მასზე ჩემს სიტყვებს არ უმოქმედია. თითქოს არც ესმოდა, რას ვეუბნებოდი.
_ მოეშვი კომედიას. გითხარი, შენი შვილი არ არის-მეთქი. ტყუილების ოსტატი შენ ხარ და არა მე. როგორც გინდა, ისე მოიქეცი, მაინც ვერაფერს დაამტკიცებ. ბავშვი სხვა ქალისგან მყავს, თუ გინდა, მოგცემ მისამართს და ესტუმრე, რათა სიმართლე გაარკვიო.
ნერვიულად გავიცინე. იქნებ მართალს ამბობს და ტყუილად ვფაფხურობ? ამიტომაც ჯობდა, ჯერ ბავშვი მენახა და ირაკლის შემდეგ დავლაპარაკებოდი. მივხვდი, რომ ვიჩქარე.
_ მე მაინც ვეცდები ჩემსას, _ უკან არ დავიხიე და თვალი თვალში გავუყარე.
ერთხანს ასე ვუყურებდით ერთმანეთს, მდუმარედ, ჯიბრით, თითქოს ნაძლევი გვქონდა დადებული, ვინ მეტხანს გაუძლებდა მეორის მზერას.
ბოლოს, როგორც იქნა, გატყდა, თვალი ამარიდა, წინ გაიხედა და შეცვლილი ხმით თქვა:
_ კარგი, ეგრე იყოს. ჰო, მოგატყუე, ბავშვი შენი გაჩენილია, მაგრამ შენი შვილი არ არის. ის ახლა მხოლოდ ჩემი შვილია და არც იფიქრო წართმევა, არც დააპირო. ამას არ დავუშვებ. დიდხანს ვიფიქრე, რა უნდა გამეკეთებინა, რომ ბავშვი ჩემთან დარჩენილიყო. ბოლოს ეს მოვიფიქრე. მედპერსონალი არაფერ შუაშია, ყველაფერი ჩემი გაკეთებულია. იმედია, მოვრიგდებით ერთმანეთში. თუ ფული გჭირდება, არ შეგიქმნი პრობლემას. თანხა დამისახელე და ამით დავამთავროთ. მე იმდენის მოცემა შემიძლია, რომ თავისუფლად შეძლებ ახალი ცხოვრების დაწყებას.
ღმერთო, როგორ მოქმედებდა ჩემზე მისი სიტყვები, თითქოს მეძავს ურიგდებოდა, თითქოს ქუჩის ქალი ვყოფილიყავი და არა მისი ცოლი, რომელიც უმნიშვნელო მიზეზის გამო, სრულიად უწყინარი ტყუილის გამო მოისროლა ქუჩაში.
_ შენს სითავხედეს საზღვარი არა აქვს, საერთოდ არ შეცვლილხარ. რა უცნაურია, რომ ამდენი წლის შემდეგაც ვერაფერი გისწავლია ცხოვრებისგან, _ ზიზღით გამოვთქვამდი თითოეულ სიტყვას, _ შენ საერთოდ არ მაინტერესებ, თუ გინდა იცოდე, მაგრამ შვილზე უარს ვერ მათქმევინებ. შენი ფული მშვიდობაში მოიხმარე, არაფერში მჭირდება. თუ გინდა, იქით გადაგიხდი თანხას და თვითონ მომყიდე ჩემი შვილი. ამაზე რას იტყვი?
მოულოდნელად სიფითრემ გადაჰკრა სახეზე, შუბლი ოფლით დაეცვარა.
_ გარიგებას მთავაზობ?
_ როგორც შენ, _ მშვიდად ავიჩეჩე მხრები, _ ხვდები ალბათ, რომ უპირატესობა ჩემს მხარეზეა. ძალიან ბევრი ბერკეტი გამაჩნია საიმისოდ, რომ კანონის ჩარევის შემთხვევაში, წაგებული დარჩე. თანაც, წაგებაც არის და წაგებაც, უამრავ ადამიანს გაიყოლებ თან, გლდანის საპატიმროსკენ, _ ბოლო სიტყვები გამოკვეთილად დაცინვით წარმოვთქვი.
ამწუთას აღარ მადარდებდა, რას გრძნობდა ჩემ მიმართ, რადგან მივხვდი, რომ საბოლოოდ გამიცივდა მასზე გული და პატივისცემის ნატამალიც აღარ შემრჩა. ის ახლა მხოლოდ ხიწვი იყო, თითში უსიამოვნოდ შერჭობილი ხიწვი, რომლის ამოღება ძალიან მარტივი და სწრაფი პროცედურაა მხოლოდ. ჩემს სიმართლეს წინ ვერავინ და ვერაფერი დაუდგებოდა. თუ სასამართლომდე მივიდოდა საქმე, დარწმუნებული ვიყავი, რომ პროცესს აუცილებლად მოვიგებდი, მაგრამ მინდოდა, უამისოდ მომეგვარებინა ყველაფერი.
_ აი, ახლა ვხვდები, ვისი ხასიათი გამოჰყვა ჩემს შვილს… თანაც ეს თავთუხისფერი თმა და ეგ თვალები… _ მომლბალი ხმით ჩაილაპარაკა.
_ მართლა ასე მგავს? _ ისევ მომერია ცრემლი და წეღანდელი მუქარა დროებით გადამავიწყდა.
