საქართველოს ყოფილმა პირველმა ლედიმ, მაკა ჩიჩუამ, თათია შარანგიას გადაცემაში სხვადასხვა თემაზე გულწრფელად ისაუბრა, მათ შორის, პირველ ლედობასთან დაკავშირებულ სირთულეებზეც: „პირველი ლედი“ ყველაზე ბოლო რეგალია უნდა იყოს, რადგან ეს პასუხისმგებლობა ყველაზე ბოლოს დამეკისრა. მიხარია, რომ როცა ქუჩაში გამოვდივარ, ვგრძნობ სიყვარულს და მადლობელი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც დაინახეს, რომ მე ეს ცუდად არ გამომიყენებია. პირველი ლედობის დროს პროტოკოლი მოითხოვდა, რომ ასე უნდა ჩამეცვა, ისე უნდა მოვქცეულიყავი... მე ბუნებით თავისუფალი ადამიანი ვარ, ხელოვანი ვარ და რაღაცები მღლიდა. ყველაფერი, რაც გამოვიარე, ძალიან მიყვარს, მიყვარს დღევანდელი დღე და ველოდები ხვალინდელს. არაფერი არ მენატრება” - ამბობს მაკა ჩიჩუა.
მაკა ჩიჩუამ გიორგი მარგველაშვილთან პირველი შეხვედრაც გაიხსენა: „მე და გიორგიმ ერთმანეთი ჩვენი შვილების, მაშოს და ანას წყალობით გავიცანით. ისინი ძალიან მეგობრობდნენ და ბუნებრივად მოხდა. როცა გიორგი პირველად ვნახე, მას ცოლი ჰყავდა, ისინი ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ და ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება. მე არაფერი მიგრძვნია, გარდა იმისა, რომ დიდი სიმპათია გამიჩნდა. გიორგი, ზოგადად, ძალიან სიმპათიური ადამიანია ყველასთვის და თავიდანვე იწვევს კეთილგანწყობას. როცა გიორგის ოჯახი დაინგრა და ეს გადაწყვეტილი იყო, მაშინ დაიწყო ეს მიმოსვლა, კომუნიკაცია შვილების გამო. შემდეგ მოგვინდა უფრო ახლოს ყოფნა, უფრო ხშირად ერთად ყოფნა. შვილების მეგობრობა ბარიერი არ ყოფილა, ეს მთელი პროცესი ძალიან ბუნებრივი და ორგანული იყო. დიდი ხნის განმავლობაში არ ვაოფიციალურებდით ურთიერთობას. არც მე ვარ გადარეული, რომ ხელი მოვაწერო და არც გიორგი აღმოჩნდა ინიციატორი, რომ თავზე ფატა დაეხურებინა. ჩვენი ურთიერთობა იყო სიხარულითა და ხალისით სავსე“ - ამბობს ის.
მაკა ჩიჩუას პირველი ქორწინებიდან გოგო, მაშო ჰყავს. ყოფილმა პირველმა ლედიმ მის შესახებაც ისაუბრა: „მაშო ძალიან დიდი ხნის განმავლობაში დედას არ მეძახდა, იმიტომ, რომ დედაჩემი იყო აქტიურად ჩართული მის აღზრდაში. ახლა მეძახის დედას, დედა-შვილი ვართ. წელს ხდება 30 წლის. 5 წლის იყო, როცა მარტო გადავედით საცხოვრებლად. სადაც მივდიოდი, ყველგან ჩემთან იყო. მე, ზოგადად, დილით ადრე ადგომა არ მიყვარს. მაშო სიცილით იხსენებს ხოლმე, სკოლაში წასაღებად სენდვიჩს ღამე მიკეთებდიო... მაშო პატარა იყო, როცა მის მამას დავშორდი, მე და მაშო ერთად გავიზარდეთ მამის გარეშე. დაშორება ჩემთვის მტკივნეული არ იყო. მთავარია, მე არ ვგრძნობდე თავს დამნაშავედ. მე თუ ცუდი არაფერი გამინკეთებია, რატომ უნდა ვიყო სევდიანი... სავარაუდოდ, კარგად გავართვი თავი. მაშო მეუბნება, რომ კარგი დედა ვარ...“ - იხსენებს მაკა ჩიჩუა.