32 წლის ცინარა კიდევ ერთი ქალია, ვინც ხმამაღლა ჰყვება თავის ამბავს. სურს, ამ გადაწყვეტილებით დაასრულოს 9-წლიანი სტრესით, შიშითა და ტკივილით სავსე ცხოვრება, სხვებისთვის კი მაგალითად იქცეს - ეს მისი ისტორიაა, თუმცა ერთადერთი არ არის, ვინც წლების განმავლობაში ძალადობის მსხვერპლად ქცეულა.
- სამეგრელოში დავიბადე და გავიზარდე, ბებიამ - დედაჩემის დედამ გამზარდა, რადგან 9 თვის ვიყავი, მშობლები რუსეთში რომ წავიდნენ საცხოვრებლად. სკოლაც ბებიას სოფელში დავამთავრე. 2 ძმა მყავს, ამჟამად თბილისში ცხოვრობს ჩემი ოჯახი, მაგრამ მათთან იშვიათად მაქვს ურთიერთობა. მშობლების მიმართ პროტესტი მქონდა, რაკი მათგან შორს ვიზრდებოდი. ბებია 16 წლის წინ გარდაიცვალა და მაშინ თბილისში წამოსვლა გადავწყვიტე. თან ვმუშაობდი, თან კოლეჯში, სოცუზრუნველყოფის სამართალზე ვსწავლობდი. პროფესიით არასდროს მიმუშავია, კონსულტანტად დავსაქმდი, 2012 წელს კი გავთხოვდი. მომავალი მეუღლე სამსახურში გავიცანი, იქვე ცხოვრობდა და მაღაზიაში ხშირად შემოდიოდა. ერთმანეთს ვესალმებოდით, ვსაუბრობდით. მერე ერთი პერიოდი დაიკარგა და 3 წლის შემდეგ გამოჩნდა, თურმე ციხეში მჯდარა ყაჩაღობისთვის. მითხრა, - ერთმანეთს შევხვდეთ, დავილაპარაკოთო. ასე მოტყუებით ჩამსვა მანქანაში და თავის სოფელში წამიყვანა. დაახლოებით წელიწად-ნახევარი ვცხოვრობდით დედამთილ-მამამთილთან, მაზლთან და რძალთან ერთად. გამიჭირდა იქ ყოფნა. შემპირდა, რომ მალე უკან დავბრუნდებოდით და მეც გავაგრძელებდი მუშაობას, მაგრამ ერთი კვირა რომ გავიდა და ვკითხე, როდის წავალთ, სამსახურში ჩემს პოზიციაზე სხვას აიყვანენ-მეთქი, მიპასუხა, - სოფელში მინდა ცხოვრებაო.
განაგრძეთ კითხვა