ირაკლიმ ხმა ვერ გაიგონა ტელეფონში, მაგრამ ნომრის მიხედვით მიხვდა, თაკო რომ ურეკავდა. იმასაც მიხვდა, ცუდად რომ იყო საქმე. ნერვიულობისგან სახეზე ნაიარევი აეწვა. ასე იცოდა, როცა რაღაც ძალიან აწუხებდა. მაშინვე გიგასთან დარეკა და ოპერატიული ჯგუფის სასწრაფოდ სახლისკენ მობილიზება სთხოვა. სავსე ცელოფნები მანქანაში შეყარა და დაქოქა. მთელი სისწრაფით მოწყვიტა ჯიპი ადგილიდან. რამდენიმე წუთში მასთან უნდა გაჩნდეს და გადაარჩინოს, სხვანაირად არ შეიძლება… გრძნობდა, რომ ეს რამდენიმე წუთი ძალიან ბევრი იყო იმისთვის, საყვარელი ადამიანი სიკვდილს გადაერჩინა…
…თაკო არ განძრეულა, როცა სარდაფის კარზე ჯაჯგურის ხმა გაიგონა. დაე, შემოვიდნენ, დაე, ესროლონ. არ ღირს, შეეცადოს სიკვდილის მოტყუებას. ეყოფა! ის ამას ვერ შეძლებს. ის მზადაა, მოკვდეს. რაც იქნება, იქნება. იქ დედა ელოდება, საყვარელი დედა, რომელიც თბილად მიიღებს, ჩაიხუტებს, მოეფერება… აქვს კი სულს ხელები, რომ მოეხვიოს? შეიძლება კი სულის სითბოს შეგრძნება? იგრძნობს სიამოვნებას დედის შეხებისას? თუ ყველაფერი უფრო მარტივად ხდება: «გამარჯობა, შვილო, კარგია, რომ მოხვედი, მე გელოდი», - ეტყვის დედა და ამით დამთავრდება მათი შეხვედრა?
იქნებ წავიდეს და თავად გაუღოს კარი? მოჰბეზრდა სიკვდილის მოლოდინი. გააღებს. დაე, ესროლონ. ძნელია სიკვდილის დალოდება, თანაც, საშიში. მოლოდინის უფრო ეშინია, ვიდრე სიკვდილის.
წამოდგა. გრძელი ხალათი მკერდზე გადაეღეღა. გაისწორა, ქამარი მჭიდროდ შემოიჭირა და კარისკენ გაემართა. საფეხურებს აუყვა. მიაყურადა… ყურებს არ დაუჯერა… კარს იქიდან ჩამიჩუმი არ ისმოდა. ირგვლივ სიწყნარე სუფევდა, სამარისებური სიჩუმე. ნუთუ წავიდნენ? ნუთუ ვერ შეძლეს კარის გაღება?
«ბედისწერას ნუ ემდური, თაკო. შენ ის გიცავს», - გაახსენდა ირაკლის ნათქვამი.
«ნუთუ ირაკლი მართალი იყო? ნუთუ მართლა იცავს ბედისწერა? იქნებ ვინმემ შეაშინა ისინი? იქნებ დაბრუნდა მორიელი და ამიტომაც გაიქცნენ? ნუთუ რამდენიმე დღით გადადეს ჩემი მოკვლა?» ჰო, ალბათ ირაკლი დაბრუნდა… მაგრამ გარეთ გამოსვლა მაინც ვერ გაბედა…
და კვლავ სარდაფში ჩაბრუნდა.
ჩაბრუნდა და მწარედ ჩაეცინა. მიწაში ჩატანებულ ფანჯარასთან ორი ადამიანის სილუეტი დალანდა. მინის ჩამსხვრევას რა უნდა? სულ ორი წამი.
როგორ შეცდა ირაკლი, არავითარი ბედი მას არ იცავს. მისი საქმე დამთავრებულია. ბედი ყველას განსხვავებული აქვს. მასაც. ერთი წუთის შემდეგ მისი მკვლელები აქ იქნებიან და ბოლოს მოუღებენ…
მინის ჩამსხვრევის ხმა გაისმა.
არა, ერთი წუთის კი არა, ათი წამის შემდეგ იქნებიან აქ. იქვე, კედელთან ჩაჯდა ისევ და ხალათის კალთა თვალებზე აიფარა. მას არ უნდა დაინახოს, როგორ მოკლავენ. «დედა, საყვარელო, მე უკვე მოვდივარ შენთან…»
გარედან მდგომნი ვერაფერს ხედავდნენ ბნელ სარდაფში, მაგრამ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ გოგონა იქ იმალებოდა.
