_ ცოლად არ უნდა გავყოლოდი, ესაა ჩემი შეცდომა, მორჩა და გათავდა. სხვა რაღაცებზე აღარაფერს ვამბობ.
კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ უბედური ვიყავი, მაგრამ არა ისე, როგორც რომანებში ხდება, არც ისე, როგორც ფილმებში უჩვენებენ… სხვანაირად ვიყავი უბედური. ამის გაფიქრებამ გული ამიჩუყა და ჩემი თავი ძალიან შემეცოდა.
_ როგორც იტყვი, _ დამნებდა უცებ კოკი, _ ვხედავ, რომ გეშინია შენი წარსულის, მაგრამ თუ ჩვენზე ვისაუბრებთ…
_ ჩვენზე?
_ ჰო, ჩვენზე, ბაბი. მოგწონს ეს შენ თუ არ მოგწონს, მოგვიწევს ჩვენზე საუბარი. ეს «ჩვენ» კი მაშინ გაჩნდა, როცა პირველად შევხვდით ერთმანეთს. გახსოვს, დაბადების დღეზე რომ გნახე პირველად? რაც გინდა ის დაარქვი ჩვენს ურთიერთობას, თუ გინდა, გატაცება, თუ გინდა, აჟიტირება, მაგრამ შენმა სხეულმა იცის, რომ ჩემთან უნდა, თუმცა, გონება ჯერ ვერ დაუთანხმებია.
_ შენ ჩემი სექსუალური გატაცება არ ხარ, კოკი, მაპატიე, მაგრამ ასეა.
კვლავ გაუკრთა თვალებში ნაპერწკლები.
_ არ ხარ მართალი, ბაბი. აბა, კიდევ ერთხელ გაიმეორე?
_ არა.
_ აი, ხომ ხედავ. ერთი წინადადების გამეორება გიჭირს, იმიტომ, რომ იტყუები. სწორედაც რომ სექსუალური გატაცება ვარ, ბარ-ბი, _ გადააკეთა ჩემი სახელი.
_ ასე ნუ მეძახი. ყველა ბაბის მეძახის ან ბარბარეს.
_ მაგრამ მე ხომ ყველა არა ვარ? _ ჩურჩულით მომიგო.
თავბრუ დამახვია მისმა ჩურჩულმა. შემკრთალმა ერთი ნაბიჯით უკან დავიხიე.
ის მართლა არ ჰგავდა სხვებს. სხვებს კი არა, არავის არ ჰგავდა, ვისაც აქამდე ვიცნობდი.
_ გარდა ამისა, ბარბი გაცვეთილი, არაფრის მთქმელი სახელია, თოჯინური. ბაბი კი თბილი, ნაზი და სიგიჟემდე სექსუალური. ხომ ასეა? კარგი, ბარბის აღარ დაგიძახებ. მეც მივხვდი, რომ ცუდად გამომივიდა. დღეისთვის გვეყოფა აღიარებითი ჩვენების მიცემა, თანაც მამიდაშენი გველოდება.
_ ვერ ვიჯერებ, რომ იქ წამოსვლას აპირებ. _ ცივად გავხედე, თან ვცდილობდი, დაკარგული წონასწორობა აღმედგინა.
_ დაიჯერებ, _ თავდაჯერებული კაცის ტონით მიპასუხა, ხელი ჩამკიდა და კარისკენ გამიძღვა.
კართან მოულოდნელად შედგა, თავი ჩემკენ მოაბრუნა, კარგა ხანს დაჟინებით მიყურა და ბოლოს წარმოთქვა:
_ შენ ჯერ არაფერი არ იცი, ბაბი. ამიტომ მენდე, ყველაფერში მენდე, გესმის?
მზერა ავარიდე და მორჩილი კრავივით მივყევი უკან…
ივნისის თაკარა მზე ჯერ კიდევ აცხუნებდა, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, მოსაღამოვდა. დაძრა თუ არა კოკიმ მანქანა, ჩემი წარსულის ყველა ტკივილი სათითაოდ გავურიე შუბლზე ჩამომსხდარ ოფლის წვეთებს, ფანჯრიდან თავი გადავყავი და შუბლი შემხვედრ ქარს მივუშვირე, რომ ოფლის გაშრობასთან ერთად ჩემი ტკივილებიც გამქრალიყო. მთელი სისწრაფით მივქროდით. თვალის შევლებას ვერ ვასწრებდი, ისე სწრაფად გარბოდნენ ხეები და სახლები.
როგორც კი ლუის კოხტა სახლს მივუახლოვდით, კოკის სახეზე გაოცება გამოეხატა. არ გამკვირვებია. ყველას, ვინც პირველად დაინახავდა ამ სახლს, ასე ემართებოდა. ხის კოხტა სახლი სულ ვარდებში იყო ჩაფლული.
_ ვაუ, რა სილამაზეა! _ აღტაცებით წამოიძახა კოკიმ.
_ მართლა ლამაზია, არა? შენ ბაღი უნდა ნახო. ეს წალკოტია დედამიწაზე. ჩემი ყველაზე დიდი ოცნება ამ სახლთან მოახლოებისას სრულდება ხოლმე.
_ და რა არის შენი ყველაზე დიდი ოცნება?
_ სახლი ზღვის პირას, წალკოტში ჩაფლული პატარა სახლი. ყვავილებში რომ არ ჩანს ისეთი.
_ მართლა? მერედა, სად გინდა ეგეთი სახლი გქონდეს, საქართველოში?
_ რატომაც არა? განა საქართველოში ზღვა არა გვაქვს?
_ ზღვაც გვაქვს და წალკოტში ჩაფლული უამრავი სახლიც.
_ მე არ მაქვს.
_ მერე რა? შენც გექნება. მთავარია, მოინდომო. ერთ მშვენიერ დღეს შენი მანქანით მიგრიალდები სადგურში, მოლარეს სარკმლიდან გახედავ, ფულს გადააწოდებ და ეტყვი: «თუ შეიძლება, ერთი ბილეთი წალკოტამდე».
_ ორი ბილეთი, _ შევუსწორე ოცნებაში წასულმა.
_ ორი? _ უნდობლად გამომხედა და მანქანა ჭიშკართან მოხერხებულად დააყენა, რომ სხვა მანქანებს გავლა არ გასჭირვებოდათ.
_ ჰო. მარტო თუ ვიქნები, წალკოტს რა თავში ვიხლი, _ თავი ვიმართლე და ისე გავწითლდი, რომ სასწრაფოდ გადავედი მანქანიდან, თავი არ გავყიდო-მეთქი.
_ შენი ლოყებივით აელვარებული ყვავილები უნდა ყვაოდეს შენს წალკოტში? _ ეშმაკური ღიმილით მკითხა, როცა დისტანციური საკეტის ღილაკს თითი მიაჭირა და მანქანამ დაიჭყვიტინა.
ლოყებზე ხელისგულები ავიფარე. ისე მიხურდა სახე, თითქოს თონეში პური ჩამეკრას.
_ ჩემს ლოყებს თავი დაანებე, _ ბავშვივით დავტუქსე და ჭიშკარი შევაღე.
_ ნაძლევს ჩამოვალ, რომ საკაიფო საქეიფო ადგილი იქნება ეზოში თავისი მოწნული მაგიდითა და სკამებით. შეიძლება დეკორატიული დოქები და ქვევრებიც კი ვიხილო სადმე, წყაროს პირას.
სიცილი ამიტყდა.
_ იმედი უნდა გაგიცრუო, რადგან წყაროს აქ ვერ ნახავ. ბიძაჩემი მეცნიერია, მოქეიფე და მოთამადე კი არა.
_ მერე რა? ბევრი მეცნიერი მინახავს, თამადადაც მდგარა და ბოლომდეც დამთვრალა.
_ ჰო, მაგრამ რომა ბიძია ეგეთი არაა. სამაგიეროდ, ირგვლივ ყვავილები, ხეები და ბევრი ჟანგბადია.
_ მაგარია! როგორც ჩანს, ბიძაშენი ბევრ ფულს შოულობს. არ მეგონა, დღეს მეცნიერებს ამხელა შემოსავალი თუ ჰქონდათ.
_ არა, ბიძაჩემს ამდენი მართლა არა აქვს. ეს მამამისის დამსახურებაა. სახლიც მისი აშენებულია და ბაღიც მისი გაკეთებული. მეღვინე იყო მამამისი. აცხონოს ღმერთმა, აღარ არის ცოცხალი. ისე, ქვევრები და საწნახელი მართლა აქვთ, ოღონდ მარანში და არა ეზოში. თუ ასეთი რამეები გიყვარს, დაგათვალიერებინებთ, არაა პრობლემა. ბიძაჩემს რაც შეეხება, ნამდვილი მეცნიერია. რომ ჰკითხო, დღეს რა დღეა ან რომელი რიცხვიაო, შეიძლება ვერ გიპასუხოს, ისეა ხოლმე ჩაფლული თავის შრომებში. სულ წერს, წერს და წერს.
_ აუ, რამხელა ატმები ასხია! და როგორი სურნელი ტრიალებს ეზოშიიი, _ გადაირია კოკი, _ აქედან წასვლა დაგენანება ადამიანს.
_ აი, ზუსტად ეგ მემართება, როცა აქ ვარ.
_ იცი რა? ფული არ მაკლია, აგარაკიც მაქვს, მაგრამ აი, ეზო-კარის ასეთ მოწყობაზე არასდროს მიფიქრია. კარგი იდეა კი ჩამაწოდა მამიდაშენის სახლმა, _ ხელები მოიფშვნიტა კმაყოფილმა, _ ნეტავ რისი ბრალია ეს, ა? ცოლი რომ არ მყავს, ალბათ, იმისი, არა? შენ რას იტყვი? _ ორაზროვნება ჩააქსოვა შეკითხვაში.
არც პასუხი გავეცი და არც შევხედე. შემეშინდა, საკუთარი თავი არ გამეცა, ისე ავღელდი.
_ და შენი მშობლები? _ მოულოდნელად ჩემებს გადასწვდა.
_ დედა ტვინში სისხლის ჩაქცევით გარდაიცვალა, მამამ კი დედას გარეშე ცხოვრების გაგრძელება ვერ შეძლო, _ სევდიანი გამიხდა ხმა.
_ თავი მოიკლა? _ ჩურჩულით მკითხა.
პასუხად თავი დავუქნიე. არასდროს ასე არ გამძნელებია ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა. საბედნიეროდ, სწორედ ამ დროს კარი გაიღო და პარმაღზე ლუი გამოჩნდა.
_ აი, ისევ შეიკარი შუბლი. ახლა მაინც გაიღიმე, მამიდაშენის დასანახავად, _ ხელზე ხელი მომიჭირა კოკიმ და ასე, ხელიხელჩაკიდებულები ავუყევით ექვსაფეხურიან კიბეს.
ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, ვაითუ ბიძაჩემმა და კოკიმ საერთო ენა ვერ გამონახონ-მეთქი. რომას ჩვეოდა ასე. თუ სტუმარი არ მოეწონებოდა, მიესალმებოდა, ცოტა ხანს დაჯდებოდა ოთახში, მერე მოიბოდიშებდა და თავის კაბინეტს მიაშურებდა. ბევრი გაუწბილებია ასეთი საქციელით. ჩემდა გასაოცრად, ახლა პირიქით მოხდა. ისე მოეწონა კოკი, რომ გვერდიდან არ მოსცილებია. ჯერ ხომ მთელი სახლი და ეზო დაათვალიერებინა, მერე მარანშიც ჩაიყვანა, თან დაწვრილებით უყვებოდა, რა როდის, როგორ და სად იშოვეს, აქამდე რა წვალებით მოიტანეს, როგორ გაისარჯა მამამისი და რამდენი ოფლი ჩაღვარა ამ სახლის მშენებლობაში.
კოკი აღფრთოვანებას ვერ მალავდა. ქვევრებს ისე უსვამდა ხელებს, თითქოს ეფერებაო. თიხის ჭურჭლით გამოტენილი იყო მარანი _ დოქები, ჭურები, ქვევრები, წვრილყელიანი, ფართოყელიანი, მაღალყელიანი… თასები _ დიდი, პატარა, საშუალო, განსხვავებული სასმისების მთელი პარტია, ჭინჭილა თუ აკვანი, შადრევანი თუ ყანწი…
_ ცოლს რომ შევირთავ, თქვენს მარანში გადავიხდი ქორწილს, _ შესძახა აზარტში შესულმა კოკიმ, როცა მარნიდან გამოვედით.
_ სიამოვნებით, ოღონდ თამადად მე უნდა დამაყენო, _ სიცილით წაუყენა პირობები ბიძაჩემმა.
ამაზე მე და ლუიმ ბევრი ვიცინეთ, რადგან ბიძაჩემი, დიდი-დიდი, ორ-სამ ჭიქას თუ დალევდა ხოლმე სუფრასთან. იგი მთვრალი არასდროს არავის გვინახავს.
_ ნეტავ რისი დამლევი ხარ, რომ ბაქიბუქობ, _ ხუთი თითი მიაშვირა მამიდამ ქმარს და ქოქოლა მიაყარა, _ ამ ბიჭს მართალი ეგონება.
_ შენ რა იცი, მე რა შემიძლია? რომ არ ვსვამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ არ შემიძლია. აგერ, ვნახოთ, ბატონო, დავსხდეთ ახლა და შევეჯიბროთ ერთმანეთს, ვინ ვის დაათრობს _ მე კოკის თუ კოკი _ მე.
საკუთარ ყურებს არ ვუჯერებდი. რომა და დათრობა? ასეთი რამ ისტორიას ჯერ არ ახსოვდა.
_ ხედავ, ლუი? თურმე არც კი იცი, როგორი მსმელი ქმარი გყავს. რომა, აბა, აღიარე ერთი, კიდევ რა არ იცის შენმა ცოლმა? ბარემ ბოლომდე გახსენი კარტები! _ ძალიან გავმხიარულდი.
_ თქვენ მე მხოლოდ წიგნის ჭია გგონივართ, მაგრამ ეგრეც არაა, ჩემო კარგებო! _ დასჭექა რომამ, _ მთავარია, იცოდე, ვისთან დალიო. ეგაა, რა!
ლუიზა ისე გააოცა ქმრის საქციელმა, რომ დაბნეული და დამუნჯებული იდგა ერთ ადგილას და ხელებს შლიდა, ეს რაები მესმისო.
ასე სიცილ-სიცილში გავშალეთ სუფრა და გაჩაღდა ქეიფი. რა თქმა უნდა, არ დამთვრალან, რადგან ბიძაჩემმა მხოლოდ იხუმრა, მაგრამ სასიამოვნოდ კი გავატარეთ საღამო. გვიან, როცა დაძინების დრო მოვიდა, რომამ ბოდიში მოიხადა, დაგტოვებთ, სამუშაო მაქვს, თქვენ კი ბაღში გაისეირნეთ, ახალგაზრდებმა სუფთა ჰაერი ჩაყლაპეთო და თავის კაბინეტს მიაშურა. ლუიზამ არაფრით არ დამანება, რომ სუფრის ალაგებაში მივხმარებოდი, სტუმარს მიხედეო, თვალით მანიშნა და მუჯლუგუნი მკრა.
სხვა რა დამრჩენოდა, ეზოში გავიდეთ-მეთქი, კოკის ვუთხარი და ბაღს მივაშურეთ.
ჩუმად გავიარეთ ეზო, სახლს შემოვუარეთ და გრძელ მერხზე ჩამოვსხედით, კაკლის ძირში. ღრმად ჩავისუნთქე ივნისის ცხელი, მაგრამ ჟანგბადით გაჯერებული ჰაერი…
კარგა ხანს არც ერთი ხმას არ ვიღებდით, მხოლოდ ღამის სიჩუმეს ვუგდებდით ყურს.
_ ღამე ყველაზე დიდი საიდუმლოებით მოცული მოვლენაა, არა? _ ხმადაბლა წარმოთქვა კოკიმ და თვალი ბაღის ბოლოში დასადგურებულ სიბნელეს მიაშტერა.
_ არ ვიცი, ალბათ, _ მეც ხმადაბლა გავეცი პასუხი. ორივე ჩვენგანის ხმაში საოცარი ინტიმურობა იგრძნობოდა. შიშისა თუ სიამოვნებისგან შემაჟრჟოლა. ამ კაცის სიახლოვე ჩემს მიძინებულ ქვეცნობიერს საშიშროებას უქადდა.
_ გალაკტიონს ტყუილად კი არ ჰყავდა მესაიდუმლედ ღამე, _ თქვა და ირიბად გამომხედა.
_ «ჩვენ ორნი ვართ»…
_ ახლა უკვე სამნი, _ აღარ დამამთავრებინა გენიალური სტრიქონები, _ ყველაზე კარგი დრო დასვენებისთვის სწორედ ეს პერიოდია… როცა შუაღამე იწყება.
_ მართლა? _ გულწრფელად გავიოცე, ასეთი რამ პირველი მესმოდა.
_ მართლა, მართლა. ხედავ, რამდენი რამე ვიცი? მომებარე და კიდევ ბევრს გასწავლი. დასვენებასაც თავისი დრო აქვს, შენ ესეც უნდა ისწავლო.
