- ირაკლი! შემოდი, რა…
ის შევიდა.
- სიმშვიდეა გარეთ?
- ჰო, - მოკლე იყო პასუხი.
პირადი მცველი ზღურბლს არ გადასცილებია.
გოგონას კი მისი ძლიერი ხელების შეხება სწყუროდა.
ის კარგად გრძნობდა თავს ამ ხელებში.
მას სჭირდებოდა ეს ხელები.
- შენი აზრით, ისინი დღეს არ მოვლენ?
- ნაკლებსავარაუდოა. რატომ არ გძინავს?
- არ მეძინება… დარჩი ცოტა ხანს ჩემთან, თუ შეგიძლია.
მამაკაცი მორჩილად მიუახლოვდა, საწოლზე ჩამოჯდა, როგორც ყოველთვის, კიდეში.
- ჩამეხუტე, მეტი არაფერი მინდა, გთხოვ, - ჩურჩულით წარმოთქვა თაკომ.
ირაკლი გვერდით მიუწვა და ჩაეხუტა. ვერ შეძლო უარის თქმა. თაკომ თავი მკერდზე დაადო. «კატასავითაა, სულ სითბოს და მოფერებას ითხოვს», - ჩაეღიმა მორიელს.
კარგა ხანს იწვნენ ასე. არც ერთი ხმას არ იღებდა. მალე თაკოს დაძაბული სუნთქვა თანაბარი, ღრმა სუნთქვით შეიცვალა. როგორც ჩანს, ჩაეძინა. ძილში შეირხა და მოხერხებულად მოკალათდა მამაკაცის მკლავებში, თავადაც მოხვია ხელი პირად მცველს და ამოიკვნესა. არა, კი არ ამოიკვნესა, კატასავით დაიკრუტუნა… ყოველ შემთხვევაში, ირაკლის ასე მოეჩვენა. «პატარა ცოცხალი არსება, რომელსაც ჩემი დაცვა სჭირდება, მხოლოდ ეგ და სხვა არაფერი,» - გაივლო გულში მამაკაცმა და საკუთარ ხელებს უბრძანა, არ ეგრძნო, მის გვერდით ქალი რომ იწვა…
სასურველი ქალი…
მოულოდნელად თაკო კვლავ შეირხა, ხელის ერთი მოძრაობით გადაიხადა საბანი და მჭიდროდ ჩაეკრა პირად მცველს… მათ ახლა მხოლოდ ტანსაცმელი აშორებდა ერთმანეთს, რომლის მიღმაც აშკარად იგრძნობოდა ორი სხეულის სიმხურვალე.
გაჭირვებით შეძლო ვნების მოზღვავებული ტალღის უკუგდება, ცდილობდა, რაც შეიძლება უხმაუროდ ესუნთქა. რამდენიმე წუთი კიდევ იწვა გაუნძრევლად იმავე პოზაში, მერე ფრთხილად წამოდგა და ოთახიდან ფეხაკრეფით გავიდა.
მისი გასვლა და თაკოს გაღვიძება ერთი იყო. სასოწარკვეთილი კარს მიაჩერდა. წავიდა!.. ნუთუ არ დაბრუნდება? მას ძალიან სჭირდებოდა ირაკლი, მისი სხეული, მისი სიახლოვე… არავითარი «რატომ», არავითარი «რისთვის», სჭირდებოდა და მორჩა… მაგრამ ვერ გაუბედა ამის თქმა. მაინც ვერ დაითანხმებდა. თანაც… რას იფიქრებს? იტყვის, რა გამიწყალა გული… ის ვერ გაიგებს თაკოს შინაგან მდგომარეობას, იმიტომ, რომ ვერ წარმოუდგენია, მისი ასაკის გოგონას თუ შეუძლია ასე თავგანწირვით შეყვარება, თანაც, მასზე ბევრად უფროსი მამაკაცის…
მაგრამ თუკი იგი ამაღამ მასთან არ დაბრუნდება, თაკო დილამდე ვერ გააღწევს, მოკვდება… გოგონას სჯერა მისი, მხოლოდ მისი. პირად მცველს ენდობა მხოლოდ. ეს უფრო უძლიერებს სიყვარულს.
მისი დაკუნთული სხეულის შეხება თაკოში სიკვდილის შიშს თრგუნავს.
