ფრანგული კინოს ლეგენდა 89 წლის ასაკში გარდაიცვალა, თუმცა დატოვა ისეთი სასიყვარულო ისტორიები, რომელთა ასახვა არცერთ რეჟისორს შეუძლია.
ჟან პოლ ბელმონდო 1933 წლის 9 აპრილს დაიბადა ნეი-სიურ-სენში, ცნობილი ფრანგი მოქანდაკის, პოლ ბელმონდოს ოჯახში. ჯერ კიდევ სკოლაში აინტერესებდა მსახიობობა, თუმცა სპორტს მეტ დროს უთმობდა. მხოლოდ 20 წლისამ გადაწყვიტა, რომ მსახიობობა სურდა. „მოსიყვარულე გმირი - ეს თქვენი მოწოდება არ არის. ასეთი გარეგნობით სცენაზე არაფერი გესაქმებათ. თუ ძალიან გსურთ, თქვენი ადგილი მოსამსახურის დუბლიორის სკამზეა. თქვენ ქალს კამერის წინ არასდროს უნდა აკოცოთ“ - ამ სიტყვებით დაემშვიდობა ჟან პოლ ბელმონდოს პარიზში დრამატული ხელოვნების კონსერვატორიის გამომცდელი. ეს ბელმონდოსთვის დანებების მიზეზი არ გამხდარა, რადგან ყოველთვის იღებდა იმას, რაც სურდა! გამომცდელმა ბელმონდოს შეურაცხმყოფელი სახელიც კი უწოდა იმის გამო, რომ მან კრივის შეჯიბრების დროს ცხვირი დაიზიანა. ამას ხელი არ შეუშლია, მომავალ ვარსკვლავს ადგილი მსოფლიოს ყველაზე სექსუალურ კაცთა შორის დაემკვიდრებინა. სწორედ ბელმონდოს გარეგნობის დამსახურება იყო ისიც, რომ ის არაერთ შეთავაზებას იღებდა „განგსტერისა“ და „მაფიოზის“ როლის შესასრულებლად.
მისი კინოდებიუტი 1957 წელს შედგა ფილმში "მოლიერი", თუმცა ფილმის ეკრანებზე გამოსვლის წინ მისი ეპიზოდები სულ ამოჭრეს. მოგვიანებით მეტად გაუმართლა და რამდენიმე როლი ითამაშა. 26 წლისას კი წარმატება მოუტანა ჟან-ლუკ გოდარის ფილმმა "უკანასკნელ ამოსუნთქვაზე", რომელიც მსოფლიო კინემატოგრაფიაში მნიშვნელოვან ფილმად მიიჩნევა.
საეჭვო გარეგნობის გმირს ერთდროულად თაყვანს სცემდნენ და ემტერებოდნენ მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ქალები. ბელმონდომ კი აღიარა: "მე არაფერი ვარ ქალების გარეშე!" ის ხვდებოდა ცნობილ მსახიობ ურსულა ანდრესს, მსახიობ ლაურა ანტონელის; ასევე მისი მიჯნური იყო "პლეიბოის" ვარსკვლავი ბარბარა განდოლფი. ბელმონდოს წარსულში მართლაც არაერთი ქალი მოიძებნება, რომლებმაც გარკვეული როლი შეასრულეს მსახიობის ცხოვრებაში, თუმცა მის თავს დატრიალებულმა უბედურებამ ყველაფერი გადაწონა. მან 1953 წელს იქორწინა მოცეკვავე ელოდი კონსტანტენზე, რომელთანაც სამი შვილი გაუჩნდა. 1994 წელს ხანძრის შედეგად კი დაიღუპა ჟან-პოლის უფროსი ქალიშვილი, პატრიცია. ბელმონდომ ვერ მოახერხა ამ ტრაგედიასთან შეგუება. ახლობლები ამჩნევდნენ, როგორ დაბერდა და გახდა ის, აღარ სურდა ხალხთან ურთიერთობა და ჯანმრთელობის პრობლემებმაც იჩინა თავი.
მას 2001 წელს კუნძულ კორსიკაზე ყოფნის დროს ინსულტი დაემართა, რის შედეგადაც, მისი სხეულის მარჯვენა მხარე პარალიზებული იყო. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ მან ფეხი მოიტეხა და მოძრაობაც გაუძნელდა. გარკვეული დროის შემდეგ ბელმონდო ჟურნალისტებთან სრულიად ჯანმრთელი გამოჩნდა და თქვა, რომ დაუღალავი ვარჯიშის წყალობით ყველა პრობლემასთან გამკლავებას ახერხებს. ამ დროის მანძილზე მის გვერდით ახალგაზრდა ქალი, ნატი იყო. მასზე მსახიობმა ოფიციალურად 2002 წელს იქორწინა და ერთი შვილი, სტელა შეეძინათ. „გახდე მამა 70 წლის ასაკში, სულ სხვა გრძნობაა“ - ამბობდა ის.
ნატიზე ბელმონდო თავდავიწყებით იყო შეყვარებული და, მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, სწორედ ამ ქალმა მოუტანა მას ბედნიერება და სიმშვიდე. არაერთი განსაცდელის გავლის შემდეგ ახალგაზრდა ნატიმ დაამტკიცა, რომ ის საყვარელი კაცის გვერდით იქნებოდა ჭირშიც და ლხინშიც, თუმცა მათი ქორწინება მხოლოდ 6 წელს გაგრძელდა. ჟან პოლმა აღმოაჩინა, რომ მის ცოლს რომანი ახალგაზრდა კაცთან ჰქონდა და მასთან განქორწინება გადაწყვიტა. დაშორებას თან ახლდა ჩხუბი, დაძაბულობა, სასამართლო მეურვეობის საკითხზე... თუმცა, საბოლოოდ, მათ ურთიერთობის დალაგება შეძლეს.
მიუხედავად იმისა, რომ ჟან პოლს წარმატებული კარიერა ჰქონდა და მსოფლიოში არაერთი ქალი ეტრფოდა, სიცოცხლის ბოლო წლები მაინც მარტოობაში გაატარა. ყველა, ვინც მას იცნობდა, ამბობდა, რომ ნატი მისი ცხოვრების ნამდვილი სიყვარული იყო, რომელმაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. მსახიობს სამი შვილი და ექვსი შვილიშვილი ჰყავს.
<div> <div class="gtx-trans-icon"></div>
</div>