_ სულელო, სულელო… განა თავის მოკვლა გამოსავალია? რამ გაფიქრებინა ეგ, ა? რატომ მაშინვე არ მითხარი, რაც ხდებოდა? ეს რომ მცოდნოდა, სხვანაირად მოვაგვარებდი ამ პრობლემას.
_ შემეშინდა… _ იამ სახეზე ხელები აიფარა და კვლავ აზლუქუნდა, _ შენი დაკარგვის შემეშინდა.
_ ნუ, ნუ… არ იტირო, ძალიან გთხოვ. შენი ცრემლები გულს მიკლავს, _ გუჯიმ ხელები ჩამოაღებინა სახიდან და ცოლი გულზე მიიხუტა, _ ხომ იცი, რომ შენი გულისთვის მთებს გადავდგამ? შენ არ მეუბნებოდი, საუკეთესო ქმარი ხარო?
_ ჰო, მაგრამ…
_ კარგი, კარგი, არავითარი მაგრამ. ყველაფერს მივხედავთ. მე და შენ ერთად უდიდესი ძალა ვართ, ხომ იცი, არა? მამაშენსაც მოვუხერხებთ რამეს და შენს ძმებსაც. დავიბარებ ბიჭებს და სამსახურს შევთავაზებ. ცუდები არ არიან და იმედია, დამეთანხმებიან. მათი გამოსწორება ჯერ კიდევ შეიძლება.
ია უცებ გამოცოცხლდა, ცრემლები ამოიწმინდა და ქმარს შეაჩერდა.
_ მართლა? მართლა ამბობ ამას?
_ რა თქმა უნდა. გპირდები, რომ შენი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებ. ახლა კი გავიდეთ, უხერხულია სტუმრებთან. გავაცილოთ ისინი და მერე ვილაპარაკოთ, კარგი?
_ კარგი, ოღონდ ცოტას მოვწესრიგდები, არ მინდა ნამტირალევი მნახონ.
_ მიდი, მოწესრიგდი და გამოდი. მანამ მე მივხედავ, _ გუჯიმ თავზე აკოცა ცოლს და ოთახიდან გავიდა…
სიძესთან შეხვედრის შემდეგ რამაზმა მოსვენება დაკარგა. მთელი ღამე თეთრად გაათენა, რა გამოსავალი ეპოვა მდგომარეობიდან გამოსასვლელად. მეორე დღეს გოგიმ რამდენჯერმე დაურეკა, რას აპირებო. რამაზი შეჰპირდა, საღამოს შეგხვდები და ვილაპარაკოთო.
_ საღამოს შენს გოგოს ვხვდები.
_ ჩემს გოგოს? მასთან რა გინდა?
_ მითხრა, ფულს მოგიტანო.
_ არ გაბედო! გოგი, თუ კაცი ხარ, იას თავი დაანებე!
_ მაშინ შენ გადამიხადე. ჩემთვის სულერთია, ვალს რომელი დამიფარავთ.
რამაზმა ამოიხვნეშა და მარცხენა ხელით კეფა მოიქექა.
_ რომელზე უნდა შეხვდე იას?
_ ექვისთვის უნდა დავურეკო.
_ მოდი, ჯერ მე მნახე და მერე ერთად დავრეკოთ.
_ შენ რაში მჭირდები? _ ჩაიქირქილა ასათიანმა.
_ მეც გამოგყვები. თან რაღაც თანხა მეც მოვაგროვე, იქნებ იამ ბოლომდე ვერ მოუყაროს ფულს თავი.
_ ააა, ეგ სხვა საკითხია. კი ბატონო, თანახმა ვარ. მაშინ ჩემთან გამოდი და აქედან ერთად წავიდეთ იასთან.
შეთანხმდნენ. რამაზი ზუსტად ხუთ საათზე გოგისთან დაერჭო. მას გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა. სიძის ნათქვამმა ისე იმოქმედა მასზე, რომ გადაწყვიტა, ყველაფრისთვის წერტილი დაესვა. შევიდა თუ არა ასათიანის ბინაში, ხმის ამოღებაც არ აცალა, ჯიბიდან დანა დააძრო და მამაკაცს მოულოდნელად კისერში ატაკა. მერე აღარ ახსოვს, კიდევ რამდენჯერ დაარტყა. გონს რომ მოვიდა, მაშინღა გააცნობიერა, რომ სისხლში იყო მოთხვრილი, გოგი ასათიანი კი უსულოდ ეგდო იატაკზე. ბევრი არ უფიქრია, მობილური მოიმარჯვა და პოლიციაში დარეკა…
_ რაღაც მინდა გითხრა… _ გუჯიმ ხელი მხარზე მოხვია ცოლს, როცა ბოლო სტუმარიც გააცილეს და მარტონი დარჩნენ.