ერთი მათგანი დაიხარა და ფანჯარაში რაღაც შეაგდო.
- ჰა შენ საჩუქარი, ლამაზო! - დაიყვირა მან, - მიდი, გაიქეცი კარისკენ, იქ გელოდებით!
და სარდაფის კარზე კვლავ ჯაჯგურის ხმა გაისმა.
თაკომ თავი ასწია. სარდაფის იატაკზე, შუაგულში რაღაც შიშინებდა. გაზის სუნი ეცა. აი, თურმე, რაშია საქმე… მისი გაზით მოწამვლა გადაწყვიტეს. ახლა მან, შიშისგან შეძრწუნებულმა, კისრისტეხით უნდა აირბინოს საფეხურები და კარს მიასკდეს… იმისთვის, რომ უფრო ადვილად მოკლან!
«არ გამოგივათ ნომერი, დამპლებო! მირჩევნია, ლამაზად მოვკვდე, ვიდრე შუბლზე მიჭედებული ტყვიით. მე ხომ ირაკლიმ უნდა დამიტიროს. ამ დროს კი ლამაზად უნდა გამოვიყურებოდე. თქვენ ამას ვერ გაიგებთ, მე ხომ ქალი ვარ. ამიტომ მინდა, ლამაზად მოვკვდე».
არ განძრეულა. იქვე დარჩა, სადაც იჯდა. მხოლოდ ხალათის კალთა აიფარა ისევ სახეზე. ნეტავ რამდენი წამი დარჩა? იქნებ წუთიც? კვლავ ამოიღო ტელეფონი და კიდევ ერთხელ დააჭირა ღილაკს თითი. რა თქმა უნდა, მობილური არ იჭერდა. და გოგონა ისე, თავისთვის, ხმამაღლა ალაპარაკდა.
- ირაკლი, მისმენ? დიდი მადლობა ყველაფრისთვის… შენ კარგი ადამიანი ხარ… მიყვარხარ, სიხარულო… მშვიდობით.
იგრძნო, როგორ აეწვა თვალები და დაეხშო ნესტოები. სუნთქვა უკვე აღარ შეიძლებოდა. ცრემლები ღვარად ჩამოედინა ღაწვებზე. ცრემლმდენმა გაზმა თავისი ქნა - ხალათშიც გაატანა. როგორ უნდათ, გამოიტყუონ სარდაფიდან, რომ პანიკაში მყოფი კარს ეცეს და პირდაპირ მათ ჩაუვარდეს ხელებში. «ვერ მოგართვით! ამას ვერ ეღირსებით, საზიზღრებო!» არც უცდია წამოდგომა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რა იქნებოდა შემდეგ - თავბრუსხვევა? გულის წასვლა? სიკვდილი? თუ ამისგან არ კვდებიან? ძლიერად დახუჭა თვალები, უფრო მჭიდროდ შემოიხვია სახეზე ხალათის კალთა, ცდილობდა, ღრმად არ ესუნთქა.
მაგრამ როცა ნახავენ, რომ კარიდან არ გამოვა, ფანჯრიდან შემოსვლას არ ეცდებიან? აი, მაშინ კი მართლა ვერსად გაექცევა მკვლელებს…
ცრემლი მეტად მოეძალა, უფრო და უფრო ეწვოდა თვალები, რომელსაც უკვე ვეღარ ახელდა. ან კი რისთვის? დღეს ხომ მისი უკანასკნელი დღეა. მისი ერთადერთი მცველი ირაკლი იყო, რომელიც ახლა სუპერმარკეტში დადის და მისთვის ნაირნაირ საჭმელ-სასმელს ყიდულობს და აზრადაც არ მოუვა, რომ ამაღამ მარტოს მოუწევს ვახშმობა.
