ლუიზა ბრაუნი 25 ივლისს 44 წლის ხდება. მისმა დაბადებამ მილიონობით უშვილო წყვილს მისცა იმედი, რომ ისინიც შეძლებდნენ, მშობლები გამხდარიყვნენ. თვითონ კი მთელი ცხოვრების განმავლობაში ამტკიცებს, რომ სხვებისგან არაფრით განსხვავდება.
„ჩემი დაბადების დღეს დედაჩემი ბნელ ოთახში იყო, რომელსაც ერთი ფანრის შუქი ანათებდა. მხოლოდ რამდენიმე ექთანმა იცოდა, რომ უნდა დავბადებულიყავი. ჩემს მშობლებს არ სურდათ, ეს ამბავი ვინმეს სცოდნოდა ან გაზეთებში დაწერილიყო“ - იხსენებს ლუიზა ბრაუნი ინტერვიუში.
ლუიზა საკუთარი დაბადების ისტორიას ხშირად ჰყვება, რადგან მას ჟურნალისტები ხუთ წელიწადში ერთხელ, საიუბილეო თარიღის დროს სტუმრობენ და უსვამენ კითხვებს, როგორც „პირველ გოგონას სინჯარიდან“. დღეს ის უკვე ორი შვილის დედაა, თუმცა მისი ამბავი აქტუალობას კვლავ არ კარგავს.
ბიოლოგი რობერტ ედვარდსი და გინეკოლოგი პატრიკ სტეპტო ათ წელზე მეტი მუშაობდნენ იმაზე, რომ კვერცხუჯრედის ხელოვნური განაყოფიერება შესაძლებელი ყოფილიყო. ამ მეთოდით, ლუიზას დაბადების შანსი ათიდან ერთი იყო და მშობლებს, ლესლისა და პიტერს, ექიმები დიდ იმედს არ აძლევდნენ, თუმცა მათ განაცხადეს, რომ დასაკარგი არაფერი ჰქონდათ. ისინი უშვილობის მძიმე ტვირთს 9 წლის განმავლობაში ატარებდნენ, ამ ხნის მანძილზე კი ყველა ხერხს მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. პიტერის დედა ხშირად უმეორებდა შვილს, რომ ექიმებთან სიარულის ნაცვლად სხვა ცოლი ეპოვა, რადგან პრობლემა სწორედ ლესლიში იყო. ამის გამო ლესლი, ცხადია, ძალიან დარდობდა და ბევრს ტიროდა, თუმცა პიტერმა იპოვა გამოსავალი და ექსპერიმენტში მონაწილეობა გადაწყვიტა.
1969 წელს ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი 282-მა ქალმა გამოთქვა. მათგან მონაწილეობა 12-მა სუბიექტმა მიიღო. აქედან ექიმებმა მხოლოდ 5 ემბრიონი მიიღეს, ხოლო 4 მათგანზე მუცლის მოშლა დაფიქსირდა. დაიბადა მხოლოდ ერთი - ლუიზა. სწორედ ამიტომაა ის განსაკუთრებული.
რა თქმა უნდა, ეს ამბავი ჟურნალისტებმაც გაიგეს და ორსული ლესლის ცხოვრება ტანჯვად აქციეს. მას ქუჩაში ხვდებოდნენ და უამრავ კითხვას უსვამდნენ. ბოლოს ლესლი იმდენად გადაიღალა, რომ გადაწყვიტა, სამშობიაროში ანონიმურად დარეგისტრირებულიყო და მშობიარობის თარიღი არავისთვის გაემხილა.
მთავრობასთან შეთანხმებით, ლუიზას დაბადება ფირზე აღიბეჭდა დოკუმენტური მტკიცებულებებისთვის და სანამ მას დედასთან მიიყვანდნენ, 60-მდე ტესტი ჩაუტარეს. ლესლიმ და პიტერმა მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან უმრავი წერილი მიიღეს, სადაც მათ ამ სასწაულს ულოცავდნენ. თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვისაც ეს ექსპერიმენტი არ მოსწონდა და გოგონას ისე უყურებდა, როგორც უცხოპლანეტელს. სკივრს, სადაც ეს წერილები ინახება, ლუიზა დღემდე უფრთხილდება.
დღეს ლუიზა ბრაუნი 43 წლისაა. მას მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავს, რომლებიც ბუნებრივი გზით გააჩინა. სხვადახვა დროს ის ძიძად და ფოსტალიონად მუშაობდა, ახლა კი სატრანსპორტო კომპანიაშია დასაქმებული. მას უნივერსიტეტი არ დაუმთავრებია, რადგან მისი მთავარი მიზანი არა კარიერის აწყობა, არამედ ბედნიერი ოჯახის შექმნა იყო. სხვათა შორის, ლუიზამ ქმარიც საკუთარი უნიკალურობის წყალობით გაიცნო. ერთ დღეს, როცა ჟურნალისტები მის კართან იდგნენ და კითხვებს უსვამდნენ, მეზობლად მცხოვრები მისი მომავალი მეუღლე დაინტერესდა, რა ხმაური იყო ქუჩაში. სწორედ ასე გაიცნეს მათ ერთმანეთი, დღეს კი მათ სახლში სრული იდილიაა.