ერთ დღეს ენი რეინოსო ექიმს მუცლის პლასტიკის გაკეთების სურვილით ეწვია. მუცლის პლასტიკას სამედიცინო ენაზე აბდომინოპლასტიკა ჰქვია და მისი მიზანი მუცლის არედან ზედმეტი, ე.წ. დაკიდებული კანის მოშორებაა. ენიმ ექიმისგან უარი მიიღო, რადგან, როგორც აღმოჩნდა, მას ეს პრობლემა სულაც არ აწუხებდა და, შესაბამისად, ოპერაციაც ვერ ჩაუტარდებოდა. ექიმთან საუბრის შემდეგ ნათელი გახდა, რომ ენის უბრალოდ საკუთარი გარეგნობის შეცვლა სურდა.
ექიმთან კონსულტაციის დროს, როცა ენიმ საკუთარ თავს შეხედა, თავი არაკომფორტულად იგრძნო. მას საკუთარი მკერდი ზედმეტად პატარა ეჩვენებოდა და ფიქრობდა, რომ დრო იყო, მკერდის იმპლანტის სახით, საკუთარი თავისთვის დაბადების დღის საჩუქარი გაეკეთებინა. მართლაც, ენიმ წლების განმავლობაში ნაგროვები ფული, 4,500 დოლარი, მკერდის ერთი ზომით გაზრდაში გადაიხადა.
ოპერაციის შემდეგ ენი თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა და არაფერს ნანობდა. ფიქრობდა, რომ ძველი ტანსაცმელი ახლა უფრო უხდებოდა, თუმცა ეს კმაყოფილება დიდხანს არ გაგრძელებულა. ერთი წლის შემდეგ ენის უცნაური სიმპტომები გამოუვლინდა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ ძალიან იღლებოდა, თავს მუდმივად უენერგიოდ გრძნობდა, აწუხებდა გულისრევა, მკერდის, კისრის, ყურებისა და ყბის ტკივილი. ენის დღეში რამდენჯერმე უწევდა მალამოების წასმა და გამაყუჩებლების მიღება.
გაუსაძლისი ტკივილების შემდეგ ენიმ გამოკვლევის ჩატარება გადაწყვიტა. ერთი წლის განმავლობაში მან გადაიღო მამოგრაფია, გაიკეთა სისხლის ანალიზები და ყველა საჭირო პროცედურა, თუმცა ექიმები ამბობდნენ, რომ ის სრულებით ჯანმრთელი იყო.
ენი ავადმყოფობის გამო ვეღარ ახერხებდა სამსახურში სიარულს, ვეღარ ესწრებოდა ლექციებს და სწავლის მიტოვებაც კი მოუწია. ამ ყველაფერმა მის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც უარყოფითად იმოქმედა. 32 წლის ენი ფინანსური და ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე სულიად მარტო აღმოჩნდა. ერთ დღესაც, სახლში დაბრუნებულს, კარზე გამოსახლების წერილი დახვდა. ენის მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა, ექიმები კი ვერ ადგენდნენ, რა სჭირდა მას.
ენი არ წყვეტდა ექიმებთან სიარულს, ცდილობდა, გაეგო, რა ხდებოდა მის ორგანიზმში და რატომ გრძნობდა თავს უფრო და უფრო ცუდად. ერთ დღესაც, მორიგი ვიზიტის დროს, ექიმმა უთხრა, რომ მისი სიმპტომები ძალიან ჰგავდა შოგრენის სინდრომს. მოუყვა ისიც, რომ ამ სინდრომის მქონე მისმა ერთმა პაციენტმა იმპლანტების ამოღების შემდეგ თავი უკეთესად იგრძნო. ენიმ მაშინვე გადაწყვიტა, თავადაც ასე მოქცეულიყო, სანამ არ გაიგო, რომ ეს პროცედურა 7 500 დოლარი ღირდა. მას ამ თანხის გადახდა, ცხადია, არ შეეძლო, დაზღვევა კი ასეთ ოპერაციას არ ანაზღაურებდა.
მკერდის გადიდების ოპერაცია პლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე ფართოდ გავრცელებული პროცედურაა. ამერიკის პლასტიკური ქირურგების საზოგადოების (ASPS) მონაცემებით, 2019 წელს მსგავსი ოპერაცია, დაახლოებით, 300 000 ქალს ჩაუტარდა. თაობა Z-ის წარმომადგენლების 70%-ს კი გაკეთებული აქვს მკერდის იმპლანტაცია. ეს ოპერაცია, საშუალოდ, 4 000 დოლარი ღირს. თუკი გაამრავლებთ 4 000-ს 300 000-ზე, მიხვდებით, რატომ არ ამახვილებენ პლასტიკური ქირურგები ყურადღებას ამ პროცედურის უარყოფით მხარეებზე - იმიტომ, რომ შემოსავალი მკერდის გადიდების ოპერაციიდან ყოველწლიურად 1,2 მილიარდი დოლარია!
იმის გამო, რომ სამედიცინო სფეროში არ არსებობს სამეცნიერო მტკიცებულება მკერდის იმპლანტის „დაავადების“ შესახებ, ზოგიერთი ექიმი მას არც კი აღიარებს. თუმცა პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მკერდის იმპლანტის დაავადება შეიძლება გამოწვეული იყოს აუტოიმუნური აშლილობით, რომლის პროვოცირებასაც სწორედ ორგანიზმში უცხო სხეულების, იმპლანტების არსებობა იწვევს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში, „ინსტაგრამსა“ თუ ათასობით „ფეისბუკჯგუფში" ყოველდღიურად უამრავი ქალი წერს მსგავსი პრობლემის შესახებ.
მიუხედავად იმისა, რომ ეს პრობლემა რეალურია, მასზე ხმამაღლა იშვიათად საუბრობენ, სადაზღვევო სააგენტოები კი გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ქალების დახმარებაზე უარს აცხადებენ. რა უნდა ქნას სასოწარკვეთილმა, ავადმყოფმა ადამიანმა ამ დროს?
ენიმ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა 7 500 დოლარის შეგროვება. გასულ წელს მან ახალი სამსახური დაიწყო, თუმცა პანდემიის გამო მისი დატოვება მოუწია. ახლა ის კვლავ ცდილობს, იპოვოს სამუშაო და როგორმე თავი დააღწიოს მუდმივ ტკივილებსა და ტანჯვას.