თაკოს სუნთქვა აღარ შეეძლო. ძალა არ ჰყოფნიდა, გამკლავებოდა სარდაფში დაგუბებულ აირს. თავბრუ დაეხვა, ყელი და სასუნთქი ორგანოები ეწვოდა, ძნელი იყო სუნთქვა, თუმცა ვერც ახერხებდა ამას. გონება ნელ-ნელა ებინდებოდა. ალბათ ეს სიკვდილის წინა წუთებია… მალე მოკვდება…
და უცებ დედა დაინახა. მას ხელები შვილისკენ გამოეწვდინა და უღიმოდა. თაკომ თავი მკერდზე მიადო მშობელს. როგორ უნდოდა ამ წუთებში მოეყოლა მისთვის ყველაფერი, კარგიც და ცუდიც, ირაკლიზე ელაპარაკა, მამაზეც, მაგრამ… მოულოდნელად დედამ ხელი უშვა და განერიდა. მერე კი უბრძანა, თვალები გაეხილა…
- თაკო, გესმის ჩემი? თაკო! გაახილე თვალები!
ვიღაცამ ლოყაზე შემოჰკრა ხელი.
- გთხოვ, შემომხედე! გემუდარები, გაახილე თვალები!
და ისევ შემოჰკრეს სილა. ამჯერად უფრო ძლიერად.
- თაკო! თამარ! გაიღვიძე, უნდა გაიღვიძო, საყვარელო! გესმის ჩემი?!
ეს დედის ხმა არ იყო, ეს ირაკლი იყო.
როგორ, ისიც მოკვდა? - შეეშინდა უცებ.
…ნელ-ნელა გონება დაუბრუნდა. ლაპარაკის ხმები შემოესმა. მერე ისევ მორიელის ყვირილი გაიგონა.
- ვინმეს ნიშადური ხომ არ გაქვთ?
- გაგიჟდი? საიდან გვექნება, რას ამბობ! - ლამის ზედ ყურთან მოესმა უცნობი ხმა, - სასწრაფო საცაა, მოვა, ისინი მოიტანენ.
- დროზე უნდა მოვიყვანოთ გონს, მიდი, თაკო, მიდი, გაიღვიძე, შემოგევლე!
სინათლემ თვალი მოჭრა. ყელი და თავი აუტანლად სტკიოდა. ისევ დახუჭა თვალები, რომელიც საშინლად ეწვოდა.
- როგორც იქნა, - გახარებულმა შესძახა მამაკაცმა, - ნუ გაახელ თვალებს, არ გინდა. ეცადე, წამოდგე, დაგეხმარები…
უცნაურია… ის ცოცხალია… კი მაგრამ, დედა? ის ხომ აქ იყო, მის გვერდით? ნუთუ მართლა ცოცხალია? ნუთუ არ მოკვდა? ნუთუ მართლა იცავს ბედისწერა?
- ფრთხილად, ნელ-ნელა… აი ასე… პირველ რიგში თვალები უნდა დავიბანოთ. სასწრაფო დახმარება ახლავე მოვა, იქამდე კი წყლით მოვიბანოთ, ეს აუცილებელია… წამოდი, პატარავ, წამოდი… - ნერვიული ხმით ლაპარაკობდა ირაკლი და ნაბიჯის გადადგმაში ეხმარებოდა. გოგონას სიარული უჭირდა. მამაკაცმა არ დააყოვნა. ხელში აიტაცა დამძიმებული და სირბილით აუყვა მეორე სართულს.
ცოტა ხანიც და მორიელმა თაკოს სახე მთლიანად ცხელ წყალში ჩააყოფინა, მერე ყელშიც გამოავლებინა, მერე ისევ თვალები მობანა… გააწამა, ბოლომდე გააწამა. გოგონა ფეხზე ძლივს იდგა. სამაგიეროდ, ამ მტანჯველი პროცედურის შემდეგ თვალის გახელა შეძლო. ცრემლები არ სდიოდა, თუმცა მთლიანად ჰქონდა გუგები ჩაწითლებული. თაკომ სარკეშიც კი დაინახა თავისი თავი…
ნეტავ არ დაენახა. ბალზამწასმული თმა გაშრობოდა და უაზროდ ჰქონდა გაფშეკილი, გასიებული ცხვირი გასწითლებოდა, თვალები ხომ… ერთი სიტყვით, «შესანიშნავი» სანახავი იყო!
- მადლობა, ირაკლი, - ჩურჩულით თქვა, როგორ არ უნდოდა, მამაკაცს იგი ასეთ მდგომარეობაში დაენახა, - შეიძლება წყალი გადავივლო?
ირაკლი წამით ჩაფიქრდა.
- მგონი, უკეთესიც იქნება. გინდა, დაგეხმარო?
- არა, სხვები რას იტყვიან.
- ამწუთას ვერავინ ვერაფერს იტყვის, მოდი.
