მომღერალი სოფო ბათილაშვილი ფართო საზოგადოებამ პოპულარული შოუ „იქს ფაქტორიდან“ გაიცნო, მოგვიანებით კი მან მონაწილეობა პროექტ „მხოლოდ ქართულში“ მიიღო და გამორჩეული ხმის ტემბრითა და შესრულებით საზოგადოებას თავი კიდევ უფრო შეაყვარა. მუსიკალურ კარიერასთან ერთად, სოფო ბათილაშვილმა ერთ-ერთ ტელეარხზე წამყვანის ამპლუაც მოირგო და ყოველ დილით მაყურებელს ეკრანიდან ესალმება.
სოფო ბათილაშვილი თათია შარანგიას გადაცემა „სთორის“ სტუმრობდა. მომღერალმა საკუთარი ცხოვრებისა და კომპლექსების შესახებ გულახდილად ისაუბრა და არაერთი აქამდე უცნობი დეტალიც გაამხილა: „მეგონა, რომ დიდი ყურები მქონდა და უშნო იყო. ახლა ვთვლი, რომ რაც უნდა უზარმაზარი იყოს ჩემი ყურები, არ არის პრობლემა. გაშლილ თმას ვატარებდი ხშირად, იმიტომ, რომ ყურები არ გამოჩენილიყო. გარეგნობასთან დაკავშირებული კომპლექსები დაძლეული მაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ იმასთან არ იყო დაკავშირებული, რომ ვიღაც დამცინებდა. არ მინდოდა ყურადღების ცენტრში ყოფნა. დღემდე არ მინდა, სცენის მიღმა, ვიყო ყურადღების ცენტრში. აბსოლუტურად სხვა ვარ სცენაზე და რეალურ ცხოვრებაში. ქუჩაში როცა მივდივარ, მირჩევნია, რომ უხილავი ვიყო. არასდროს მაქვს მოთხოვნილება, რომ მეგობრების წრეში ცენტრალიზებული ფიგურა ვიყო. მირჩევნია, ჩვეულებრივი ვიყო, არაფრით გამორჩეული. მაშინ, როცა გარეგნობასთან დაკავშირებულ კომპლექსებს ვებრძოდი, სცენაზე არ მახსოვდა არაფერი. არ ვიცი, ეს როგორ ხდება. სცენაზე ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, აუხსნელია ეს. ყველაზე მეტად, რასაც ვაფასებ, არის ადამიანების ემოციები ჩემ მიმართ. ძალიან პატარა მჭირდება იმისთვის, რომ გადავივსო. დღესაც ვფიქრობდი, როგორ მივიდე გადაცემაში-მეთქი. მეგონა, რომ არაფერი მაქვს მოსაყოლი. დღესაც ვიხსენებ ხოლმე ჩემს სახელსა და გვარს და ვიმეორებ ხოლმე, რომელია ჩემი საყვარელი ფერი, მომღერალი... არის ხოლმე პერიოდები, როცა საერთოდ ვერ ვხედავ ჩემს თავს და არ მომწონს. წლების მატებასთან ერთად ის შეიცვალა, რომ ნაკლებია ასეთი დღეები“ - ამბობს სოფო ბათილაშვილი.