საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა 2 მაისს მიუნხენის ღია პირველობის ფინალი ითამაშა და 250-ქულიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან გერმანელი მეტოქე იან-ლენარდ შტრუფი ორ სეტში, ანგარიშით - 6:4, 7:6 დაამარცხა.
ბასილაშვილს მეტოქის დასამარცხებლად საათი და 28 წუთი დასჭირდა.
აღნიშნული ტურნირის მოგებით ბასილაშვილმა 250 სარეიტინგო ქულა და 21 655 ევრო გამოიმუშავა (წყარო). გარდა ამისა, ბასილაშვილს საჩუქრად გადასცეს ტურნირის სპონსორის, BMW-ს მარკის ავტომობილი - M850i xDrive Coupe-ი.
განახლებულ რეიტინგში ნიკოლოზი მსოფლიოს 29-ე ჩოგანი გახდება.
აღნიშნული გამარჯვებით ნიკოლოზ ბასილაშვილმა კარიერაში მეხუთე ტიტული მოიპოვა.
ფინალის მოგების შემდეგ ნიკოლოზმა გულშემატკივრებს სოციალურ ქსელში ახალი ფოტოები გაუზიარა - "მეხუთე ტიტული კარიერაში", - წერს ჩოგბურთელი.
"რა საოცარი კვირა იყო მიუნხენში", - აღნიშნავს ქართველი ჩოგბურთელი "ინსტაგრამზე" გამოქვეყნებულ პოსტში: