"ჩემს გმირს ჯერ ხასიათი არ გამოუვლენია. ის ერთი შეხედვით მშვიდ, ბედის მომლოდინე გოგოს ჰგავს, თუმცა ინსტინქტით მალევე ხვდება, მისი "პრინცი" რომელი "ზღაპრიდან" მოვიდა. ლელა გონიერია, საჭირო დროს თავდაჭერილიც", - ამბობს მსახიობი ნანცო ცხვირაშვილი. როგორ მოხვდა იმერელი გოგოს როლზე სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები", როგორ იხსენებს გადასაღებ მოედანზე მუშაობის პირველ დღეს, რა მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში ან რა არ მოსწონს, რას მალავს და რა ვერ ისწავლა დღემდე? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ (რესპონდენტის პასუხების სტილი დაცულია).
- დაბადების
თარიღი...
- ...1989 წელი, 31 მარტი.
- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...
- ...ის, ვინც გამოვედი – მსახიობი.
- ჩემზე ამბობენ...
- ...გაცნობამდე – უკარებააო, გაცნობის შემდეგ – ადამიანების მოყვარული და მზრუნველი.
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...
- ...ისეთ ტკივილებს, რომლებმაც ვერ გამზარდა, გამოვტოვებდი.
- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...
- ...ერთგულება.
- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...
- ...საკუთარ გადაწყვეტილებაზე მყარად დგომა.
- ვამაყობ...
- ...ჩემი კეთილი სურვილებით, სამყაროსა და ადამიანების მიმართ.
- ბოლოს ვიტირე...
- ...ხანგრძლივად - მამის გარდაცვალების დროს.
- მენატრება...
- ...უსაფრთხო ყოველდღიურობა, ხალხმრავალი ქუჩები, სიცოცხლის უშიშრად შეგრძნება.
- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...
- ...ვცდილობ მარტომ გადავიტანო.
- როგორ მოხვდი ამ სერიალში? მანამდე მაყურებელი იყავი?
- კეთილი ადამიანებით. ეს - შედეგის შეფასებით. რეალურად კი, ზუსტად ისე, როგორც ალბათ ბევრი სხვა. ქალბატონმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა. ჩავწერე შესარჩევი ვიდეო და გავგზავნე. თეკლა ჯავახაძემ გამიწია რეკომენდაცია და ფაქტია, რომ დღეს ჩცდ-ს ნაწილი ვარ, რაც ძალიან, ძალიან მახარებს.
- როგორი პარტნიორია ბუბა?
- ძალიან კარგი. თუ დღეს თქვენ და პრესის სხვა წარმომადგენლებს ჩემს პერსონაჟზე კითხვები უჩნდებათ, თუ ვინმესთვის იყო საინტერესო ჩემი გმირი, ეს პარტნიორის დამსახურებაა. მე კამერასთან მუშაობის გამოცდილებით არ მივსულვარ ყველაზე რეიტინგული სერიალის შემოქმედებით ჯგუფთან, რადგან თეატრის მსახიობი ვარ. ასე რომ, იქაური გარემო, უპირველესად, ბუბა და დანარჩენები იყვნენ ჩემი წარმატების შემოქმედები.
- ძალიან დამაჯერებლად თამაშობ, რას იტყვი შენს პერსონაჟზე, როგორია შენი თვალით დანახული ლელა? პიროვნული თვისებებიდან მასთან საერთოს პოულობ?
- ალბათ ჩემს გმირს ჯერ ხასიათი არ გამოუვლენია. ის ერთი შეხედვით მყუდრო, ბედის მომლოდინე გოგოს ჰგავს, თუმცა ინსტინქტით მალევე ხვდება, რომელი „ზღაპრიდან“ მოვიდა მისი „პრინცი“. გონიერია. საჭირო დროს თავდაჭერილიც. და ვფიქრობ, არაერთგვაროვანი განვითარება ელის მის პერსონალურ უნარებს. მოულოდნელობები ბევრად საინტერესოა. მე მასთან საერთო ბევრი არაფერი მაქვს და მით უფრო ველოდები სცენარის ახალ და ახალ თავს.
- სოციალურ ქსელში კომენტარებს ეცნობი? მაყურებლის აზრი რამდენად მნიშვნელოვანია?
- ჯერჯერობით ნაკლებად. ვცდილობ, არ გავხდე კომენტარებზე დამოკიდებული და შემოქმედებითი პროექტი რეალურ ცხოვრებად არ მომეჩვენოს. რაც შეეხება მაყურებლის აზრს, როგორ შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს.