ახლა კი შეშინდა ჩემი დედამთილი. მიხვდა, რომ გადააჭარბეს და თუ ასე გააგრძელებდნენ, ჩემს მილიონს სამუდამოდ დაკარგავდნენ.
მომიახლოვდა, ხელი მომხვია, მოფერება დამიწყო. ჩვენ ყველანი ერთად უნდა ვიყოთო, ბავშვი გავზარდოთო. აბა, ვისთვის გვინდა ან სახლი, ან კარი, ან ქონება, საფლავში ხომ არ ჩავიტანთო და ასე შემდეგ.
ხმა არ ამომიღია. უსიტყვოდ მოვისმინე მისი "ქადაგება" და ისე ჩავამთავრე ის დღე, გიორგის ერთხელაც არ დავლაპარაკებივარ. ღამით კი ლოჯიაში გავიშალე ლოგინი და იქ დავიძინე.
მეორე დღეს ავდექი, სამსახურში მისულმა დეკრეტული შვებულება გავაფორმე და მამაჩემის სანახავად წავედი. ჯერ კარგად გამოვთათხე თავისი საქციელის გამო, ასეთ დღეში რომ ჩამაგდო ქმრისა და დედამთილის წინაშე, მერე კი გავყევი ბანკში და მისი სესხი მთლიანად, თავის პროცენტიანად დავფარე. 69 ათასი დოლარი. ხუმრობა ხომ არ არის? წარმოიდგინეთ, რომ არ მქონოდა…
დავბრუნდი თუ არა შინ, წარბიც არ შემიხრია, ისე გამოვაცხადე, რაც გავაკეთე. და ეს ისეთი სახით და ტონით ვთქვი, ხმა არც ქმარს გაუღია და არც დედამთილს. სამაგიეროდ, ამ ნაბიჯმა ოჯახში ჩემი პრესტიჟი დაბლა დასწია. გიორგი სულ საბაბს ეძებდა, ოღონდ კი ჩემთვის დაეღრინა, დედამთილი კი კვირაში ერთხელ მაინც წამომაძახებდა, რა "უაზროდ" იფანტებოდა მისი საცოდავი ქმრის "მონაგარი".
ორ თვეში ვიმშობიარე და ციცქნა ვაკო გავაჩინე. რა თქმა უნდა, ჩემი ცხონებული მამამთილის პატივსაცემად ვახტანგი დავარქვით, მაგრამ ვახტანგს ნამდვილად ვერ დავუძახებდი ჩემს ბიჭს. ამიტომ კნინობითი ფორმა შევარჩიე და გამოვაცხადე, პატარას ვაკო დავუძახოთ-მეთქი. არავინ შემწინააღმდეგებია.
ვაკო არც 13-ში დაბადებულა, არც 31-ში, 9 ნოემბერს გაჩნდა. სამ კილოგრამს იწონიდა და 51 სმ სიგრძის იყო. უთმო, წვრილთვალება, ერთი ბეწო პირითა და ბევრი ნაოჭით.
მშობიარობამ შესანიშნავად ჩაიარა. შემიყვანეს თუ არა სამშობიარო ბლოკში, წამებში გავაჩინე. ასე რომ, სამშობიარო ტკივილები დიდად არც მიგრძნია.
მეექვსე დღეს გამოგვიშვეს სახლში. რძე, იცოცხლე, იმდენი მქონდა, ბარემ სამ ჩვილს ეყოფოდა, ამიტომ არ გავწვალებულვარ და ბავშვის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა არ დამჭირვებია. ერთი ეგ იყო, რომ მუცელი აწუხებდა და ღამით წარამარა ტიროდა.
გიორგიმ ვერ გაუძლო ასეთ ყოფას, ღამით ცუდად მძინავსო და პატარა ოთახში გადაბარგდა. დავრჩით მე და ვაკო მარტო დიდ საძინებელში. თავიდან ცოტა გამიჭირდა, რადგან ხელს არავინ მაშველებდა. ქმარმა გამომიცხადა, ასეთ პატარას ხელს ვერ ვახლებ, მეშინია, არ გამივარდესო. ქეთევანმა კი შვილი დედამ უნდა გაზარდოსო, მომახალა და თავის ოთახში შეიკეტა.
