სულ ცოტა ხნის წინ ქართველი მეცო-სოპრანო ნატალია ქუთათელაძე BBC Cardiff Singer of the World 2021-ის ფინალისტი გახდა. ნატალია საერთაშორისო კონკურსში საქართველოს სახელით მონაწილეობს. მომღერალმა სამი არია შეასრულა და ოთხ მონაწილეს შორის ფინალის საგზური მოიპოვა.
ნატალიას ნამღერსა და ფინალური ტურის მოლოდინებზე ოჯახის წევრები საუბრობენ:
ნანი ბრეგვაძე, მომღერალი:
- ეს მისთვის დიდი გამარჯვებაა, რადგან ამ კონკურსში ხვდებიან მხოლოდ საუკეთესო მომღერლები. ეს "ბი-ბი-სის" კონკურსია, მანდ ფეხზე დამდგარი, ძლიერი მომღერლები მიდიან.
ნატალიას მისმა აგენტმა უთხრა, რომ ის უკვე მსოფლიო ასპარეზზეა გასული. ვნახოთ, როგორ ჩაივლის ფინალური ტური. იქ ყველა გადასარევად მღერის. ნატალიამ მითხრა, - ნანი, ერთიმეორეზე ძლიერები და უკეთესები არიანო. თვითონაც გაკვირვებული იყო, თუ დაინახეთ, როგორი გაოგნებული დარჩა და როგორ გაუხარდა გამარჯვება. ჩემი მეგობარი ლონდონში ცხოვრობს და მან მითხრა, რომ ასეთი მოცარტი დიდი ხანია არავის მოუსმენია. მოცარტი ყველაზე რთულია შესასრულებლად, თუმცა ნაწარმოები ნატალიამ თვითონ აირჩია. მას სურდა, დაენახვებინა ყველასთვის, რომ ის ასე მარტივად არ უყურებს თავის სპეციალობას. ვფიქრობ, მას ასე არასდროს უმღერია. ნატალიას ამაზე უკეთესი ნამღერი მე არ მომისმენია.
ეკა მამალაძე, მომღერალი:
- ძალიან გამიხარდა. მშობლისთვის დიდი ბედნიერებაა, როდესაც შენი შვილი დიდ სიმაღლეებზე ადის, მაგრამ კიდევ ის გამიხარდა, რომ ამდენ სირთულეს გაუძლო. ძლიერი გოგო აღმოჩნდა. იწვალა, თან ფეხმძიმედ არის, ათი დღე კარანტინშიც იყო, მაგრამ უამისოდ არ გამოვიდოდა. მომწონს, რომ გადალახა სიძნელეები და ყველაფერი შეძლო, ამით ვარ ამაყი.
- ნატალია ნერვიულობს ფინალურ ტურზე?
- მშვიდად არის. მომწონს ჩემი შვილის სიძლიერე. ის მობილიზებულია იმ დროს, როდესაც სცენაზე გადის.
იხილეთ სრულად