_ ძალიან ლამაზი გოგო დადგება, _ დააქნია თავი.
გავწითლდი, სახეზე ალმური ამივიდა.
ირაკლი საჭეს ჩაბღაუჭებოდა და წვიმის ფარდას უაზროდ გაჰყურებდა. ჩანდა, რომ უახლოეს ხანებში გადაღებას არ აპირებდა.
_ რა გინდა ჩემგან? _ მკითხა ბოლოს და ნელა მოაბრუნა თავი.
_ მე… მე… _ სუნთქვა შემეკრა და ჩუმად, უსიცოცხლოდ ვუპასუხე, _ რა მინდა? ბევრი არაფერი. თვითონაც არ ვიცი, ზუსტად რა მინდა… თანაგრძნობა, მხოლოდ თანაგრძნობა და ცოტაოდენი ნდობა. სხვა არაფერი. ეს არის და ეს, _ უაზროდ ვროშავდი. თავიდან არც მიფიქრია იმაზე, რა უნდა მომეთხოვა. მხოლოდ ახლა ვაანალიზებდი მისი შეკითხვის არსს და ვფრთხილობდი, კატეგორიული არ გამოვჩენილიყავი, რათა უარესად არ დამეძაბა ისედაც დაძაბული სიტუაცია.
იგი აშკარად გაოცდა.
_ ნდობას დამსახურება უნდა, ნიცა.
_ დამსახურება? ამას შენ მეუბნები? შენ, რომელმაც მოტყუებით წამართვი შვილი, გარდაცვლილად გაასაღე იგი და სიცოცოხლე მომისპე?
_ რაღაც არ ჰგავხარ სიცოცხლემომსპარს, _ ჩაიცინა. _ მიცვალებულის კვალობაზე ერთობ მკვირცხლად და ენერგიულად გამოიყურები.
_ გგონია, კარგად ვარ? გგონია, ბედნიერად ვგრძნობ თავს? შენ ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლებს ცეცხლი წაუკიდე და ფერფლად აქციე, სრულიად უდანაშულო ქუჩაში დამაგდე ბედის ანაბარა და შვილიც მომპარე. შენი აზრით, ამის მერე კარგად უნდა ვიყო?
თავი უკმაყოფილოდ გადააქნია.
_ მოკლედ, ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხარი, კონკრეტულად რას მოითხოვ ჩემგან.
მისმა შეუვალობამ და გულქვაობამ გამასავათა. სასოწარკვეთილმა ღრმად ამოვიოხრე და ჩახლეჩილი ხმით ამოვთქვი:
_ მინდა, ჩემი შვილი ვნახო. მან უნდა იცოდეს, რომ დედა ცოცხალი და უვნებელი ჰყავს.
_ მან ეს იცის, _ მშვიდად მომიგო.
_ იცის? და მერე?
_ რა მერე?
_ რას ამბობს ამაზე?
_ არაფერს, ის შეეგუა, რომ დედამ დაბადებისთანავე მიატოვა და გაიქცა. რას უნდა ამბობდეს ამაზე?
_ ასე უთხარი? ასე უთხარი ჩემს შვილს? შე მატყუარა, შე არამზადავ! შე… შე… _ ვეღარ გავაგრძელე, ყელში ბურთივით გამეჩხირა რაღაც, თვალთ დამიბნელდა და ვიგრძენი, რომ საცაა, გული წამივიდოდა.
_ დამშვიდდი, ნიცა, რა გემართება? _ ხმამაღალი სიცილით მითხრა, _ რას ნერვიულობ? ავდგები და დღესვე ვეტყვი, რომ ეს ყველაფერი იმისთვის მოვიგონე, გული არ დასწყვეტოდა დედაზე. მარტივი გამოსავალია.
ღმერთო, როგორ მშვიდად ლაპარაკობდა ამ ყველაფერზე. თითქოს შვილი კანონიერი ცოლისგან კი არა, სუროგატი დედისგან ჰყავდა…
აშკარა იყო, ირაკლი ჩემს ნებისყოფას ცდიდა. ვცდილობდი, წონასწორობა არ დამეკარგა.
_ და აქამდე რატომ უმალავდი ჩემს არსებობას? რისი გეშინოდა? _ მაინც ვერ შევიკავე თავი, გავღიზიანდი, _ გეგონა, სახლში მოგივარდებოდი, კარზე დაგიკაკუნებდი და გეტყოდი: გამარჯობა, მე ის ვარ, ვისაც შვილი წაართვი, აქ შემთხვევით აღმოვჩნდი და გადავწყვიტე, შენთან შემომევლო, რათა ჩემი გოგო მოვითხოვო-მეთქი? გგონია, ამას ვიკადრებდი?
_ არ ვიცი, რას იკადრებდი, დიდი ხანია, აღარ გენდობი, _ უხეშად მომიგო და თვალი თვალში გამიყარა.
_ აჰა… _ თავი ჩავხარე და ყრუ ხმით გავაგრძელე, _ არ მენდობი… და ამ უნდობლობის გამო სამაგიერო გადამიხადე, არა? დამსაჯე, ხომ ასეა? იფიქრე, რომ სხვანაირად თავიდან ვერ მომიშორებდი?
