- რა საცოდავი ხარ, რომ იცოდე! განა რა შეგიძლია? შენს ახალგაზრდობაში ხომ სექსზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ! საინტერესოა, როგორი ერთობოდი იმ ქალთან, ჩემამდე რომ გყავდა? ვხედავ, რომ გეშინია. ისიც ვიცი, რისიც გეშინია! საკუთარი ასაკის. სიბერემ მოგიკაკუნა ალბათ! ამიტომაც გამირბიხარ!
ირაკლი შედგა. მოწოლილი სიბრაზე ყელში ბურთივით გაეჩხირა. ამწუთას როგორ გემრიელად მიტყეპავდა ამ გომბიოს! გაბრაზდა… მერედა, როგორ გაბრაზდა! რა დიდი სიამოვნებით უჩვენებდა ახლა, რა შეეძლო, მაგრამ…
- ტყუილად თამაშობ წესიერი და კეთილშობილი რაინდის როლს, ბატონო ირაკლი! - არ ცხრებოდა თაკო, - კარგად ვხედავ, როგორ მიყურებენ შენი თვალები. რაც უნდა მალო, ისინი ჩემში ქალს ხედავენ მხოლოდ, ქალს, რომელსაც უდიდესი სიამოვნების მონიჭება შეუძლია შენთვის. ტყუილად მალავ მაგ მზერას. გგონია, ვერ ვხვდები, როგორ იტანჯები ღამღამობით ჩემი სიახლოვის სურვილით? მაგრამ არა, ჯერ საკუთარ თავში გინდა გაერკვე, სერიოზულია თუ არა შენი გრძნობა ჩემ მიმართ. მართებულია თუ არა შენი დამოკიდებულება ჩემდამი. მამაჩემს რა პასუხი უნდა გასცე მერე! შენ ხომ ყველაფერს სერიოზულად უდგები, ამჩატება არ გმართებს «ამ ხნის კაცს», პირადი მოვალეობა არ გაძლევს უფლებას, გრძნობებს აჰყვე, გონებით უნდა მოქმედებდე და არა გულით. ასე არ არის?
- მერედა, შენ რა? - მოტრიალდა განრისხებული ირაკლი, - ვცხოვრობ ისე, როგორც სწორად მიმაჩნია. ეს ჩემი საქმეა და შენ არ გეხება.
- მე რა-ა? მე ის, რომ ჭკუაზე მშლის შენი კეთილსინდისიერება! შენი რკინა-ბეტონის წესიერება მაცოფებს, მისი დამტვრევა მინდა, მისი გაცამტვერება! შენს სულს მინდა თავისუფლება მივცე!
- ჰმ, შენი აზრით, თავისუფლება და წესიერება შეუთავსებადია ერთმანეთთან?
- არა, რა თქმა უნდა, მაგრამ… გული მერევა, როცა ვხედავ, როგორ იტყუებენ შენნაირები თავს. გამოტყდი, რომ მართალი ვარ. გამოტყდი, რომ გინდივარ და გამუდმებით ჩემზე ფიქრობ და რომ უბრალოდ, თავს არ აძლევ ამის უფლებას. მხოლოდ ერთი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო, რომ ჩემ გვერდით აღმოჩნდე. შენ კი… გეშინია ამ ერთი ნაბიჯის… - ამის თქმაზე თაკო ლოგინიდან ჩამოხტა, ხელის ერთი გაქნევით გაიხადა ტანთ და სრულიად შიშველი, გამომწვევი მზერით წინ აესვეტა პირად მცველს.
ქალი უხმობდა მამაკაცს…
ირაკლიმ თვალები დახუჭა… მერე გაახილა… რომც ნდომებოდა იმ ერთი ნაბიჯის გადადგმა, ვერ შეძლებდა, იმდენად შებოჭა ქალის შიშველი სხეულის სიახლოვემ. ვერც ადგილიდან დაძვრას ახერხებდა, ვერც თავისუფლად სუნთქვას.
- ახლა კი… თქვი უარი ჩემზე, თუკი შეგიძლია. მხოლოდ მაშინ გაუტოლდება შენი წესიერება ვაჟკაცობას.
მამაკაცი შეტორტმანდა. წამით თვალთ დაუბნელდა, თავბრუსხვევა იგრძნო და იმდენად ცუდად გახდა, რომ არა თაკო, იატაკზე გაიშხლართებოდა. გოგონამ ხელები შეაშველა მორიელს და შიშველ ტანზე მიიხუტა. პირადმა მცველმა თავი მის ყელში ჩარგო და გოგონას სხეულის მონატრებული სურნელი შეისრუტა…
ირაკლი მალევე მოეგო გონს და მკლავები მჭიდროდ მოხვია წელზე.
