მეორე დღეს დილითვე დამირეკა და შეხვედრა თერთმეტისთვის დამითქვა, მე და ჩემი მეგობარი ოფისში მოგაკითხავთო. შევთანხმდით.
საგანგებოდ გამოვიპრანჭე, მინდოდა, ორივეზე ძლიერი შთაბეჭდილება მომეხდინა. მართალია, ჯერ კიდევ ვკოჭლობდი, მაგრამ კაბინეტში სიარული ხომ არ მომიწევდა? მსუბუქი მაკიაჟი გავიკეთე, რასაც ზაფხულში ყოველთვის ვერიდები ხოლმე, მაგრამ ეს ის შემთხვევა იყო, როცა სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს.
ზუსტად თერთმეტზე მოვიდნენ. მისი მეგობარი სიმპათიური კაცი აღმოჩნდა, შევერცხლილი გრუზა თმითა და მუგუზალივით შავი თვალებით. მივხვდი, რომ გედი გედევანიშვილი სწორედ ეს იყო, ასაკი ემთხვეოდა, 49 წლის. ხუტა წილოსანს კი სახეზეც ვიცნობდი, მასზე ბევრი გამიგია, მაგრამ ის, როგორც გაირკვა, საქართველოში არ იმყოფებოდა.
- ასეთი ლამაზი ქალბატონი თუ დაგვიცავს, მოგვიგია საქმე და ეგ არის, კოკი. მომწონს შენი არჩევანი, - ხელები მოიფშვნიტა გედიმ ერთმანეთის გაცნობის შემდეგ და სავარძელში ისე გაიშხლართა, უდარდელმა კაცებმა რომ იციან, ფეხებგაჩაჩხულმა.
- კარგია, სილამაზე საქმეს რომ იგებდეს, ბატონო გედი, მაგრამ სამწუხაროდ, ასე რომ არ არის? - რატომღაც, კეკლუცად გამომივიდა, რადგან გავუღიმე კიდევაც ჩემს კლიენტს, თვალებიც ავაჟუჟუნე და თავიც გვერდზე გადავხარე.
- სილამაზეს სამყაროს გადარჩენა შეუძლია, ჩემო ბაბი. ჩვენი პატარა, უმნიშვნელო საქმე რა მოსატანია ამასთან, - თავმდაბლობას «მიაწვა» გედი.
- მოდით, დავიწყოთ. თავიდან მომიყევით ყველაფერი. მე კი გავეცანი მასალებს, მაგრამ რადგან თქვენთან შეხვედრა მოხერხდა, მირჩევნია, თავად მოგისმინოთ. ოღონდ ზუსტად ისე მითხარით, როგორც იყო და არის. ტყუილი საქმეში არ წაგვადგება, - უცებ დავსერიოზულდი და ადვოკატის «პოზა» დავიჭირე.
გედევანიშვილმაც დაიწყო. თუ მის მონაყოლს დავუჯერებდი, საქმის მოგებას წინ არაფერი დაუდგებოდა. საბუთები წესრიგში ჰქონდა, ყველაფერი წესის და რიგის მიხედვით იყო გაფორმებული. თანხმობა მერიას გაუცია, ამის დამადასტურებელი დოკუმენტიც ხელთ ჰქონდა.
- ძალიან კარგი. ისღა დამრჩენია, მეორე მხარის ადვოკატს შევხვდე.
- იცნობთ იმ ბიჭს?
- ვის? მათ ადვოკატს?
- დიახ.
- არა, წარმოდგენა არ მაქვს, ვინაა, მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- არა, ისე ვიკითხე… - თითქოს ეჭვი გაუკრთა მზერაში.
- თუნდაც ნაცნობი იყოს, სულერთია. ჩვენ ჩვენს საქმეს ვიცავთ, ისინი - თავისას. ასეთ შემთხვევაში ადვოკატები ერთმანეთის მოწინააღმდეგეები ვართ. ასე რომ…
- მესმის, მესმის, - ამოიხვნეშა გედიმ. მთელი ამ ხნის განმავლობაში კოკის სიტყვა არ დაუძრავს, მდუმარედ მომჩერებოდა, თითქოს საქმიან ნაწილში სურს ჩემი გაცნობაო.
- დღესვე დავუკავშირდები მას და შეხვედრას დავუთქვამ. იქნებ სასამართლომდე არ მივიდეს საქმე. მე მგონი, მორიგებაც შეიძლება, რას იტყვით?