_ მომიშორებდი არა…
_ აბა რა?
_ სხვანაირად მე ვერ მოგშორდებოდი… _ ისე ხმადაბლა თქვა, თითქოს საკუთარ ფიქრს გამოელაპარაკაო.
ამის გაგონებაზე თავბრუ დამეხვა და თვალწინ ყველაფერი დატრიალდა. ცრემლები ნიაღვარივით წამსკდა და მწარედ ავტირდი. ავტირდი უხმოდ, უსიტყვოდ, კვნესაც კი არ დამცდენია. ვგრძნობდი, წინ მხოლოდ მარტოობა და უსასოობა მელოდა. მძიმედ ვსუნთქავდი, ხელები მიკანკალებდა. ვერაფერი მოვიფიქრე, გარდა იმისა, რომ თითების ცეცებით მოვძებნე კარის სახელური და გამოვაღე. ირაკლიმ მხარზე ხელი დამადო, მაგრამ უხეშად მოვიცილე:
_ თავი დამანებე! მეტის ატანა არ შემიძლია!
_ არ გაინტერესებს, რა ჰქვია? ეგ მაინც გეკითხა.
აცრემლებული თვალებით გავხედე, მაგრამ ეს შეკითხვა არ დამისვამს.
_ მას ანა დავარქვი, ვიცოდი, რომ ეს სახელი მოგწონდა.
_ დიდი პატივია ჩემთვის, რომ ამაში მაინც გამიწიე ანგარიში, _ დამცინავად გავიღიმე და ჯიპიდან ჩავხტი.
უკანმოუხედავად შევვარდი ჩემს მანქანაში, საჭეზე დავემხე და ისევ ავქვითინდი, ამჯერად ხმამაღლა, გაბმულად…
კარგა ხანი გავიდა, სანამ გონს მოვედი და ცოტათი დავმშვიდდი. მოულოდნელად მინაზე ვიღაცამ მომიკაკუნა. ირაკლი იყო. მინა ნახევრად ჩამოვწიე.
_ ნუ გეშინია, არ ვაპირებ შენს სახლში მოსვლას, სულ კარგად ბრძანდებოდე! _ ეგრევე მივახალე.
_ არა, საყვარელო, ეგრე იოლად ვერ გაგიშვებ, _ კბილებში გამოცრა, _ პირობა მომეცი, რომ არასდროს მოინდომებ ანასთან შეხვედრას.
_ აზრადაც არ მომსვლია, რომ…
_ პირობა მომეცი-მეთქი! _ გამაწყვეტინა.
ამოვიოხრე.
_ მე არასდროს ვიზამ არაფერს ისეთს, რაც ჩემს შვილს ზიანს მიაყენებს. ამის მეტს ვერაფერს შეგპირდები, _ აგდებით მივაძახე, მანქანა დავქოქე და ის იყო, დაძვრას ვაპირებდი, რომ გაცოფებულმა მანქანის კარი გამოაღო, სახე ახლოს მომიტანა და მუქარანარევი ტონით წარმოთქვა:
_ არ მინდა, რომ აქ, ჩემს სამსახურთან იტრიალო და რომელიმე ჩემმა ნაცნობმა დაგინახოს. მხოლოდ მაშინ ვიქნები წყნარად, როცა აქედან გაქრები და აღარასდროს გამოჩნდები. გესმის, რასაც გეუბნები? _ იგი თავს ვეღარ იკავებდა და თანდათან ყვირილზე გადადიოდა.
_ ღმერთო ჩემო, რა დაგიშავე ასეთი, ასე რომ გამწარდი? _ საკუთარი თავი შემეცოდა, _ ნუთუ ამხელა ტკივილი მოგაყენე? განა შენ არ იტყუები? აბა, დაფიქრდი, ამ ცხრა წლის განმავლობაში რამდენჯერ გითქვამს ტყუილი. რაღა შორს წავიდე, პირადად მე შვილის სიცოცხლე დამიმალე, მას კი უთხარი, დედამ მიგატოვაო. როგორ არ გრცხვენია!
მას პასუხი არ გაუცია, ამიტომ იძულებული გავხდი, ისევ მე გამეგრძელებინა:
_ კარგი, ასე იყოს, _ ვთქვი ძალაგამოცლილმა, _ აქედან ახლავე წავალ, ოღონდ მოშორდი მანქანას და კარი მომიკეტე, ნუღარ მაჩერებ, თუ არ გინდა, რომ რომელიმე შენმა ნაცნობმა ერთად დაგვინახოს, _ სარკაზმი არ დავიშურე.
ირაკლის სახე გაუქვავდა.
_ ჰოდა, ეგრე! და კარგად დაიმახსოვრე, რაც გითხარი. არ გაბედო ჩემთან მოკარება და ბავშვთან შეხვედრაზე არც იოცნებო.
მან მანქანის კარი მთელი ძალით მოაჯახუნა. სატერფულს დავაწექი, ნელა დავიძარი და ტროტუარიდან ისე გადავედი გზის სავალ ნაწილზე, ირაკლისკენ არ გამიხედავს…
მიუხედავად მისი მუქარისა, წამითაც არ მიფიქრია უკან დახევა. პირიქით, თითქოს აზარტმა შემიპყრო, ჯიბრში ჩავუდექი. ვნახოთ, ვისი აჯობებს! აბა, ერთი, როგორ დამიშლის ჩემი შვილის ნახვას, მაგასაც ვნახავთ! მთელ ქვეყანას შევძრავ და ჩემს სიმართლეს მაინც გავიტან!
