მაინც ვერ ჩაწვდა თაკოს სცენარის აზრს. რა უნდოდა მისგან? ის ხომ მთლად ბავშვი იყო მასთან შედარებით. რა თქმა უნდა, ეს სიყვარული არ იყო. მაშ, რა? რაში სჭირდებოდა მსგავსი ნაბიჯის გადადგმა? იქნებ ჰგონია, რომ თუ თავს შეაყვარებს, თავის გემოზე ატრიალებს წაღმა-უკუღმა? ან იქნებ… ასაკია ისეთი, როცა გოგონებს მოჭარბებულად აქვთ სექსუალური ენერგია და მის დახარჯვას ვერ ახერხებენ? შეიძლება ადრე არც ყოფილა ასე ახლოს მამაკაცთან, თანაც სულ მარტო, მით უმეტეს, ერთ სახლში გამოკეტილნი… ვერაფერს იტყვი, საკმაოდ ინტიმურ-რომანტიკული სიტუაციაა, ადვილად შეიძლება ადამიანი ცდუნებას აჰყვეს, განსაკუთრებით - ძალიან ახალგაზრდა. ისე, რაღაც ახსენა წეღან სექსზე… სისულელეა, ეს მხოლოდ თავისი გამოუცდელობის დასაფარავად თქვა, რომ კონკრეტულ მომენტში ირაკლის არ შეშინებოდა და უარი არ ეთქვა მასთან დაწოლაზე. იგი არასდროს დაიჯერებდა, რომ თაკო მისით იყო გატაცებული. ეს ცოტა სასაცილოდაც კი ეჩვენებოდა. არც თავად მიუცია საბაბი, ასეთი რამ ეფიქრა.
ირაკლი გულთამპყრობელი და ქალების მუსუსი არასდროს ყოფილა. მისი მზერა მომნუსხველად ალბათ იშვიათად თუ მიმართულა სუსტი სქესისკენ. აი, გიგა სულ სხვა იყო, მისი ძველი მეგობარი, ახლა რომ ვიბლიანების საქმეს იძიებს. მას ეს შეეძლო… და მერე როგორ შეეძლო. კარგად ახსოვს მორიელს, როგორ დაითბობდა გიგა ხმას და დაითაფლავდა ენას, როცა რომელიმე ლამაზმანს გაიცნობდა. ისეთი ალერსიანი თვალებით უყურებდა, თითქოს ყურებამდე ყოფილიყო შეყვარებული, თითქოს ეს-ესაა, ჩაბღუჯავს და კოცნით დაახრჩობსო. რატომღაც, ქალებზე ბანგივით მოქმედებდა მისი ეს მანევრი. ისეთი ნაზი, ისეთი სექსუალური გამოხედვით შეინიღბებოდა, ნებისმიერს დააბამდა ორ წუთში. პრობლემები მხოლოდ მაშინ იწყებოდა, როცა ქალები მისი მზერის ვერაგობას გაშიფრავდნენ… როცა მიხვდებოდნენ, რომ გიგას მათთვის წუთიერი სიამოვნების მინიჭება შეეძლო მხოლოდ, ხანგრძლივი რომანების გაბმა არ ეხალისებოდა… მაგრამ უკვე ძალიან იყო დაგვიანებული…
ირაკლის არ ეხერხებოდა ასეთი რამეები. მანდილოსნებში ის ნდობას და მეგობრობას უფრო იწვევდა, ვიდრე ლტოლვას და ვნებას. მისი სულით უფრო იყვნენ აღფრთოვანებულნი, ვიდრე სხეულით. უამრავ ასეთ ქალს იცნობდა შორეულ წარსულში - სხვისი ცოლები და საყვარლები, რომლებიც მოდიოდნენ მასთან თვალცრემლიანი და გულს იოხებდნენ მის მკლავებში თავჩარგულნი, თავიანთ მამაკაცებზე გაგულისებულნი. და თუკი რომელიმე მათგანი მაინც შეეცდებოდა, ვნებიანი განსასვენებელი ეპოვა მის სხეულზე, მხოლოდ იმიტომ, რომ შური ეძია ქმარზე ან საყვარელზე, მაგრამ ირაკლი ამას არასდროს დაუშვებდა. ასეთებს იგი დელიკატური უარით ისტუმრებდა უკან, თავიანთი მამაკაცებისკენ.