თაკო უკვე აღარაფერს ლაპარაკობდა. ყველა სიტყვა გაუფრინდა, გაქრა, გაექცა. მის ხელებში თავს დაცულად გრძნობდა. ნეტარების ტალღამ გაუთბო სხეული. არაფერზე ფიქრი არ სურდა, არც ლაპარაკი უნდოდა. უკვე აღარ იყო გაბრაზებული, განრისხებული და გააფთრებული. ამწუთას მხოლოდ სურვილისგან აცახცახებდა. ფეხის წვერებზე აიწია და ლოყა მკერდზე მიაბჯინა. მამაკაცის სითბო მასში გადმოიღვარა.
- მიყვარხარ, პატარავ, - ეს ირაკლიმ წარმოთქვა.
- შენთან მინდა… - ეს თაკო იყო…
ორი ერთმანეთში ჩახლართული სხეული იატაკზე დაეშვა…
7 7 7
- თაკო, გაიღვიძე?
ირაკლიმ თავი წამოსწია და მიმოიხედა, მაგრამ არავინ უპასუხა. მის გვერდით ლოგინი ცარიელი იყო. თავი ისევ დადო ბალიშზე და თვალები დახუჭა.
ჯერ კიდევ ყოყმანობდა…
წუხელ, თაკომ დაიძინა თუ არა, ფიქრებს მიეცა. რამდენიმე ვარიანტი მოსინჯა, როგორ დაეღწია თავი ამ რთული სიტუაციიდან, რა უფრო უკეთესი გამოსავალი იქნებოდა. მართალია, ძალიან უმძიმდა, მაგრამ მაინც უკიდურეს არჩევანზე შეჩერდა. სხვანაირად ყველაფერს გააფუჭებდა…
უცებ გამოღებულ კარში თმაგაწეწილი და ნამძინარევი თაკო გამოჩნდა მოკლე, თეთრი ატლასის პერანგში გამოწყობილი. ისეთი ლამაზი და მიმზიდველი იყო ამ სამოსში, ირაკლის სულის შეძვრამდე მოუნდა მისი ჩახუტება. ძლივს შეიკავა თავი, რადგან გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა.
- დილა მშვიდობისა, - ჩაიბურტყუნა მორიელმა.
- აჰა, - უცნაურად მიესალმა გოგონა.
- იქნებ საუზმე მომიმზადო, მე უნდა წავიდე.
- რატომ ისევ მე? გუშინ მე არ მოვამზადე?
- გუშინ შენ შენთვის მოიმზადე და არა ჩემთვის. ახლა კი გთხოვ, ჩემთვისაც გაისარჯო, -თქვა პირადმა მცველმა.
მას, რა თქმა უნდა, თავადაც შეეძლო ამის გაკეთება, მაგრამ ამწუთას თაკოს ნახელავის გასინჯვა უნდოდა, კიდევ ერთხელ სურდა შეეხედა, როგორი მოუხეშავი იყო გოგონა სამზარეულოში, როგორ მოუხერხებლად ხმარობდა დანას, როგორ ემსხვრეოდა ჭურჭელი, ესხმებოდა წყალი, ეხრუკებოდა კერძი, როცა დიასახლისობას ცდილობდა.
- წინდებიც ხომ არ გაგირეცხო? - გაღიმებული თაკო საწოლზე ჩამოჯდა.
- კარგი აზრია, მივესალმები! შეგიძლია ამ სულისკვეთებით გააგრძელო.
- რა მოგიმზადოთ, ბატონო? - ეშმაკურად შეხედა პატარამ და მის თვალებში ჩამსხდარ ჭინკებს დააკვირდა, რომლებიც, მისდა გასაოცრად, უცნაურად გასუსულიყვნენ, თითქოს ემალებოდნენ თაკოს მოცინარ სახეს.
ცუდად ენიშნა გოგონას ეს. თავი ნელა მიატრიალა და მამაკაცის მკლავზე გაწოლილ მორიელს დააშტერდა. სვირინგი თითქოს საკბენად იყო გამზადებული, თითქოს შხამის დანთხევას აპირებდა. გამოუცნობმა შიშმა აიტანა.
კვლავ გაიხედა პირადი მცველისკენ.
- თაკო, - დაასწრო და ყრუდ წარმოთქვა ირაკლიმ, მის გამჭოლ მზერას ვერ გაუძლო და განზე გაიხედა, - მე მივდივარ აქედან, გიგამ გამომიძახა. უნდა წავიდე, მას უფრო სერიოზული საქმისთვის ვჭირდები. შენი დატოვება მომიწევს. ჩემს ადგილს ალბათ სხვა დაიკავებს…
- ვერ გავიგე, რას ნიშნავს ეს ყველაფერი? - თაკოს ხმა წაერთვა, სახეზე მიტკლისფერი დაედო.