მეორე დღეს საგულდაგულოდ გამოვიპრანჭე და კვლავ ტექნიკური უნივერსიტეტისკენ დავიძარი. მანქანა იმავე ადგილას დავაყენე, სადაც გუშინ და ნაცნობ კაფეს მივაშურე. ირაკლის ჯიპი ახლომახლო არ ჩანდა. გარეთ ისე სწრაფად დაეკავებინათ სტუდენტებს მაგიდები, რომ ძლივს გამოვნახე ერთი თავისუფალი ადგილი. ყავა შევუკვეთე და ისევ უნივერსიტეტის ალაყაფს მივაჩერდი. ჩემს მაგიდასთან სამი გოგონა იჯდა, ეტყობოდათ, სტუდენტები იყვნენ. ისინი რაღაცაზე მხიარულად საუბრობდნენ და იცინოდნენ. მათ არ ვუსმენდი, ჩემი საფიქრალი მქონდა, ირაკლისთან შეხვედრას ვიხსენებდი. ვერაფრით ამეხსნა, ასეთი სიძულვილი როგორ დავთესე მასში, ნუთუ კარგი არაფერი ახსენდებოდა ჩემგან?
გული მიკვდებოდა იმის გახსენებაზე, როგორ ბოლომდე გამანადგურა. მტერს არ მოექცევიან ასე. ბოლოს და ბოლოს, ერთი უწყინარი ტყუილი ვუთხარი, ხომ არ ვუღალატე? თუმცა, ესეც ღალატია ნაწილობრივ, ტყუილად ვიმართლებ თავს, დამნაშავე ვარ და უნდა ვაღიარო.
ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ნაცნობ გვარს მოვკარი ყური, ერთმა გოგონამ ირაკლი ახსენა.
_ ერთს არ გაიღიმებს, სულ მოღუშული დადის. ამბობენ, ცოლმა უღალატა და გაეყარაო.
_ რა სისულელეა, რა უღალატა, გაექცა ის ქალი. ცუდად ექცეოდა თურმე, მაგარი უჟმური რომაა, არ ეტყობა? ისე დაგვყურებს ზემოდან, თითქოს მსოფლიოში ნომერ პირველი ლექტორი იყოს, _ ჩაბჟირდა გოგონა, _ ხასიათზე მხოლოდ მაშინ მოდის, თავის შვილზე რომ დაიწყებს ლაპარაკს.
_ ეგ ბავშვი ნაშვილები ჰყავს თურმე, _ ჩაურთო მეორემ.
_ მართლა? ეგ არ ვიცოდი. ისე, ამბობენ, ადრეც ჰყავდაო ცოლი, მაგარი ლამაზი გოგო ყოფილა და ისიც გაჰქცევია თურმე.
_ მაგას ვინ გაუჩერდება, შენი ჭირიმე, წარმომიდგენია, როგორი ასატანი იქნება მთელი დღე მისი უკმაყოფილო სიფათის ყურება. აი, გამოვიდა, არ გაიხედო, აქეთ იყურება! _ გოგონებმა თავები ჩახარეს.
შიშით მეც ვერ გავიხედე, არ მიცნოს-მეთქი. კიდევ კარგი, გვერდულად ვიჯექი და თავზე კეპი მეხურა. დღეს უკეთ ვიყავი შენიღბული, ამიტომ, წესით, ვერ უნდა ვეცნე.
_ გოგონებო, რომ წავა, მითხარით, რა, _ ჩურჩულით გადავულაპარაკე გოგონებს.
უნდა გენახათ, როგორი გაოცებული მზერა მესროლა სამივემ. იდუმალი მზერა მეც ვესროლე მათ და თვალი ჩავუკარი.
_ ცუდი არაფერი იფიქროთ, კარგი ადამიანია, უბრალოდ, ცოტა უხასიათო ტიპია, თორემ… _ თავი იმართლა იმან, რომელმაც პირველმა გაჭორა.
_ ვიცი როგორიცაა, ზედმეტი მართლა არაფერი გითქვამთ, _ მეგობრულად გავუღიმე, რათა მათი ნდობა მომეპოვებინა.
_ აი, წავიდა, _ თქვა მეორემ და მეც წამოვხტი, რათა უკან დავდევნებოდი.
ვაკისკენ აიღო გეზი. რამდენიმე მეტრში მივყვებოდი ისე, რომ არც ვუახლოვდებოდი და არც ვშორდებოდი. გული მიგრძნობდა, სკოლისკენ მიიჩქაროდა, შუადღემ კარგა ხანია, მოატანა და ალბათ ანა სკოლიდან ჰყავდა გამოსაყვანი. მეც ეგ მინდოდა. უნდა გამეგო, რომელ სკოლაში სწავლობდა ბავშვი, რათა მერე მივსულიყავი და ჩუმად მენახა.
