"ომარ ყოჩიაშვილი: ჩემი მეუღლე ფიზიკურად არასოდეს შეხებია, პირიქით, ირმა უყვიროდა დედამისს და სულ ვეუბნებოდი, დედას ნუ უყვირი-მეთქი. სკოლის ატესტატიც კი არ აიღო, რადგან ბოლო გამოცდაზე არ მივიდა... მერე გადაეკიდა იმ ბიჭს და რაღაც სექტის წევრი გახდა. ამდენი წლის მერეც ვერ გამოვიტანე აზრი, რა სექტა იყო. ამბობდა მხოლოდ ერთს - ჩვენ სხვა შეხედულებები გვაქვს ადამიანის სიცოცხლეზეო და ლაპარაკობდა ზებუნებრივ რაღაცებზე..."
თბილისში მომხდარმა შემზარავმა მკვლელობამ და ამ დანაშაულის დეტალების გახმაურებამ 2016 წელს მთელი საქართველო შეძრა. საქმე, რომელიც ე.წ. კანიბალიზმის საქმის სახელით არის ცნობილი, დღემდე შოკის მომგვრელია. დედის სადისტურად მკვლელობის ბრალდებით ირმა ყოჩიაშვილი, მისი მეგობარი ბექა შენგელია და კიდევ ერთი არასრულწლოვანი გოგონა დააკავეს. მათი მსხვერპლი 76 წლის ლუბა ყოჩიაშვილი იყო. დედის მკვლელობაში ბრალდებული ირმა ყოჩიაშვილი ხუთი წელია, სასჯელს ქალთა სააღმსრულებლო დაწესებულებაში იხდის. მას 20 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი, მაგრამ იქიდანაც აქტიურობს, ჟურნალისტებთან რეკავს და გზავნის წერილებს. როგორც ჩანს, ბრალდებული ახლა ყველა ხერხით ცდილობს, როგორმე სასჯელი შეიმსუბუქოს. მას სასამართლოში საზოგადოებრივი ადვოკატი იცავდა, განაჩენის შემდეგ კი ბრძოლის გაგრძელება თვითონ სცადა. ამბობს, რომ ბექა შენგელიას ადვოკატი ლალი ბიწოშვილი დახმარებას დაჰპირდა და უთხრა, რომ დამოუკიდებელი ექსპერტიზებით მისი საქმის სხვაგვარად შეტრიალებას შეძლებდა, ამისთვის კი თანხა იყო საჭირო. ირმა ციხიდან მამას, ომარ ყოჩიაშვილს დაუკავშირდა და იმის მიუხედავად, რომ ასეთი შემზარავი დანაშაული ჩაიდინა, მაინც დაითანხმა... ომარ ყოჩიაშვილი ამბობს, რომ ლალი ბიწოშვილმა მას 10 000 დოლარი გამოსძალა, დაჰპირდა, რომ ირმას სასჯელს შეუმსუბუქებდა, მაგრამ მოატყუა. მამა-შვილი უკვე მეოთხე წელია, ამ თანხის უკან დაბრუნებას ითხოვს. ირმა ყოჩიაშვილი ციხიდან სხვადასხვა უწყებაში საჩივრებს გზავნის, ადვოკატს თაღლითობისთვისაც უჩივლა, მაგრამ დღემდე თანხის დაბრუნება ვერ შეძლო. აღსანიშნავია ისიც, რომ ადვოკატი არ უარყოფს ამ თანხის მიღებას. ეთიკის კომისიამ ბიწოშვილს საყვედურიც კი გამოუცხადა, მაგრამ ადვოკატი ირწმუნება, რომ თანხას ომარ ყოჩიაშვილს ნელ-ნელა დაუბრუნებს.
გაუგონარი ამბავი ბრალდებულთა ჩვენებებიდან
საქმეში დევს ირმა ყოჩიაშვილის უმძიმესი აღიარებითი ჩვენება, მაგრამ მოგვიანებით მან სასამართლოში ყველაფერი უარყო და ახლა ცდილობს, საზოგადოება თავის უდანაშაულობაში დაარწმუნოს.
