- ჰა, რა გადაწყვიტე? მივდივართ თუ არა ერთად?
- მივდივართ, - თავის დაქნევით მივუგე და საძინებლიდან გავედი.
ქეთევანი არსად ჩანდა, ალბათ, ეძინა. ისე, ძალზე ადრე კი მომიწია ადგომამ, რადგან მინდოდა სახლში მისვლაც მომესწრო, გამოცვლაც და სამსახურში არდაგვიანებაც.
- არ ვისაუზმოთ? - შემეკითხა გარეთ გამოსული გიორგი, შარვლის ელვა ჩემ თვალწინ შეიკრა და დოინჯი შემოიყარა.
- ასე ადრე არ ვსაუზმობ. ჩემთან რომ მივალთ, თუ გინდა, ყავა დავლიოთ. ბუტერბროდებსაც გავამზადებ.
- მშვენიერია, - თავისი საყვარელი სიტყვა მოიშველია და ჰოლისკენ გაემართა, თან გზადაგზა სქელი სვიტერის ყელს ისწორებდა.
ჩემთან გასულებმა ყავაც დავლიეთ და ტოსტერით მომზადებული ბუტერბროდებიც მივირთვით. მერე სწრაფად ჩავყარე სამგზავრო ჩანთაში რამდენიმე ხელი ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ტუალეტის ნივთები და ჩემმა ქმარმა უკან წამომიყვანა. გზაში ბევრი არ გვილაპარაკია. როგორც ჩანს, გვარიანი სიტყვაძუნწობით იყო დაჯილდოებული. მხოლოდ ის მითხრა, მშვენიერი ბინა გქონია, გემოვნებით მოწყობილიო.
ქეთევანი ისევ არ ჩანდა.
- დედაშენი სადაა? - ჩურჩულით შევეკითხე, როცა ჩემი ნივთების ამოლაგებას შევუდექი.
- დედას სძინავს. საერთოდ, გვიან დგება, რადგან გვიან წვება. ბუნებით ჭოტია.
- ეჰ, მეც სიამოვნებით ვიძინებდი დილაობით, რომ არა სამსახური.
- ჰოდა, ვინ გიშლის? დაადე იმ შენს სამსახურს და იძინე, სადამდეც გაგიხარდება, - ისევ შემომღიმა.
- არა, მუშაობის მიტოვებას არ ვაპირებ, - ჯიუტად ჩემსაზე დავდექი, - შინ ჯდომა საშინელებაა. ძალიან გთხოვ, ეს არასდროს დამიშალო.
- გააჩნია, როგორ მოიქცევი, - ამის თქმა და მომიახლოვდა, ხელები მხრებზე დამადო.
- რას ნიშნავს, როგორ მოვიქცევი?
- ბევრ რამეს. ამას მერე და მერე თვითონ მიხვდები. ახლა კი ერთი რამ მინდა გითხრა. რომ გაკოცო, შეიძლება?
ალმური წამეკიდა. სულაც არ მინდოდა ეკოცნა, მაგრამ არ ვიცოდი, უარის თქმა ღირდა თუ არა.
- ოღონდ არ მომატყუო, გულწრფელად მითხარი.
თვალი თვალში გავუყარე და რბილად მივუგე:
- გულწრფელად თუ ვიტყვი, დიდად არ მინდა.
- პასუხი გასაგებია. მაშინ რა ვქნათ დღეს მე და შენ? შენს ნაანდერძევ სახლში ხომ არ წავიდეთ? არ გაინტერესებს?
ამაზე სიამოვნებით დავთანხმდი, მასთან ერთად მცირე ექსკურსია არ მაწყენდა, უფრო ახლოსაც გავიცნობდი.
ცოტა ხანს შევიცადეთ, რადგან ჯერ ცხრა საათიც არ გამხდარიყო. მამამისზე ვილაპარაკეთ და მერე გზას გავუდექით.
რომ იცოდეთ, რა ლამაზი სახლი უჩუქებიათ ჩემთვის. მართალია, ჯერ გაზაფხული არ შემოსულიყო, მაგრამ ეზო მაინც ლამაზად გამოიყურებოდა. ვარდების შიშველი ღეროები ზამთარშიც ამაყად იწონებდნენ თავს. ჭიშკრიდან სახლის ექვსსაფეხურიან ზღურბლამდე თეთრი ფილაქანი ეგო. სახლიც თეთრად იყო გარედან შეღებილი და წითელი კრამიტის სახურავით გადახურული. გიორგიმ გამისწრო და შესასვლელი კარი გააღო. უდიდესი ინტერესით ვათვალიერებდი იქაურობას. შიგნითაც საოცარი სითეთრე დამხვდა. ტყემლის ყვავილებივით იყო გადაპენტილი ოთახები. გარდა იმისა, რომ ყველგან თეთრი ავეჯი იდგა, გადასაფარებლები და ფარდებიც თეთრი შეერჩია ვიღაცას.
- ვის უყვარს თეთრი ფერი? - დავინტერესდი.
- თეთრი მამაჩემის საყვარელი ფერი იყო.
- დედაჩემისაც, - ჩურჩულით წარმოვთქვი.
- ვიცი და ამიტომაც მოაწყო მამაჩემმა აქაურობა ასე. მისთვის გააკეთა ეს ყველაფერი. იმედი ჰქონდა, რომ დედაშენი ქმარს გაშორდებოდა და მას გაჰყვებოდა. ეს სახლიც საგანგებოდ მისთვის იყიდა, მაგრამ…
- მაგრამ დედაჩემმა ოჯახის დანგრევა არ ისურვა, - მისი დაწყებული მე გავაგრძელე, - არ მჯერა, რომ დედას მამაჩემის ღალატი შეეძლო.
- არც უღალატია. მამამ სიკვდილის წინ ყველაფერი მიამბო. მასთან ინტიმური ურთიერთობა რომ მქონოდა, ამ ანდერძს არ დავწერდიო, მითხრა, მაგრამ ჩვენ შორის არასდროს არაფერი მომხდარა, ორიოდე კოცნის გარდაო. მამა წესიერი კაცი იყო, ნაღდი ქართველი, ტრადიციების მოყვარული და ალალი.
- მაპატიე, შეიძლება უტიფრად მოგეჩვენოს ჩემი შეკითხვა, მაგრამ ტრადიციების მოყვარული კაცები ოჯახს ანგრევენ?
- იქ, სადაც სიყვარულია, ყველაფერი მოსულა. ეს ის გრძნობაა, რომელსაც ვერ დაუპირისპირდები. შეიძლება ცხრაასი სისულელე ჩაგადენინოს. - ამ სიტყვებით საოფისე მაგიდას მიუახლოვდა სასტუმრო ოთახში და მასზე შემოდებული ლეპტოპი ჩართო. კარგა ხანს იჩხირკედელავა მასში, მერე მიაგნო რომელიღაც დირექტორიას, ორჯერ დააწკაპუნა "თაგუნაზე" და გახსნა.
- აი, აქ გაუგზავნელი წერილებია. მამა დედაშენს წერილებს სწერდა, მაგრამ არ უგზავნიდა. როცა მოგესურვება, შეგიძლია წაიკითხო.
თვალი შევავლე ვორდის ფაილებს და ჩემდა უნებურად დავთვალე. დავთვალე და, აი, საოცრება! წერილების რაოდენობა ზუსტად 13 იყო.
განგება დამცინის-მეთქი, გავიფიქრე. მე კარგი, 13 ყველაფერში დაცდილი მაქვს, მაგრამ ამ კაცს რაღამ წამოუარა, 13 წერილი რომ გაუშანშალა დედაჩემს?
- ახლა შენი საძინებელი ვნახოთ. - მითხრა გიორგიმ, ლეპტოპი დაკეცა და ისევ წინ გამიძღვა გიდივით.