ფალიაშვილზე ჩაუხვია და სკოლის ეზოსთან დაამუხრუჭა. ერთხანს გაუნძრევლად იჯდა მანქანაში. ისეთ ადგილას დავდექი, რომ ადვილი შესამჩნევი არ ვყოფილიყავი. რამდენიმე წუთს ასე იდგა, მერე ვიღაცას ელაპარაკა მობილურით და უეცრად დაძრა მანქანა. ვიფიქრე, ალბათ გადაყენება უნდა-მეთქი, მაგრამ შევცდი. მან სიჩქარეს მოუმატა და მალე მოსახვევს მიეფარა. როგორც ჩანს, ადრე მოუვიდა მოსვლა, ან ანა შეყოვნდა სკოლაში. ეს ხელს მაძლევდა. გადავწყვიტე, დავლოდებოდი, რა მოხდებოდა.
ლოდინმა ნახევარ საათზე მეტხანს მომიწია. ავნერვიულდი. პულსი გავისინჯე. გული ისე გამალებით მიცემდა, თითქოს საგულიდან ამოხტომას ლამობდა.
მიუხედავად იმისა, რომ აპრილი იდგა, მაინც ცხელოდა. თმა ავიწიე და კეპის ქვეშ საგულდაგულოდ დავმალე. მუქი სათვალეც სანახევროდ მიმალავდა სახეს.
ნერვები სიმებივით დამეჭიმა. გოგონას მოლოდინში გული მიწუხდა. ნეტავ როგორია, მართლა ძალიან მგავს? სკოლიდან ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად გამოდიოდნენ და ხმამაღლა ლაპარაკობდნენ, იცინოდნენ ან ყვიროდნენ. იქვე, სკოლის შენობის გვერდით, საცხობი იყო. ისიც იმიტომ შევნიშნე, რომ მოსწავლეების უმეტესობა სწორედ იქ მიდიოდა სასუსნავის საყიდლად. ვითომ ვიცნობ? როგორ უნდა მოვიქცე, თუკი ვიცანი? უკან გავეკიდო? გავაჩერო და გამოველაპარაკო? ამაზე წარმოდგენა არ მქონდა.
ამ დროს სკოლის ეზოდან გოგონების ჯგუფი გამოვიდა. ოთხნი იყვნენ. ერთ-ერთი მათგანი მაღალი, თხელი იყო და თავთუხისფერი თმა მხრებზე ეყარა.
ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, ოღონდ აქეთ მოიხედოს, ოღონდ მისი სახე დავინახო, ღმერთო, მიშველე! _ ერთსა და იმავეს ვიმეორებდი გულში.
თითქოს ღმერთმა შეისმინა ჩემი მუდარა, გოგონა შემობრუნდა და რაღაც ისეთი თქვა, რომ მისი მეგობრები სიცილით დაიხოცნენ. ლამის სუნთქვა გამიჩერდა. იგი გაჭრილი ვაშლივით მგავდა, მხოლოდ თვალების ფერი ჰქონდა მამისეული. მას ჯინსის შარვალი და ალისფერი სპორტული ქურთუკი ეცვა.
ახლა უკვე აღარ მეპარებოდა ეჭვი, რომ ეს ანა იყო, ჩემი ქალიშვილი. აი, თურმე როგორია. უკვე აღარ მიკვირდა ირაკლის უხასიათობა. რა საცოდაობაა, ყოველდღე უყურებდე შენს შვილს და მასში დედის სახეს ხედავდე. გამოდის, რომ ანას გარეგნობა მას ყოველ წამს ახსენებს ჩემს თავს.
შიშით გული გამისკდა, როცა ბავშვები პიდაპირ ჩემი მანქანისკენ გამოემართნენ. ასე მეგონა, მომიახლოვდებოდნენ და გამომელაპარაკებოდნენ, მაგრამ ისინი პირდაპირ საცხობს მიადგნენ. ხელები მიცახცახებდა, ისე ავღელდი.
_ რა ვიყიდოთ? მე ღვეზელი მინდა, თქვენ? _ ეს ანას ხმა იყო, წკრიალა, ლამაზი ხმა.
_ ჩვენც, ჩვენც, ოღონდ სოკოსი.
_ არა, მე კარტოფილის მინდა, სოკოს ჭამას მამა მიკრძალავს, _ თავი გაიქნია ანამ და თმა ზურგზე გადაიყარა, _ მე გიყიდით ყველას, მამაჩემმა ამ დილით ხუთი ლარი მაჩუქა.
ბავშვებმა ღვეზელები გაინაწილეს, იქვე მიდგნენ და წამში გადასანსლეს, მერე კი ისევ სკოლის ეზოში შებრუნდნენ.
ალბათ რომელიმე წრეზე დადის, რადგან ჩანთით არ გამოვიდა და უკან მიბრუნდა. ამაოდ ვცდილობდი გულში დატრიალებული ცეცხლის ჩაქრობას. აუტანელმა ტკივილმა ისე მოიცვა ჩემი სხეული, როგორც ცხრა წლის წინ, როცა მასზე ვმშობიარობდი.
მანქანიდან გადმოვედი და ტროტუარს ჩავუყევი, ვიფიქრე, სკოლის ეზოში შევიხედავ-მეთქი. მთვარეულივით ვადგამდი ნაბიჯებს. მოულოდნელად ვიღაცამ მაჯაზე მტაცა ხელი და სევდიანი ფიქრები შემიწყვიტა.
_ ჩემთან ერთად წამოხვალ! _ მკვახედ მითხრა ირაკლიმ, _ არ გაბედო წინააღმდეგობის გაწევა!
შეშინებულმა განწირულად ავხედე. საიდან გაჩნდა ასე შეუმჩნევლად?
_ რა გინდა ჩემგან?
ის უპასუხოდ გაიჭრა წინ და მეც თან გამიყოლა.
არ მინდოდა ჩემს თავს გამოვტყომოდი, რომ მსიამოვნებდა მისი თითების შეხება, მისი სითბო, რომ ძველებურად მომწონდა და მიყვარდა მისი სიძლიერე… ეს უკვე თავის მოტყუება იქნებოდა და სხვა არაფერი.
_ რაღაც მსგავსს ველოდი შენგან, მაგრამ ასეთი "ნაგლი" თუ იქნებოდი, ვერ წარმომედგინა. შენ კი გიკვირს, რატომ არ გენდობი. აი, სწორედ ასეთი გამოხტომების გამო.
კონწიალ-კონწიალით ჩამიყვანა დაბლა ქუჩაზე და გზის მეორე მხარეს მდგარ მის ჯიპს მივუახლოვდით. მაიძულა, მანქანაში ჩავმჯდარიყავი.
_ სად მივდივართ? _ მშვიდად ვიკითხე, _ შენთან?
_ მორჩი ლაქლაქს, _ მბრძანებლურად გამოცრა კბილებში.
_ იქნებ ჩემი მტკვარში გადაგდება განიზრახე?
_ კარგი აზრია, ვიფიქრებ მაგაზე. ახლა კი თბილისიდან გავალთ ცოტა ხნით და ზოგიერთ საკითხს გავარკვევთ. ჩუმად იჯექი, შენთან ლაპარაკის თავი არა მაქვს!
მანქანამ ვაკე გაიარა და გეზი წყნეთისკენ აიღო. მალე წყნეთსაც გავცდით და პატარა რესტორანთან შევჩერდით. რესტორანში მეპატიჟება? იქნებ შერიგებაც მთხოვოს? სასწაულები ხომ ხდება ქვეყანაზე, ვაიმედებდი ჩემს თავს.
მაგიდასთან დავსხედით. ირაკლიმ ყავა და შოკოლადი შეუკვეთა. თვალს არ მაშორებდა, მაგრამ ხმას არ იღებდა, თითქოს გაბუტული ყოფილიყო, არ მელაპარაკებოდა.
ბოლოს სიჩუმე აუტანელი გახდა.
უეცრად ჩემკენ გამოიშვირა ხელი, სათვალე მომხსნა და მაგიდაზე ფრთხილად ჩამოდო. ცოტა ხნის შემდეგ კეპიც მომხადა. თმა მხრებზე ჩამომეშალა. მიყურებდა და თვალს ვრ ვუსწორებდი, მკლავდა მისი გამჭოლი მზერა, თითქოს თვალებით მჭამდა.
ნიავმა დაუბერა და მისი ოდეკოლონის სურნელი შევისუნთქე. არ მეცნო, ეს ის სურნელი არ იყო, რომელსაც შეჩვეული ვიყავი. როგორც ჩანს, გემოვნება შეეცვალა. წარმოდგენა არ მქონდა, როგორ მოვქცეულიყავი და ვცდილობდი, ჩემი დაბნეულობა არ შეემჩნია.
_ მე ის უნდა მენახა, ირაკლი, _ ვთქვი, მაგრამ მისთვის არ შემიხედავს.
_ იცი მზის შუქზე შენი თმა როგორ ბრწყინავს? _ ეს ისეთი ხმით თქვა, რომ ალმური წამეკიდა. თავში ყოვლად გიჟურმა აზრმა გამიელვა… მისი კოცნა მომნატრებოდა…
_ ვიცი, რომ გენატრება, _ ჩაცინებით თქვა.
მოულოდნელობისგან ნერწყვი სასულეში გადამცდა და ხველა ამიტყდა. ჩემკენ გადმოიწია და ზურგზე დამიტყაპუნა ხელისგული.
_ ნუ განიცდი ასე, შენს აზრებ ყოველთვის ადვილად ვკითხულობდი, მოხარშულს გიცნობ. _ დამცინავად მომაჩერდა.
_ მართლა? რაღაც ეჭვი მეპარება ამაში. ასე რომ ყოფილიყო, ახლა გარეთ გაგდებული ძაღლივით არ ვიქნებოდი, _ დაუნდობლად მივახალე.
_ და ამიტომ ყველაფერზე მიდიხარ, რომ შენთან დამაბრუნო?
_ ასი წელი არ მჭირდება შენი დაბრუნება.
_ რატომ? დავიჯერო, ეს შენს გეგმებში არ შედის?
_ შენ წარმოიდგინე, არა. მე მხოლოდ ბავშვის ნახვა მინდა, მეტი არაფერი.
_ მომიტევეთ, ქალბატონო, მაგრამ თქვენი სიტყვების ნამდვილად არ მჯერა. კიდევ ერთხელ შევცდი, როცა გენდე და ვიფიქრე, რომ თავს დაგვანებებდი. შენი ნდობა არ შეიძლება, ამაში დღეს საბოლოოდ დავრწმუნდი.
