როგორც იქნა, ვნებათა ტალღა დაცხრა და ძალაგამოცლილი თაკო მამაკაცის გაოფლილ მკერდზე დაესვენა, მოდუნდა და წამების წინ ჰაერივით მსუბუქი არსება დამძიმდა.
ასე გაგრძელდა რამდენიმე წუთის განმავლობაში. მოულოდნელად ქალის სხეული უცნაურად შეტოკდა… ირაკლის მოეჩვენა, რომ გოგონა ტიროდა… არ შემცდარა… ცრემლის რამდენიმე თბილი წვეთი ირაკლის ყელზე დაეცა…
მაგრამ მან არაფერი თქვა… არც იკითხა… რადგან…
რადგან ესმოდა მისი.
ესმოდა მისი ატირების მიზეზი.
გოგონა არ იყო დარწმუნებული, რომ იგივე კიდევ განმეორდებოდა…
არ იყო დარწმუნებული, რომ მამაკაცსაც ისევე უყვარდა, როგორც თვითონ…
მერე საბოლოოდ მოეშვა, მიჩუმდა და… კიდევ უფრო დამძიმდა, ისე, როგორც ჩვილი ბავშვები, ხელში ატატებულს რომ ჩაეძინებათ ხოლმე.
ირაკლი კარგა ხანს უსმენდა გოგონას თანაბარ სუნთქვას… მალე კი მიხვდა, რომ მასთან ერთად თვითონაც ღრმა ძილში შედიოდა…
თაკო მზის თაკარა სხივებმა გააღვიძა. თვალები გაახილა, მიიხედ-მოიხედა, მერე ტანზე დაიხედა ნახა, რომ სრულიად შიშველი იწვა. სიმსუბუქე იგრძნო, სასიამოვნო სიმსუბუქე. თითქოს ენერგია მოზღვავებოდა. ირაკლი! გაახსენდა უცებ, ეს ირაკლის ენერგიაა, მის ვენებში რომ დაშხუის…
მამაკაცი არსად ჩანდა. შემოვლაზეა ალბათ, ან საუზმეს ამზადებს. როგორი პასუხისმგებლობით სავსე ბიჭია! - გაეღიმა. ფიქრებით განვლილ ღამეს გადასწვდა. სასიამოვნო შეგრძნებამ მთელ სხეულში დენივით დაუარა… გემრიელად გაიზმორა. თითქმის იმწუთას კართან ნაბიჯების ხმა გაისმა. გოგონა სწრაფად გადატრიალდა გვერდზე და თავი მოიმძინარა. უნდოდა, ენახა, რას მოიმოქმედებდა ირაკლი.
მამაკაცი ოთახში შემოვიდა. შედგა, სმენა დაძაბა. თაკო ვითომ ძილში გადმოტრიალდა. პირადი მცველი მიუახლოვდა, საწოლის კიდეზე ჩამოჯდა და ნაზად გადაუსვა თმაზე ხელი. «იძინე, იძინე, პატარავ», - დაიჩურჩულა.
ამწუთას მორიელს ეჩვენებოდა, რომ თაკო მცენარესავით იყო, რომელსაც საზრდოდ წყალივით სჭირდება სითბო და ალერსი… იმისთვის, რომ ყლორტები ამოიყაროს, კვირტები გამოისხას და ყვავილებად გაიფურჩქნოს - ერთი სიტყვით, იმისთვის, რომ ნორმალური ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს.
იმისთვის, რომ ბედნიერი იყოს, ბოლოს და ბოლოს.
მორიელი გავიდა და კარი ნელა მიიხურა. თაკომ ცოტა ხანს მიაყურადა, სანამ ნაბიჯების ხმა მიწყდებოდა, მერე კი წამოხტა და ამჩატებული შუა ოთახში ცეკვა-ცეკვით დატრიალდა. ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი აუცილებლად კარგად იქნება. პირად მცველს ის უყვარს. სხვანაირად არ შეიძლება იყოს. სხვა შემთხვევაში ასე ვერ მოეფერებოდა, ასეთი გზნებით ვერ აკოცებდა, ვერ ჩაიხუტებდა გულში, ასეთი ნაზი ვერ იქნებოდა, ბოლოს და ბოლოს…
კიდევ ერთხელ დატრიალდა და ბედნიერებისგან აღტკინებული გაშლილი ხელებით საწოლზე გულაღმა გაიშოტა… როგორ მოშივდა! ახლა იმდენს შეჭამდა, რომ… კიდევ ერთხელ გაეღვიძა სიყვარულის მადა!
სიგიჟემდე მოუნდა, გაქცეულიყო ირაკლისთან, მოხვეოდა და სასიყვარულო სიტყვების ჩურჩულით თავბრუ დაეხვია. ასეც მოიქცა. ღამის პერანგი გადაიცვა და ფეხშიშველა კარს მივარდა, მაგრამ… ადგილზე გახევდა. ვაითუ, ისევ გულგრილობა იგრძნოს მისგან… ვაითუ, ისევ ძველებურად დაუწყოს «ნოტაციების» კითხვა, რომ ეს შეცდომა იყო, რომ მეტჯერ აღარ განმეორდება ის, რაც წუხელ იყო… მე ჩემს მოვალეობას ვასრულებ…
და რა იქნება შემდეგ?
შემდეგ? არაფერი… არაფერიც არ იქნება. ეტყვის, დაივიწყე ჩემი სიყვარულიო. ზუსტად ასე ეტყვის. მე შენზე უფროსი ვარ, ჩვენ შესაფერისი წყვილი არა ვართ, დაელოდე, სანამ უკეთესი კანდიდატურა გამოჩნდებაო. ჰო, ასე იქნება.