შეგახსენებთ, რომ დანაშაული ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე, ყოჩიაშვილების სახლში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ირმა ყოჩიაშვილმა და ბექა შენგელიამ თანამზრახველ არასრულწლოვან გოგონასთან ერთად ლუბა ყოჩიაშვილი ჯერ ელექტროშოკით გათიშეს, შემდეგ დანით მოკლეს, ცხედარი დიდ ჩანთაში მოათავსეს და ბინიდან გაიტანეს. გამოძიებით დადგენილია, რომ ქალის დანაწევრება ბექა შენგელიას ნაქირავებ ბინაში გაგრძელდა. მოგვიანებით დანაწევრებული ცხედარი ისევ ჩანთაში მოათავსეს და ტაქსით გლდანის ნაგავსაყრელთან მიიტანეს, იქ კი ცეცხლი წაუკიდეს. დიდი ძებნის შემდეგ სწორედ იქ მიაგნო პოლიციამ სასტიკად ნაწამები ქალის ძვლებს. საზოგადოებისთვის შოკის მომგვრელი იყო ოფიციალური ინფორმაცია, რომ დამნაშავეებმა მოკლული ქალის გულ-ღვიძლი თემქაზე, ერთ-ერთ ბინაში მოხარშეს და შეჭამეს. მაშინ იმ ბინიდან ქვაბიც ამოიღეს, რომელსაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ყველა რიტუალურ დანაშაულზე ლაპარაკობდა. გამოძიება ფიქრობდა, რომ ისინი სექტის წევრები იყვნენ. მაშინ ბრალდებულები მზად იყვნენ, მათი სასამართლო პროცესები ღია ყოფილიყო, მაგრამ პროკურატურამ დახურა, რადგან საქმეში არასრულწლოვანი გოგონაც ფიგურირებდა.
მაშინ ექსკლუზიურად მოვიპოვე ბრალდებულთა ჩვენებები, სადაც აღწერილი იყო საზარელი მკვლელობის დეტალები. გაუგონარი ამბავი იყო მოთხრობილი. ბრალდებულებმა პირველივე სასამართლო სხდომაზე აღიარეს ყველა დანაშაული, მათ შორის - ცხედრის დანაწევრებაც და უსასტიკესი მკვლელობის დეტალებზე საჯაროდაც ილაპარაკეს, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დროს ბექა შენგელია ცდილობდა, სხვებისთვის პასუხისმგებლობა აერიდებინა და თავის თავზე აიღო ყველაფერი. ირწმუნებოდა, რომ თვითონ მოაქცია ზეგავლენის ქვეშ ირმა ყოჩიაშვილი. შენგელია იმასაც აღიარებდა, რომ გარდაცვლილის ორგანოები მან შეჭამა, თუმცა რიტუალურ დანაშაულს კატეგორიულად უარყოფდა. რადგან საქმე ასეთი მძიმე იყო, ფსიქიკური ექსპერტიზაც დაინიშნა. არცერთი მათგანი შეურაცხადი არ აღმოჩნდა...
ირმა ყოჩიაშვილი ქალთა დაწესებულებაში იხდის სასჯელს. სამუდამო პატიმრობა მიესაჯა ბექა შენგელიას და ისიც წლებია ციხეშია. საქმის მესამე ფიგურანტს, რადგან არასრულწლოვანი იყო, 8-წლიანი პატიმრობა შეეფარდა.
საქმეში არის ირმა ყოჩიაშვილის პასუხი კითხვაზე, როგორ დაიგეგმა მკვლელობა (სტილი დაცულია): "ეს წლები გროვდებოდა... დედობილმა, რომელმაც მიშვილა, კარი გააღო. ჩვეულებრივად შევედით სახლში და, ძირითადად, ვინც ამ საქმეში მივიღეთ მონაწილეობა, ვიყავით მე და ბექა. ბექამ დაიწყო მისი ხელით გაგუდვა, მე ვეხმარებოდი. გავგუდეთ და შემდეგ მოვათავსეთ ჩანთაში. სახლი დავალაგე და შემდეგ ბექასთან წავედი, სადაც მას გვამი ჰქონდა წაღებული. რამდენიმე საათში დავანაწევრეთ გვამი. დანაწევრების მიზეზი დანაშაულის დაფარვა იყო... ალბათ, ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვერ ვაცნობიერებდი. იმ მომენტისთვის ეს არ იყო ჩემთვის რთული გასაკეთებელი, ანუ ადამიანისთვის ის დამეშავებინა, რაც დავუშავე... ძალიან ცუდად მექცეოდნენ. არ იყო საუბარი მხოლოდ სიტყვიერ შეურაცხყოფაზე. სიძულვილი ჰქონდათ ჩემ მიმართ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვინანიებ დანაშაულს და მაინც მეცოდება გარდაცვლილი ადამიანი. გვამი, რომელიც ჩვენ წავიღეთ, მთლიანად დამწვარი იყო და არაფერი დარჩენილა მისგან. სასაცილო იყო, როცა ამბობდნენ, რომ ეს იყო სატანისტური სექტა, სატანისტური მკვლელობა და რიტუალი, ეს სრულიად აბსურდულია."
