ქალები ხშირად საკუთარ გამოცდილებაზე ხმამაღლა ვერ საუბრობენ, რადგან ქმრის ღალატი საკუთარ სირცხვილად მიაჩნიათ, თუმცა არსებობენ ისეთებიც, რომლებიც წლების განმავლობაში „უზიარებენ“ საკუთარ ქმარს სხვა ქალს და მოთმინების გარდა სხვა გამოსავალს ვერ ხედავენ. აი, რამდენიმე ასეთი ისტორიაც:
ელენა, 43 წლის
"როდესაც ერთმანეთს შევხვდით, 25 წლის ვიყავი. ჩვენი გაცნობა საერთო მეგობრის დახმარებით შედგა და ეს ნამდვილად იყო ერთი ნახვით სიყვარული. იოანემ მაშინვე მიიქცია ჩემი ყურადღება. ის დიდ კომპანიაში მუშაობდა, საქმიანი და საინტერესო ადამიანი იყო. პირველი შეხვედრისას არც კი შემხებია, მაგრამ ჩვენ შორის რაღაც უხილავი კავშირი მაშინვე გაჩნდა. თითქმის 20 წელია, რაც ერთად ვცხოვრობთ, გვყავს ზრდასრული შვილი, გვაქვს საერთო ბიზნესი და ულამაზესი დღეები გასახსენებლად. ამის პარალელურად, იოანეს მეორე ცხოვრება აქვს, სადაც ოფიციალურად ცოლი და ორი ქალიშვილი ჰყავს.
მას ეს ურთიერთობა ჩვენი შეხვედრისასაც ჰქონდა, მეც მყავდა ქმარი, რომელთანაც ერთი საერთო გოგონა მყავს. იოანემ განქორწინება მთხოვა, მაგრამ მე ეს ვერ შევძელი, ცოტა ხნის შემდეგ კი, როცა ვუთხარი, რომ შვილი გვეყოლებოდა, მან მითხრა, რომ შეყვარებული ჰყავდა და მასზე ქორწინდებოდა. ეს იყო ჩვენი ბოლო საუბარი მეორე ოჯახზე. მე ის მიყვარდა და მასაც ვუყვარდი, ჩემთვის სხვა არაფერი იყო საჭირო. იოანე ისეთი მივიღე, როგორიც იყო და როგორი ცხოვრებაც ჰქონდა. წლების განმავლობაში ბალანსიც ვიპოვეთ, ზოგიერთ დღესასწაულს ჩვენთან ერთად აღნიშნავს, ზოგიერთს - მეორე ოჯახთან. დასასვენებლადაც დავდივართ ერთად. თავიდან ჩემს მეგობრებსა და ოჯახს უჭირდათ ამ ყველაფერთან შეგუება, მაგრამ ბოლოს მაინც მიიღეს და დღეს ჩვენი დიდი ოჯახის წევრია.
ცხადია, ბევრჯერ მდომებია, რომ მეორე ოჯახი მიეტოვებინა და სამუდამოდ ჩემთან დარჩენილიყო. ამის გამო ზოგჯერ ძალიან ვდარდობდი და ვიტანჯებოდი, მაგრამ ულტიმატუმების წამოყენება არ მინდა, მის ქალიშვილებს ხომ არაფერი დაუშავებიათ. ალბათ ყველაფერს ისე დავტოვებ, როგორც არის..."

ანა, 35 წლის
"ჩემი პირველი ქორწინება შეუღლებიდან ექვს თვეში დასრულდა. ქმარს მანამდე 5 წლის განმავლობაში ვხვდებოდი, თუმცა ერთად ცხოვრებამ გვაჩვენა, რომ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით. როცა დავშორდით, 23 წლის ვიყავი. დრო გადიოდა, ჩემი მეგობრები ქორწინდებოდნენ, შორდებოდნენ, შემდეგ ისევ ქორწინდებოდნენ და 30 წლის ასაკში ყველა მათგანს ჰყავდა შვილი. მეც ვოცნებობდი ბავშვზე. ამიტომ, როცა 28 წლის ასაკში მაქსიმს შევხვდი, არ მიფიქრია იმაზე, რომ მას უკვე ჰყავდა ცოლი. დაიწყო ჩვენი ძალიან ვნებიანი და ემოციური ურთიერთობა, თუმცა მაქსიმმა მითხრა, რომ ცოლის მიტოვებას არ აპირებდა. იმედი მქონდა, რომ შვილს გავაჩენდი და ყველაფერი შეიცვლებოდა, მაგრამ როცა მე და ჩემი ქალიშვილი სამშობიაროდან გამოვედით, ის ჩვენთან ერთად არც კი დარჩენილა. მას შემდეგ 5 წელი გავიდა. მაქსიმი კვირაში 2-3 საღამოს ატარებს ჩვენთან, ერთობლივი შაბათ-კვირა კი თვეში ერთხელ გვაქვს. ის ფინანსურად უზრუნველყოფს შვილს, თუმცა მე ყველაფერი სხვაგვარად წარმომედგინა..."

ნატალია, 54 წლის
"ჩვენი ამბავი, მიუხედავად იმისა, რომ ახლა ერთად ვართ და ბედნიერი ვარ, ძალიან სევდიანია. თითქმის 30 წლის განმავლობაში, რაც ჩვენ ერთად ვიყავით, ალექსი ორ ოჯახში ცხოვრობდა, ბოლო შვიდი წლის განმავლობაში კი - მხოლოდ ჩემთან, რადგან მისი ცოლი კიბოთი გარდაიცვალა. ჩვენ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდები შევხვდით გაზეთის რედაქციაში, სადაც ჟურნალისტებად ვმუშაობდით. ის უკვე დაქორწინებული იყო, ბავშვი ცოტა ხნის წინ ეყოლა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მე და ალექსი წინააღმდეგობას ვუწევდით გრძნობებს, მაგრამ ბოლოს დავნებდით. როცა ძალა მოვიკრიბე ყველაფრის სათქმელად, აღმოჩნდა, რომ მისი ცოლი კვლავ ორსულად იყო. მათი ოჯახი ვერ დაინგრეოდა. ჩვენ არაერთხელ დავშორდით. მივხვდი, რომ დროს ვკარგავდი, თუმცა გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებდით. ბოლო შერიგების დროს, როცა გადაწყვიტა ცოლთან ურთიერთობის გაწყვეტა, შეიტყო მისი ავადმყოფობის შესახებ. ცხადია, ასეთ რთულ დროს ვერ მიატოვებდა. მე გადავწყვიტე, რომ ალექსისგან შვილი გამეჩინა და ყველაფერი ისე დამეტოვებინა, როგორც იყო. ალექსი სიცოცხლის ბოლო დღემდე იყო მის გვერდით, უვლიდა შვილებს და საკუთარ მოვალეობას პირნათლად ასრულებდა. ჩვენ იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს, თუმცა კავშირი არასდროს გაგვიწყვეტია და არც გრძნობები განელებულა. ახლა ერთად ვცხოვრობთ ისე, როგორც ცოლ-ქმარი, მაგრამ ის წლები არასდროს დამავიწყდება..."
