პოპულარული რუსი მომღერალი მარინა აბროსიმოვა, იგივე „მაქსიმი“, ორთვიანი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ კლინიკიდან სახლში გაწერეს. ახლა ის სახლში აგრძელებს მკურნალობას და ცდილობს, დაუბრუნდეს ჩვეულ ცხოვრებას.
38 წლის მომღერალს ივნისის თვეში ყაზანში მასშტაბური კონცერტი ჰქონდა, რომლის შემდეგაც ის კორონავირუსის სიმპტომებით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაღალი ცხელება, ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესება, ძლიერი სისუსტე და ხველა... - ეს სიმპტომების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია.
ექიმების თქმით, მარინას ფილტვები 40%-ით ჰქონდა დაზიანებული. მისი მონაცემები ყოველ წუთს უარესდებოდა. საჭირო გახდა მისი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე შეერთება, მოგვიანებით კი მომღერალი კომაში ჩავარდა და ამ მდგომარეობაში მან ერთ თვეზე მეტი გაატარა. მარინა ამბროსოვას ირგვლივ შემოიკრიბა ყველა, ისინიც კი, ვინც მის შემოქმედებას აკრიტიკებდა, მომღერლის შესახებ კი ინფორმაცია დღეში რამდენჯერმე ქვეყნდებოდა. ექიმები მაქსიმის გამოჯანმრთელებას მხოლოდ სასწაულს უკავშირებდნენ. მან არა მხოლოდ კომიდან გამოსვლა მოახერხა, არამედ უკვე შეძლო დამოუკიდებლად სუნთქვა, გადაადგილება, უმცროსი ქალიშვილის სკოლაში წაყვანა და რამდენიმე მოკლე ინტერვიუს მიცემაც კი.
„როდესაც ექიმებმა მკითხეს, ჩემი აზრით, რამდენ ხანს ვიყავი კომაში, მე ვუპასუხე, რომ ორი დღე. ვერ ვიჯერებდი, რომ ერთი თვე გავიდა. ახლა მე ჯერ კიდევ ძალიან სუსტად ვარ, როდესაც სიარულს ვცდილობ, ძლიერი თავბრუსხვევა მეწყება, მაგრამ მადლობელი ვარ, რომ ვაგრძელებ სიცოცხლეს დედამიწაზე“ - წერს მომღერალი სოციალურ ქსელში.
ჯერჯერობით არ შეიძლება საუბარი სრულ გამოჯანმრთელებასა და კონცერტების გრაფიკზე. ექიმების თქმით, სრულ გამოჯანმრთელებას შეიძლება რამდენიმე წელი დასჭირდეს. ის თავს ჯერ კიდევ სუსტად გრძნობს და ცხოვრებას ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ აგრძელებს. როგორც კლინიკაში განმარტავენ, ისინი ცდილობდნენ, მკურნალობის დროს მარინას არ დაზიანებოდა ხმის იოგები და მისთვის სიმღერის შესაძლებლობა შეენარჩუნებინათ. მომღერალი სცენაზე დადგომას კი მხოლოდ სრული გამოჯანმრთელების შემდეგ შეძლებს. როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, ბევრი დარწმუნებულია, რომ მისი პოზიტიური დამოკიდებულება, პასუხისმგებლობა და შრომისმოყვარეობა საშუალებას მისცემს, გაუმკლავდეს ყველა პრობლემას რაც შეიძლება სწრაფად.