_ რა ესეც? _ ვერ მივუხვდი.
_ დასვენება, _ მომიგო და თავისი თავბრუდამხვევი ღიმილით გამიღიმა.
ნეტავ, თუ ესმის, რას ლაპარაკობს? წარბები შევიჭმუხნე.
_ მოუსმინე ღამეულ ხმებს და მოეშვი, ზედმეტად დაძაბული ხარ.
მერედა, ვისი ბრალია? არაჩვეულებრივად დავისვენებდი ამ ორ დღეს, ეს რომ არ წამოსულიყო. ახლა მართლაც, თითქოს ნემსებზე ვზივარ.
უეცრად ზურგზე ხელი მომხვია და იდუმალი ხმით დაიჩურჩულა:
_ ზღაპრული ეზოა, _ ამ სიტყვებით ფეხები წინ გასწია და განზე გაშალა, _ ისეთი სიმშვიდეა, თითქოს დანარჩენი სამყარო არც არსებობს.
_ არ მეგონა, სიწყნარე და სიმშვიდე თუ გიყვარდა.
_ რატომ არ გეგონა?
ირონიის მოსაშველიებლად ჩავიფხუკუნე.
_ ისეთი რეპუტაცია გაქვს…
_ როგორი ისეთი? _ ჩემკენ შემობრუნდა და დაჟინებით მომაშტერდა.
_ ნუ… როგორ გითხრა… ინტენსიური სამუშაო და აქტიური დასვენება.
_ ა, მაგას გულისხმობ? მე ხომ რობოტი არ ვარ, ბაბი, მეც ვიღლები ხანდახან. ავადაც ვხვდები. აი, მიჩხვლიტე თუ გინდა, ნემსი და ნახავ, რომ სისხლი მეც წამომივა. ისეთივე ვარ, როგორიც სხვა ადამიანები.
თვალები დავხარე, მისი მზერის გასაძლებად ძალა უკვე აღარ შემწევდა.
_ ვიცი, _ ჩავიბურტყუნე, _ რა თქმა უნდა, ვიცი… მესმის.
_ რატომღაც, ასე არ მეჩვენება, _ ამოხვნეშით თქვა და ისევ სიბნელეს მიაპყრო თვალი.
ვისხედით უხმოდ, ვყლაპავდით საამურ ჰაერს და ფოთლების შრიალს ვუგდებდით ყურს. გოლა აქ არასდროს მომიყვანია. რატომ? იმიტომ, რომ ბიძა-მამიდას არ მოსდიოდათ თვალში? ან იქნებ იმიტომ, რომ მეშინოდა? რისი? თვითონაც არ ვიცოდი, რისი, მაგრამ მას შემდეგ, რაც მასთან თანაცხოვრება დავიწყე, შიში ჩემი მუდმივი თანამგზავრი გახდა. ლუი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ გოლაში ისეთივე ტირანს ხედავდა, როგორიც მამაჩემი იყო. ძმაზე უდიერად ლაპარაკს არ ერიდებოდა. იცოდა, როგორი ცუდი ხასიათიც ჰქონდა მამაჩემს, როცა უგონოდ დათვრებოდა. მით უფრო, რომ წლების მატებასთან ერთად, სიმთვრალე პათოლოგიაში გადაუვიდა.
ხელები ჩამოვუშვი და მერხს დავეყრდენი. მამა ეჭვიანი იყო, მაგრამ დედა სიგიჟემდე უყვარდა. ალბათ ამიტომაც ეჭვიანობდა გამუდმებით. უცნაური სახე ჰქონდა მის სიყვარულს, საშიში და გამანადგურებელი. შეეძლო, ნებისმიერზე ეეჭვიანა, ვინც კი დედაჩემზე სიტყვას ჩამოაგდებდა, ან დაელაპარაკებოდა. გოლა მას არ ჰგავდა, ის საშიში მხოლოდ თავისი ეგოიზმით იყო.
_ ჯერაც ვერ შეძელი მისი დავიწყება? _ კოკის ხმამ გამომაფხიზლა. მისი თბილი ხელისგული ჩემი ხელის ზურგს დაეფარა, _ ის აქ არის, ჩვენთან, არა? ახლა, ამწამს, საკუთარი ჩრდილივით ჩვენს ზურგს უკან დგას.
