მარტვილში მომხდარ საზარელ ფაქტს, რომელიც მამისა და შვილის მიერ 8 წლის ბავშვის გაუპატიურებას ეხება, ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელით ეხმაურება და წერს, რომ სექსუალური განათლების მიღება სწორედ იმის გამო არის აუცილებელი, რომ ყველა ბავშვმა იცოდეს, რა სახის ქმედება არ არის დაშვებული მის მიმართ.
მისივე თქმით, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია ესაჭიროებათ, რათა ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელება შეძლონ, პედოფილია კი სამუდამო პატიმრობით უნდა ისჯებოდეს.
„პედოფილიის შემთხვევების უმეტესობა ახლო წრეში, ნაცნობ გარემოში ხდება, რადგან მცირეწლოვანი ბავშვი იშვიათად ხვდება სრულიად უცხო გარემოში. სექსუალური განათლება ამიტომ არის აუცილებელი, რომ ყველა მშობელმა იცოდეს, სად იმალება საშიშროება და მაქსიმალურად უზრუნველყოს ბავშვისთვის უსაფრთხო გარემო და ყველა ბავშვმა იცოდეს, რა სახის ქმედება არ არის დაშვებული მის მიმართ. პედოფილი, რომელიც სასტიკ ძალადობას ჩადის, ყოველთვის რჩება საზოგადოებისთვის საშიშ პირად, ამიტომ უნდა ისჯებოდეს სამუდამო პატიმრობით. ძალადობის მსხვერპლ ბავშვებს ესაჭიროებათ ხანგრძლივი ფსიქორეაბილიტაცია, იმისათვის, რომ შეძლონ ნორმალური ცხოვრების გაგრძელება. მოძალადის შვილებსაც ესაჭიროებათ ფსიქორეაბილიტაცია, იმავე მიზნით, რომ შეძლონ ჯანსაღი ცხოვრების გაგრძელება“, - წერს ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუკში".