მომღერალმა ნინი ქარსელაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში მისი და სიგარეტის დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა და გაიხსენა, რომ მოწევა 15 წლის ასაკში დაიწყო: „დედა რომ ჩავიყვანე პირველად ისრაელში, იქ ონკოლოგმა მითხრა, თუ ეს არ არის ძირითადი მიზეზი, რაც დედაშენს სჭირს, 90% მაინც არის მაპროვოცირებელი იმ ცუდი დაავადების, რაც დედას აქვსო. გადავედი ელექტროსიგარეტზე. რამდენიმე თვის შემდეგ, როდესაც ჩავედით ერთ-ერთ ქიმიაზე, ისევ მომიწია ამ ექიმთან შეხება. მითხრა, ახლა ეს სიგარეტიც ამოუდე მანქანას, რომ ბორბლებით გადაუაროსო. და მივხვდი, რომ სრულად უნდა დამენებებინა თავი“ - ამბობს ის.
როგორც ნინიმ განმარტა, მას სიგარეტი ნერვიულობის დროს ეხმარებოდა და ეს მამის გარდაცვალების დროს გააანალიზა: „მამა რომ გარდაიცვალა და დავითვალე, მხოლოდ იოგურტი მქონდა ნაჭამი და ექვსი ბლოკი სიგარეტი მოწეული. მივხვდი, რომ ესეც ფსიქოლოგიურია, რომ ნერვიულობაზე უკიდებ სიგარეტს. ეს ყველაფერი ჩვენი ტვინიდან მოდის და როგორც კი ამას გადალახავთ, ჩემსავით ბედნიერი და გაღიმებული გაიღვიძებთ ყოველ ახალ დღეს“ - თქვა ნინი ქარსელაძემ.