ნინო კასრაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. ის ბევრისთვის საყვარელი მსახიობია, რომელიც ხშირად ჩანს როგორც ტელეეკრანებზე, ისე თეატრის სცენაზე. ნინო კასრაძე 1970 წლის 3 მარტს თბილისში დაიბადა, 1993 წელს კი შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ამავე წლიდან, წლების განმავლობაში, რუსთაველის თეატრის დასში ირიცხებოდა. მას არაერთ ცნობილ ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლში აქვს მონაწილეობა მიღებული, მაგალითად, „ორფეოსის სიკვდილი“, „გასეირნება ყარაბაღში“, „ირინეს ბედნიერება“, „მაკბეტი“, „ჰამლეტი“ და სხვ. ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი კი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ შესრულებული როლით გახდა.

სულ ცოტა ხნის წინ ნინო კასრაძე დავით გორგილაძის გადაცემას სტუმრობდა და არაერთ მნიშვნელოვან თემაზე ისაუბრა, მათ შორის, გოგონების ძალით გათხოვებისა და მოტაცების შესახებაც: „მე ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს ურთიერთობა და გაგიკვირდებათ, რამდენი ქალი ჰყვება, რომ არის მოტაცებული. ვინმემ რომ მოგიტაცოთ თქვენ, ვიღაც ქალმა მოგიტაცოთ და მოგიწიოთ, რომ ძალით იცხოვროთ, იცხოვრებთ? ვიცი, სამჯერ მოიტაცეს გოგო, მესამედ დარჩა, მაგრამ არ არის ბედნიერი... ჩემი აზრით, ეს ტრაგედიაა. თქვენ არ ელით, რომ მე ამაზე ვილაპარაკებ, მაგრამ ერთი წუთით შეატრიალეთ ეს, თქვენი შვილებისთვის ხომ არ გინდათ ასეთი მომავალი?“ - ამბობს ნინო კასრაძე.