ყველასთვის საყვარელმა მარინა კახიანმა პირადი ცხოვრებისა და კარიერის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ისაუბრა. მან ადრეული წლები და სამსახიობო კარიერის დასაწყისი გაიხსენა: „ბევრი პროფესია არსებობს, რომლებიც მომწონს. პირველ რიგში, ეს არის პროფესია ექიმი. მე ვიქნებოდი ექიმი, რადგან მგონია, რომ ყველაზე ღირსეული საქმეა, მაგრამ მაინც - მსახიობობა... ეს არის ადგილი, სადაც ყველაზე კარგად ვგრძნობ თავს და რისი კეთებაც ყველაზე ძალიან მიყვარს. მსახიობობა ადვილი ჰგონიათ და არ არის ადვილი. ცოტა ფსიქოლოგიც უნდა იყო, თამამიც უნდა იყო. მე ძალიან შემიშალა ხელი ჩემმა მორცხვობამ. ვერ ვიტყვი, რომ თავიდანვე არ გამიმართლა, რადგან მეოთხე კურსზე ვიყავი, როცა ბატონმა რობიკო სტურუამ გადაწყვიტა, ერთადერთხელ აეყვანა სამსახიობო ჯგუფი და ამან ის განაპირობა, რომ მე აღმოვჩნდი რუსთაველის თეატრში. ერთ-ერთ მთავარ როლზე მან აიყვანა ახალგაზრდა გოგონა და ეს გოგონა ვიყავი მე. მე არ ვიცი, გავიაზრე თუ არა მაშინ, რა ბედის საჩუქარი იყო ეს ჩემთვის. ბევრი შესაძლებლობა მომცა ცხოვრებამ, ბევრი ხმაურიანი როლი მხვდა წილად. ხანდახან ვთვლი, რომ შემეძლო ყველაფერი უკეთესად გამეკეთებინა და რაღაც დავაკელი. რაზეც ვოცნებობდი, პრინციპში, ის მაქვს. მაქვს საშუალება, ყოველდღიურად შევხვდე მაყურებელს. დიდად არ მიყვარს ჩემი თავის ყურება ეკრანზე, იშვიათად რომ რამე მომეწონოს“ - ამბობს ის.
მარინა კახიანმა პირადი ცხოვრების შესახებაც ისაუბრა: „ხშირად აიგივებენ პერსონაჟს მსახიობთან. მე ვთვლი, რომ განსაკუთრებით „ჩემი ცოლის დაქალების“ პერსონაჟთან არაფერი საერთო არ მაქვს, გარდა იმისა, რომ მეც ვარ დედა და ბებია. ჩემი შვილისთვის მეც ბევრჯერ მიმიცია რჩევა, ის ძალიან ადრე დარჩა მამის გარეშე და ჩვენ ერთად გავიზარდეთ. ის დღეს კარგი ადამიანი და კარგი ვაჟკაცია. მიუხედავად საკმაოდ რთული ცხოვრებისა, სევდა დეპრესიაში არასდროს გადამსვლია. არასდროს მეცალა იმისთვის, რომ დეპრესიაში ჩავვარდნილიყავი. მუდმივად შეყვარებული ვარ ოჯახის წევრებზე, მეგობრებზე და იმ ჯადოსნურ ადგილზე, სადაც ყოველდღე მიწევს ყოფნა“ - ამბობს მარინა კახიანი.