სოსო ქარივით შემოიჭრა ოთახში. სახე გაბადროდა, ხელში ერთი ბოთლი შამპანური და ქაღალდის მოზრდილი პარკი ეჭირა.
- სოკო მოვიტანე, ხომ გააკეთებ? ზეთისხილიც მოვაყოლე, შენ რომ გიყვარს, - საზეიმო ხმით გამოუცხადა.
- გავაკეთებ, სამზარეულოში გაიტანე, - სევდიანი ხმით მიუგო ლელიმ და შამპანურის ბოთლი ჩამოართვა.
- ეს რაღად გინდოდა? ხომ იცი, რომ შამპანურს არ ვსვამ?
- რა ვიცი, ვიფიქრე, ჩვენი შერიგების აღსანიშნავად საუკეთესო ვარიანტია-მეთქი, - უშნოდ გაიღრიჭა მამაკაცი.
ლელიმ თავი უკმაყოფილოდ გადააქნია. ამის გამოსწორება არ იქნებაო, გაიფიქრა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- ხვალ საღამოს ჩემთან მაგარი ქეიფი აიწევა, - გამოსძახა სოსომ სამზარეულოდან, - ჩემი თანამშრომლები მოდიან, ხომ გამოხვალ? ჩემი უფროსი გაგიჟებულია შენზე, ძალიან მინდა ახლოს გავიცნოო.
ლელი შეკრთა. გაახსენდა, როგორ აბამდა მისი უფროსი და უსიამოვნოდ გააჟრჟოლა.
- შენს უფროსს რა ხელი აქვს ჩემთან? - ხელები გადაიჯვარედინა და სამზარეულოს კარის ძგიდეს მიეყრდნო გაგულისებული, - თუ დაგავიწყდა, როგორ მექცეოდა?
- კარგი რა, პატარავ. მოეწონე კაცს, რა არის ამაში ცუდი? მე ვამაყობ, ყველას რომ მოსწონხარ. აბა, ისეთი ქალი რად მინდა, ზედ არავინ უყურებდეს? თანაც, თვის ბოლოს დაწინაურებას შემპირდა.
ლელიმ ჩაიცინა. რამდენიმე წამში ამ ჩაცინებას ხმამაღალი სიცილი მოაყოლა, რომელიც თანდათან ისტერიკულ ხარხარში გადაიზარდა. ქალი ვერ ჩერდებოდა, თვალები ცრემლით აევსო. სოსო ჯერ გაოცებული მიაჩერდა, მერე მზერა დაუფრთხა, ბოლოს შეეშინდა.
- კარგი, კარგი, ჩემთვის ყველაფერი გასაგებია, - შემრიგებლური ტონით წარმოთქვა, -ზედმეტი მომივიდა, ასეთი რამე არ უნდა მეთქვა.
ლელიმ მეტის მოთმენა ვეღარ შეძლო და იფეთქა:
- შე დამპალო ვირთხა! როგორ ბედავ ჩემთან ასეთ ლაპარაკს! მე შენ ვინ გგონივარ? აბა, აუდე ახლავე აქედან და ჩემმა თვალებმა მეორედ არ დაგინახოს. შე ნაბიჭვარო! ცხვირმოუხოცავო კრეტინო! წაათრიე შენი შამპანური და სოკო და აახვიე აქედან! - ქალის არანორმალურმა ყვირილმა გააყრუა იქაურობა.
სოსო ენაჩავარდნილი იდგა. ისე შეშინდა, ხმის ამოღება ვეღარ გაბედა. არც პარკისთვის უხლია ხელი, არც შამპანურისთვის, თავი დაღუნა და სწრაფი ნაბიჯებით გაემართა ჰოლისკენ.