თბილი წყლის ქვეშ სულ რამდენიმე წუთი დაჰყო. ირაკლი იქვე, გამოღებულ კართან ზურგშექცევით იდგა და დარაჯობდა, რომ სხვებს სალაპარაკო არ მისცემოდათ.
მორიელი ჩაცმაშიც მიეხმარა. გოგონამ ოდნავ მოითქვა სული, გაცილებით უკეთ გახდა. მერე დაბლა ჩამოვიდნენ ორივენი. თაკო გაოგნდა. სახლი ფორმიანი მამაკაცებით გავსებულიყო. მეხანძრეებს ჰგავდნენ. მათ აქ რა უნდათ, სახლს ცეცხლი ხომ არ წაუკიდეს? მის გამოჩენაზე ყველა ახმაურდა. ზოგმა დაუსტვინა კიდეც.
- როგორ შეგვაშინე, რომ იცოდე, - თქვა ერთმა, - ჩვენ უკვე ცოცხალი აღარ გვეგონე.
- მეც მეგონა, რომ უკვე მოვკვდი, - გაიღიმა თაკომ, - მაგრამ როგორც ხედავთ, ცოცხალი ვარ… აქ რა, ხანძარი იყო?
- არა, - მხიარულად გამოეპასუხა მეორე, - შენმა პირადმა მცველმა მთელი ქალაქი ფეხზე დააყენა. პოლიცია, სახანძრო, სასწრაფო… მაგრამ რად გინდა, პირველები ჩვენ მოვედით, პოლიცია და ექიმები ჯერ კიდევ გზაში არიან.
- დიდი მადლობა ყველას.
- მადლობა იმას უთხარი, ირაკლის. ის რომ არა, ჩვენ ვერაფერს გავხდებოდით. უფრო სწორად, ჩვენ გადაგარჩინეთ, მაგრამ მას რომ არ დაერეკა, დაგვიანებული იქნებოდა. კიდევ კარგი, ჩვენ მაინც მოვაღწიეთ დროზე.
თაკომ ახლაღა შეამჩნია, რომ მეხანძრეებს ხელში თითო ქილა ლუდი ეკავათ. ირაკლის არ დავიწყებია მათი გამასპინძლება.
სასწრაფო დახმარების მანქანა თხუთმეტი წუთის შემდეგ მოვიდა, პოლიციაც ფეხდაფეხ მოჰყვა. ამასობაში თაკომ მეხანძრეებისგან ყველაფერი გაიგო. ისინი მოვიდნენ სახლში, ნახეს, რომ ხანძარი არ იყო, მაგრამ გაბრუნება არ უფიქრიათ. მაინც შემოუარეს სახლს და დაინახეს ჩალეწილი ფანჯარა. ფანარი რომ შეანათეს, იატაკზე გულწასული ქალი შენიშნეს, მაშინვე შეცვივდნენ სახლში. იქვე ოთხი უცხო ადამიანი დალანდეს, რომლებიც მათი გამოჩენისთანავე გაიქცნენ. არ გაკიდებიან, ეს მათ მოვალეობაში არ შედიოდა. სარდაფის კარის შემტვრევა გაუჭირდათ, ამიტომაც ისევ ფანჯრიდან არჩიეს გადაძრომა. მერე გაზის სუნი ეცათ. მიხვდნენ, რაშიც იყო საქმე და სასწრაფოდ გარეთ გამოიყვანეს. მერე ირაკლიც მოვიდა და ყველაფერი მოგვარდა.
მთელი ამ ხნის განმავლობაში ირაკლი უხმოდ იდგა ფანჯარასთან და ღიმილით მისჩერებოდა მოსაუბრეებს. მერე თაკოს მიუახლოვდა და ხმადაბლა უთხრა:
- ხომ გითხარი, ბედისწერა გიცავს-მეთქი. შენ კი არ მიჯერებდი.
- არა იმდენად ბედისწერა, რამდენადაც შენ… მადლობა ამისთვის.
- მე რა, - მხრები აიჩეჩა მამაკაცმა, - მე მხოლოდ ბედისწერის იარაღი ვარ, ინსტრუმენტი, ასე ვთქვათ, მის მიერ გამოგზავნილი.
ამ დროს გოგონას სასწრაფოს ექიმი მიუახლოვდა და საუბარი გააწყვეტინა. ირაკლი კი გიგასკენ გაემართა, რომელიც იმწუთას გამოჩნდა ჰოლში.