გამწარებული ვიყავი, თუმცა არ ვიმჩნევდი. ასე იყო თუ ისე, შვილი ჯანმრთელი მყავდა და უძილო ღამეებს როგორმე ავიტანდი. ბოლოს და ბოლოს, სამი თვეც მალე გავიდოდა, ბავშვი წამოიზრდებოდა და მუცლის შებერილობაც აღარ შეაწუხებდა.
ამიერიდან ვაკო გახდა ჩემთვის ყველაფერი - მხოლოდ მისთვის ვცოცხლობდი და მისთვის ვარსებობდი. არაფერს ვაკლებდი ან კი რატომ უნდა დამეკლო, როცა ყველაფრის საშუალება მქონდა? ბავშვის საწოლიდან დაწყებული - ეტლი იქნებოდა ეს, ველოსიპედი, სათამაშო ფერადი ხალიჩა, გასაბერი აუზი თუ მინისკუტერი, ყველაფერი ვუყიდე. მისთვის არაფერს ვიშურებდი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ჯერ ადრე იყო და კარგა ხანს არ დასჭირდებოდა, მაინც შევიძინე. ცოტა არ იყოს, თავი დავიზღვიე, ვინ იცის, რა მელის-მეთქი.
უცნაური ის იყო, რომ ჩემი ქმრის არც ერთი ნათესავი ბავშვის სანახავად არ მოსულა. დარეკვითაც არავინ რეკავდა. ასეთი გარიყული ოჯახი ჯერ არ მენახა - არავისთან ურთიერთობა არ ჰქონდათ. მხოლოდ ქეთევანის ორი დაქალი მოვიდა ერთხელ და გიორგის რამდენიმე ძმაკაცი, რომლებიც ადრე თვალითაც არ მენახა. ჩემი მხრიდან ხომ საერთოდ, ნათესავების სიმდიდრით ისედაც არ გამოვირჩეოდი, მაგრამ რომც მყოლოდა, აქ ვერავის მივიღებდი. ვიცოდი, როგორც დახვდებოდნენ. მამაჩემიც კი არ მოსულა, რადგან მასაც ავუკრძალე ჩემს ახალ ოჯახში მოსვლა. ბანკში რომ გავყევი, იმ დღეს მკაცრად გავაფრთხილე, თუ რამე დაგჭირდება, მობილურზე დამირეკე, იქ მოსული არ დაგინახო-მეთქი. მე ორად ორი მეგობარი მყავდა, სალომე და ნათია. ნათიას ვერ შევეხმიანე. თურმე იტალიაში წასულა სამუშაოდ ქმართან ერთად, სალომე კი მალევე მომადგა დემნასთან ერთად. თუმცა სანამ მოვიდოდნენ, ჩემი დედამთილი გავაფრთხილე, რომ საღამოს სტუმრები მეყოლებოდა. არ მინდოდა, მერე ეს ამბავი სალაპარაკო გამხდარიყო.
სალომე და დემნა მოვიდნენ, მაგრამ გიორგი არც კი გამოვიდა მათ გასაცნობად. რას ვიზამდი, მარტო გავუმასპინძლდი ჩემს მეგობრებს, თან რამდენჯერაც ბავშვი წამოიტირებდა, დაფეთებული საძინებელში გავრბოდი, გიორგი არ გაღიზიანდეს და ჩემს სტუმრებს არ გამოუვარდეს-მეთქი.
სალომეს და დემნას შევატყვე, ერთმანეთი მოსწონდათ. შეიძლება მოწონებაზე მეტიც იყო მათ შორის, მაგრამ ამაზე არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს. რომ გითხრათ, მათი ამბავი გამიხარდა-მეთქი, მოგატყუებთ, თუმცა წყენითაც არ მწყენია, მაგრამ რაღაც მაინც არ მესიამოვნა გულში. შეიძლება ცოტა შურის მომენტიც კი გამიჩნდა - ბიჭი, რომელსაც მე ვხვდებოდი, სალომესი გახდა.
სალომე დაუწინაურებიათ, მინი-სესხების ექსპერტი გამხდარა და ამით ძალიან ამაყობდა. არც ეს იყო ჩემთვის სასიამოვნო მოსასმენი, რადგან მე მასზე ადრე უნდა დავეწინაურებინეთ, ორსულობას რომ არ შეეშალა ხელი. ახლა რა გამოდიოდა? მინიმუმ, წელიწად-ნახევარი მაინც დამჭირდებოდა, მის პოზიციამდე მიმეღწია. ვიცი, საშინელებაა, როცა ახლობელი ადამიანის წინსვლა გულს დაგწყვეტს, მაგრამ დამალვას რა აზრი აქვს? მთავარია, მისთვის არ მიგრძნობინებია ეს, გულით მივულოცე დაწინაურება და სხვა ბევრი კარგი რამეც ვუსურვე.
წასვლის წინ მოვილაპარაკეთ, რომ, როცა დრო მოვიდოდა, ვაკოს სალომე მონათლავდა. ამაზე გიორგისთან შეთანხმება არ მჭირდებოდა. ნამდვილად მქონდა უფლება, ჩემი შვილისთვის ერთი ნათლია მე შემერჩია.
დრო გადიოდა. ვაკო იზრდებოდა. ბუნებრივი კვებისგან ისე გაფუმფულდა, ლოყები ჩამოეკიდა. ექვსი თვისა უკვე კარგი საბურთაო გახდა. ქეთევანს ისე შეუყვარდა შვილიშვილი, ხანდახან ხელიდან მტაცებდა, - მე მივხედავ, შენ სხვა რამე გააკეთეო. მეც ცოტას ამოვისუნთქავდი და ოჯახის საქმეებს მივადგებოდი. ბავშვის ტარებით მკლავი მქონდა ჩამოწყვეტილი.
რაც შეეხება ჩემს ქმარს, რაც ბავშვი გაჩნდა, უფრო და უფრო ჩაიკეტა თავის თავში. ჯერ ხომ სხვა ოთახში გადავიდა და სამუდამოდ იქ დაიდო ბინა. ამას ვინ ჩივის, ბავშვს თითქმის არ უყურებდა. გარდა ამისა, საეჭვო პირებმა მოუხშირეს ჩვენთან სიარულს. ჩაიკეტებოდნენ გიორგის ოთახში და ვინ იცის, რას აკეთებდნენ. მე კი ვიცი, რასაც აკეთებდნენ, მაგრამ გაპროტესტების უფლებას ვინ მომცემდა? უკვე ვეღარ ვიტანდი ამდენ გამოლენჩებულ სიფათს, შენელებული კადრებივით რომ მოძრაობდნენ და დამარცვლით დალაპარაკობდნენ. მათი "როგორ გიკითხოთ, ჩემო დაიკო!" - ზიზღს მგვრიდა.
მოთმინების ფიალა ნელ-ნელა მევსებოდა, მაგრამ ხმას ვერ ვიღებდი. სხვა ყველა სიკეთესთან ერთად, რაც ბავშვი გაჩნდა, გიორგი არ გამკარებია. არავითარი ერთად წოლა, არავითარი ინტიმი… არ ვიცი, რა ეტაკა. ალბათ, საჭიროზე მეტ დოზას იკეთებდა და ქალი საერთოდ აღარ ახსოვდა… სხვა ახსნას მის საქციელს ვერ ვუძებნიდი…
ამასობაში ვაკო ცხრა თვის გახდა და დღეში ორჯერ ჩამყავდა სკვერში სასეირნოდ. ერთხელაც, მორიგი სეირნობიდან შინ დაბრუნებულს ყვირილისა და მსხვრევის ხმა შემომესმა. შეშინებული შევვარდი სასტუმრო ოთახში და რას ვხედავ! გიორგის გამოუღია შუშებიანი კარადა, სადაც ქეთო თავის ძვირფას სერვიზებს ინახავდა და ყველა თეფში სათითაოდ დაუმსხვრევია. მთელ იატაკზე ფაიფურის ნამსხვრევები იყო მიმოფანტული. საწყალი ქეთო ცრემლად იღვრებოდა, გიორგი კი მთელი ხმით უყვიროდა, - არ მაინტერესებს, საიდანაც გინდა, მომიტანეო.
- რა ხდება? - შეშინებულმა ვიკითხე და ბავშვი მკერდზე მივიხუტე.