საძინებელშიც თეთრი ავეჯი იდგა, მაგრამ ორადგილიან საწოლზე წითელი ატლასის თეთრი ვარდებით მოჩითული გადასაფარებელი გადაეფარებინათ და ფანჯარაზეც ასეთივე შეფერილობის ფარდა ეკიდა. ქალის ტუალეტის სარკის მაგიდაზე თეთრი ლარნაკი იდგა, რომელშიც თეთრი ბუთქუნა ვარდები იწონებდნენ თავს, ცოცხალი ვარდები.
- ეს ვარდები შენია, ცამეტივე, - თქვა გიორგიმ, უკან დამიდგა და ხელები, როგორც დილით, ახლაც მხრებზე დამაწყო, თან ჩემი თმის სურნელი შეიყნოსა.
ჩემდა უნებურად შემაჟრჟოლა. მივხვდი, რომ მისი შეხება მესიამოვნა, მაგრამ გამაოგნა იმან, რომ ლარნაკში მაინცდამაინც 13 ვარდი იდო.
- რატომ ცამეტი? - ხმადაბლა ვიკითხე და სარკეს მივაჩერდი, რომლის ანარეკლშიც ორივე მოვჩანდით.
- იმიტომ, რომ მამაჩემს კარგად ჰქონდა დაცდილი 13 რიცხვი. დედაშენი 13 აპრილს გაიცნო და მას მერე ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ცამეტში იღებდა, ყველა ახალ საქმეს ცამეტში იწყებდა, ცამეტში გეგმავდა ყველაფერს, რაც აუცილებლად მიაჩნდა. იცი, რომ 13 დედაშენის საყვარელი რიცხვიც იყო?
შეკითხვამ გამაოგნა.
- მართლა? - ამის თქმაღა მოვახერხე.
- რა, არ იცოდი? უცნაურია. მე ვიცოდი, მამამ მითხრა. სწორედ მან მთხოვა, ნისას აქ რომ მოიყვან, 13 თეთრი ვარდი დაახვედრეო. მეც შევუსრულე ეს თხოვნა. გუშინ შევუკვეთე და მოვატანინე. აქ ერთი ქალი დადის, რომელიც აქაურობას ალაგებს და მას ვთხოვე, როცა მოიტანენ, ამ სარკესთან დადგი-მეთქი. ასე რომ, ეს ჯადოსნობა არ ყოფილა. არც რამე რომანტიკული. ჩვენ რომ შეყვარებულები ვყოფილიყავით, ამ ცამეტი ვარდის ფურცლებს საწოლზე დაყრილს დაგახვედრებდი. სამწუხაროდ, ჩვენ არ ვართ შეყვარებულები, ჩვენ ცოლ-ქმარი ვართ უკვე.
- ასე უფრო ორიგინალურია, - მივუგე, - ვარდის ფურცლებით მოფენილი საწოლი ცოტა ბანალური იქნებოდა, - და სარკეში გავუღიმე.
- მაშინ სხვა რამეში ვიქნები ბანალური, - თქვა უცებ, თავისკენ შემომატრიალა, მკლავები ძლიერად მომხვია და მაკოცა.
უნებლიეთ დამეხუჭა თვალები. მართალია, გარეგნობით დიდად ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ კოცნა დიდებული სცოდნია. არ გავძალიანებივარ. დღეს თუ ხვალ მოსახდენი უნდა მომხდარიყო. და ეს მოსახდენი იმაზე ადრე მოხდა, ვიდრე ვვარაუდობდი. გიორგიმ ნელი ნაბიჯებით, თითქოს ვალსს ვცეკვავდით, საწოლისკენ წამიყვანა და გადასაფარებელზე გადამაწვინა…
არ მოვიტყუები. სიამოვნება არ განმიცდია. ამის ნაცვლად შიში დამეუფლა, ჩემთვის უცნობი, ჯერარგანცდილი შეგრძნებების შიში…
გაგრძელება იქნება