ქალის სტერილიზაციის პრაქტიკა პირველად მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში გამოჩნდა და და თითქმის ასი წლის შემდეგ ეს პროცედურა ერთგვარ ტენდენციად იქცა. მიზეზს, თუ რატომ ირჩევს ქალების უმეტესობა კონტრაცეფციის ასეთ რადიკალურ მეთოდს და მართლაც არის თუ არა სტერილიზაცია ისეთი საშინელი პროცედურა, როგორც მას აღწერენ, ამ სტატიაში ამოიკითხავთ.
ტაბლოიდები კვლავ აქტიურად წერენ მომღერალ კელი კლარკსონის შესახებ, რომელმაც 34 წლის ასაკში, მას შემდეგ, რაც ორი შვილი გააჩინა, მიმართა სტერილიზაციას, რათა აღარ დაორსულებულიყო. მისი ზოგიერთი გულშემატკივარი დარწმუნებული იყო, რომ მან ძალიან ნაჩქარევად მიიღო გადაწყვეტილება და აუცილებლად ინანებდა. „ძალიან მიხარია, რომ აღარ დავორსულდები. მე უკვე მყავს მშვენიერი შვილები და მოხარული ვარ, რომ ამ საქმეს წერტილი დავუსვი“- ამბობდა კლარკსონი.
კლარკსონისგან განსხვავებით, იმ ქალთა რიცხვი, რომელთაც არ ჰყავთ შვილები და იტარებენ სტერილიზაციას, სულ უფრო იზრდება. სტატისტიკის მიხედვით, ამ პროცედურის შემდეგ ბუნებრივად დაორსულების შანსი 200-დან მხოლოდ ერთია. 30 წლის ინგლისელმა მწერალმა ფეიტ როსველმა განუცხადა ჟურნალისტებს, რომ 2016 წელს მან სტერილიზაცია სრულიად გააზრებულად ჩაიტარა: „მე არ მიყვარს ბავშვები და ნორმალურად ურთიერთობა მხოლოდ მოზრდილებთან შემიძლია. ერთადერთი შვილი, რომლის ყოლაც შემიძლია, არის ძაღლი“ - ამბობდა ის.
სტერილიზაცია რეგულირდება მთავრობის მიერ. თითოეულმა ქვეყანამ დაადგინა ასაკი, რომლის დროსაც ადამიანს შეუძლია ჩაიტაროს ეს პროცედურა. თუმცა სტერილიზაცია ან ვაზექტომია (მამაკაცებისთვის) შეიძლება გაკეთდეს ნებისმიერ ასაკში, თუ ადამიანს ორი შვილი უკვე ჰყავს.
სტერილიზაციის პირველი პროცედურა აშშ-ში ჩატარდა. ამ პროცედურისთვის სპეციალური პროგრამებიც კი იქმნებოდა. გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი ასეთი პროგრამა იყო მესამე რაიხის პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ფსიქიკური აშლილობის, ეპილეფსიისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნახევარი მილიონი ქალი იძულებით იქნა სტერილიზებული. იძულებითი სტერილიზაცია არალეგალურად გამოიყენებოდა ჩინეთის ზოგიერთ პროვინციაში, როგორც ერთი ბავშვის ოჯახური პოლიტიკის ნაწილი. ზოგიერთ ქვეყანაში ამ პროცედურას იძულებით უტარებდნენ ბოშა ქალებს. ალბათ, გაგიჩნდებათ ლოგიკური კითხვა, რატომ თანხმდებიან ქალები საკუთარი ნებით იმას, რაც წლების წინ გამოიყენებოდა, როგორც სადამსჯელო იარაღი?
ფსიქოთერაპევტ ზოია ბოგდანოვას თქმით, ეს ყველაფერი ქალების ემანსიპაციას ეხება. ახლა ქალბატონებს აქვთ უფლება, გადაწყვიტონ, რა გააკეთონ თავიანთ სიცოცხლესა და სხეულთან მიმართებით. 21-ე საუკუნეში ქალები აღარ არიან ობიექტები, ისინი არიან სუბიექტები საკუთარი უფლებებითა და სურვილებით. სხვა საკითხია, რა უბიძგებს ქალს სტერილიზაციისკენ, თავისუფლება თუ შიში? არჩევანი თუ უსაფრთხოება? თითოეულ შემთხვევას თავისი ისტორია აქვს.