"ეს ჩვენება გამოძალვით მიმაცემინეს..."
ირმა ყოჩიაშვილი წლების მერე ცდილობს, თავი იმართლოს და ხელს ძალოვანებისკენ იშვერს. იგი მეც დამიკავშირდა და სრულიად განსხვავებული სურათის დახატვა სცადა:
- საზოგადოება შეცდომაშია შეყვანილი. მე დაზარალებული ვარ. სამართალდამცველების მხრიდან ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, წამებით, ზეწოლით, ტერორით, არაადამიანური მოპყრობით მიიღეს მაშინ ჩემგან ის ჩვენება...
მე დავიწყებ საუბარს დაკავების დღიდან. 2016 წლის 3 ნოემბერს ხელბორკილები დამადეს და მითხრეს, დაპატიმრებული ხარ ლუბა ყოჩიაშვილის მკვლელობის გამოო. როდესაც მანქანაში ჩამსვეს, ჩემზე ხორციელდებოდა სიტყვიერი შეურაცხყოფა და მუქარა, რადგან ბრალდებას უარვყოფდი. გვითხარი, როგორ მოკალით, როგორ დაანაწევრეთ გვამი და როგორ გამოიყენეთ ორგანოები, თორემ ცუდად წავა შენი საქმე, მაინც მოგაყოლებენ ყველაფერსო. მიმიყვანეს პოლიციის მთავარ სამმართველოში. რამდენიმე თანამშრომელმა უფლება არ მომცა, რომ კანონით მონიჭებული დუმილის უფლებით მესარგებლა. როდესაც ბრალს არ ვაღიარებდი, არაადამიანურად მექცეოდნენ და მაწამებდნენ. ხელითაც შემეხნენ, უმოწყალოდ მცემეს... მაგდა პაპიძემ არ აღიარა დანაშაული და შენც თუ არ აღიარებ, უვადოს მოგისჯიან, შენი შეყვარებული ბექა შენგელია ციხიდან კი არ გამოვა, გამოიტანენ, ჩაგათრევთ სარდაფში, რომელიც შენნაირებისთვის გვაქვს და საკუთარ თავს ვეღარ იცნობო. სექსუალური ძალადობითაც მემუქრებოდნენ, გვითხარი, როგორ შეჭამეთ გულ-ღვიძლი, როგორ მოათავსეთ ქვაბში, როგორ მოაჭერით თავი, იმ ადგილასაც წაგვიყვან და გვანახებ ყველაფერს, იმასაც მოგვიყვები, სად მოისროლე მტკიცებულებებიო. არადა, შენგელია დაკავების დღიდანვე აღიარებდა, რომ მან მოკლა ლუბა ყოჩიაშვილი, მან დაანაწევრა გვამი და დაწვა. მე მხოლოდ გავანადგურე ნივთები, რომ ანაბეჭდები არ დარჩენილიყო. შემდეგ დავალაგე სახლი, გავწმინდე სისხლის კვალი, რომელიც იატაკზე და კედელზე იყო. ამას ვაღიარებ, მაგრამ მე არ მომიკლავს, არ მომიკვეთავს მისთვის სხეულის არც ერთი ნაწილი. იმ ხერხსაც კი არ შევხებივარ, რითაც იყო დანაწევრებული, იმ დანასაც არ შევხებივარ, რომლითაც ლუბა ყოჩიაშვილი მოკლა ბექა შენგელიამ. ერთადერთი, რასაც ვაკეთებდი, სისხლის კვალს ვწმენდდი სახლში, რასაც მამაჩემის ჩვენებაც ადასტურებს. სახლში რომ მოვიდა, ყველაფერი დალაგებული დახვდა, იატაკიც მოწმენდილი იყო.
სასამართლოზე, როდესაც პროკურორი მეც მადანაშაულებდა, შენგელია მას სიტყვას აწყვეტინებდა და ამბობდა, რომ მხოლოდ მან მოკლა, მან დაანაწევრა და დაწვა ცხედარი. ბექას პროტესტზე მოსამართლის რეაქცია იყო - შენ თუ არ დაწყნარდები, დატოვებ პროცესსო. დღემდე ვერ ვხვდები, რატომ განმისაზღვრეს ამხელა სასჯელი.
- თავიდან თქვენ ხომ აღიარეთ ეს დანაშაული...