მივხვდი, მასთან ჯიბრით ვერაფერს გავაწყობდი, ამიტომ თეთრი დროშის აფრიალება ვცადე:
_ ირაკლი, რატომ ვჩხუბობთ? ჩვენ ხომ ორივეს გვინდა ანას კარგად ყოფნა? ნუთუ საერთო ენას ვერ გამოვნახავთ?
_ ვერა, ეს არ მოხდება! _ მკაცრად მომიგო, _ ჩემს სახლში არავითარი ქალი არ არსებობს. ანას დედინაცვალს არ მოვუყვან, ტკივილს არ მივაყენებ.
_ მე ვარ დედინაცვალი? _ გაოცებისგან პირი დავაღე.
_ შენ საერთოდ არ მყავხარ სათვალავში.
_ მაგრამ სხვა ქალის მოყვანა ერთხელ ხომ უკვე სცადე.
_ ჰო, ვცადე, მეგონა, შენს დავიწყებაში დამეხმარებოდა სხვა ქალი, მაგრამ არაფერი გამოვიდა. როცა ბავშვის შესახებ გაიგო, ისტერიკა დაიმართა. ამიტომაც ეგრევე დავცილდი, ერთი წუთით არ მიყოყმანია. ანაზე წინ არავის დავაყენებ.
_ ცოლებში არ გიმართლებს, _ ლამის გადავიხარხარე, _ ერთი მატყუარა შეგხვდა, მეორეს შენ თვითონ ატყუებდი და ახლა გაიძახი, "ისტერიჩკა" იყოო. რა სამართლიანი ბიჭი ხარ, მოკლედ, შესაშურად სამართლიანი.
_ მომისმინე… _ ხელები მაგიდაზე დაალაგა და ოდნავ ჩემკენ გადმოიხარა, _ ანასთან შეხვედრის ნებას ვერ დაგრთავ, გაიგე ეს. ისედაც სხვანაირი ბავშვია, ეჭვიანი, ჩაკეტილი. უცხო ქალი რომ დამირეკავს, ძალიან განიცდის. თუ მარტოა, თავის ოთახში იკეტება, მუსიკას უსმენს და საერთოდ არ გამოდის იქიდან, თუ ძალით არ გამოვიყვანე.
_ მამას დამსგავსებია, _ გავიცინე, _ შენც ასე იკეტებოდი შენს ოთახში, ოღონდ ჩემ გვერდით არ ყოფილიყავი. იქნებ დაგავიწყდა?
თითქოს არც გაუგონია ჩემი ნათქვამი, გააგრძელა:
_ შენთან შეხვედრა მისთვის უდიდესი დარტყმა იქნება, ასეთ ემოციურ სტრესს ვერ გადაიტანს.
მისმა სიტყვებმა ყავის დალევის სურვილი გამიქრო. ფინჯანი გვერდზე გავწიე და ამოვიოხრე.
_ მოდი, შემრიგებლური პოზიცია დავიჭიროთ და ერთად მოვიფიქროთ, რა ჯობია, კარგი? _ მომლბალი ხმით წარმოთქვა, _ ცოტა გავისეირნოთ, გვეყოფა კინკლაობა.
მანაც გვერდზე გასწია თავისი ფინჯანი და წამოდგა. ჯიბიდან საფულე ამოიღო, ოცლარიანი დადო მაგიდაზე, გამიღიმა და თავით მანიშნა, წავიდეთო.
ღიმილმა ერთიანად შეცვალა, უწინდელივით პირქუში აღარ იყო. გამეცინა.
_ რა გაცინებს? _ მკითხა, როცა გვერდით გამომყვა.
დავიხარე და მინდვრის ყვავილი მოვწყვიტე, მან კი ხელიდან გამომტაცა ყვავილი და გადააგდო.
_ რა ვიცი, ვერაფრით გამიგია, სინამდვილეში როგორი ადამიანი ხარ. ხან მგონია, რომ სიამოვნებით მიმასიკვდილებდი, ხან კიდევ ისე დაშაქრულად მელაპარაკები, თითქოს შენი ყველაზე საყვარელი ადამიანი ვიყო.
_ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, _ შეფიქრიანებულმა მიპასუხა, _ ამწუთას ყველაზე მეტად თქვენი მსგავსება მაოცებს. ძალიან გგავს. ვიცი, რომ ბევრი იტანჯე, არ იფიქრო, რომ ეს არ მესმის, მაგრამ ჩემი ბრალი არ არის. შენ თვითონ ჩაიყენე თავი ამ მდგომარეობაში. ძალიან ლამაზი ხარ. ეს თმა, ეს თვალები… ალბათ ისევ აგიჟებ კაცებს… ჯანდაბას! მაპატიე, ამის თქმას საერთოდ არ ვაპირებდი. მაგრამ ისეთი მაცდური ხარ, ყველანაირ წესს და აკრძალვას დაავიწყებ ადამიანს. ასე არ ივარგებს, ნიცა, ორივეს მოგვიწევს, ჩვენი შვილისთვის ბევრი რამის დავიწყება.
_ კიდევ კარგი, ჩვენი შვილისთვისო რომ თქვი და არა ჩემი შვილისთვისო. ამაზეც მადლობა.
_ მაგდენი კი მესმის… _ ჩაიდუდუნა.
