მთაწმინდაზე, "ვარსკვლავების ხეივანში“, საქართველოს ტელევიზიისა და რადიოს სამი დიდებული დიქტორის, სამი ულამაზესი ქალბატონის და მართლაც ჭეშმარიტი ვარსკვლავის, თანაც, არა მარტო ტელევიზიისა და რადიოს ისტორიის, არამედ საქართველოს ისტორიის განუყრელი ნაწილის - თინა მგალობლიშვილის, ირმა გურიელისა და ირინა მათიაშვილის ვარსკვლავები გაიხსნა. ბედნიერი ვარ, რომ სამივე მათგანს ვიცნობ, წლების განმავლობაში, ტელერადიომაუწყებლობაში მუშაობის პერიოდში, სამივეს თითქმის ყოველდღიურად ვხვდებოდი, მით უფრო - ქალბატონ თინას, და მუდამ აღფრთოვანებული ვიყავი მათით. სწორედ ამ უკანასკნელს დავურეკე მისალოცად და ინტერვიუს ჩასაწერად - საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ყოფილ ტელერადიოდიქტორს, "სამი მიკროფონის დედოფალსა“ და დღეს უკვე "ვარსკვლავოსანს“ - ქალბატონ თინა მგალობლიშვილს.
ცხადია, უპირველესად, ვარსკვლავის გახსნა მივულოცე და გულწრფელ მადლობას მოაყოლა, - ვითხოვე, ჩემი ვარსკვლავი დათო სოკოლოვის ვარსკვლავის გვერდით გაეკეთებინათ, იმიტომ, რომ მე და დათო განუყრელად, ყველგან ერთად ვიყავით - რადიოშიც, ტელევიზიაშიც და კინოსტუდიაშიცო. ვთხოვე, წარსული გაიხსენეთ, თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი, რადიო, ტელევიზია, კინოსტუდია-მეთქი და, - იცით, ირმა, შინ მყავს საშინელი კრიტიკოსი - შვილიშვილი ელენე ჯანელიძე, ძალიან ნიჭიერი გოგონა, თავადაც წერს, ორი წლის წინ წიგნიც დაუბეჭდეს და ძალიან მოუწონეს. იურიდიული ფაკულტეტი დაამთავრა, ბაკალავრიატი და ახლა მაგისტრატურა უნდა გაიაროს. ჰოდა, ამ ჩემმა კრიტიკოსმა შვილიშვილმა მკითხა, ბებო, ინტერვიუებში სულ ერთსა და იმავე ამბავს რატომ ჰყვებიო? - მეც ვუპასუხე, - რა ვქნა, სცენაზე არ ვიყავი, მაგრამ ამ დიდი მსახიობების, რეჟისორებისა და, ზოგადად, ხელოვანების გვერდით რომ ვიდექი, თანაც, ჩემდა საბედნიეროდ, ყველგან მთავარი როლი რომ მქონდა, ამას ვლაპარაკობ, სხვა რა ვთქვა-მეთქი? დავუდასტურე, - ეს თქვენი ცხოვრების ამბებია, ფაქტებია და მას ვერაფრით შეცვლით. თაობები კი იცვლება და ამიტომ ეს ამბები ყველამ უნდა იცოდეს. დარწმუნებული ვარ, ელენემაც კარგად იცის, რომ ასეთი გამორჩეული ბებია ჰყავს, სხვა შემთხვევაში, თავის "ფეისბუქგვერდზე" არ დაწერდა სტატუსად: "ამის იქით სიამაყის გრძნობა აღარც ვიცი... ბებიაჩემის ვარსკვლავის გახსნაა. ახლახან 100%-იანი გრანტი მივიღე მაგისტრატურისთვის, თუმცა ბებიის გავარსკვლავების მერე ეს რა მოსატანია!“ ამიტომ ელენე, ალბათ, გეხუმრებათ ხოლმე, თორემ ხომ ხედავთ, რა ამაყია თქვენით-მეთქი! მერე კი ჩავეკითხე, რატომ არჩია თეატრის სცენას რადიო და ტელევიზია.
რადიო და ტელევიზია
- მეორე კურსიდან, ასე ვთქვათ, გეზი მიკროფონისკენ ავიღე. მეტყველებას განუმეორებელი პედაგოგები - მალიკო მრევლიშვილი, კოტე მახარაძე და თვით დიდი სერგო ზაქარიაძე მასწავლიდნენ. იმხანად ტელეწამყვანისთვის აუცილებელი იყო სილამაზე, მე კი სილამაზის იმდროინდელ ნორმებში ვერ ვჯდებოდი - ძალიან გამხდარი ვიყავი, რაც მოდური არ იყო. თუმცა დრო გავიდა და აქცენტები ჩემ სასარგებლოდ შეიცვალა. მანამდე კი რადიოში გამოცხადდა კონკურსი, რომელშიც მე და ნიჭიერმა მსახიობმა, კითხვის ოსტატმა თინათინ ელბაქიძემ გავიმარჯვეთ. აქედან იწყება ჩემი წარმატებული ბიოგრაფიაც. დიდი ასპარეზი მქონდა - რადიო, ტელევიზია, კინოსტუდია... რადიოში თავს იყრიდნენ კითხვის საუკეთესო ოსტატები. ბევრჯერ მიფიქრია, რომ ყველა კარგ წამკითხველს სწორედ რადიოს სკოლა აქვს გავლილი-მეთქი. დღეს თუ მიკროფონთან თავდაყირაც დგებიან, იმხანად სიტყვაც რომ "აგყირავებოდა“, სამსახურსაც დაკარგავდი და - თავსაც. ერთხელ საქართველოს ტელევიზიის პირველ დიქტორს, ძალიან ნიჭიერსა და სიმპათიურს, თხემით ტერფამდე ინტელიგენტსა და უსაყვარლეს ადამიანს - ომარ ტივაძეს (სამწუხაროდ, ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა) გავეხუმრე: რის ტელევიზია, რა ტელევიზია! რადიო აკადემიაა-მეთქი. მას შემდეგ, სადაც შემხვდებოდა, "აკადემიურო“, როგორ ხარო? - ასე მომმართავდა. საერთოდ კი, ტელევიზია ძალიან საინტერესოა და იქაც საკმაოდ პრივილეგიური ვიყავი - ყველა ჟანრის გადაცემა მიმყავდა, მათ შორის - საინფორმაციო "მოამბე“. თუმცა ძალიან მღლიდა, სულ ფორმაში რომ უნდა ვყოფილიყავი. ერთი სული მქონდა, როდის მოვიშორებდი მაკიაჟს და ჩემს "სამშობლოში“ - რადიოში გადავინაცვლებდი თავისუფალი და - თმაგაჩეჩილიც კი.