„4 წელი და 2 შვილი - ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო ურთიერთგაგებაშია“ - სტანისლავ ბონდარენკოს ოჯახური იდილია - Marao

„4 წელი და 2 შვილი - ჩვენი ურთიერთობის საიდუმლო ურთიერთგაგებაშია“ - სტანისლავ ბონდარენკოს ოჯახური იდილია

2021-06-22 09:25:18+04:00


სტანისლავ ბონდარენკოს საქართველოში ბევრი იცნობს. მან ფართო საზოგადოების სიყვარული სერიალიდან „დამიბრუნე ჩემი სიყვარული“ მოიპოვა, ხოლო რეიტინგული შოუს, „ცეკვავენ ვარსკვლავების“ მეექვსე სეზონში მონაწილეობამ მისი ქართველი გულშემატკივრების რიცხვი ერთიორად გაზარდა და შოუში გამარჯვებაც მოახერხა. სტანისლავი „ცეკვავენ ვარსკვლავებში“ რუსეთიდან მოიწვიეს, თუმცა ის ეროვნებით უკრაინელია.

„ცეკვავენ ვარსკვლავებში“ გამარჯვების შემდეგ მსახიობს საჩუქრად ბინა ერგო. მას შემდეგ არ ცხრებოდა ინტერესი, ხომ არ აპირებდა ის საცხოვრებლად თბილისში გადმოსვლას, თუმცა გულშემატკივრების ეს მოლოდინი არ გამართლდა და სტანისლავი ოჯახთან ერთად დღემდე მოსკოვში ცხოვრობს.

სტანისლავ ბონდარენკომ პირველად მსახიობ იულია ჩიკლიევაზე 2008 წელს იქორწინა, თუმცა მათი ურთიერთობა 2015 წელს დასრულდა. მათ ერთი საერთო შვილი, მარკი ჰყავთ: „მეგობრებო, მინდა ყველას გაცნობოთ, რომ მე და იულია აღარ ვართ ერთად, - დაწერა მაშინ სტასმა სოციალურ ქსელში, - ერთად მივიღეთ ეს გადაწყვეტილება, უბრალოდ მალევე არ გაგვისაჯაროებია. მადლობა იულიას ყველაფრისთვის, და, რა თქმა უნდა, ჩვენი საყვარელი შვილი მარკისთვის. მიხარია, კარგი ურთიერთობა შევინარჩუნე იულიასთან" - წერდა მსახიობი.

2017 წელს ცნობილი გახდა, რომ სტანისლავ ბონდარენკო და მისი რჩეული აურელია შვილს ელოდებოდნენ. დღეს ისინი ორი გოგონას მშობლები არიან და სოციალურ ქსელში გამომწერებს ხშირად უზიარებენ ოჯახურ ფოტოებს. „მამობა დაუჯერებელი ბედნიერებაა. იყო 2 გოგოს მამა, ეს ცალკე სამყაროა. ისინი ყოველთვის დიდი მონდომებით მიხატავენ ნახატებს, მიმზადებენ სიურპრიზებს... მათ, ცხადია, აურიკაც ეხმარება და საჩუქრები ყოველთვის არაჩვეულებრივი და განსაკუთრებული გამოდის“ - წერს სტანისლავ ბონდარენკო "ინსტაგრამზე".

„ჩვენი ქორწინებიდან 4 წელი გავიდა. ჩვენი საიდუმლო ურთერთგაგებაშია და, როგორც ჩანს, ეს მუშაობს. 4 წელი და 2 შვილი - უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მიყვარხარ“ - ასე მიულოცა მსახიობმა მეუღლეს ქორწინების 4 წლის იუბილე.

სტანისლავის მეუღლე აურელია „ინსტაგრამზე“ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა და საკუთარ გამომწერებთან ხშირად აქვს კომუნიკაცია. გულშემატკივრებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებსაც უზიარებს და მათ აზრსაც ხშირად ეკითხება: „ურთიერთობა ყოველთვის გულისხმობს კომპრომისებსა და საკუთარ თავზე მუშაობას. ზოგიერთი თვლის, რომ მარტოობა უკეთესია და ამ გზას დღეს უამრავი ადამიანი ირჩევს. თქვენ რას ფიქრობთ? როგორი დამოკიდებულება გაქვთ ქორწინებისადმი?" - წერს აურელია.