შემკრთალმა თვალები დავხუჭე. ტუჩებმოკუმულმა თავი დავხარე და უხმოდ ამოვიკვნესე. ვერ შევეჩვიე იმას, რომ კოკის ჩემი აზრების წაკითხვა შეეძლო.
_ ისევ გიყვარს?
_ მიყვარს? _ ისეთი ზიზღით წარმოვთქვი ეს სიტყვა, რომ გაოცებულმა თავი გვერდზე გადახარა. იგი კვლავ შეეხო ჩემთვის მტკივნეულ თემას, კვლავ იარაზე დამდგა ფეხი.
_ მაშინ ამდენს რატომ ფიქრობ მასზე?
_ უკვე გითხარი, რომ მასზე საუბარი არ მსურს, _ აკანკალებული ხმით მივუგე, ვერაფრით ვერ ვახერხებდი დამშვიდებას, _ მგონი, ცოტა შემცივდა. მოდი, შევბრუნდეთ სახლში.
_ არა, არ შეგცივდა, _ ხელზე ხელი მომიჭირა, _ მე, უბრალოდ, ვცდილობ გავიგო, რა გემართება. სულაც არ მსურს, შენში მტკივნეული მოგონებები გავაცოცხლო, მაგრამ ჩვენი შეხვედრის პირველივე მომენტიდან აშკარად ვგრძნობ ჩვენ გვერდით სხვა ადამიანის არსებობას. ეს ადამიანი ის არის? ყოფილი ქმარი, შენი მოუშუშებელი იარების ულევი წყარო?
არ გავნძრეულვარ. როგორც ჩანს, მართალია. მაგრამ ეს რას ცვლის? რა უნდა გავაკეთო, რომ ასეა? ან თვითონ რა შეუძლია?
_ იცი, ძალიან კარგად მესმის შენი. იყო დრო, როცა მეც უგონოდ მიყვარდა, რომ იტყვიან, დამწვარი ვიყავი. ამიტომ ვიცი, რასაც ნიშნავს სასტიკი შეცდომის დაშვება.
გული შემეკუმშა. ამ თემაზე საუბრის გაგრძელება აღარ მსურდა, ხასიათს მიფუჭებდა.
_ არა გაქვს უფლება, ჩემს პირადულზე კითხვები დამაყარო, _ ხმა გამიცივდა.
_ პირიქით, მაქვს, _ პირქუშად შემეწინააღმდეგა, _ ახლა შენ ჩემთან ხარ და არა მასთან, მე კი არ მომწონს სიყვარულის სამეული. ასეთ შემთხვევაში მესამე ყოველთვის ზედმეტია.
ამ სიტყვებმა ისე უხეშად გაიჟღერა, რომ ძლივს შევიკავე თავი, მეც უხეშად არ მეპასუხა.
ყველანი ერთნაირები არიან ეს მამაკაცები, ამაყი «მამაკაცური რასის» წარმომადგენლები. მხოლოდ დათოა გამონაკლისი, რომელიც აშკარად სხვა პლანეტას ეკუთვნის. ცოლის დასაბრუნებლად ყველანაირ დამცირებაზე რომ თანახმაა.
_ მე არ მომიწვევიხარ აქ, _ შევახსენე გაგულისებულმა.
_ გინდა, წავიდე?
ისე მომხვდა გულზე მისი სიტყვები, რომ მივხვდი, სულაც არ მინდოდა მისი წასვლა. ამ მიხვედრამ კი თავზარი დამცა და გრძნობები ტალღასავით ისე მომასკდა, რომ უნებლიეთ წამომცდა:
_ ჰო, სწორედ ეს მინდა.
და სამყარომ არსებობა შეწყვიტა, დედამიწამ კი ბრუნვა. ირგვლივ ყველაფერი ისე გაშეშდა, როგორც ზღაპარში, ჯადოსნური ჯოხის მოქნევაზე. შემეშინდა, მართლა არ წასულიყო და დაფეთებულმა შევხედე. ჩემი მზერა საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ხელები ძლიერად მოეხვია, მკერდზე მივეკარი და კოცნით სული ამოეხადა ჩემთვის… მისმა ცხელმა ტუჩებმა ჩემი უმწეო პროტესტი ეგრევე ჩაახშო, სიამოვნების მორევმა ხახა დააღო და უფრო და უფრო ღრმად ჩამითრია. ვერც გავიაზრე, როგორ აღმოვჩნდი მის მუხლებზე, ან როგორ მოხდა, რომ ყელხე ხელს ვხვევდი და მჭიდროდ ვეკვროდი. იმდენად ამიტანა ვნებათაღელვამ, მინდოდა, მის სხეულში შემეღწია, მასში გარდავქმნილიყავი და იქ დავრჩენილიყავი.