მისი ცხელი სუნთქვა მასში სიკვდილის შიშს ანელებს.
მისი ძალა მასში სიკვდილის შიშს ამარცხებს.
წამოდგა და საძინებლიდან ღამისპერანგისამარა გამოვიდა. რატომ, რისთვის, ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. მთვარეულივით დაუყვა დერეფანს. მას უბრალოდ, ირაკლი უნდოდა, ეგ იყო და ეგ.
შიშველი ფეხებით ჩუმად წინ მიიწევდა. სახლში ბნელოდა, პირადი მცველი ღამით ყოველთვის ყველგან აქრობდა შუქს. ასე უფრო უადვილდებოდა სახლის მეთვალყურეობა. ირაკლი მეორე სართულზე ვერ იპოვა. დაბლა ჩავიდა. ფეხის დადგმისას კიბის საფეხურმა რამდენჯერმე დაიჭრაჭუნა და თაკო ელოდა, როდის გამოეხმაურებოდა მორიელი…
მაგრამ მამაკაცი არ გამოხმაურებია… რატომ? ვერ გაიგო? გამორიცხულია. ოდნავი ფაჩუნიც კი არ გამოეპარებოდა მის სმენას.
ძირს ჩამოვიდა, ჰოლიც ცარიელი დახვდა. სამზარეულოსკენ გაეშურა, კარი შეაღო და ადგილზე გაშეშდა. მამაკაცი ფანჯარასთან იდგა ზურგს უკან დაწყობილი ხელებით… რაც შეეძლო, ჩუმად მიუახლოვდა, თუმცა არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო, როცა პირადი მცველი მოტრიალდებოდა.
ის არ მოტრიალებულა. თაკო მისი ზურგიდან ორი ნაბიჯის მოშორებით დადგა და გახევდა.
პირველი ირაკლი ალაპარაკდა, მაგრამ არც შერხეულა და არც მობრუნებულა.
- არ გეძინება?
- გესმოდა ჩემი ნაბიჯები?
- რა თქმა უნდა.
- მერე რატომ არ მომიახლოვდი? ანუ… რატომ არ დამიძახე, არ მკითხე… - დაბნეული გოგონა გაჩუმდა.
იგი მოტრიალდა, ხელები მკერდზე გადაიჯვარედინა, ფანჯრის რაფას მიეყრდნო და გასაოცრად ცივად იკითხა.
- რა საჭირო იყო?
თაკო წამოჭარხლდა. კიდევ კარგი, სიბნელეში მისი სახე არ ჩანდა. რატომ ეთამაშება ეს კაცი ასე? ერთ წუთს უყვარს, მეორე წუთს ვერ იტანს. მართლა პატარა ხომ არ ჰგონია? თუ თოჯინაა, რომლითაც, როცა გაუხარდება, მაშინ ითამაშებს?
- იქნება და, რისთვის გამოხვედი? იქნებ ტუალეტში გინდოდა? მე შენი პირადი მცველი ვარ, ჯაშუში კი არა! ეს შენი სახლია, პატარავ და უფლება გაქვს, როცა გინდა და სადაც გინდა, იქ გადაადგილდე.
ამ სიტყვებმა უფრო გაართულა სიტუაცია. ირაკლი მასთან თავდაჭერილად ლაპარაკობდა, რითაც ხაზს უსვამდა მათ შორის განსხვავებას. შეგნებულად ავლებდა იმ ზღვარს, რომელიც მასა და თაკოს შორის არსებობდა, როგორც დამკვეთსა და შემსრულებელს, როგორც დაქირავებულსა და დამქირავებელს შორის…
- დალევა ხომ არ გინდა? - მოგვიანებით კვლავ ალაპარაკდა ირაკლი, რადგან თაკოს რამდენიმე წუთის განმავლობაში კრინტი არ დაუძრავს.
დალევა არა, პრინცესას მხოლოდ მოფერება უნდოდა, მისი ძლიერი მკლავების შეხება, მამაკაცის სიძლიერის კიდევ ერთხელ შეგრძნება.
- არა, არ მინდა. მე შენთან მოვედი. არ მეძინება, თანაც… მეშინია…
როგორც იქნა, მორიელმა ხელები ჩამოუშვა და თაკოს მაჯაში სწვდა.