ქალების უმეტესობა, რომლებიც ამ გზას ირჩევენ, ფიქრობს, რომ მოსაზრება „შთამომავლობის გარეშე ცხოვრება ფუჭია“, მოძველებულია, თუმცა გადაწყვეტილების მიღება სპონტანურად მაინც დაუშვებელია. მაშინაც კი, თუ ოცი წლის ასაკში გოგონა შეშინდება იმ ფიქრით, რომ ერთ დღეს დედა გახდება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცდაათ წლამდე ის არ შეიცვლის აზრს. ამიტომაც ზოგიერთ ქვეყანაში ნებაყოფლობითი სტერილიზაციისთვის ქალი გარკვეულ ასაკს უნდა იყოს მიღწეული.
მსოფლიოში ას სამოცდაექვს მილიონზე მეტი ქალი იყენებს ამ მეთოდს. ეს არის უფრო იაფი და უსაფრთხო, ვიდრე ჰორმონალური პრეპარატები და საშვილოსნოსშიდა კონტრაცეფცია. 2010 წლის მონაცემებით, კანადაში ქალების ოცდაერთმა პროცენტმა აირჩია კონტრაცეფციის ეს მეთოდი, შეერთებულ შტატებშიც - ოცდაერთმა, ხოლო დიდ ბრიტანეთში - თოთხმეტმა. სხვათა შორის, ითვლება, რომ ქირურგიული სტერილიზაცია კონტრაცეფციის ეკონომიური მეთოდია. ეს არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ის პოპულარული ხდება.
კლინიკური ფსიქოლოგების თქმით, ბევრი ქალი მიდის სტერილიზაციაზე დრამატული გარემოებების გავლენის ქვეშ. ამ არჩევანს ძნელად შეიძლება ვუწოდოთ მიზანმიმართული. „ყველაზე ხშირად გოგონები, ვისგანაც მესმის ასეთი გადაწყვეტილების შესახებ, არიან ადამიანები, რომლებიც გაიზარდნენ 1990-იან წლებში. მათ უბრალოდ ეშინიათ, რომ მათ შვილებსაც მათნაირი ბავშვობა ექნებათ“ - ამბობს ის. ვენესუელაში არსებობს დღეები, როცა სტერილიზაციის ჩატარება ქალებს უფასოდ შეუძლიათ. ინდოეთი კი ამ პროცედურას მკაცრად აკონტროლებს და ვაზექტომია (კაცებისთვის) საერთოდ არ არის აღიარებული.
თითქმის ყველა დარწმუნებულია, რომ სტერილიზაცია უარყოფითად მოქმედებს ქალის სხეულზე. ეს არ არის სიმართლე. სტერილიზაცია გავლენას არ ახდენს ქალის ჰორმონებზე, მენსტრუალურ ციკლზე ან ლიბიდოზე. ხშირად, პირიქით, სექსუალური მიზიდულობა ძლიერდება, ვინაიდან ბევრი გოგონა კარგავს დაორსულების შიშს - ეს არის მარტივი ფსიქოლოგიური ასპექტი. სტერილიზაცია გინეკოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე მარტივი პროცედურაა. ის ათ წუთს გრძელდება და, უმეტეს შემთხვევაში, ქალს იმავე დღეს შეუძლია სახლში წასვლა. გართულებები შესაძლებელია ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაციის დროს, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. ყველაზე ხშირად სტერილიზაცია ხორციელდება ლაპაროსკოპიულად მცირე ზომის ჭრილობებით, რომელთა ზომა სამიდან შვიდ მილიმეტრამდეა. ასევე მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ სტერილიზაცია იცავს არასასურველი ორსულობისგან, მაგრამ არა სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან. ექიმები პაციენტებს აფრთხილებენ, რომ პროცედურის დაწყებამდე აუცილებელია, ყურადღებით აწონ-დაწონონ დადებითი და უარყოფითი მხარეები, რადგან ეს ნაბიჯი არის ბუნებრივად დაორსულების შესაძლებლობის შეუქცევადი დაკარგვა. თეორიულად, რა თქმა უნდა, შესაძლებელია ოპერაციის ჩატარება მილების აღსადგენად (რეფერტილიზაცია), მაგრამ წარმატებული შედეგის შანსები უმნიშვნელოა.