ლელი უკვე ელოდა გამოღებულ კართან. როგორც კი მამაკაცი გავიდა, კარი მთელი ძალით მიუჯახუნა ზურგს უკან და ცხარე ცრემლით ატირდა. იგი მისტიროდა თავის უსარგებლო და უაზრო ცხოვრებას, რომელიც აღარაფერში სჭირდებოდა…
სოსოს სახლიდან გაგდება უკანასკნელი წვეთი გამოდგა. ლელის ეჩვენებოდა, რომ სხვა განზომილებაში გადასახლდა. ის დადიოდა, იჯდა, ლაპარაკობდა, მაგრამ ამასთან არაფერს, სრულიად არაფერს გრძნობდა. არც მხიარული იყო და არც ნაღვლიანი - თითქოს საყინულეში შეაგდეს რამდენიმე საათით, მერე კი გამოიღეს, მაგრამ მისი გაყინული სხეული არა და არ ლღვებოდა.
ალბათ, დედამისიც ამავეს განიცდიდა, როცა ქმარმა მიატოვა. მხოლოდ ახლა გაიაზრა, როგორი აუტანელი ტკივილი გადაუტანია დედას იმ პერიოდში. რა გასაკვირია, ქალისთვის ცხოვრება სწორედ იმ მომენტში დამთავრებულიყო, როცა უქმროდ, უსიყვარულოდ და უმომავლოდ დარჩა. ლელი მიხვდა ამას და იგრძნო, რომ დედას აპატია. და რადგან აპატია, დროა, ჩავიდეს მასთან, მის წინაშე მუხლებზე დაემხოს და პატიება სთხოვოს. დედა ყველაფერს გაიგებს. დედა ერთადერთია, ვინც გაუგებს და ბოლომდე მის გვერდით დარჩება. დედებს ღალატი არ სჩვევიათ.
ბევრი არ უყოყმანია. როგორც კი შეკვეთა დაამთავრა და გაწიკწიკებული ეზო-კარი ჩააბარა კლიენტს, სამუშაოს საზღაური აიღო და ავტოსადგურში გავარდა ბილეთის ასაღებად…
შინ დაბრუნებულმა კი მობილური მოიმარჯვა და დედას დაურეკა.
- დე, როგორ ხარ?
- ლელი, საყვარელო. არა მიშავს, შენ როგორ ხარ? რამდენი ხანია, არ დაგირეკავს.
- ჰო, არ მეცალა. ხვალ შენთან მოვდივარ.
- მართლა? შვებულება გაქვს?
- ჰო და ცოტა ხნით დავრჩები.
- ძალიან გამახარებ, ლელი.
- მე ის ვიპოვე, დედა.
ერთხანს სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, ლაკო ხმას არ იღებდა.
- გელოდები, - როგორც იქნა, ყრუდ გაისმა დედის ხმა…
დედა-შვილი ერთმანეთს გადაეხვია, შემდეგ სახლში შევიდნენ. ლაკო შესამჩნევად ნერვიულობდა. ლელის ეს არ გამოჰპარვია და შეეძლო დაეფიცა, რომ დედა ადრე მსგავს მდგომარეობაში არასდროს ენახა; ყოველ შემთხვევაში, არ ახსენდებოდა. ლელიმ ოჯახის წევრები მოიკითხა, მამინაცვალი, ნახევარძმა… დედა ისე პასუხობდა მის შეკითხვებს, თითქოს არც უსმენდა. ქალი აშკარად სხვაგან იყო ფიქრებით. ხვდებოდა ლელი, რაც აწუხებდა ლაკოს და მისდა უნებურად, წელავდა დროს, რომ მთავარ თემას რაც შეიძლება, გვიან შეხებოდა.
- ალბათ გშია, სადილს გავაწყობ. - თქვა დედამ.
- კარგი იქნებოდა, ძალიან მომშივდა.
- ჩაის დალევ თუ ყავას?
- ყავას, დედა, როდის იყო, ჩაის ვსვამდი, - გაეღიმა ლელის.
- რა ვიცი, გადამავიწყდა, რა გიყვარს და რა არა, იმდენი ხანია, არ გამოჩენილხარ, - სევდა გაერია ლაკოს ხმაში და სამზარეულოში გაუჩინარდა.