- ეს ჩვენება გამოძალვით მიიღეს. მერე ერთმა პოლიციელმა მეორეს უთხრა, კარგი, ცოდოა, ეყოფა, თავი დაანებეო. შემდეგ მითხრეს, რომ მე ძალიან დავეხმარე სახელმწიფოს და უნდა მოვუყვე სატანისტურ სექტებზე, სუბკულტურის მიმდევრებზე, ვინ არიან, სად იკრიბებიან, რას აკეთებენ, უნდა გაგვიყვანო კვალზე, მათ აქვთ პაროლები, რომლის მნიშვნელობაც უნდა აგვიხსნაო. ვუთხარი, რომ არ მქონდა შეხება ასეთ ადამიანებთან, არც ამ სიტყვების მნიშვნელობა ვიცოდი და ასეთ შეკრებებზე არ ვყოფილვარ, რაზეც გაბრაზდნენ და მიყვირეს, ნუ გვაბოლებ, გოგოო! შემდეგ მანახეს, სადაც ღამის ფრინველი იყო დახატული და უკან რაღაც სიმბოლო და იეროგლიფები ჰქონდა. უნდა ამეხსნა მისი მაგიური შინაარსი. რაც არ ვიცოდი, რა უნდა მეთქვა?!
- შოკის მომგვრელი იყო კანიბალიზმზე საუბარი. ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში. შემაძრწუნებელი იყო დეტალური ჩვენებაც, სადაც ეს ფაქტია აღიარებული. ამოღებული იყო ქვაბიც. ექსპერტიზა ჩაუტარდა და დადასტურდა, რომ ამ ქვაბში ადამიანის ორგანო მოიხარშა. დღეს ყველაფერს უარყოფთ. თავის დაძვრენას ცდილობთ?
- კანიბალიზმის თემა არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია, რათა ჩვენთვის სასჯელი დაემძიმებინათ. განაჩენით გვედავებიან, რომ თემქის დასახლებაში, ერთ-ერთ სახლში განხორციელდა კანიბალიზმის ფაქტი, კერძოდ, ორგანოების სხვა მიზნით გამოყენება, საქმის მასალებში კი არსებობს ჩანაწერი, სადაც კამერებმა დააფიქსირა, გლდანის მიმდებარე ტერიტორიაზე როგორ მოხდა გვამის დაწვა. ყველაფერი იქ დავწვით და გავანადგურეთ. ის საგნებიც, რომელსაც შევეხეთ, სისხლიანი ნაჭრები და ზეწრებიც, რომლითაც იატაკი მოვწმინდე - ყველაფერი დავწვით და იქიდან ცარიელი ხელებით წამოვედით. სასამართლო განაჩენითაც არ დადასტურდა კანიბალიზმის ფაქტი. მე მომისაჯეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა. მყავდა ადვოკატი და ისიც პროკურატურის დავალებებს ასრულებდა... მეოთხე წელია, აღძრულია საქმე 180-ე მუხლით ადვოკატ ლალი ბიწოშვილის თაღლითობაზე. სასჯელის დაკლებას დამპირდა და მიითვისა ეს ფული. რადგან გავლენიანი მფარველები ჰყავს, არ დგება მისი პასუხისმგებლობის საკითხი, არადა, 10 000 დოლარი მიითვისა მამაჩემისგან და ამის ყველანაირი მტკიცებულება მიწოდებული მაქვს შესაბამისი უწყებებისთვის. ჩემთან მოჰქონდა გაყალბებული მასალები და მარწმუნებდა, თითქოს ამას უწყებებიდან იღებდა და სინამდვილეში არაფერს აკეთებდა. მეუბნებოდა, შეწყალების კომისიაში ლობები მყავს, 10 000 დოლარამდე ღირს, შენი შეწყალება რომ მოხდესო. მამაჩემს სთხოვდა, მანქანა და სახლი გაყიდე, თუ გინდა შენი შვილი გარეთ გამოვიდესო...
- ირმა, ამ მონათხრობის მიუხედავად, ციხეში ხართ უმძიმესი ბრალდებით... განიცდით ჩადენილს (ირმამ ამ კითხვას არ უპასუხა. მასთან კიდევ ბევრი კითხვა მქონდა. დამპირდა, რომ ციხიდან ისევ დამიკავშირდებოდა, მაგრამ აღარ დაურეკავს, არადა, მანამდე თითქმის ყოველდღე მირეკავდა და მთხოვდა, მასთან ინტერვიუ ჩამეწერა, ციხიდან წერილიც კი გამომიგზავნა)?..
"ვიცოდი, მეგობრები რომ ჰყავდა სექტის წევრები. მერე მისი ტანსაცმელი რომ ვნახე, მივხვდი, ესეც იყო მათთან გარეული"
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>