩენისთვის გაიღეს.
ორსულობის დროს საშვილოსნოს ყელის კიბოს მკურნალობა და ოპერაცია საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა, თუმცა ჩემმა ექიმებმა ყველაფერი გააკეთეს და ჩემი შვილი 35-ე კვირას დაიბადა. იყო ჯანმრთელი, საკმაოდ დიდი და ბევრს ჭამდა. მშობიარობიდან ორ თვეში მე გამოვჯანმრთელდი, მაგრამ მხოლოდ ფიზიკურად. მორალურად ეს ბრძოლა ძალიან რთული აღმოჩნდა, გავხდი უენერგიო, მხოლოდ ჭამა და ძილი შემეძლო, არ მქონდა არაფრის ხალისი, მაგრამ, როგორც გავიგე, ეს კიბოს დამარცხების შემდეგ ნორმალური მოვლენაა.
კიბოსთან ბრძოლამ ცხოვრება სხვა თვალით დამანახა და უამრავი რამ მასწავლა. უფრო მეტად დავაფასე სიცოცხლე, მეგობრები, ოჯახი. დიდ დროს ვუთმობ მათთან ერთად გართობას და ვცდილობ, ყოველი დღე სასიამოვნო იყოს. ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება კი ჩემი ორი ვაჟია, რომლებიც უკვე 8 და 3 წლის არიან."
ალექსანდრა, 27 წლის, ლიმფომა
"2018 წლის მარტში დამიდგინდა ლიმფომა. ჩამიტარდა 8 ქიმიოთერაპია და ღეროვანი უჯრედების გადანერგვა დამჭირდა. 2018 წლის ნოემბრიდან დღემდე სტაბილური რემისიის ეტაპზე ვარ - ესაა ორი წინადადება ჩემი ცხოვრების ყველაზე დიდი ბრძოლის შესახებ, ბრძოლის, რომელმაც ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მე სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი არაფრით გამორჩეული სტუდენტი ვიყავი, ვცხოვრობდი მეუღლესთან ერთად და არაფერზე ვდარდობდი, თუმცა ჩემი ფიქრები მუდმივად ნეგატიური იყო - არ მომწონდა საკუთარი გარეგნობა, ხასიათი, ბევრს ვტიროდი და სიკვდილზეც ხშირად ვფიქრობდი. დაბალმა თვითშეფასებამ და მუდმივმა სტრესმა, რომელშიც საკუთარ თავს ვამყოფებდი, კიბოს დიაგნოაზამდე მიმიყვანა. როცა ჩემი დაავადების შესახებ გავიგე, მივხვდი, რომ ეს იყო სამყაროს რეაქცია ჩემს შინაგან მდგომარეობაზე.
2017 წლის ნოემბერში, როცა კისერზე გამონაყარმა შემაწუხა და ექიმთან მივედი, წარმოდგენაც არ მქონდა, რა მელოდა წინ. ზუსტი დიაგნოზი ექვსი თვის შემდეგ დამისვეს. საავადმყოფოში ყოფნის დროს ვიყავი სრულიად მელოტი, წვეთოვანზე შეერთებული, არ შემეძლო სიარული, საუბარი, ხატვა. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, იყო წოლა და კედლის ყურება. სწორედ ამ დროს მივხვდი, რა ძვირფასია ცხოვრება. დავიწყე „ინსტაგრამზე“ ბლოგების წერა, მედიტაცია, ვკითხულობდი ბევრს, რაც დამეხმარა გამეანალიზებინა, რომ ჩემი ბედნიერება მხოლოდ ჩემზეა დამოკიდებული. გამოჯანმრთელების შემდეგ ჩემი დიდი ხნის ოცნება ავისრულე და საცხოვრებლად სასურველ ბინაში გადავედი. ბევრს ვხატავდი, ვფიქრობდი, დაიწყე შემჩნევა იმისა, თუ რა მომწონდა და რა - არა, რა მინდოდა, რა მიხაროდა...