ხასიათი გაუფუჭდა…
მაგრამ იქნებ ელოდება კიდეც? თუკი ელოდება? იქნებ გადაწყვიტა, რომ დღეიდან ყოველ ღამე ერთად იქნებიან, ერთ საწოლში, ერთად მიეცემიან ვნებათა ღელვას…
ტყუილად ოცნებობს. ფუჭია ეს ყველაფერი. მხრებჩამოყრილი ოთახიდან გავიდა და სააბაზანოს მიაშურა. ის აღარ ამოვა… აღარ მოიკითხავს. იქ, დაბლა დაელოდება, სამზარეულოში, როდის ჩავა და ინებებს წახემსებას… არ დაუძახებს. არც მის გაღვიძებას შეეცდება…
მაგრამ სულაც არ იყო ასე… თაკო ცდებოდა. ბანაობას რომ მორჩა, თავზე პირსახოცი გაიკრა და კვლავ პირადი მცველის ოთახს მიაშურა. კარი გააღო და გაოცებისაგან შიშნარევი ხმით შეჰყვირა. ოთახში ირაკლი დახვდა.
ოთახში, საიდანაც მამაკაცი რამდენიმე წუთის წინ გავიდა.
ოთახში, სადაც კედლები ჯერ კიდევ ექოდ გამოსცემდნენ მისი ვნებიანი ოხვრის ხმას.
ოთახში, სადაც ზეწარი ჯერ კიდევ ინარჩუნებდა ირაკლის სხეულის სინოტივეს, სითბოს და სურნელს.
დაძაბული ღიმილით მიაჩერდა მამაკაცს.
- ირაკლი, ვიცი, რისი თქმაც გინ…
მორიელმა წინადადების დამთავრება არ აცალა, მსწრაფლ მიეჭრა გოგონას, საჩვენებელი თითი ტუჩებზე მიადო, მეორე ხელი წელზე მოხვია, ძალუმად მიიზიდა თავისკენ და პირსახოცით დაფარულ ყურთან უჩურჩულა: «არაფერი თქვა, პატარავ, გთხოვ»…
ის არც არაფერს ამბობდა. ყველა სიტყვა გაუფრინდა, დაეკარგა, დაუდნა. მის მკლავებში იმედიანად და სიამოვნებით «მოკალათდა». არ უნდოდა რამეზე ეფიქრა. ლოყა ლოყაზე მიადო. მისი სიმხურვალე ათბობდა.
- მიყვარხარ, პატარავ… ვიცი, სიგიჟეა ეს ყველაფერი, მაგრამ თავს უკვე ვეღარ ვერევი. მაპატიე, თუ გაწყენინე, - დამნაშავესავით ჩურჩულებდა მამაკაცი.
თაკო მოზღვავებულ ბედნიერებას ვერ გაუმკლავდა და მუხლები მოეკეცა. ირაკლიმ უფრო ძლიერად მოხვია მკლავები და ხელში აიტატა.
- რა მსუბუქი ხარ, - ღიმილით უთხრა.
- შენ კი… ძალიან ძლიერი და… მძიმე.
- ჰო. ჩვენი ორივეს წონა რომ ერთმანეთს მივამატოთ და მერე ორზე გავყოთ, იდეალურ ვარიანტს მივიღებდით…
და მამაკაცი მის ტუჩებს მისწვდა. თაკოს სველი ჰქონდა ბაგეები, სველი და თბილი…
რა ცუდია, რომ ის ჯერ კიდევ ბავშვია… დიდი სხვაობაა ასაკობრივად.
გაჩუმდი, მორიელო! რა დროს ეგაა, სისულელეა ეს ყველაფერი… - აყვირდნენ ჭინკები მის თვალებში.
მთავარია, რომ ძალიან, ძალიან ბევრი და ძალიან დიდი სიყვარული აღმოგაჩნდა… მისთვის…
პატარა, დაუცველი გოგონასთვის…
ამიერიდან მის ცხოვრებაში ერთადერთი ნათელი წერტილისთვის…
თავნება და ჯიუტი თაკოსთვის.
ბევრი სიყვარული… იმდენად ბევრი, რომ სიბერემდე ვერ გამოილევა.
იმდენად ბევრი, რომ მათაც ეყოფათ, მათ შვილებსაც და შვილიშვილებსაც…
მაგრამ როდის დამთავრდება ეს კოშმარი?
რამდენიმე დღე გავიდა. ირაკლი დარწმუნებული იყო, რომ ბოროტმოქმედები აღარ შეეცდებოდნენ ხელახლა თავდასხმას. ამდენი მარცხის შემდეგ? მხოლოდ კამიკაძეებს შეუძლიათ, ასეთ რისკზე წავიდნენ. თუმცა სვანები კამიკაძეებზე ნაკლები არ არიან. ამის გაფიქრებაზე გაეღიმა.
ეს დღეები მისთვის და თაკოსთვის სამოთხეს დაემსგავსა. გოგონას უყვარდა იგი, მერედა, როგორ უყვარდა! მორიგი შემოვლიდან შინ შემობრუნებულს ზედ შეახტებოდა ხოლმე პატარა ბავშვივით და ყელზე ჩამოეკიდებოდა, კისკისებდა და კოცნიდა, უაზროდ ეტიტინებოდა და აღტყინებული ეფერებოდა. ასეთ დროს ჭინკები მხიარულობდნენ პირადი მცველის თვალებში, ყიჟინას სცემდნენ და მალულად ზვერავდნენ ორთავეს.
იმას, რაც მათ შორის იყო, არ ერქვა სექსი…
იმას, რაც მათ შორის იყო, სიყვარული ერქვა.
ირაკლის უყვარდა იგი, უყვარდა ისე, როგორც შეიძლება უყვარდეთ ქალი…
გაგრძელება იქნება