მაშოსთვის აღარ გაუვლია. დამ უთხრა, მე ჩემი მანქანით მივალ, ოღონდ შენც დროზე წამოდი, არ დააგვიანოო.
როცა მამის სახლს მიუახლოვდა, მაშოს მანქანა ჭიშკართან უკვე იდგა და გაუხარდა. სულაც არ უნდოდა, პირისპირ მარტო დარჩენილიყო რამაზთან. შეგნებულად გაწელა დრო, რომ გვიან მისულიყო და დისთვის არ დაესწრო.
სასტუმრო ოთახში მაგიდა სამ ადამიანზე გაეშალათ. ეს იმას ნიშნავდა, რომ ვახშამზე მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებოდნენ.
მაშო მინისზედაპირიან პატარა მაგიდასთან იჯდა და ჟურნალს ფურცლავდა. მამა არსად ჩანდა.
- «პრივეტ». რაღაც გამოცოცხლება არ იგრძნობა, მომაკვდინებელი სიჩუმე დგას სახლში, -წარმოთქვა იონამ და დის გვერდით ხვნეშით ჩამოჯდა.
- მამამ მოსამსახურე დაითხოვა და იმიტომ.
- რატომ, რამე მოხდა? - გაიკვირვა მამაკაცმა.
მაშომ მხრები აიჩეჩა. მეც არ ვიცი, რა ხდებაო.
- მგონი, ცოლი მოჰყავს, - იდუმალი ხმით უჩურჩულა იონამ დას, თან შეეცადა, ხუმრობით გამოსვლოდა.
მაშომ გაოცებული მზერა მიაპყრო და ჟურნალი ისეთი სისწრაფით დადო მაგიდაზე, თითქოს აკრძალული ნივთი უჭირავს ხელშიო. სწორედ ამ დროს შემოვიდა რამაზი ოთახში, ვაჟს ხელი ჩამოართვა და ორივე სუფრასთან მიიპატიჟა.
- ჯერ ვივახშმოთ, - მხიარულად წარმოთქვა, მაგრამ ეგრევე შეეტყო, რომ მისი მხიარული ტონი ნაძალადევი იყო.
ვახშამმა ისე ვერ ჩაიარა, როგორც სხვა დროს. არავინ ხუმრობდა, არავინ მხიარულობდა. და-ძმა თითქოს სასწაულს ელოდა, სასწაულს, რომელიც მათთვის კარგს არაფერს მოასწავებდა. მხოლოდ რამაზ ნიშნიანიძემ იცოდა, რა ხდებოდა, ის კი საუბრის დაწყებას აჭიანურებდა.
ვახშმის შემდეგ მან მინის კარი, რომელიც ვერანდაზე გადიოდა, მჭიდროდ მიხურა. მეორე კარიც ჩაკეტა - გარეთ გასასვლელი, მერე კი ფანჯრებს დაუყვა და სათითაოდ ჩამოუშვა ჟალუზი ყოველ მათგანზე. მაშო და იონა გაოცებულები მისჩერებოდნენ მამას. შემდეგ რამაზი კაბინეტში გავიდა და ცოტა ხნის შემდეგ ბიბლიით ხელში დაბრუნდა. იონა დაბნეული მისჩერებოდა მაშოს. რა ხდება, მამა ფსალმუნების კითხვას ხომ არ აპირებს? ასე დიდად არასდროს ყოფილა რელიგიით გატაცებული და ახლა რა მოხდა? - მზერით ეკითხებოდა დას.
- მამა, რამე ხომ არ გტკივა? - მაშოს ხმა ჩაუწყდა.
- ნუ შიშობ, გოგონი, ახლავე ყველაფერს გაიგებთ, ცოტა მოითმინეთ.
მამა თავის საყვარელ სავარძელში ჩაჯდა და წიგნი ისე ჩაიხუტა გულში, თითქოს მისი ყველაზე ძვირფასი საგანძური ყოფილიყო. ასეთი სერიოზული მამა შვილებმა პირველად იხილეს.
- მაშო, იონა, თქვენ ორივემ იცით, რომ ჩემთვის ყველაზე მთავარი და ღირებული ყოველთვის ოჯახი იყო. ისიც კარგად იცით, როგორ მიყვარდა დედათქვენი. - დაიწყო რამაზმა.
იონა ცდილობდა, აღელვება არ შეემჩნია. ხვდებოდა, რომ მამა ახლა სწორედ იმას აღიარებდა, რასაც ამდენ ხანს უფრთხოდა. ის დღეს ფარდას ახდიდა იმ ურთიერთობას, რაც ლელისთან აკავშირებდა. განა წესიერი კაცი ასე მოიქცეოდა? მან ხომ იცოდა, რამდენად ძვირფასი იყო იონასთვის ლელი, მასზე დაქორწინებას აპირებდა. როგორ უნდა მოუბრუნდეს ენა ამის სათქმელად? მაგრამ იონა სიმშვიდის შენარჩუნებას ცდილობდა. დილიდან ემზადებოდა ამ შეხვედრისთვის და მზად იყო, ყველაფერი ისე მიეღო, როგორც იქნებოდა. სხვა მაინც აღარაფერი დარჩენოდა.
მაგრამ მამამ მოულოდნელად გააკეთა ის, რასაც ისინი არაფრით ელოდნენ. მამაკაცმა წიგნი გადაშალა და იქიდან სურათი ამოიღო, რომელიც მაშოს გადასცა. მან კი, შეხედა თუ არა ფოტოს, ეგრევე იონას გადააწოდა.
ეს იყო ვიღაც ლამაზი ქალის შავ-თეთრი ფოტო. იონა დასჩერებოდა სურათს და ვერაფერი გაეგო.
- ვინ არის ეს ქალი? - თითქმის ერთდროულად იკითხა და-ძმამ.
მამამ ჰაერი ღრმად ჩაისუნთქა და თქვა ის, რამაც იონას ლელის ამბავი სრულიად გადაავიწყდა.
- ეს ჩემი პირველი ცოლია.
წამით დამაც და ძმამაც მეტყველების უნარი დაკარგეს. შემდეგ მაშომ, გონს როგორც კი მოეგო, ფრთხილად იკითხა:
- არ მითხრა, რომ მისგან შვილიც გყავს.
- მინდა, მოგიყვეთ ის, რაც ალბათ დიდი ხნის წინ უნდა მომეყოლა, - პირდაპირ პასუხს თავი აარიდა მამამ, - მაგრამ გარემოებამ არ შემიწყო ხელი. სანამ პატარები იყავით, არ გამოდიოდა, მერე ნანი გაგვიხდა ავად, მერე კიდევ… მერე ვეღარ მოვაბი თავი, ვერ გადავწყვიტე, ღირდა თუ არა თქმა. ახლა კი სიტუაცია შეიცვალა და ვალდებული ვარ, ყველაფერი გიამბოთ.
რამაზმა თავი ასწია და ორივე შვილს სათითაოდ მოავლო თვალი, თან ცდილობდა, გამოეცნო, რა შთაბეჭდლება მოახდინა მათზე მამის მოულოდნელმა აღიარებამ. აშკარად ჩანდა, რომ შვილები გაოგნებულები იყვნენ, განსაკუთრებით იონა, რომელსაც კრინტი არ დაუძრავს, მაგრამ ისე გაქვავებოდა სახის ნაკვთები, მიცვალებულს დამსგავსებოდა.
იონამ არ იცოდა, რა ეთქვა, არ იცოდა, ამ ცნობაზე რეაგირება როგორ მოეხდინა, რა რეაქცია უნდა ჰქონოდა.
მამა კი თხრობას განაგრძობდა:
- მე და დედათქვენს სკოლის ასაკიდან გვიყვარდა ერთმანეთი, კლასელები ვიყავით, მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ ჩვენი გზები გაიყარა. მე უკრაინაში გავემგზავრე სწავლის გასაგრძელებლად, დედათქვენი აქ დარჩა. თავიდან ინტენსიურად ვწერდით ერთმანეთს, მერე - დროგამოშვებით, ბოლოს მისგან წერილები საერთოდ შეწყდა. მაშინ არ მქონდა იმდენი საშუალება, რომ ხშირად ჩამოვსულიყავი, ამიტომ მასთან კონტაქტი თანდათან დავკარგე. როცა ჩამოვედი, უკვე გათხოვილი დამხვდა. არ მიცდია, შევხვედროდი და მისთვის ახსნა-განმარტება მომეთხოვა. ყველა ადამიანი თავის ცხოვრებას თავად განაგებს. ერთი წლის შემდეგ მეც შევირთე ცოლი და სამეგრელოში გადავსახლდი, რადგან იქ უფრო ადვილად ავაწყვე ბიზნესი. ჩემს პირველ ცოლს ლაკო ჰქვია. მშვენიერი ურთიერთობა გვქონდა, ვუგებდით ერთმანეთს, მაგრამ შვილი არ გვეყოლა. მე ხშირად მიწევდა უცხოეთში გამგზავრება, ძირითადად, სოციალისტურ ქვეყნებში, კაპიტალისტურებისკენ მაშინ ვინ გაგვახედებდა, ჩაკეტილი სივრცე იყო, თუმცა მერე და მერე ესეც გახდა შესაძლებელი და თურქეთში დავიწყე გადასვლა, ჩინეთშიც კი. ერთი სიტყვით, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ერთხელ ქუჩაში გადავეყარე ნანის. ძველმა ჭრილობამ ისევ შემახსენა თავი, მივხვდი, რომ ისევ მიყვარდა და მისი დავიწყება არ შემეძლო, მაგრამ მას ქმარი ჰყავდა, მე კი - ცოლი. ჩვენ ერთხანს ჩუმად ვხვდებოდით ერთმანეთს. ნანი ამის გამო იტანჯებოდა, გაორებულს უჭირდა ასე ცხოვრება. ალბათ ყველაფერი ისე დარჩებოდა, როგორც იყო, რომ არა ერთი შემთხვევა - ნანის მეუღლე ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა. ამან დააჩქარა პროცესები. ხშირად მივდიოდი მის სანახავად, ვეხმარებოდი მატერიალურად… მოხდა ისე, რომ ურთიერთობა კვლავ განვაახლეთ. როგორც აღმოჩნდა, პირველმა ქმარმა თურმე მოიტაცა იგი და ნანიც იძულებული გახდა, დარჩენილიყო მასთან, რადგან ისედაც ობოლს და უპატრონოს მიმხედავი არავინ ჰყავდა და სახელის გატეხას მოერიდა. თან იმის შეეშინდა თურმე, რომ მე არ ვაპატიებდი და ასეთი ამბის შემდეგ ხელს ვკრავდი.
იონამ მზერა ესროლა მაშოს, რომელიც დამბლადაცემულივით მისჩერებოდა მამას და თვალს ვერ აცილებდა. არც იონა ჩანდა უკეთეს დღეში. საინტერესო იყო, კიდევ რა საიდუმლოს ახდიდა მამა ფარდას…
- კარგა ხანს ვიყავი ორად გახლეჩილი. მიმძიმდა ცოლთან დაშორება. ვიცოდი, მისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა მეთქვა, შენგან მივდივარ-მეთქი. აუცილებლად იმას იფიქრებდა, რომ უშვილობის გამო ვტოვებდი. არადა, ასე არ იყო. მე ის მიყვარდა, ოღონდ არა ისე, როგორც დედათქვენი. ბოლოს, როცა გამიჭირდა გადაწყვეტილების მიღება, ნანიმ კატეგორიულად მომთხოვა - ბოლოს და ბოლოს, გამეკეთებინა არჩევანი და ან ლაკოსთან დავრჩენილიყავი, ან მასთან.
დილემის წინაშე აღმოვჩნდი. მეცოდებოდა ჩემი პირველი ცოლი, მაგრამ არანაკლებ მეცოდებოდა ნანიც. თან ნანი სიგიჟემდე მიყვარდა, მის გარეშე უკვე ერთი დღეც ვერ წარმომედგინა. გარდა ამისა, მასთან შვილი მყავდა და ესეც იყო ერთგვარი გამართლება. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს შვილს ნანის პირველი ქმრის გვარი ჰქონდა, თავს ვალდებულად მივიჩნევდი, მის გვერდით ვყოფილიყავი და მასზე მეზრუნა. ბავშვიანი ქალისთვის უფრო მეტად ვიყავი საჭირო, ვიდრე ლაკოსთვის, რომელსაც შეეძლო, თავიდან დაეწყო ცხოვრება. ბოლოს, როგორც იქნა, გადავწყვიტე არსებული ოჯახის მიტოვება და ახლის შექმნა. ლაკოსთვის გამანადგურებელი აღმოჩნდა ჩემი გადაწყვეტილება, ისტერიკა გამიმართა, მაგრამ ვერ გადამათქმევინა. ბოლოს, როცა არაფერი გამოუვიდა, მითხრა, თუ შენთვის ასე აჯობებს, წადი, აღარავინ გაკავებსო. არ მინდოდა, ხელცარიელი დამეტოვებინა, ამიტომ ყველა მაღაზია, რომელიც იქ მქონდა, სამეგრელოში, გავყიდე და მთელი თანხა მას დავუტოვე. ამან ცოტა შემიმსუბუქა დანაშაულის გრძნობა, ბოლოს და ბოლოს, ოთხი წელი ვიცხოვრეთ ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ლაკოს დავშორდი, დედათქვენზე უცებ არ დავქორწინებულვარ. ძალიან მორწმუნე იყო, ამიტომ დაელოდა, სანამ ოფიციალურად არ განვქორწინდით მე და ლაკო. მხოლოდ ამის შემდეგ შევუღლდით. წარმოგიდგენიათ, როგორ ვიყავი. თან უბედნიერეს კაცად ვგრძნობდი თავს, თან გული მეთანაღრებოდა, რომ გული ვატკინე ქალს, რომელსაც სიცოცხლეზე მეტად ვუყვარდი. ლაკოს ვგულისხმობ. ალბათ ამასაც მივეჩვეოდი დროთა განმავლობაში და სინდისიც დამიმშვიდდებოდა, მაგრამ ნანი შევირთე თუ არა, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ ლაკოს შვილი ეყოლა ჩემგან. თურმე ორსულად ყოფილა, როცა გავშორდი და დამიმალა. ლამის ჭკუიდან შევიშალე. დავურეკე, მასთან დალაპარაკება მინდოდა. უნდა მეთქვა, რომ ბავშვს მივხედავდი, მატერიალურად დავეხმარებოდი, მაგრამ არ მომისმინა, ჩემი დახმარება არ ისურვა. არც კი მითხრა, საერთო შვილი რომ გვყავდა, ისე დამიკიდა ყურმილი. მას ეგონა, მე არაფერი ვიცოდი. არადა, ვიცოდი, მაგრამ მერე ნაბიჯი აღარ გადავდგი. მეც მძლია ჩემმა სიამაყემ, ვერც ის გავბედე, ნანისთვის სიმართლე მეთქვა. ვიფიქრე, ბარემ არ ვეტყვი, რომ ამან მაინც არ ინერვიულოს-მეთქი. იმის იმედი მქონდა, რომ დროთა განმავლობაში, როცა ჩემი შვილი წამოიზრდებოდა, მომძებნიდა ან მე მოვძებნიდი და ყველაფერს ავუხსნიდი, მაგრამ… როგორც ჩანს, რადგან ჩემთან არ იზრდებოდა, არც მოვალეობის გრძნობამ შემაწუხა, არც მის მიმართ სიყვარულმა.
- მასთან გოგო გყავს თუ ბიჭი? - ვერ მოითმინა მაშომ.
- დააცადე! - შეაჩერა იონამ და დას მკლავზე მოუჭირა ხელი.
- გოგო მყავს, ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგონა, - ჩაიდუდუნა რამაზმა და მრავლისმეტყველი მზერა ვაჟს მიაპყრო.
იონა დაიძაბა. მძიმედ წამოდგა, მამას მიუახლოვდა და ფოტო გამოართვა. კარგა ხანს დასჩერებოდა სურათს, თითქოს ფოტოზე გამოსახული ქალის ყოველ ნაკვთს სწავლობსო, მერე თავი ნელა ასწია და ძლივს გასაგონი ხმით ჰკითხა მამას:
- და რა ჰქვია შენს ძალიან ლამაზ და ჭკვიან გოგონას?
რამაზმა თავი დააკანტურა, თითქოს შვილს ეუბნებოდა, სწორად მიმიხვდიო.
- ასეა, იო, ასე. მას ლელი ჰქვია, მაგრამ დედის გვარზეა. ლაკომ არ ისურვა, ჩვენს ქალიშვილს ჩემი გვარი ეტარებინა.
- ღმერთო! - ოხვრა აღმოხდა მაშოს, - ანუ ეს ის… - და წინადადება ვეღარ დაამთავრა.
იონამ იგრძნო, როგორ მოედო მთელ სხეულზე რაღაც უცნაურად მხურვალე ტალღა, რომელმაც ჯერ გონება დაუხშო, მერე ჰაერი გადაუკეტა და ლამის გაგუდა. მამაკაცმა ხელები თავზე შემოიჭირა და გაბზარული ხმით წარმოთქვა:
- ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ და და ძმა ვართ?.. მან იცის?
- არა! - ისეთი განწირული ხმით იყვირა რამაზმა, გეგონებოდათ, დანა უნდა დაარტყანო, -უფრო სწორად, იცის, რომ თქვენ და-ძმანი ხართ. არა, კი არ იცის, ასე ჰგონია. მანაც ისევე იფიქრა, როგორც თქვენ. მაგრამ ეს ასე არ არის.
- ეგ როგორ? - მახრჩობელა ტალღამ ნელ-ნელა უკან დაიხია და იონას სუნთქვა გაუადვილდა.
- საქმე უფრო ჩახლართულია, ვიდრე თქვენ წარმოგიდგენიათ. - ამოიხვნეშა რამაზმა, - როცა ნანი მოიტაცეს, მას ქმრის სახლში ახალშობილი ბიჭუნა დახვდა. აღმოჩნდა, რომ მისი ქმარი ქვრივი იყო და მისი პირველი ცოლი მშობიარობას გადაჰყოლია. ბავშვს დედა სჭირდებოდა, თვითონ მარტო ვერ შეძლებდა ბიჭის აღზრდას. ამიტომაც გადაწყვიტა მეორე ცოლის მოყვანა და ნანი მისთვის საუკეთესო კანდიდატურა აღმოჩნდა. სრულიად შემთხვევით გაცნობილი ქალი დაბადების დღიდან წამოიყვანა, ვითომ სახლამდე უნდა მიეცილებინა და მოიტაცა. ნანიმ გვიან გაიგო ყველაფერი, მაშინ, როცა მასთან დარჩენა გადაწყვიტა. ასე რომ, იო, არც მე ვარ შენი ნამდვილი მამა და არც ნანი იყო შენი ნამდვილი დედა. ჩემი და ნანის საერთო შვილი შენ ხარ, მაშო. თუმცა ნანიმ თითქმის პირველი დღეებიდან გაგზარდა, ორი თუ სამი თვის იყავი მხოლოდ.
- ეს რაები მესმის! სიზმარში მგონია თავი! მაგრამ არც მე მაქვს შენი გვარი, მამა… - აღმოხდა მაშოს.
- ჰო. შენ რომ გაჩნდი, ჯერ კიდევ ცოცხალი იყო იონას მამა, ამიტომ ჩემს გვარზე ვერც მე დაგწერდი და ვერც დედაშენი. როცა შევუღლდით, მაშინვე მინდოდა, იონაც ჩემს გვარზე გადამეყვანა და შენც, მაგრამ დედაშენმა არ ისურვა. იონა სხვა კაცის შვილია და ატაროს ნამდვილი მამის გვარი, მოვა დრო და მე თვითონ ავუხსნი ყველაფერსო. მერე შენზეც უარი მითხრა. ჯობია, ასე დავტოვოთ ყველაფერი, რათა ბავშვებს ზედმეტი შეკითხვები არ გაუჩნდეთ, როცა გაიზრდებიან და აღმოაჩენენ, რომ სხვადასხვა გვარს ატარებენო.