- ვფიქრობ, გასაგებად აგიხსენი, - ყრუდ წარმოთქვა ირაკლიმ.
- რატომ? მერე მე? მათ არა აქვთ ამის უფლება!
- შენთან საიმედო ადამიანს გამოვგზავნი. შენ მას შორიდან იცნობ.
- ვის, ვის გამოგზავნი?! ვინ შეძლებს ჩემ დაცვას შენ გარდა! ყვე…
- მარი დაგიცავს, ჩემი დისშვილი, - გააწყვეტინა მამაკაცმა, - მე ამაზე ბევრი ვიფიქრე. ის მომზადებული კადრია, გარწმუნებ. თანაც, თვალდახუჭული ვენდობი. გარდა ამისა, დიდი ხანია ოცნებობს ასეთ სამსახურზე.
- მაგრამ მას გამოცდილება არა აქვს.
- სამაგიეროდ, გამუდმებით იღებდა ჩემგან ინსტრუქციებს. ზედმიწევნით აქვს შესწავლილი ყველა დეტალი, რაც ამ საქმეში გამოადგება. შეგიძლია ენდო. თუმცა… თუ არ მოგწონს ჩემი კანდიდატურა, დაურეკე გიგას და სხვას გამოგზავნის.
- მაგრამ… რატომ შენ არა, რა შეიცვალა? რაში მჭირდება სხვა, როცა შენ არსებობ?
- ეს ჩემზე არ არის დამოკიდებული. მათ მე ვჭირდები.
- მატყუებ! შენ ხომ საერთოდ არ მუშაობდი ასეთ საქმეებზე! გიომ მითხრა, ჩემი ხათრით დათანხმდა, თორემ არ წამოვიდოდა, კარგა ხნის წინ გაანება თავი პირად მცველობასო.
- ასეც იყო, მაგრამ რაც მამაშენთან მუშაობა დავიწყე, ბევრი რამ შეიცვალა.
თაკომ ზურგი შეაქცია. ხვდებოდა, მამაკაცი რომ იტყუებოდა, არ სჯეროდა მისი. მიზეზი მხოლოდ ერთი იყო - ირაკლის მისგან წასვლა სურდა.
- რადგან ასეა… - მორჩილად დახარა თავი გოგონამ, წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ ჰქონდა.
მორიელმა სიმწრისგან მუშტები შეკრა.
- როდის უნდა წახვიდე?
- როგორც კი ჩემს ნივთებს მოვაგროვებ, დაახლოებით თხუთმეტ წუთში.
«ახლავე? თხუთმეტ წუთში? ნუთუ ერთი სული აქვს, როდის გაიქცევა ჩემგან?» - გაიფიქრა სასოწარკვეთილმა, მაგრამ ხმამაღლა სულ სხვა რამ თქვა.
- კარგი. იმის უფლება მაინც მომეცი, გაგაცილო. იმედია, ჩაცმას მაცლი.
როგორც კი ირაკლი გავიდა, თაკომ გიოს მობილურის ნომერი აკრიფა და მამის მეგობარს დაელაპარაკა. გაიგო ის, რისი გაგებაც სურდა. ირაკლი არავის გამოუძახებია, არავის ის არ სჭირდებოდა, მით უმეტეს - გიგას. მოატყუა. ახლა ყველაფერი გასაგებია.
თაკომ იცოდა, ადრე თუ გვიან, მისი და ირაკლის ურთიერთობა ისედაც გართულედებოდა. და ეს მაშინ მოხდებოდა, როცა მამამისი გაიგებდა მათი რომანის შესახებ. გურამი არასდროს დათანხმდებოდა, რომ თითქმის მისი ასაკის ვიღაც დაქირავებული პირადი მცველი მისი სიძე გამხდარიყო. ქვეყანას დააქცევდა და ამას არ დაუშვებდა. ირაკლიმ ეს კარგად იცოდა, ამიტომაც გადაწყვიტა ასე, ამიტომაც დაასწრო გურამს.