ლელიმ ფანჯრიდან გადაიხედა. აქედან კარგად მოჩანდა მთავარი ქუჩა, რომელიც სავსე იყო გამვლელ-გამომვლელებითა და აქეთ-იქით მქროლავი მანქანებით. ცხრა თვეა, სახლში არ ჩამოსულა, მთელი ცხრა თვე. თუმცა არც არაფერი შეცვლილა ამ პერიოდში. უცნაურია, ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ მონატრებია დედა. შერცხვა. განა რა დაუშავა დედამისმა ისეთი, რომ ასე გულგრილად ექცევა? ახლა რომ უფიქრდება, არც არაფერი. დედა ყველაფერში მართალი ყოფილა. თავის დროზე რომ დაეჯერებინა მისთვის, იქნებ არც აღმოჩენილიყო ამ მდგომარეობაში.
მზერა მეზობლის სახლზე გადაიტანა. დეიდა თამარს ოთახის ყვავილები აივანზე გამოეტანა და რწყავდა. მეორე მეზობელი კი, ლალი, რომელიც მარჯვნივ ცხოვრობდა, ფანჯრის მინებს წმენდდა. გაიღიმა. აი, როგორ მშვიდად ცხოვრობენ ადამიანები. არაერთხელ უნახავს ეს სურათი ლელის. როგორც ჩანს, მეზობლები ძველებურად განაგრძობენ ცხოვრებას, ისევ ისე მყუდროდ და კომფორტულად არიან, ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე მიჰყვებიან ყოველდღიურ დინებას. ლელის კი ვინ იცის, მერამდენედ აეწეწა ცხოვრება.
- მოდი, ლელი, სუფრა გაშლილია, - გამოსძახა ლაკომ.
ლელი შებრუნდა. დედას ფინჯანი ყავა მოჰქონდა მისთვის.
- შეცვლილი მეჩვენები, - თქვა დედამ, როცა მაგიდას მიუსხდნენ.
- ვიცი. - მიუგო ლელიმ და დედა ყურადღებით შეათვალიერა, - სამაგიეროდ, შენ გამოიყურები ძველებურად, წლები ვერაფერს გაკლებს.
ლაკომ ჩაიცინა. ორმოცდაცამეტი წლის ასაკში მართლაც შესანიშნავად გამოიყურებოდა, ისევ ისეთი ლამაზი და მიმზიდველი იყო.
ლაკომ თავისთვის ჩაი დაისხა, მოსვა და გაუბედავად იკითხა:
- და მამაშენი? ის როგორ გამოიყურება?
- ოოო, - გაწელა სათქმელი ლელიმ, - ის ოცი წლის გოგოს ოც წუთში შეაბამს, ისე კარგადაა შენახული.
ორივეს გაეცინა.
- როგორ მიაგენი?
- ნუ, რა ვიცი, როგორღაც. ალბათ უფრო შემთხვევით, ვიდრე მიზანმიმართულად. ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე, ხომ იცი.
- ალბათ… - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა ქალმა.
- დე, იცი, მამამ რა მითხრა? როცა ერთმანეთს დავშორდით, რამდენიმე თვეში შევეხმიანე დედაშენს და ლაპარაკი არ ისურვა ჩემთანო. ეს მართალია?
ლაკომ თვალები დახარა და თავი ჩაღუნა. ერთხანს ჩუმად იჯდა, მერე ამოიოხრა და ჩუმად წარმოთქვა:
- რა აზრი ჰქონდა მასთან საუბარს? ვიცოდი, რომ უკან არ დაბრუნდებოდა, ამიტომ ვამჯობინე, საერთოდ გამქრალიყო ჩემი ცხოვრებიდან.
- მაგრამ მე? ჩემზე რატომ არ იფიქრე? რომ გეთქვა, ბავშვს ველოდებიო, იქნებ შეცვლილიყო სიტუაცია? ყოველ შემთხვევაში, იქნებ მამობა მაინც გაეწია და ასე ჰაერში არ ვყოფილიყავი გამოკიდებული, - თავი ვერ შეიკავა ლელიმ და საყვედური დასცდა.