- როგორ მოახერხეს ხუთი კაცის გაკოჭვა, ვერ წარმომიდგენია, - ქოშინებდა გიგა.
- თვითონ იმათ ჰკითხე, მე რა ვიცი. ეს არის, სპეცრაზმის ბიჭები არიანო?
- ისინიც ოთხნი ყოფილან.
- გასაგებია, მაგრამ ასე როგორ შეიძლება, გიგა? შუაღამე რომ ყოფილიყო, ვიფიქრებდი, ეძინათ და გამოეპარათ-მეთქი. ცხრა საათი იყო, მეტი ხომ არა?
- არ ვიცი, არ ვიცი… ვერც ერთი ხმას ვერ იღებს. იცი, რომ ძლივს ვიპოვეთ? გალავნის ბოლოს, თხრილში ჩაუგდიათ ხუთივე. მაგათ მე მივხედავ, ვიცი, რასაც ვიზამ. ქუჩის კუთხეში საბურავების ნაკვალევი შეინიშნება. იქნებ შევძლოთ დადგენა, რა მანქანით იყვნენ.
- რა აზრი აქვს?
- პატრონს თუ დავადგენთ, იქნებ კვალზეც გაგვიყვანოს.
მორიელმა უიმედოდ აიჩეჩა მხრები.
- აბა, სხვა რა გავაკეთოთ, ირაკლი? როგორ დავიცვათ ბავშვი?
პირადმა მცველმა თაკოსკენ გაიხედა. მას ინჰალაციას უტარებდნენ. ექთანი კი ტელეფონზე რეკავდა, ოფთალმოლოგს იძახებდა შემთხვევის ადგილზე.
- რამეს მოვახერხებ. საერთოდ არ გავალ სახლიდან. ბოლოს და ბოლოს, ვიღაცას დავიქირავებ და პროდუქტს იმას მოვატანინებ. კარგი იქნება, თუ გარეთა დაცვას გავაძლიერებთ. ეზოშიც უნდა დავაყენოთ ვინმე. შენ შეგიძლია ამის მოგვარება?
- აბა, რას ვაკეთებ, თუ იცი? რისთვის ვარ აქ? ამ ყველაფერზე უკვე ვიზრუნე, მაგრამ… ცოტა ძვირი ჯდება ეგ სიამოვნება.
- მამამისი გადაიხდის, ფულის პრობლემა არ არის, მაგრამ მე მეუხერხულება მასთან ამ თემაზე საუბარი. მე სერიოზულ თანხას მიხდიან.
- შე კაცო, დროზე გეთქვა ეს ყველაფერი და ამ საშინელებასაც ავცდებოდით. რაღაც კაპიკებზე მომუშავე პოლიციას გმირობა რატომ გინდა მოსთხოვო ვიღაც ცინგლიანი გოგოს გულისთვის?
ირაკლი ჩაფიქრდა.
- მართალი ხარ. ამაზე ადრე არ მიფიქრია. აჯობებს, გიოს დაველაპარაკო, საცაა, მოვა.
ამ დროს კარი გაიღო და გიო შემოვარდა დაფეთებული. ირაკლიმ მისი დამშვიდება სცადა. როცა ამბის მოყოლა დაამთავრა, გიგასთან ნალაპარაკევიც მოაყოლა.
- რაზეა საუბარი, თუ საჭიროა, გადავიხდით, აბა, რას ვიზამთ. ოღონდ კი თაკოს არაფერი დაემართოს და ნებისმიერ თანხას გავიღებთ. რამდენი კაცია საჭირო?
- ალბათ, ოთხი. რაც მეტი, მით უარესი, ერთმანეთის იმედზე იქნებიან და უფრო გააფუჭებენ საქმეს.
- შე კაცო, ხუთნი ყოფილან და ვერ გაუმკლავდნენ…
- იმიტომ, რომ მათ არაფერს უხდიდნენ. თუ გადაუხდით, მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან საქმეს. რასაც ისინი ვერ გაწვდებიან, მე მივხედავ.
წასვლის წინ გიგამ ირაკლი განზე გაიხმო.