- თუ არ გამწეწავენ, ყველაფერი შეიძლება, - ხელები გაშალა გედიმ დანებების ნიშნად.
- ამაზე მე ვიზრუნებ. ჯერ ის გავარკვიოთ, რის საფუძველზე ამტკიცებენ ტერიტორიის მესაკუთრეობას.
- აი, მანდაა ძაღლის თავი დამარხული. ამწუთას ეს რომ არ გეხსენებინათ, ვიფიქრებდი, ესეც მოსყიდულია და ფულის შეწერაზე წავა მხოლოდ საუბარი-მეთქი.
კოპები შევკარი.
- ძალიან გთხოვთ, სხვა დროს მსგავსი რამ არ წამოგცდეთ, ბატონო გედი. მე ჩემი საქმის პროფესიონალად მიცნობენ. სახელის გატეხა არ მჩვევია. ფულს ისედაც კარგად ვაკეთებ, ბინძური თამაშები არ მხიბლავს.
აშკარად კმაყოფილების ღიმილმა გაუნათა სახე. წამოდგა და ორივე ხელი გამომიწოდა, მეც შევაგებე მარჯვენა. მან თავის ვეებერთელა ტორებში მოიმწყვდია ჩემი თითები და თავის დაკვრით მადლობის კორიანტელი დააყენა.
- ჩემზე იყოს, ქალბატონო ბაბი. თუ ეს საქმე გამოვიდა, ამ სიკეთეს არ დაგივიწყებთ. ახალ სასტუმროში ერთი ნომერი პირადად თქვენს განკარგულებაში გადმოვა, თანაც მთელი სიცოცხლის განმავლობაში.
- ეს უკვე ქრთამია, ბატონო გედი, - სიცილი ვერ შევიკავე.
- თუ გავიმარჯვეთ, მერე რაც გინდათ, ის დაარქვით, ქალბატონო ბაბი, ჩემთვის სულერთია.
გასვლისას კოკი ჩემკენ შემობრუნდა. სახეზე უცნაური გამომეტყველება აღბეჭდვოდა. მიყურებდა და ხმას არ იღებდა.
- რა? - წარბები ავწიე და შევაცქერდი.
- არაბუნებრივად ბუნებრივი გოგო ხარ, ვამაყობ შენით, - შეცვლილი ხმით მითხრა და თვალების დახუჭვით გამოხატა მადლიერება.
- სასიამოვნოა შენგან ამის მოსმენა, - მეც მივნაბე თვალები.
- და ხვალ საღამოს მე და გედი რესტორანში გეპატიჟებით.
- ამის უფლება არ მაქვს. მაპატიე, მაგრამ ვერა.
- რატომ? ეს კანონით არ იკრძალება და…
- სამაგიეროდ, მე ვკრძალავ. ქეიფი და დროსტარება მერე, თუ ვიქნებით ამის ხასიათზე.
- მაშინ მე და შენ…
- მოდი, სხვა დროს განვიხილოთ ეს საკითხი, კარგი? ახლა ბევრი სამუშაო მაქვს, ასეთ რამეებზე ვერ ვფიქრობ.
- ეშმაკუნა! შენ ერთდროულად ყველაფერზე ერთად ფიქრობ, თან ისე, რომ არაფერი შეგეშლება, - დატუქსვის ნიშნად საჩვენებელი თითი დამიქნია, ტუჩებით ხმაურიანი კოცნა გამოხატა და გავიდა.
ჩემი კონკურენტი ადვოკატი ცოტნე შიუკაშვილი აღმოჩნდა, დაახლოებით ჩემი ასაკის, რომლის დაყენებული მანერები აშკარად გამაღიზიანებლად მოქმედებდა. თავის თავში დაჯერებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელსაც ჰგონია, რომ მისი მჯობნი ქვეყანაზე არავინაა. ასეთები თავიანთ უცოდინრობას და ხეპრეობას სწორედ სარკის წინ კარგად ნავარჯიშები დაყენებული მანერებით ნიღბავენ.
- ჩემი კლიენტები წესიერი ხალხია, - თავდაჯერებული ტონით დაიწყო, როცა შევხვდი, - მათ აფერა არაფერში სჭირდებათ. აგერ არის ყველა საბუთი, რომლებიც ამტკიცებს, რომ ეს ტერიტორია წლების განმავლობაში მათ მფლობელობაში ირიცხებოდა. მერე მიზეზთა გამო, რომლებიც ახლა უკვე არავისთვისაა დამალული, იძულებული გახადეს, ყველაფერი, რაც გააჩნდათ, მათ შორის, ეს მიწის ნაკვეთიც, სახელმწიფოსათვის ერთ ლარად მიეყიდათ. აი, ეს დოკუმენტიც, - ცოტნე რიგრიგობით მილაგებდა წინ საბუთებს.