უჩვეულო იყო მისი სიტყვები. შემპარავად მელაპარაკებოდა. ამით ჩემი გულის მოგებას ცდილობდა. იცოდა, ჩემთან ჯიბრით ვერაფერს გააწყობდა და ამიტომაც მოლბა ასე.
ხეების ჩრდილში, მდელოზე დავსხედით. ძველი დრო გამახსენდა, როცა ასეთი სიტუაციები უხვად გვქონდა. ირაკლი ზურგზე დაწვა, ხელები თავქვეშ ამოიდო და ცას ახედა.
_ ანას ძალიან უყვარს ასე წოლა და ღრუბლების ცქერა, _ თბილად წარმოთქვა, ჩემკენ შემობრუნდა და შევამჩნიე, როგორ უცებ შეეცვალა გამომეტყველება, ისევ პირქუში გახდა და თითქოს ლაპარაკიც უჭირდა.
_ დღეს მათემატიკაში საკონტროლო ჰქონდა და ამიტომ გუშინ ეზოში სათამაშოდ არ ჩავუშვი. იცი, რა მითხრა? დედა ასე არ მომექცეოდაო. რამდენიმე თვის წინ ფსიქოლოგთან მყავდა, მაგრამ ხმა ვერ ამოაღებინა. ჩემი მეგობრის ცოლებმაც ვერ მოიგეს მისი გული. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან ჩაკეტილია.
_ მე კიდევ ძალიან ბედნიერი და მხიარული მეჩვენა. თავის კლასელს ეუბნებოდა სიცილით, მამამ ხუთი ლარი მომცა და მე გეპატიჟებით ღვეზელებზეო.
_ კარგი, გვეყოფა ანაზე საუბარი. აჯობებს, შენი ამბები მომიყვე. მითხარი, როგორ ხარ, როგორ ააწყვე შენი ცხოვრება, ხომ არ გათხოვდი… გავიგე, რომ ეს წლები ჰოლანდიაში იყავი. _ თითქოს ხმა დაეხშო, როცა ჩემზე დაიწყო ლაპარაკი.
გულმა რეჩხი მიყო. რატომ დააინტერესა ჩემმა ცხოვრებამ? იქნებ ჯერ კიდევ არ არის გადაწურული ყველა იმედი?
_ რა ვიცი, რა გითხრა… ჩვეულებრივად ვცხოვრობ, ვარ მარტო, არც ქმარი, არც მეგობარი მამაკაცი, ახლა უკვე არც სამსახური, მაგრამ ფული მაქვს, დანაზოგი. თავაუღებლად ვმუშაობდი ჰოლანდიაში, ზედმეტად არაფერში ვხარჯავდი ფულს, ვაგროვებდი, რომ უკან დავბრუნებულიყავი.
_ ანას ამბავი დიდი ხანია, იცი? _ წამოჯდა და ხელები მუხლზე დაიწყო.
_ არა, რომ ჩამოვედი, მაშინ გავიგე. მეგონა, ჭორი იყო, რას ვიფიქრებდი, ასე უმოწყალოდ თუ მომექცეოდი. არ მესმის, რამ მოგაფიქრა ეგეთი საშინელება. დედას შვილი წაართვა, უფრო მეტიც, მკვდრად გაასაღო ახალშობილი… როგორ შეგეძლო… ამისთვის დაისჯები, არ იცი?
მას პასუხი არ გაუცია. ადგა, ხელი გამომიწოდა, მეც ამაყენა და თვალებში ჩამხედა. კარგა ხანს მიყურა ასე, მათვალიერა, მერე კი იდუმალი ხმით წაიჩურჩულა:
_ შენი თვალები ვარსკვლავებივით ციმციმებენ, თმაში კი თითქოს მზე გაქვს ჩაღვრილი…
_ ისევ მახვევ, არა? ჩემში ყველაზე დიდ მტერს ხედავ, ხომ? თბილი სიტყვებით გინდა თავბრუ დამახვიო, რომ მერე ადვილად მომიშორო თავიდან. ვიცი, რაც ჩაიფიქრე. დარწმუნებული ვარ, ანას ხვალვე მოაშორებ თბილისს, გადაკარგავ, რომ მეტჯერ ვეღარ ვნახო. ასეა?
_ არა, _ ისევ იმავე ხმით გაიმეორა და იმდენად ამოუცნობი მზერა მესროლა, დავიბენი, ვერ მივხვდი, რა ჩაიფიქრა.
_ ანა თბილისიდან არსად წავა, შენ კი… შენ კი ალბათ მოგიწევს აქაურობის დატოვება, _ ბოროტი ნაპერწკალი გაუკრთა მოულოდნელად თვალებში.
ამის გაგონებაზე მუხლები მომეკვეთა. ხმა ვერ ამოვიღე. დამბლადაცემულივით ვიდექი, ნიკაპი მიკანკალებდა. ყველაფერი გასაგები იყო _ ის თავის ცხოვრებაში არასდროს დამაბრუნებდა. უსიტყვოდ ვაქციე ზურგი და სწრაფი ნაბიჯებით გავშორდი, მისი დანახვაც არ მინდოდა.
გზაზე გასულმა პირველსავე შემხვედრ მანქანას დავუქნიე ხელი, ჩავჯექი და უკან მარტო დავბრუნდი…