- იცოდე, დაჟინებით მოვითხოვ. დღისით კარგად გამოიძინეთ და საქმეს ღამე მიხედეთ. დღე თავდასხმის შანსი ნაკლებია, ჩემგან არ გესწავლება. მერე კიდევ, ღამით შუქი ანთებული არ დატოვოთ არც ერთ ოთახში, ჟალუზები ჩამოუშვით, ბოლოს და ბოლოს. არ გეშინია, რომ გესროლონ? ერთ ღამეს, აქეთ რომ შემოვიარე ბიჭების სანახავად, ფანჯარაზე გქონდა თავი მიდებული. მე თუ დაგინახე, სხვებიც დაგინახავენ, გაუჭირდებათ, თუ? სადმე გასვლას თუ დააპირებ, სიგნალიზაცია აუცილებლად ჩართული დატოვე. ხომ ხედავ, რა ძალიან უნდათ მისი მოკვლა. ამით ყველაზე მეტად შენ დაზარალდები, იცოდე, - ბოლო წინადადება ხმადაბლა ჩაილაპარაკა გიგამ და მრავლისმეტყველი მზერა სტყორცნა მეგობარს.
ირაკლის დაჟინებული მოთხოვნით, თაკოს, როგორც იქნა, ჩაეძინა… პირადი მცველი ესიზმრა, მისი ცხელი კოცნა… მამაკაცი ყოველთვის ისე ეხებოდა გოგონას სხეულს, თითქოს მისი დაკარგვის ეშინოდა…
დილით, გამოღვიძებული კი, იმაზე ფიქრობდა, ცხადი იყო მისი ზმანება თუ მართლა სიზმარი. უცებ თვალი მოჰკრა კარის ზღურბლთან მდგარ მამაკაცს, რომელიც დაჟინებით მისჩერებოდა, როგორ ჩახუტებოდა თაკო… მამაკაცის სხეულს… არა, ეს არ იყო მამაკაცის სხეული, ეს ბალიში იყო. ბალიში, თაკოს ლოყის შეხებით გამთბარი… სულ ეს იყო, რაც მას წუხანდელი სიზმრისგან დარჩა. სიზმრისეული სითბო, სიზმრისეული ალერსი - ცხადში ჩამოართვეს სიყვარულის უფლება. რატომ, რატომ? რატომ მოსთხოვა ირაკლიმ, დროებით დავშორდეთ ერთმანეთს და მხოლოდ საქმეზე ვიფიქროთო? რა დააშავა ცხოვრებაში ისეთი, რომ მისი ბედნიერება მხოლოდ რამდენიმე დღეს გაგრძელდა? მის ასაკში რა არის რამდენიმე დღე ბედნიერებისათვის? თუნდაც რამდენიმე კვირა? ზღვაში წვეთი! არც მეტი, არც ნაკლები! მცირედი მოწყალება, რომელსაც გემო ვერც კი გაუსინჯა, ვეღარც მოასწრო… თუმცა იმ პირობებში, რომელშიც იგი ბოლო თვეების განმავლობაში იმყოფებოდა, ბედნიერების რამდენიმე დღეც კი რაღაცას ნიშნავდა…
ირაკლი უთქმელად გატრიალდა და წავიდა…
დღემ თითქოს მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ირაკლი გამუდმებით გაურბოდა თაკოსთან პირისპირ შეხვედრას, თითქმის მთელი დღე გარეთ, ეზოს შემოგარენში გაატარა, მხოლოდ სადილობისას შემოირბინა სამზარეულოში. ისიც, მხოლოდ მას შემდეგ, როცა თაკომ უკვე ისადილა და თავის ოთახში ავიდა...
ბინდი ჩამოწვა. ირაკლი მორიგ შემოვლას შეუდგა. გარე საქმეებს რომ მორჩა, სახლი შიგნიდან დაიარა, ყველა ოთახი, კარი და ფანჯარა შეამოწმა, ვიდეოთვალთანაც კარგა ხანს იყურყუტა. ამასობაში კიდეც დაღამდა. როცა ყველაფერს მორჩა, თაკოს საძინებლის წინ შედგა. ყური მიუგდო. სიწყნარე სუფევდა. კარგია, რომ გოგონა არ ტირის ძილში, როგორც წუხელ. ამის გამო მან მთელი ღამე მოსვენება დაკარგა.
რა თქმა უნდა, თაკო არ ტიროდა და მხოლოდ იმიტომ, რომ არ ეძინა. როცა მის კართან მამაკაცის ნაბიჯების ხმა კვლავ გაისმა, გოგონა მიხვდა, პირადი მცველი წასვლას რომ აპირებდა და დაუძახა.
გაგრძელება იქნება