ჯენიფერ ლოპესისა და ბენ აფლეკის შერიგება წლის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან და მოულოდნელ მოვლენად იქცა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ძველი ურთიერთობის აღდგენა ყველას შეუძლია. ბრიტანელი ფსიქოლოგები წერენ, რომ პანდემიის დროს დაშორებული წყვილების დიდი ნაწილი შერიგდა, მათ შორის კი ყველასთვის ცნობილი „ბენიფერიც“ მოხვდა. ამ, ერთი შეხედვით, უცნაურ სტატისტიკას თავისი ახსნაც აქვს: მარგარეტ ბანკოლი, რომელსაც ფსიქოლოგად მუშაობის 25-წლიანი სტაჟი აქვს, ამბობს, რომ დაშორებულ წყვილთა შერიგების ასეთი მაღალი მაჩვენებელი მანამდე არასდროს დაფიქსირებულა, ამას კი იზოლაციასა და ურთიერთობების ნაკლებობას უკავშირებს. შესაძლოა, ამას წყვილები გააზრებულად არ აკეთებდნენ, თუმცა ის ჩაკეტილი გარემო, სტრესი და ცხოვრების წესის ცვლილება მათ დაკარგული კავშირების აღდგენისკენ უბიძგებდა და გაურკვევლობისა და დაუცველობის გამო ისინი ნუგეშს ახლობელ ადამიანებში ეძებდნენ. ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ზოგიერთმა ახალი საქმიანობა წამოიწყო, ზოგმა ხელსაქმე ისწავლა, ზოგი კი ყოფილ შეყვარებულს დაუბრუნდა. მარგარეტი თვლის, რომ ჯენიფერის ბენთან დაბრუნებას, პანდემიის ფაქტორის გარდა, ალექს როდრიგესთან პრობლემებმაც შეუწყო ხელი. ფსიქოლოგი თვლის, რომ მომღერალი როდრიგესთან თავს დაცულად არ გრძნობდა, არ თვლიდა, რომ საყვარელი მამაკაცისთვის ერთადერთი იყო და არჩია ძველ ბუდეს დაბრუნებოდა, სადაც თავს მშვიდად და კომფორტულად იგრძნობდა.
კითხვები, რომლებიც უნდა დასვათ, სანამ ყოფილ პარტნიორს დაუბრუნდებით:
1. როგორ აფასებთ იმ ურთიერთობას დღეს, რომლის აღდგენაც გსურთ? არ შეხედოთ ცხოვრებას ძველი ურთიერთობის პრიზმიდან. გააანალიზეთ ის დღევანდელი მდგომარეობით და დარწმუნდით, რომ წარსული აწმყოზე უკეთესი იყო.
2. ვინ ხარ შენ? დაფიქრდით, არსებობდა თუ არა ძველ ურთიერთობაში „მე“. გახსოვდეთ, რომ სრულყოფილი კავშირი სამი კომპონენტისგან შედგება: „მე“, „შენ“ და „ჩვენ“.
3. როგორ შეიცვალეთ? წარსულის მოგონებები რომ მოიშოროთ, ერთმანეთი კვლავ მიმზიდველად გეჩვენებათ? ადამიანები დროთა განმავლობაში იცვლებიან, ამიტომ ნუ აჰყვებით მოგონებებს, იფიქრეთ რეალისტურად.
4. მზად ხართ ახალი ურთიერთობისთვის? თუ თქვენ სინანულით ცხოვრობთ და საკუთარ თავს არ აძლევთ ნებას, ახალი ურთიერთობები დაიწყოთ, ჩანს, არც არჩევანის საშუალება გაქვთ. დაფიქრდით, იქნებ სულ სხვა რამ გსურთ?!
5. რა იყო თქვენი ურთიერთობის წარუმატებლობის მიზეზი? მიზეზები ყოველთვის მნიშვნელოვანია. კავშირის აღდგენის შემთხვევაში, დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ შეცდომების გამოსწორებისთვის ორივე მზად ხართ.