ეს ძალიან დიდი ხნის წინ იყო - თხუთმეტი-ოცი წლის წინ. რა თქმა უნდა, სხვა კატეგორიის ქალებიც არსებობდნენ მის ცხოვრებაში - ბოლოს და ბოლოს, იგი ხომ უცოლო იყო. ასეთები მარტოხელები იყვნენ, გასათხოვრები, რომლებსაც მყუდრო ოჯახური იდილიის მოწყობა სურდათ. მაგრამ ირაკლის არ სურდა ასე, რადგან ღალატმა ერთხელ უკვე მოუღო ბოლო…
იყო ერთი ქალი… ნანა, რომელიც ვერ დაივიწყა.
მისთვის სიყვარული არასდროს აუხსნია.
თავიდანვე უსიტყვოდ გაუგეს ერთმანეთს. ათი თვე იცხოვრეს ერთად, არ დაქორწინებულან. მერე ირაკლი ავღანეთში წავიდა, ის კი არ დაელოდა მის დაბრუნებას. როცა ჩამოვიდა, ნანა უკვე გათხოვილი დახვდა…
თანაც… მის საუკეთესო ძმაკაცზე… გიოს ძმაზე, რატიზე.
მაინც ვერ დაივიწყა…
ამიტომაც არ სიამოვნებდა გიოსთან შეხვედრა, ურთიერთობა… განგებამ კი, როგორც ჩანს, კიდევ ერთი გამოცდა მოუწყო. თუმცა გიო არაფერ შუაში იყო, მაგრამ მაინც. რამდენჯერაც მას დაინახავდა, იმდენჯერ რატი და საყვარელი ქალი ახსენდებოდა…
ნანა… ის სულ სხვა იყო - ყველაზე სასურველი და ყველაზე მიუწვდომელი, პირველი და ერთადერთი ქალი მის ცხოვრებაში, ქალი, რომელმაც სწორედ ირაკლის უსიტყვო და აუხსნელი სიყვარული არჩია სხვების მაღალფარდოვან, ხატოვან დითირამბებს. ის მას უყვარდა, ის მას სურდა და არ სჭირდებოდა არც ერთი სხვა ქალი დედამიწის ზურგზე.
თუმცა სიყვარული მაინც ვერ აუხსნა.
მხოლოდ ერთხელ უთხრა - «მინდა»… და სწორედ ამან მონუსხა ულამაზესი ქალი, რომელიც მიიჩნევდა, რომ სიტყვა «მინდა» ყოველთვის სიმართლედ ჟღერს, ხოლო «მიყვარხარ» - ყოველთვის ტყუის. თავიდან მამაკაცს არ სჯეროდა ამის, მაგრამ დაახლოვდნენ და დაიჯერა, მაგრამ არა იმიტომ, რომ ნანას ნათქვამში დარწმუნდა, არამედ შეუყვარდა და იმიტომ. იმას, რაც მათ შორის იყო, «სექსს» ვერ უწოდებდი, მათთან მიმართებით ეს სიტყვა ძალზე პრიმიტიულად ჟღერდა, არც სიყვარული ერქვა იმას, რაც მათ შორის იყო. ნანას ამ სიტყვაზე ცენზურა ჰქონდა დაწესებული, ის სიტყვა «სიყვარულს» არ ენდობოდა. იმას, რაც მათ შორის იყო, სახელი არ ჰქონდა… და ამიტომ კიდევ უფრო მშვენიერი იყო ურთიერთობა.
ამიტომაც ვერ დაივიწყა იგი…
მერე კი… მერე ყველაფერი უცებ დამთავრდა. დამთავრდა უნაზესი ურთიერთობა, რომელსაც სახელიც კი არ ჰქონდა… ისეთივე უსახელოდ გაქრა, როგორც მოვიდა.
მაინც ვერ დაივიწყა…
მას შემდეგ ირაკლის ქალების მიმართ ალერგია გაუჩნდა, ახლოს არ იკარებდა, ინტიმურ სიახლოვეზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. ახლა კი ეს გოგონა გამოჩნდა. რა იქნება ხვალ?
