"ჩემს გარეგნობაში არაფრის შეცვლის სურვილი არ მაქვს, მომწონს, როგორიც ვარ"
"ბევრი ფობია მქონდა და დავძლიე. მეშინოდა სიმაღლის, სიბნელის, იარაღის. ყველა ეს შიში წარსულში დარჩა", - ამბობს მოცეკვავე სალომე ჭაჭუა. რას საყვედურობს დედა, რა თვისებები მოსწონს საკუთარ ხასიათში, რის გამოსწორებას ცდილობს, რით ამაყობს და რამდენად ხშირად მიდის რისკზე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.
- დაბადების თარიღი...
- ...1990 წლის 23 ივნისი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ექიმი. ადრეული ასაკიდან მომწონდა და დღესაც მომწონს ოპერაციების ყურება. როგორც ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, ჭრილობის დამუშავება კარგად გამომდის. ამ დროს ემოციას არ ვყვები. კმაყოფილების განცდა მეუფლება, როცა ჭრილობა შუშდება და შესაბამისად, პრობლემა გვარდება. მედიცინაში უფრო მეტად სტომატოლოგია მიზიდავდა, მაგრამ მემარცხენე ვარ და ცაცია ხელით ამ საქმის კეთება არ გამოვიდოდა. მითხრეს, კარგი სტომატოლოგი ვერ იქნებიო. ცეკვის ინტერესი მოგვიანებით გამიჩნდა. ჯერ ქართულ ცეკვაზე დავდიოდი, მერე ტელევიზიით ვნახე სამეჯლისო სპორტული ცეკვები, ძალიან მომეწონა, მივხვდი, ეს ის საქმე იყო, რომელიც უნდა მეკეთებინა.
- ჩემზე ამბობენ...
- ...რომ ვარ მშვიდი და შრომისმოყვარე.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...არანაირ ცვლილებას არ შევიტანდი.
- ჩემი პირველი წარმატება...
- ...იყო 14 წლის ასაკში, კავკასიის თასზე საპრიზო ადგილი დავიკავე და ვიყავი ძალიან ბედნიერი. ეს წარმატება უდიდესი სტიმულის მომცემად იქცა. ცეკვა ახალი დაწყებული მქონდა და კარიერაში სერიოზული წინსვლა იყო.
- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...
- ...თავად მე მიმიძღვის და მამას, ის ყოველთვის მხარში მედგა. თავად იყო იმის მაგალითი, ადამიანმა შრომით რამდენ წარმატებას შეიძლება მიაღწიოს.
- ბედნიერი ვარ, რომ...
- ...დავიბადე და ვცხოვრობ ჩემს ქვეყანაში.
- ყოველთვის მაქვს სურვილი...
- ...ვიპოვო საკუთარი თავი, რომ უფრო მეტად შევიგრძნო ბედნიერება.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...შრომის სიყვარული, ბრძოლის უნარი, ეს ცხოვრებაში ძალიან ბევრ რამეს განაპირობებს.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ გამოვასწორო...
- ...ინტროვერტი ვარ, ეს თვისება ზოგჯერ ხელს მიშლის.
- დაშვებულ შეცდომებს...
- ...მაქსიმალურად ვცდილობ, აღარ გავიმეორო.
- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...
- ...კონკრეტულად რა ვისწავლე, ვერ ვიტყვი, მაგრამ ჩემი ყოველი ნაბიჯი, რომელიც არასწორად ჩამითვლია, აღარ გამიმეორებია. იმავე ნაბიჯს ხელმეორედ აღარ ვდგამ.
fb
- პატიება შემიძლია, თუ...
- ...ნებისმიერი ადამიანისთვის ნებისმიერი საქციელის პატიება შემიძლია. მერე შეიძლება ის ადამიანი ჩემგან თავისუფალი იყოს, მაგრამ აუცილებლად ვპატიობ.
- როცა მომავალზე ვფიქრობ...
- ...ძალიან შორეულ წლებზე არ ვფიქრობ, ახლო პერიოდზე ფიქრი უფრო ლოგიკურია. სულ ვცდილობ, გეგმები დავალაგო და თანამიმდევრულად მივყვე.
- ახლა ჩემს უახლოეს გეგმაში...
- ...რა შედის? ველოდები, პანდემიის სიმძაფრემ დაიკლოს, რომ ქვეყნის გარეთ გასვლა შევძლო. 2 წელია, აქ ვარ.
- ვიბნევი...
- ...დაბნევით - ნაკლებად, მაგრამ არის სიტუაციები, როცა შეიძლება თავი არაკომფორტულად ვიგრძნო.
- ვნანობ...
- ...არაფერს ვნანობ, სინანულით ცხოვრება ძალიან რთული იქნება.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>