- შენ ამას ვერასდროს გაიგებ, ლელი. მე თავმომწონე გოგო ვიყავი, არ მინდოდა, შენით მევაჭრა, გესმის? შეიძლება არც დაეჯერებინა, რომ ორსულად ვიყავი და ეფიქრა, რომ მის დაბრუნებას ვლამობდი. არ მინდოდა, მისი სამადლო გავმხდარიყავი. მე შენთვის არაფერი დამიკლია, შვილო, რაც შემეძლო, ყველაფერი მოგეცი… შეძლებისდაგვარად, - დააყოლა მცირეოდენი პაუზის შემდეგ.
- მაგრამ მე მაინც არშემდგარი ცხოვრება მქონდა, - არ დაუთმო ლელიმ, - ბევრი რამ დამაკლდა, დედა. შენ მეორე ქმარი იშოვე, მეორე შვილიც გეყოლა, მე კი… დიდად ვერ აეწყო ჩვენი დედაშვილური ურთიერთობა, ხომ მეთანხმები? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე და შენ მეგობრები არასდროს ვყოფილვართ. ერთხელ არ დავმსხდარვართ ასე და გულახდილად არ გვისაუბრია.
- იმიტომ, რომ შენ გამირბოდი. ვიცი, რომ ყოველთვის მადანაშაულებდი, მამაშენს შენი დაბადება რომ დავუმალე… რა ვიცი, იქნებ მართლიც იყავი… მაპატიე, თუ რამე დაგაკელი, -ნაწყენი ხმით მიუგო ლაკომ, ადგა და სამზარეულოში გავიდა.
ლელი უკან გაჰყვა, მხრებზე ხელი მოხვია აცრემლებულ დედას და ჩაეხუტა.
- არ გეწყინოს, გთხოვ… და არ გეგონოს, რომ გსაყვედურობ. ახლა საყვედური ძალიან გვიანი და უადგილოა. უბრალოდ, ეს ფაქტია, რომელსაც ვერ გავექცევით. თვითონაც კარგად იცი, რომ ასეა.
- მას სიგიჟემდე უყვარდა ის ქალი. როცა ცოლ-ქმარი ვიყავით, ხშირად მიყვებოდა თავის პირველ სიყვარულზე და ეს ყოველთვის გულს მტკენდა. რა ვიცი, ალბათ წინათგრძნობა მქონდა, რომ ჩვენი ურთიერთობა ბოლოს ასე დამთავრდებოდა. ვერ ვაპატიე. ვერ ვაპატიე ჩემი მიტოვება და, სიმართლე გითხრა, შენი ამბავი რომ დავუმალე, მეგონა, ამით შური ვიძიე მასზე.
- სამაგიეროდ, მას ჩემ გარდა კიდევ ორი შვილი ჰყავს.
- მართლა? - რაღაცნაირად, ირონიულად თუ დაცინვით წამოიძახა ლაკომ, - ეგეთი შვილების ყოლას, საერთოდ რომ არ ჰყავდეს, ალბათ ის ჯობია.
- რატომ, დედა? ძალიან კარგები არიან, მე მათ ვიცნობ.
ლაკომ გამომცდელი მზერა მიაპყრო შვილს. თითქოს დააპირა რაღაცის თქმა, მაგრამ პირი გააღო თუ არა, მაშინვე დამუწა.
- ჰოდა ჰყავდეს, ვინ ართმევს? ღმერთმა კარგად უმყოფოს. - სახე აელეწა ქალს და მზერა აარიდა შვილს.
- რატომ ამბობ ასე, დე? - გაუკვირდა ლელის.
- იცი რა? მე მყავხარ შენ, ჩემი პირველი სიყვარულის ნაყოფი ხარ და გაგაჩინე ჩემი ერთადერთი საყვარელი მამაკაცისგან. სიმართლე თუ გინდა, გულის სიღრმეში მინდოდა კიდევაც, რომ გეპოვა მამაშენი და მისთვის სიმართლე გეთქვა. უბრალოდ, მე არ მინდოდა ამ საქმეში გავრეულიყავი. რადგან იპოვე, მიხარია. მიხარია იმიტომ, რომ ვფიქრობ, ახლა უფრო მეტად ვიძიე შური მასზე, ვიდრე მაშინ, როცა შენი არსებობის ამბავი დავუმალე.