მორიელს გონება დაეღალა, დამძიმებული ქუთუთოებით ზანტად გახედა მთვარის შუქზე მოტორტმანე ფოთლების ჩრდილს და თვალები დახუჭა.
გამთენიისას ძილმა მაინც წაართვა თავი. მზემ კარგა გვარიანად რომ დააცხუნა, მხოლოდ მაშინ გამოეღვიძა, დაფეთებული წამოხტა, ტანსაცმელი გაისწორა, ხელ-პირი დაიბანა, ფეხზე ჩაიცვა და ეზოში გავარდა… დააგვიანდა, ახალი ცვლა უკვე მოსულიყო, ის ბიჭები, წინა დღით რომ იყვნენ.
კიდევ ერთმა ღამემ ჩაიარა მშვიდად. ღამის მორიგეებს საეჭვო არაფერი შეუნიშნავთ. შინ შემობრუნდა და თაკოს ოთახს მიადგა. მიაყურადა. ჩამიჩუმი არ ისმოდა. ნელა შეაღო კარი. გოგონას ეძინა. თავზე დაადგა მძინარეს და ხმადაბლა დაუძახა. თაკო შეირხა. გრძელი წამწამები თოჯინასავით დააფახულა და პირადი მცველის დანახვაზე ჟინიანად გაიზმორა.
- რომელი საათია? - იკითხა ნამძინარევი ხმით, ბავშვივით გაბუშტული ტუჩებით და ცალი თვალით გახედა თავზე წამომდგარ მამაკაცს.
- ადგომის დროა.
- რა აზრი აქვს, - ჩაილაპარაკა გოგონამ და გადატრიალდა.
- ზოგიერთებმა იციან, რომ დილით ადგომას აზრი არა აქვს, მაგრამ მაინც დგებიან, - თქვა ირაკლიმ.
- მაგით რისი თქმა გინდა? - წამოიწია თაკო და იდაყვს დაეყრდნო.
- ადექი.
მოულოდნელად გოგონა ლოგინზე შეხტა, მამაკაცს კისერზე ჩამოეკიდა და ტუჩებში აკოცა.
- თუ ვცდები, მითხარი, - ზედ ყურთან უჩურჩულა ბოლოს.
- ცდები, - ჩურჩულითვე უპასუხა ირაკლიმ და ყელში გაჩხერილი ნერწყვი შეუმჩნევლად, წვალებით გადააგორა, მერე მისი ბავშვური ხელები მოიშორა, გატრიალდა და არეული ნაბიჯებით დატოვა ოთახი.
ისევ გარეთ გავიდა. უნდა «დაგრილებულიყო», თორემ ცუდად წაუვიდოდა საქმე. კარგა ხანს დაჰყო ბიჭებთან, შეიყოლია, გიგაზე ჩამოუგდო ლაპარაკი. ისინიც აჰყვნენ, სასაცილო ისტორები გაიხსენეს, თვითონაც იცინეს და ირაკლიც ბევრი აცინეს. როცა გული იჯერა და პირველმა ეიფორიამაც გადაუარა, ისევ სახლში შევიდა, თაკოს დაუწყო ძებნა… ვერსად მიაგნო, სააბაზანოშიც კი შეიხედა. გოგონა არსად ჩანდა. შეშინდა. მისგან ყველაფერი იყო მოსალოდნელი, შეიძლება გაიპარა კიდეც ეზოს უკანა მხრიდან. ნერვებაშლილმა მეორე სართულის ფანჯრიდან გადაიხედა და… ამოისუნთქა. ჩაცუცქული თაკო ბაღჩაში მარწყვს კრეფდა და ჯამში ყრიდა. პერიოდულად ფეხს მოინაცვლებდა და კოხტა უკანალს გამომწვევად აბზეკდა. ამჯერად თეთრი შორტი ეცვა, თმაც, ჩვეულებისამებრ, ცხენის კუდივით შეეკრა კეფაზე. ირაკლის შვების და კმაყოფილების ღიმილი ერთდროულად გადაეფინა სახეზე. ვერ მოითმინა და ხმამაღლა დაუძახა.
გაგრძელება იქნება