ამ დროს ლუიმ დაგვიძახა და ძალაუნებურად მოვწყდით ერთმანეთს. ჩემს გულს ბაგაბუგი გაჰქონდა.
_ შენ არ გინდა, რომ წავიდე. მითხარი, რომ არ გინდა, _ ამ სიტყვებით ცხვირის წვერზე მაკოცა, _ მითხარი, ბაბი.
_ არ მინდა, რომ წახვიდე, _ ვაღიარე.
_ ჰოდა, ძალიანაც კარგი, _ კოკი ადგა და მეც წამომაყენა, _ ეს კარგია, რადგან წასვლას არ ვაპირებ, _ გაიღიმა, _ და იცი, რას გავაკეთებთ? უბრალოდ, დავტკბებით ამ გამოსასვლელი დღეებით, გავერთობით და დავისვენებთ. მე გასწავლი, როგორ უნდა დასვენება. არანაირი დაკითხვები ან უხეში სიტყვების გადასროლ-გადმოსროლა, _ და როცა შეამჩნია, რომ შუბლი შევიკარი, დაამატა:
_ კიდევ… არ გირჩევ, ჩემი გეშინოდეს. არ ღირს. ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ. მხოლოდ, უკეთ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი. ახლა კი წავიდეთ, თორემ ლუის ეწყინება.
ორივენი სახლისკენ გავემართეთ.
_ როგორც ვატყობ, ამ შაბათ-კვირას იმაზე მეტად ვისიამოვნებ, ვიდრე წარმომედგინა. გემრიელი კერძები, ჭარბი ჟანგბადი, კარგი ღვინო და ქალი.
_ როგორ არის იმ სიმღერაში? «ღვინო, დუდუკი, ქალები». ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს? _ თავი გავაქნიე გაღიმებულმა და სახეზე ჩამოფენილი თმის ღერები ყურს უკან გადავიწიე.
უეცრად შედგა, თავისკენ შემომაბრუნა და მზერა ჩემს მკერდზე შეაჩერა, რომელიც ბედნიერი მღელვარებისგან ღრმად ადი-ჩადიოდა. მერე ერთი ნაბიჯით უკან დაიხია და ტანი და ფეხები შემითვალიერა, ბოლოს თვალებში ჩამხედა… მრავალმნიშვნელოვნად, გამომცდელად.
_ მე ერთი ქალიც მეყოფა, _ უბრალოდ, ყოველგვარი ქვენა აზრების გარეშე თქვა.
_ სად დაიკარგეთ? ჩაი მოვადუღე, არაჩვეულებრივი ცეილონის ჩაი მაქვს, ნამდვილი. ძილის წინ ჩაის არაფერი სჯობს, _ ლუის თვალები გაბრწყინებოდა. აშკარად ჩანდა, რომ კოკი ძალიან მოსწონდა და სურდა, ბოლომდე ესიამოვნებინა სტუმრისთვის.
_ სიამოვნებით დავლევ ჩაის, ქალბატონო ლუიზა, _ შაქარივით დადნა ჩემი თაყვანისმცემელი და მამიდაჩემს ხელზე ეამბორა. ოხ, როგორი მომთაფლველია. იცის, ქალებთან თავი როგორ უნდა დაიჭიროს.
ჩაი მართლაც არაჩვეულებრივი გამოდგა.
_ ლუი, ეს ჩაი მე არასდროს გამისინჯავს, საიდან?
_ რომას აჩუქეს კათედრაზე, თავისმა სტუდენტმა ჩამოუტანა ინგლისიდან. მეც ვინახავ კოკისნაირი განსაკუთრებული სტუმრებისთვის, _ გადაიკისკისა მამიდამ, რომელიც ყოველთვის პატარა გოგოსავით კეკლუცად იცინოდა.
ქალებს გვახასიათებს ასე. ზოგი ღიმილით, ზოგი გულუბრყვილო ფრაზებით, ზოგი კი სიცილით ცდილობს, უფრო პატარა ასაკის გამოჩნდეს, ვიდრე სინამდვილეშია. მამიდა ამას თავისი საყვარელი სიცილით ახერხებდა.
გაგრძელება იქნება