- ეგ როგორ? - ვერაფერი გაიგო ლელიმ.
- როცა ახლოს გაიცნობ მამაშენს და თავისი ცხოვრების შესახებ მოგიყვება, თავად მიხვდები.
- შენ ახლაც გიყვარს იგი, დედა, არა?
ლაკომ უხალისოდ გაიღიმა და შვილს თმა აუჩეჩა.
- როგორ გაზრდილხარ, საყვარელო. მოდი, სევდიან ამბებზე ნუ ვილაპარაკებთ. შენზე მომიყევი, როგორ მიგდის საქმეები… ან ის მითხარი, როგორ შეგხვდა მამაშენი, გაუხარდა თუ ეწყინა შენი გამოჩენა?
- არ ვიცი. მაინცდამაინც დიდი სიხარული ვერ შევატყვე, მაგრამ არც წყენა დასტყობია. უბრალოდ, მისთვის ძალიან მოულოდნელი იყო ჩემი აღმოჩენა. თუმცა, თურმე იმაზე ადრე მიხვდა, მისი შვილი რომ ვიყავი, სანამ მე ვეტყოდი ამას.
- როგორ მიხვდა?
- ჯერ ერთი, აი, ამ ბროშით მიხვდა და მეორეც, მე და შენ ხომ ძალიან ვგავართ ერთმანეთს, დედა, - თითქოს კომპლიმენტს ეუბნებაო, ისე გაუღიმა ლელიმ დედას.
- ჰო, ეგ მართალია. დღევანდელ დღესავით მახსოვს, ეს ბროში რომ მაჩუქა. სპეციალურად ჩემთვის გააკეთებინა.
- იცი? პატიება მთხოვა. ასე მითხრა, შენი დაბადების ამბავი არ ვიცოდიო. თითქოს თავი იმართლა.
- კარგია, მამა რომ გყავს, არა?
- არ ვიცი. ჯერ არ ვიცი, რას ვგრძნობ მის მიმართ. ხომ იცი, როგორ მინდოდა მისი მოძებნა, რამდენი წელი ვნატრობდი ამას, მაგრამ შევხვდი და… არაფერი. ჯერჯერობით ისევ ისეთი უცხოა ჩემთვის.
ლაკომ თავი დაუქნია, მესმის შენიო.
- და ცოლი?.. ისევ ჰყავს? გაიცანი?
- არა, ის უკვე გარდაცვლილია.
დედას სახეზე ჩრდილმა გადააურბინა.
- მარტო ცხოვრობს?
- კი, მარტო. შვილები ცალ-ცალკე არიან, თავიანთთვის.
- ისინი კარგად შეგხვდნენ? - გამომცდელი მზერა ესროლა ლაკომ.
- კი, კარგად. ვმეგობრობთ უკვე, - თქვა ლელიმ და წამოწითლდა. საუბარი სწრაფად გადაიტანა სხვა თემაზე, - იცი? მინდა, ცოტა ხნით შენთან დავრჩე, მომენატრა აქაურობა.
- ცოტა ხანი რამდენია? მერედა, სამსახური?
- დაახლოებით ერთი თვე, სანამ შვებულება დამიმთავრდება.
- როგორც გინდა, შვილო, სანამდეც გაგიხარდება, იყავი, ოღონდ საქმე არ გაიფუჭო და თუ გინდა, სულ დარჩი. ბინის ქირას ბევრს იხდი?
- ისე რა, - სასაცილოდ დაეჯღანა სახე ლელის.
- იქნებ ისინდისოს მამაშენმა და შენც გიყიდოს ერთი ბინა.
- დედა!
- ჰო, კარგი, კარგი, მეტჯერ აღარ ვიტყვი ამას. - ლაკომ ტუჩებზე მიიფარა ხელისგული, მერე შვილს ჩაეხუტა და თავზე აკოცა.
გაგრძელება იქნება