- წამოდი, აჯობებს, დამამშვიდებელი აბები მიიღო. გვერდით დაგიჯდები, სანამ არ ჩაგეძინება.
- არ მინდა აბები. შენ ხომ იცი, მე როგორი ძლიერ ნერვები მაქვს, - თაკო ადგილიდან არ დაძრულა, მას არ სურდა საძინებელში, მას მხოლოდ ის სურდა, რაც შეიძლება დიდხანს სჭეროდა პირად მცველს მისი მაჯა და ამიტომ ლაპარაკობდა ყველაფერს, რაც ენაზე ადგებოდა, - ჩემს ადგილზე ალბათ ბევრი ვერ გაუძლებდა ასეთ ყოფას, ასეთ რეჟიმს. საუკეთესო შემთხვევაში, კარგა ხნის შემსხდარი იქნებოდნენ ანტიდეპრესანტებზე. მე კი ამის გამკეთებელი არა ვარ, მიუხედავად იმისა, რომ განებივრებული ბავშვი მეთქმის. თუმცა ეს ერთი შეხედვით ჩანს ასე, გარედან. სინამდვილეში დედის სიკვდილის შემდეგ არავინ მომფერებია, არავის უზრუნია ჩემზე, არც ჩემს განცდებზე უდარდია ვინმეს და არც ჩემს სულიერ მდგომარეობაზე. მეც მივეჩვიე ჩემი თავის, ნერვების, ხასიათის, ემოციების დამოუკიდებლად მართვას, თავისი სიხარულით, დარდითა და დეპრესიებით. ვისწავლე, როგორ დამეძინა ყველაზე ცუდ მდგომარეობაშიც კი. ანტიდეპრესანტი არასდროს მიმიღია. ახლა კი… ძალიან მიჭირს, ვეღარ ვაკონტროლებ თავს, ვეღარ ვმართავ ვერც ემოციებს და ვერც დეპრესიას, თუმცა კი ვცდილობ. ასე არ არის?
- მართალი ხარ, - სერიოზული სახით დაეთანხმა მამაკაცი, - მე გაოგნებული ვარ შენით. ასეთი პატარა და ასეთი ძლიერი… არ მეგონა, არ დაგიმალავ. ბევრი ვერ გაუძლებდა ამას, მით უფრო, შენი ასაკის ბავშვი. ყოჩაღი ხარ.
თაკოს გაეღიმა. ირაკლის პირიდან ნათქვამი «ყოჩაღი ხარ» უდავოდ დიდ კომპლიმენტს ნიშნავდა. უკან მოიხედა, იქვე მდგარ სკამს ხელი დაავლო, თავისკენ მოაჩოჩა და სახით მამაკაცისკენ დაჯდა, რომელიც კვლავ ფანჯარასთან იდგა.
- მოდი, გინდა, ღვინო დავლიოთ?
- შენ ხომ იცი, პატარა საოცრებავ, რომ მე მორიგეობაზე ვარ და არ შემიძლია, - მსუბუქად შეახსენა მან.
- მხოლოდ რამდენიმე ყლუპი, ამით არაფერი დაშავდება. მე ბოლომდე დავლევ, შენ კი უბრალოდ, მოსვი და მორჩა. მარტო იმისთვის, რომ მომიჭახუნო, კარგი? დავლიოთ იმ ბედისწერის სადღეგრძელო, რომელიც მე მიცავს…
ბოლოს და ბოლოს, ირაკლი ფანჯარას მოსცილდა და იქვე, კედელზე დამაგრებული ჟალუზები სათითაოდ გახსნა, რომ მთვარის შუქი შემოსულიყო… შემდეგ კარადა გამოაღო, სადაც რამდენიმე სახის საუკეთესო ღვინო ინახებოდა დაწნულ ერთლიტრიან ბოთლებში, გადმოიღო და ჭიქებიც მოაყოლა. მამაკაცი უსიტყვოდ ირჯებოდა, დინჯად მოხსნა საცობი ღვინის ბოთლს და ჩამოასხა.
- არ გცივა? - იკითხა და გოგონას შიშველ ფეხებს შეხედა.
- არა, - იცრუა თაკომ, აშკარად გაყინვოდა ფეხის თითები, რადგან სამზარეულოში კაფელი იყო დაგებული.