- არადა, დედამ მითხრა, ჩემს გვარზე იმიტომ ხართ, რომ ერთ დროს მამაშენს პოლიციასთან პრობლემები ჰქონდა და ქონება რომ არ დაეყადაღებინათ, გვარის გადაკეთებამ მოუწია და საქართველოდან კარგა ხანს იყო გაქცეულიო.
- მეც ასე ვიცოდი, - დაუდასტურა იონამ. - სულ მინდოდა მეკითხა შენთვის, რა მოხდა მაშინ, იმ შორეულ წარსულში, მაგრამ მერიდებოდა. ველოდებოდი, შენ თვითონ როდის მოგვიყვებოდი ამ ამბავს. თურმე სულ სხვა პრობლემა ყოფილა, - მწარედ გაეღიმა იონას.
- ვიცი, ნანი რასაც მოგიყვათ. ვიცი, რომ სინამდვილეში მეც ნემსაძე გეგონეთ, მაგრამ მე გვარი არასდროს შემიცვლია. ნიშნიანიძე ვიყავი და ვარ. როცა დრო გავიდა, უნდოდა თქვენთვის ყველაფერი მოეყოლა, მაგრამ მერე ავად გახდა და თქვენც იცით, რა დღეშიც იყო. მისი სათქმელის თქვენამდე მოტანა კი მე ვერ გავბედე, ამისთვის არც ძალა მეყო და არც სიმამაცე.
- და სანამ აპირებდი ამის დამალვას? - გესლი გაურია იონამ ტონში.
- არ ვიცი… - ამოიგმინა რამაზმა, - ალბათ მანამ, სანამ თქვენ თვითონ არ მკითხავდით, რატომ ვართ სხვა გვარზეო, ან მე არ მომთხოვდით ნემსაძის გვარზე გადასვლას. ლელის გამოჩენამ პროცესები დააჩქარა.
- არც ლელია შენს გვარზე, არა? - მაშო მამას მიაჩერდა.
- არა, ის დედამისის გვარზეა. აი, ასეთი ჩახლართული ამბავი გამოვიდა. ახლა თქვენზეა, როგორ განმსჯით - ან გამამართლეთ, ან გამამტყუნეთ. მე ყველაფერი გიამბეთ, როგორც იყო, ისე.
და-ძმა ერთხანს გაქვავებულივით იჯდა. მერე მაშომ თავი ასწია და იონას შეხედა, თითქოს მისგან ნებართვას ითხოვსო. იონამ მზერა აარიდა. მაშინ მაშო წამოდგა, მამას მიუახლოვდა, მუხლებზე დაუჯდა, როგორც ბავშვობაში იცოდა, ჩაეხუტა და ატირებულმა უთხრა:
- მამი, მე შენ მიყვარხარ და მუდამ მეყვარები. გვარს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, თუ გინდა, გადავიკეთებ და ვიქნები შენს გვარზე, ეს ჩემთვის პრობლემას არ წარმოადგენს… და კიდევ, მიხარია, და რომ მყავს და კიდევ უფრო მიხარია, რომ ლელია ჩემი და.
იონამ არ იცოდა, რა ეთქვა. ისედაც არ უყვარდა ბევრი ლაპარაკი, ახლა კი საერთოდ დამუნჯდა. ისე მოულოდნელად შემოტრიალდა სიტუაცია, ჯერაც ვერ გარკვეულიყო, სინამდვილეში რა ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ რამაზი სულაც არ ყოფილა მამამისი და არც დედამისი ყოფილა ნამდვილი დედა. მაგრამ იგი არც სხვა მამას იცნობდა და არც სხვა დედას. მისთვის მშობლებად მაინც რამაზი და ნანი რჩებოდნენ და მხოლოდ ამ ორ ადამიანს მიუძღოდა წვლილი მის აღზრდაში.
იონა წამოდგა. სურათი მაგიდაზე დადო და დახშული ხმით წარმოთქვა:
- მე წავალ. ახლა მარტო ყოფნა მინდა, სათქმელი ჯერჯერობით არაფერი მაქვს…
გაგრძელება იქნება