_ ახლა უკვე აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. მამაჩემმა კაცი მოკლა და ის დაიჭირეს. ჩემთვის ყველაფერი დამთავრდა.
_ ნუ ამბობ ასე. ცხოვრება გრძელდება. იქნებ მისთვის უკეთესიც კი არის, რომ დაიჭირეს? იქნებ ისწავლოს ჭკუა? მე საუკეთესო ადვოკატს დავიქრავებ, ვეცდები, მინიმალური მიუსაჯონ. ცოტა ხნის შემდეგ პირობითს გავუკეთებ და გარეთ გამოვა. ახლა ჩემთვის მთავარი შენ ხარ. მინდა ბედნიერი გაგხადო, ამისთვის კი ყველაფერს ვიღონებ. დავიღალე ბრძოლით, მშვიდი ცხოვრება მომენატრა. ერთადერთი, ამ საღამოდან რითიც დავკავდები, შენთან ურთიერთობაა.
იას სჯეროდა და არც სჯეროდა მოსმენილის. გუჯი უკვე აღარ ჰგავდა იმ შურისმაძიებელს, როგორსაც აქამდე ხედავდა. ამწუთას იგი მოსიყვარულე ქმარი იყო, რომელსაც პატიება შეეძლო და სურდა ცოლის გვერდით მთელი სიცოცხლე გაეტარებინა.
_ როგორც კი პირველად დაგინახე, ჩემი ცხოვრება სრულიად შეიცვალა, _ გააგრძელა გუჯიმ და იას სახე ხელისგულებში მოიქცია, _ ახლა მე მეტი მჭირდება, ვიდრე ფული და შურისძიებაა, რაღაც უფრო ღირებული მინდა. ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ. აღარ ვიცი, როგორ გავუმკლავდე ჩემს გრძნობებს, იმდენად უცხოა სიყვარული ჩემთვის. მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ: ჩემგან წასვლის უფლებას არასდროს მოგცემ. _ ამ სიტყვებით დაიხარა და ცოლს ტუჩებში გზნებით აკოცა, _ მიყვარხარ, იაკო. ისე ძალიან მიყვარხარ, რომ ამის გამო გულიც კი მტკივა.
_ მეც მიყვარხარ, _ იამ გაიღიმა და შუბლი ქმრის შუბლს მიადო, თან თითის წვერებზე აიწია, რომ მისწვდენოდა.
_ ნამდვილი იდიოტი ვარ, თავიდან ვერ გიტანდი, მინდოდა შური მეძია, ახლა კი თავდავიწყებით მიყვარხარ.
_ თუმცა, რომ არა შურისძიების წყურვილი, ერთმანეთს ვერასდროს შევხვდებოდით, _ ჩურჩულით ამოთქვა გოგონამ.
_ რომ არა ჩვენი წარსული… _ დაამთავრა გუჯიმ.
_ მართალი ხარ, _ თავი დაუქნია გოგონამ და ამჯერად ცხვირზე ცხვირით გაეხახუნა.
_ მინდა ბევრი შვილი გვყავდეს.
_ ბევრი რამდენია? _ კეკლუცად შეეკითხა ია.
_ ნუუუ… ოთხი, ხუთი, ექვსი. _ ეშმაკური ღიმილით მოწკურა თვალები ქმარმა.
_ ვნახოთ, ვნახოთ, _ გაიცინა გოგონამ და თავი მეუღლის მკერდში ჩარგო, _ ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.
_ მე თქვენ მიყვარხართ, ქალბატონო ია.
_ რა უცნაურად ჟღერს, არა? _ გუჯის მკერდზე წაიჩურჩულა გოგონამ.
მამაკაცმა მსუბუქად გადააქნია თავი და ცოლს თმაზე დაეკონა.
_ უცნაური არაფერია, ჩემო სიხარულო. უბრალოდ, ახლა ყველაფერი თავის ადგილზე დადგა…
დასასრული