რაც შეეხება ჩემს ქმარს, მას რემისიის პერიოდის დაწყებიდან ძალიან მალე დავშორდი. ჩემს ქმარს ძალიან გაუჭირდა ამ ყველაფრის გადატანა და ეს გადაწყვეტილება ერთად მივიღეთ. ახლა ძალიან ბედნიერი ვარ, მივყვები ჩემს ოცნებებს, ვსწავლობ, ვვითარდები. კიბოსთან ბრძოლაში მე გავიმარჯვე და მისი მადლობელი ვარ, რადგან საშუალება მომცა, მეპოვა საკუთარი თავი ამ ცხოვრებაში."
ანა, 48 წლის, ძუძუს კიბო
"ჩვევად მაქვს, თვეში ერთხელ ვდგები სარკის წინ და მკერდს ვიმოწმებ არა იმიტომ, რომ მე სამედიცინო ოჯახიდან ვარ და განსაკუთრებული ცოდნა მაქვს, ამის გაკეთება ნებისმიერ ქალს შეუძლია. 6 წლის წინ, ერთხელაც, შევნიშნე პატარა კვანძი, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება არ მიმიქცევია. მორიგი შემოწმებისას დავინახე, რომ ის გაზრდილი იყო და შეხებისას ტკივილსაც იწვევდა. ზედმეტი დაბნეულობის გარეშე ჩავალაგე ბარგი და გავემზგავრე ისრაელში გამოკვლევისთვის. მაშინ წარმოდგენაც არ მქონდა, რომ იქ 9 თვის გატარება მომიწევდა.
ექიმის საუბრიდან მივხვდი, რომ ყველაფერი ცუდად იყო. ერთადერთი, რაც მაშინ შევძელი, იყო ის, რომ დერეფანში გავვარდი ყვირილით „რატომ?“, „როგორ?“, „მე ხომ შვილები მყავს?!“. შემდეგ კი თავი ხელში ავიყვანე და ათ დღეში ოპერაციაც გამიკეთეს. ოპერაციის დღეს ჩემი უფროსი ქალიშვილი და მეგობრები ჩამოფრინდნენ, მე კი თავს მაინც დაკარგულად და მარტოსულად ვგრძნობდი. მომდევნო ერთი თვე ისტერია მქონდა, ხელებს კედელს ვუტყამდი, ვტიროდი... არასდროს დამავიწყდება ექიმის სიტყვები: „შენს შვილებს სჭირდები“. ამან მომცა ძალა, მებრძოლა და პირველ ქიმიოთერაპიასაც მხნედ შევხვდი.
ისრაელში ყოფნის დროს მე შევხვდი ქალებს, რომლებიც ქიმიოთერაპიის შემდეგ სამსახურში მიდიოდნენ, მე კი არაფრის ხალისი არ მქონდა. ერთ დღესაც, ტუჩები წითლად შევიღებე, ვიყიდე ფერადი თავსაბურავები, გრძელი პარიკები და ვიპოვე ძალა, რომ გზა გამეგრძელებინა.
ჩემი მეგობრებისა და ოჯახის წყალობით, შევძელი, კვლავ დავმდგარიყავი ფეხზე. ოპერაციიდან სამი წლის განმავლობაში მხოლოდ სახლში ყოფნა მინდოდა, თუმცა სამი წლის შემდეგ თითქოს თავიდან დავიბადე, გამიჩნდა სურვილი, მემუშავა და ისევ საჭიროდ მეგრძნო თავი. გადავწყვიტე, ჩემი განვლილი გზა მაგალითად მექცია მათთვის, ვინც ამ მომენტში ებრძვის მძიმე სენს და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება ჩემს ცხოვრებაში.
ყველა გოგოს, ვინც უკვე 25 წლის ან მეტისაა, ვურჩევ, წელიწადში ერთხელ გამოჰყონ დრო და ფინანსები საკუთარი თავისთვის, საკუთარი ჯანმრთელობისთვის და ჩაიტარონ გამოკვლევები. ეს ისეთივე აუცილებელი უნდა იყოს ყველასთვის, როგორც, მაგალითად, თმის დაბანა. თუკი თავად არ იზრუნებთ საკუთარ თავზე, ამას თქვენ მაგივრად არავინ გააკეთებს და გახსოვდეთ, რომ კიბო განაჩენი არ არის!"