- აღარ შემიძლია, მოვკვდი ქალი! ფულს მთხოვს და რაც არ მაქვს, საიდან მოვუტანო? არ სჯერა ამ სასიკვდილეს, ჰგონია, ვატყუებ და აი, მთელი ჭურჭელი დამიმტვრია! - და აქვითინებული ქალი თავის ოთახში შევარდა.
- რამდენი გინდა? - გაქვავებული ხმით ვკითხე ქმარს.
- ექვსი ათასი დოლარი, - იმავე ტონით მიპასუხა და ისეთი მტრული მზერა მესროლა, მაგრძნობინა, შენც თუ უარს მეტყვი, უკეთესი დღე არ დაგადგებაო.
რა თქმა უნდა, ვერ ვკითხავდი, ამდენი ფული რაში გჭირდება-მეთქი. ვიცოდი, რა პასუხსაც მივიღებდი, ამიტომ ჩათრევას ჩაყოლა ვამჯობინე:
- ახლა ვერ მოვასწრებ ბანკში გასვლას. ხვალ დილით გამოვიტან და მოგცემ.
- მოასწრებ! ჯერ ხუთი საათია, ბანკები ექვსამდე მუშაობენ.
- ვაკოს დაიტოვებ? ბავშვიანად ვერ წავალ, ისედაც დაიღალა, საათზე მეტია, გარეთ მყავს, ძილი უწევს უკვე.
- დააძინე და მერე წადი! - ისევ უკმეხად გამცა პასუხი.
ბრაზმა ამიტანა. მინდოდა, ერთი გემრიელად მეთხლიშა სიფათში, მაგრამ…
ვაკო დავაძინე და ქეთევანს დავუტოვე, მე კი ბანკში გავვარდი.
გგონიათ, ამით დამთავრდა? ექვსი ათასი დოლარი ერთ კვირაში ცხრა ათასად გადაიქცა, მერე კიდევ მოემატა, მერე კიდევ და ბოლოს, ცხრამეტი ათასი რომ მომთხოვა, გაწყდა ჩემი მოთმინების ძაფი, თეთრსაც ვერ ეღირსები ჩემგან-მეთქი, მივახალე ნარკომან ქმარს, დავავლე ხელი ბავშვს, ავიკარი გუდა-ნაბადი და მისი სახლიდან სამუდამოდ წამოვედი.
გვიან გავიგე, რომ თურმე კაზინოში დადიოდა სათამაშოდ და მთელ ქონებას იქ ფლანგავდა. არც მამამისის ბიზნესი აინტერესებდა და არც თავისი - ყველაფერი გაუყიდია. სად წაიღო ამხელა თანხა, ღმერთმა უწყის. როცა ქეთევანმა ფულის მიცემა შეუწყვიტა, მაშინ იყო, რომ გაგიჟდა და ყველაფერი დაამსხვრია.
უკვე აღარ მაინტერესებდა, რას მოიმოქმედებდა და როგორ იცხოვრებდა. მე ჩემი თავისთვის უნდა მეშველა და ბავშვისთვის მიმეხედა… წამოვედი თუ არა მათგან, საოცარი შვება ვიგრძენი. ისე მომეშვა გულზე, თითქოს აქამდე ტყვეობაში ვყოფილიყავი. სალაპარაკო რომ არ გამხდარიყო, ჩემს პატარა ბინას მივაშურე და მამამისის ნაანდერძევ სახლში არ გადავედი საცხოვრებლად, მიუხედავად იმისა, რომ იქ უფრო კომფორტულად ვიქნებოდი.
ვიცოდი, შარს მომდებდა. ისედაც მაყვედრიდა, მამაჩემის ფულებით გაიჯეჯილე, ბავშვს ფარად იყენებო და წარმოიდგინეთ, იქ რომ გადავსულიყავი, რაებს მეტყოდა, ალბათ მოსვენებას არ მომცემდა. აქ კი, ჩემს ბინაში სრულიად მშვიდად ვიქნებოდი. ვერავინ ვერაფერს დამაყვედრიდა.
ამიტომ მერჩივნა, მოვლენების განვითარებას ჩემს მყუდრო სახლში დავლოდებოდი…
გაგრძელება იქნება