- მაშინ გამოდის, რომ ჩემს კლიენტს ტყუილად ედავებიან. წავიდნენ და იმათგან მოითხოვონ, ვისაც ერთ ლარად მიჰყიდეს.
- იმათგან როგორ მოითხოვონ, როცა ისინი აღარ არიან ძლიერნი ამა ქვეყნისანი? დრო შეიცვალა, ახლა ადვილია სიმართლის დადგენა.
- ცოტნე, ჩვენ, მე და თქვენ, ყველაფერი კარგად გვესმის, როცა საქმე ჩვენს პროფესიას ეხება, ხომ ასეა?
ვერაფერი გაიგო, მაგრამ მაინც დამიქნია თავი. ვერ მიხვდა, საითკენ მიმყავდა საუბარი.
- ჰოდა, გულახდილად მითხარი, შენს კლიენტებს ამ ნაკვეთისგან რამე სარგებელი ოდესმე თუ ჰქონიათ?
ჩემმა შეკითხვამ აშკარად დააბნია. შევატყვე, იურისპრუდენციაში დიდი გამოცდილება არ ჰქონდა, გამოუწვავი აგურივით იყო.
- ეს რა შუაშია? - მხოლოდ იმიტომ იკითხა, რომ დრო მოეგო და შემდეგ რა ეთქვა, მოეფიქრებინა.
- ეს იმ შუაშია, რომ ამ სადავო ტერიტორიაზე არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა… არასდროს… რომ არა «ქოლორთაუერი», დღესაც ეკალ-ბარდებით იქნებოდა მოფენილი.
- დავუშვათ, ასეა, მაგრამ მერე რა? დღეს თუ არა, ხვალ ხომ შეძლებდნენ გამოყენებას?
გამეცინა.
ადვოკატის კვალობაზე ერთობ უსუსურად გამოიყურებოდა ბატონი ცოტნე.
- კიდევ რა ქონება წაართვეს თქვენს კლიენტს? - მისი შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე.
- რა და… სტომატოლოგიური კლინიკები, სტამბა, ქაღალდის მწარმოებელი ფაბრიკა… -მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ ჩამომითვალა.
- და მერე? ისინი დაიბრუნა?
- ჯერ არა… - უარესად დაიბნა, - ჯერ ამ ტერიტორიით ვიწყებთ.
- აჰა… ამ ტერიტორიით… რატომ? არ მითხრათ, რომ ეს უფრო მომგებიანია, მაინც არ დაგიჯერებთ. სად მოქმედი ფაბრიკა და კლინიკები, სად სტამბა და სად ეკალ-ბარდებიანი ნაკვეთი?
- მაგრამ იქ უკვე…
- აი, ეგაა… - უხეშად გავაწყვეტინე, - იქ უკვე კორპუსებია აშენებული, არა?
- მაგრამ ჩვენ ხომ კორპუსებიან ტერიტ…
- არ ითხოვთ, გინდოდათ გეთქვათ, ხომ? რა თქმა უნდა, იმას ვერ მოითხოვთ, იმიტომ, რომ მათ მშენებლობაზე უამრავი თანხა დაიხარჯა, მაგრამ მის გვერდით თუნდაც შიშველი ადგილი მაინც მომგებიანია, რადგან მალე დასახლებული უბანი იქნება. იქ ხომ მინი-ქალაქი შენდება.
- თქვენ ვერ გამიგეთ…
- გადასარევად გაგიგეთ, ბატონო ცოტნე, იმაზე უკეთესად, ვიდრე თქვენ გგონიათ. ამიტომ მოდით, ასე შევთანხმდეთ. ორივე მხარე შევახვედროთ ერთმანეთს, იქნებ მოილაპარაკონ და მოსალოდნელი გართულებები და საქმის გაწელვა თავიდან ავირიდოთ. ვნახოთ, რა გამოვა.
ერთი სიტყვით, ამაზე შევჯერდით. ცოტნე შემპირდა, რომ თავის დამქირავებლებს გადასცემდა მეორე მხარის მოთხოვნას და რამდენიმე დღეში პასუხსაც მეტყოდა.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>