ყოჩაღ! აქამდე არ სცოდნია თაკოს, ვისთან ჰქონია საქმე! მშიშარა! მხდალი! ლაჩარი! ჰმ, თურმე რა ეშმაკი ყოფილა, რა დიპლომატიური ტრიუკი გააკეთა?! რა მოხერხებულად დაიძვრინა თავი უხერხული სიტუაციიდან? რა ჭკვიანურად აირიდა თავიდან მოსალოდნელი გართულებები? არ მოუწევს რთული ახსნა-განმარტებების მიცემა გურამისთვის. გოგონა მიხვდა, რომ მორიელი არა მხოლოდ მას, პირველ რიგში, საკუთარ თავს გაექცა…
წყენის ცრემლებმა თვალები დაუბინდა. უნდოდა, ეყვირა, გემრიელად გამოელანძღა საყვარელი ადამიანი, მაგრამ პატივმოყვარეობა ამის უფლებას არ აძლევდა. არ უნდა, ეხვეწოს, თავი დაიმციროს. იცის, მაინც ვერაფერს მიაღწევს. ირაკლი გააკეთებს იმას, რასაც თავად მიიჩნევს საჭიროდ და ვერავინ სხვა, თუნდაც თაკო, მასზე ზეგავლენას ვერ მოახდენს…
თხუთმეტი წუთის შემდეგ გოგონამ ცივად აკოცა თავის მფარველს ლოყაზე და თავაზიანად დაუქნია ხელი, როცა მისი ჯიპი ჭიშკარში გავიდა. იმავდროულად, მეორე მანქანა მოადგა ეზოს. საჭესთან გიგა იჯდა, მის გვერდით კი - ახალგაზრდა, ლამაზი ქალი.
«ეს ალბათ მარია… როდის მოასწრო მასთან დაკავშირება?» თუმცა რა, თვითონ თუ შეეძლო გიოსთან დარეკვა და ყველაფრის გარკვევა, ირაკლის რატომ უნდა გასჭირვებოდა? ბოღმისგან ქვედა ტუჩი მოიკვნიტა. მორიელი დაახლოებით ოცი წუთი ელაპარაკებოდა მოსულთ. თაკოს სიტყვები არ ესმოდა, მაგრამ გრძნობდა, მამაკაცი გიგას და მარის საქმის არსს რომ უხსნიდა. მერე ხელი აუწიეს ერთმანეთს და ჯიპი კვლავ დაიძრა, შავი «ოპელი» კი ეზოში შემოვიდა. მანქანიდან პირველი მარი გადმოვიდა, ჯინსის შარვალსა და მოკლე შავ მაისურში გამოწყობილი. ბიჭურად შეკრეჭილი თმა და მზემოკიდებული მკაცრი ნაკვთები მის სახეს სინაზეს უკარგავდა, მით უმეტეს, არც თვალები ჰქონდა დახატული და არც მაკიაჟი გაკეთებული.
გიგამ თბილად მოიკითხა თაკო, მარი გააცნო და ორივეს შინ შესვლა სთხოვა. გამომძიებელი დიდხანს საუბრობდა…
თაკოს ერთი სიტყვაც არ გაუგია მისი ნათქვამიდან. ფიქრებით ირაკლის დასტრიალებდა. მხოლოდ მაშინ გამოერკვა, მარიმ მეგობრულად რომ გაუღიმა.
- იმედია, გაუგებთ ერთმანეთს. ჰო, კიდევ რა უნდა მეთქვა, თაკო… საღამოს თქვენი მოსამსახურე მოვა. რა ჰქვია? ბარბალე… რა უცნაური სახელია… და დროებით თქვენთან იცხოვრებს… სანამ საჭირო იქნება. ასეა მოითხოვა საქმემ და არ შემეპასუხო, ძალიან გთხოვ. თქვენ ქალები ხართ, ორივეს თქვენ-თქვენი საქმე გაქვთ. შეიძლება ჩხუბიც კი მოგივიდეთ სადილის მომზადებაზე… რა ვიცი, კაცნი ვართ… ეს ისე, ხუმრობით, მაგრამ ბარბალე მაინც მოვა… აუცილებლად. აბა, წავედი და თქვენ იცით. თუ რამეა, დამირეკეთ ან მე, ან ირაკლის. მარტო არ ხართ, მთელი არმია გიცავთ გარედან. მარი, არაფრის შეგეშინდეს. როგორც დაგარიგე, ისე მოიქეცი. სულ რამდენიმე დღე და…
როგორც იქნა, გიგა წავიდა. მარი და თაკო მარტონი დარჩნენ. თაკოს მოეწონა ახალმოსული… ახალმოსულსაც მოეწონა თაკო, მაგრამ გოგონას ახლა გამოლაპარაკების არც თავი ჰქონდა, არც სურვილი. უსიტყვოდ შეაქცია ზურგი მარის და მეორე სართულისკენ ამავალ კიბეს აუყვა. საძინებელში შევიდა, კარი მჭიდროდ მოიხურა და საწოლზე მიესვენა.
გაგრძელება იქნება