ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში პოპულარობით სარგებლობს და ის ბევრისთვის საყვარელი ტელესახეა. ის ამერიკაში ცხოვრობს, თუმცა საქართველოს ხშირად სტუმრობს და ამჯერად ოჯახთან ერთად სწორედ სამშობლოში იმყოფება. ნუკიმ გადაცემა „Talk Show”-ში სექსუალური შევიწროვების შესახებ ისაუბრა და უსიამოვნო ფაქტი გაიხსენა:
„18 წლის ვიყავი, როცა მოვხვდი ტელევიზიაში და ეს იყო ჩემთვის ოცნების ასრულება. „მის საქართველოზეც“ ამიტომ წავედი, რომ გამოვჩენილიყავი, ყურადღება მიმექცია. როცა აღმოვჩნდი ერთ-ერთ ტელევიზიაში, ძალიან კარგი უფროსობა შემხვდა, მყავდა არაჩვეულებრივი თანაწამყვანი, მაგრამ იყო ერთ-ერთი პროდიუსერი, რომელიც იყო ძალიან არასასიამოვნო პიროვნება. ერთხელ მე და ჩემი თანაწამყვანი მიგვიყვანეს მასთან, რომ გავსაუბრებოდით, როგორი იქნებოდა ჩვენი პრომო. პრომო იყო საკმაოდ თამამი და ამისთვის მორალურად მზად ვიყავი. როცა შევედი, ეს პროდიუსერი დამხვდა და მითხრა: „შეხედე, როგორი გოგო მოსულა, შენ მზად ხარ იმისთვის, რომ ტელევიზია ნიშნავს სექსს?“ ძალიან შემეშინდა, იმიტომ, რომ არ ვიყავი ამისთვის მზად. ძალიან არასასიამოვნო, დამამცირებელი საუბარი იყო, არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ ვუსმენდი. ჩემი თანამწამყვანი ბევრად უფრო გამოცდილი იყო და მითხრა, არ მიაქციო ყურადღება, სულელია და სერიოზულად არ აღიქვაო. ეს მახსოვს, როგორც ყველაზე შავ-ბნელი დღე. შიში მქონდა, რომ ეს პროდიუსერი არ შემოსულიყო. არავითარ შემთხვევაში არ გაჩუმდეთ და თავი არავის დააჩაგვრინოთ“ - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.