ირაკლიმ მეორე სკამი აიღო, მის მოპირდაპირედ დაჯდა და გოგონას შიშველ ტერფებს შეეხო. როცა ნახა, რომ პატარას ფეხები ცივი ჰქონდა, ორივე მუხლებშუა მოიმწყვდია, თბილ მუხლებშუა…
- მოხერხებულად ზიხარ ასე? - ყოველგვარი გამომეტყველების გარეშე იკითხა, თუმცა კი მსხვილი ნერწყვი გადააგორა.
თაკომ უსიტყვოდ დაუქნია თავი. ბნელი ოთახი ამ ყველაფერს უცნაურ ელფერს სძენდა -თითქოს რაღაცას ცვლიდა, რაღაცას აჯადოებდა… ამ წუთებში თაკოს ირაკლი სრულიად სხვანაირი ეჩვენა, სრულიად შეცვლილი… მართალია, იგი გულგრილ დამოკიდებულებას ინარჩუნებდა, მაგრამ… ახლა რომ დღის სინათლე ყოფილიყო, იგი არაფრით არ დაიდებდა მის ტერფებს მუხლებზე და მის გათბობას არ შეეცდებოდა. თაკო ამაში ღრმად იყო დარწმუნებული.
მამაკაცმა ჭიქა ასწია.
- შენს მფარველ ანგელოზს გაუმარჯოს.
გოგონამ სულმოთქმელად დალია. მამაკაცმა ტუჩები გაისველა მხოლოდ. მერე დაჟინებით დააშტერდა პატარა საოცრებას სიბნელეში.
- ჩემთან რამის სათქმელად მოხვედი?
- არა, უბრალოდ მოვედი. იმისთვის, რომ მარტო არ ვყოფილიყავი. მთელი დღე მარტო ვიყავი, მომბეზრდა… კიდევ დამისხი.
მან მოიტყუა, რადგან სიმართლის თქმა ვერ შეძლო… და რაღაც მომენტში თავადაც დაიჯერა თავისივე ნათქვამი - მას უბრალოდ, ირაკლისთან ჭორაობა მოუნდა, მეტი არაფერი…
და კიდევ - დალევა.
- მოიცადე, - თქვა უცებ მორიელმა, - კიდევ ერთხელ დავივლი სახლს და ახლავე დავბრუნდები, - და მისი ფეხები ფრთხილად ჩამოიღო მუხლებიდან.
მერე ადგა და გავიდა.
დაახლოებით ათი წუთი დარჩა თაკო მარტო. როცა მორიელი დაბრუნდა, ფლოსტები და ხალათი მოაყოლა მისთვის.
და მეტჯერ არ უცდია პრინცესას ფეხების მუხლებზე დაწყობა. ან კი რატომ, როცა თბილი ფლოსტები მოიტანა, ხოლო თბილმა ხალათმა სხეული გაუთბო? პირადმა მცველმა ალბათ ჩათვალა, რომ ნახევრად შიშველი გოგონა «უწესოდ» გამოიყურებოდა. ან იქნებ, მხოლოდ იმიტომ მოუტანა, რომ არ შესცივებოდა?
რატომ ჰგონია მას, რომ ირაკლი მისი ხელის ერთი გაქნევით ჩაუვარდება ფეხებში და მის ყველა სურვილს მორჩილად შეასრულებს? ის ამაყია, როგორც გადაწყვეტს, ისე მოიქცევა, ქალის დაკრულზე არც ადრე გაუვლია და არც ახლა გაივლის. ქალის კი არა _ ბავშვის.
თაკომ მეორე ჭიქაც სულმოუთქმელად გამოსცალა და მესამე მოითხოვა. ირაკლიმ ოდნავ შეაყოვნა, მაგრამ მაინც დაუსხა.
- შენ რა, დათრობა გინდა?
- აჰა, - დაუდასტურა თაკომ, - მინდა, რომ არაფერზე ვიფიქრო.
მესამე ჭიქა სვენებ-სვენებით დალია, თან ლაპარაკობდა, თავადაც არ იცოდა, რაზე. მორიელი ხმას არ იღებდა, მხოლოდ უსმენდა სიბნელეში, ამიტომ თაკოს მისი სახის გამომეტყველების გარჩევა უჭირდა.
- კიდევ დამისხი.
- გეყოფა, პატარავ. წამოდი, დავიძინოთ.
ის მბრძანებლობდა მასზე… ხედავ, როგორ «გაბლატავდა»? რა უფლებით? ვინ არის ირაკლი, რომ მას უბრძანოს, ეყოფა თუ არ ეყოფა დალევა? ვინ ეკითხება? იგი მხოლოდ დაქირავებული პირადი მცველია და მორჩა!
თაკო დათვრა.
- დამისხი, რომ გეუბნები!
მამაკაცი დინჯად წამოდგა, გოგონას ხელი დაავლო, აიტატა და ასე წაიყვანა საძინებლისკენ. პრინცესა კისერზე ჩამოეკიდა და თვალდახუჭულმა თავი მხარზე დაადო. მისი მძიმე ნაბიჯები სარწეველასავით არწევდა თაკოს. თითქმის ეძინა, როცა მორიელმა გოგონა საწოლზე მიაწვინა. მან ოდნავ გაახილა თვალები და ძილმორეულმა დაიჩურჩულა: «ცოტა ხნით დარჩი ჩემთან, კარგი»? - და მალევე ჩაეძინა.
7 7 7
მეორე დილით თაკოს ცუდ გუნებაზე გაეღვიძა, ნაბახუსევს თავი სტკიოდა. სააბაზანოში შევიდა, წყალი გადაივლო, ლამის მთელი ბოთლი «ნაბეღლავი» დაცალა, მაგრამ არაფერმა უშველა. ირაკლის წესიერად არც მისალმებია, კვლავ ოთახში აბრუნდა და ძილს მისცა თავი.
შუადღე გადასული იყო, თვალი რომ გაახილა. მოშიებოდა. სამზარეულოში ჩავიდა. ირაკლი არსად ჩანდა. მაცივარი გამოაღო, დაჭრილი სალათა და ყველი გამოიღო, პური მოიჭრა და ჭამას შეუდგა. ესიამოვნა ცივი სალათა. როცა დანაყრდა, ცივი ყავაც დააყოლა და კმაყოფილი ჰოლში გამოვიდა. ირაკლი დივანზე წამოწოლილიყო და ჭერს მიშტერებოდა. მის დანახვაზე წამოჯდა და თვალებზე მოისვა ხელი.
- როგორ ხარ? - მზრუნველად ჰკითხა.
- კარგად, რატომ უნდა ვიყო ცუდად?
- მერედა, ვინ გითხრა, ცუდად ხარო?
- არც არავინ, - დაიბნა თაკო და ფეხებმოკეცილი სავარძელში მოკალათდა.
- ასე ცხოვრება არ შეიძლება, პატარავ… რატომ ერთხელ მაინც არ ჩართავ ტელევიზორს? მერე კიდევ, რატომ ხევ ამ შენს ესკიზებს? ვის გაუგონია ასე მოქცევა? დახატავ, დახევ, დახატავ, დახევ… არადა, რამდენიმე ვნახე და ძალიან მომეწონა. გინდა, ვინმეს წავუღო და ვაჩვენო?
- არა! - შეყვირა გოგონამ მთელი ხმით, - არ მინდა! არაფერი არ მინდა! იმდენი ხანია, ჩემს მოკვლას ცდილობენ, ასე მგონია, უკვე მკვდარი ვარ. არავინ და არაფერი არ მინდა. მარტო ყოფნა მირჩევნია! ასე უკეთესია!
- აბა, ერთი წამით დაფიქრდი, რას ამბობ… შენ ცოცხალი ხარ, ახალგაზრდა, ლამაზი… ჯერ ყველაფერი წინ გაქვს.
თაკომ უიმედოდ გაიღიმა მხოლოდ და წამოიწია, წასვლა დააპირა. ირაკლი მიეჭრა და მაჯები დაუჭირა.
- არა, არ წახვიდე! რატომ გაურბიხარ ამ თემაზე საუბარს? იმიტომ, რომ ცხოვრება მოგბეზრდა და დეპრესიამ შეგიპყრო? დეპრესიაში უკეთ გრძნობ თავს? ეს ხომ ძალიან ადვილია, პრინცესა, ნურაფერს გააკეთებ და მორჩა!
მამაკაცი შეგნებულად ლაპარაკობდა ასე, რათა გოგონა კამათში გამოეწვია, ან გაებრაზებინა სულაც, ოღონდ კი მისი დაღონებული სახისთვის არ ეყურებინა საათობით.
- მოგწონს, რომ იტანჯები, არა? დრამის მთავარი მოქმედი გმირი გგონია თავი, არა? როგორც კინოში, ხომ?
თაკოს თვალებში უფრო და უფრო იგრძნობოდა გაკვირვება. ირაკლის მოეჩვენა, რომ ცოტაც და იგი აფეთქდებოდა… შენ ვინ ხარ, რა უფლებით მიკითხავ მორალსო, მაგრამ მისდა გასაკვირად, გოგონამ ფართოდ გაიღიმა.
- შენ კარგი კაცი ხარ, ირაკლი, მაგრამ… ძალიან ეშმაკი… თვითონაც არ იცი, რა დონის ეშმაკი ხარ. აი, შენმა ჭინკებმა კი ყველაფერი იციან.
მამაკაცი შეცბა. მზერა აარიდა და თავისთვის ჩაიბურტყუნა.
- რატომ ამბობ ამას. შენ გგონია, არ მაწუხებს, ასეთ სევდიანს რომ გხედავ? - და მის თვალებში ახმაურებული ჭინკები წამით მიიმალნენ.
ახლა კი იფეთქა თაკომ.
- გაწუხებს? შენ გაწუხებს? რას მელაპარაკები, მართლა? ერთი უყურე, რაში ყოფილა საქმე! მერე? რას აკეთებ იმისთვის, რომ გაწუხებს? არ იცი, რატომ ვარ ასე? არ იცი, რა არის ჩემი სევდის მიზეზი? ვერ ხვდები, რას ვდარდობ? თუ გინდა, მაინცდამაინც მათქმევინო? იქნებ ეს განიჭებს სიამოვნებას? ჩემი ხვეწნა-მუდარა? კარგი, ბატონო, ამაზეც თანახმა ვარ და გეტყვი, რომ მე შ…
- არ გინდა, პატარავ, არ გაბედო! - გაფრთხილების ნიშნად საჩვენებელი თითი გაფშიკა პირადმა მცველმა და ცხვირწინ დაუტრიალა გოგონას, - ხმას ნუ მიწევ! ადი შენს ოთახში, მეც მალე მოვალ და იქ ვილაპარაკოთ, - ბოლო სიტყვები ხმადაბლა წარმოთქვა და გარეთ გავიდა.
თაკოს სიბრაზისგან მხრები უცახცახებდა, მაგრამ იმდენად გააოგნა პირადი მცველის საქციელმა, რომ ნირი წაუხდა. მერე წამიერად მიიღო გადაწყვეტილება და ტელეფონს ეცა. გიოსთვის უნდოდა დაერეკა და ეთქვა, დაეთხოვა ირაკლი სახლიდან. ის იყო, ნომერი აკრიფა და ზუმერს დაელოდა, რომ შემობრუნებული მორიელი პირდაპირ მაჯაში წვდა.
- გითხარი, არ გაბედო-მეთქი! ადი მაღლა! - ისეთი ხმით წარმოთქვა მამაკაცმა, გოგონა უძლური აღმოჩნდა, წინააღმდეგობა გაეწია. მხრებაწურული წამოდგა და კიბეს თავდახრილი აუყვა.
რამდენიმე წუთიც და ირაკლიც უკან მიჰყვა. როცა მის საძინებელში შევიდა, თაკო ოთხად მოკეცილი დახვდა საწოლზე. იგი ერთიანად კანკალებდა.
- რა გემართება, პატარავ, რა გჭირს? - მიეჭრა მამაკაცი.
- მცივა, - დაიჩურჩულა თაკომ და კიდევ უფრო მოიკუნტა.
მორიელს ეჭვი შეეპარა გოგონას ნათქვამში. ეს, უბრალოდ, მიზეზი იყო, მამაკაცი ლოგინში შეეტყუებინა, მაგრამ მაინც დაუყვავა, იქვე დაგდებული პლედი აიღო და მოახურა.
- ეს დაიფარე, გაგათბობს, - რაც შეიძლებოდა, თბილად უთხრა და გატრიალდა.
სანამ კარს მიუახლოვდებოდა, გზაში თაკოს გესლიანად ნათქვამი სიტყვები დაეწია.
გაგრძელება იქნება