გარეგნობა, როგორც პროფესიის ნაწილი, თავდაჯერებისთვის მნიშვნელოვანი კომპონენტი, ურთიერთობები, სამეგობრო, პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული უხერხული შეკითხვები... - ეს ის თემებია, რომლის შესახებაც თათა გიორგობიანს "გზა" ესაუბრა. თათა ტელემაყურებელმა "ღამის შოუდან", მომღერლის ამპლუაში გაიცნო, ახლა კი უკვე ტელეწამყვანი გახდა - საღამოს ეთერში მუშაობს...
- თათა, როგორ შეეგუე ახალ სამუშაო რეჟიმს?
- ახალი სამსახურის გამო, ძველის დათმობამ მომიწია: ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული და ამ მიმართულებით, ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობდი. ახლა უკვე ყოველდღიურად ტელევიზიაში ვარ. საზოგადოებას "საღამოს პოსტის" წამყვანის სახით მოვევლინე. ეს კიდევ ერთი ახალი სფეროა, რომელშიც შევაბიჯე. ვფიქრობ, ჩემი ახალი საქმე კიდევ უფრო მეტ მაყურებელთან, მსმენელთან დამაკავშირებს. ამიტომ, უფრო მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. "ღამის შოუში" მომღერალს შეგიძლია, კეკლუცი, თავისუფალი იყო, ტელეწამყვანობა კი შედარებით ოფიციალურია და ბევრი უნარის კომპლექსურობა სჭირდება: სხეულის ენა, მეტყველება, მოსმენისა და კითხვის დასმის კულტურა, რომ უნებურად, სტუმარს შეურაცხყოფა არ მიაყენო... ბედნიერი ვარ, რადგან ეთერში გასვლის პირველი დღიდანვე გადაცემის პროდიუსერებმა მითხრეს, - თითქოს ამ საქმისთვის ხარ დაბადებული. დროთა განმავლობაში, კიდევ დაიხვეწებიო. საერთოდ, შენიშვნების გათვალისწინება მახასიათებს. ვიხვეწები, - კი ნუ მაქებთ, მითხარით, თუ რამე მაქვს გამოსასწორებელი, რომ ჩემს თავზე ვიმუშაო-მეთქი. ნებისმიერ საკითხში განვითარება ადამიანის უპირველესი მისიაა - ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია უნდა ვიყოთ.
- ვინ გაკრიტიკებს ყველაზე მეტად?
- დედა. მან ბავშვობაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ მომცა, როდესაც ოპერაში, თეატრში, მუსიკაზე, ხატვაზე, ცეკვაზე, სამსახიობო არტისტიზმზე (სტუდია "ბერიკებში") დავყავდი... ბევრი რამ მაჩვენა, რამაც ისეთ ადამიანად ჩამომაყალიბა, როგორიც ვარ. ვფიქრობ, ეს მრავალფეროვნება ჩემს ახალ პროფესიაში კარგად გამომადგა.
- საკუთარი მომხიბვლელობა როდის გააცნობიერე?
- გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ ლამაზი გოგო ვარ თუ არა, ამას დღესაც ვერ ვაფასებ: საკუთარი თავის შეფასება ცოტათი რთულია. ალბათ, სასიამოვნო გარეგნობა მაქვს, მაგრამ რომ ვთქვა, - ვაიმე, რა ლამაზი ვარ-მეთქი, ასე არ არის. თუმცა ბევრს ჰგონია, რომ ასე ვფიქრობ და ცოტათი უხეში ხუმრობებიც კი მომისმენია: თავი ყველაზე მაგარი გგონია, არაო? ვერ ვიტყვი, რომ დაბალი თვითშეფასება მაქვს, ვერც - იმას, რომ "თავში ამივარდა".
- გქონია პერიოდი, როცა საკუთარი გარეგნობა კატეგორიულად არ მოგწონდა, თუნდაც - მოზარდობისას?
- კი, რა თქმა უნდა. მოზარდობისას საკუთარი გარეგნობა ძალიან არ მომწონდა, თუმცა ახლა რომ ვფიქრობ, ჩემი შეხედულება უსაფუძვლო იყო. მოზარდობისას თითოეულ ნაკვთს ზედმეტად კრიტიკულად აფასებ. დრო რომ გავიდა, მივეჩვიე, შევეგუე (იცინის)... გარეგნობაში რაღაცები შევცვალე, დავხვეწე... პრინციპში, დღეს საკუთარ თავთან, გარეგნობასთან კომფორტულად ვარ. ეს უმნიშვნელოვანესია, რადგან სხვა შემთხვევაში თავდაჯერებული ვერ იქნები და ეს ცხოვრების ყველა ასპექტზე აისახება, კარიერიდან დაწყებული, პირადი ურთიერთობებით დამთავრებული.
- როგორ მიიღეს ადამიანებმა, როცა შეიტყვეს, რომ ცხვირის პლასტიკური ოპერაცია გაიკეთე? ამის შესახებ თავად რომ არ გეთქვა, პირადად მე, ვერც წარმოვიდგენდი - ბუნებრივად გამოიყურები...
- ახლობლები, ვინც მანამდეც მიცნობდნენ, მეუბნებოდნენ, - რად გინდოდა? არაჩვეულებრივი ცხვირი გქონდა, ოპერაცია სულაც არ იყოს საჭიროო. პირველ რიგში, ძგიდე იყო გამრუდებული - ვერ ვსუნთქავდი, რაც ჯანმრთელობის რიგ პრობლემებს იწვევდა. მით უმეტეს, როდესაც მომღერალი ხარ, ეს საკმაოდ ძლიერ სუნთქვით დატვირთვას უკავშირდება და აუცილებელია, ცხვირი "თავისუფალი" გქონდეს... მოკლედ, პლასტიკური ოპერაციაც გავიკეთე, რადგან ცხვირის ოდნავ უფრო, ასე ვთქვათ, ევროპული ფორმა მინდოდა. კმაყოფილი და ბედნიერი ვარ (იღიმის).
- რატომ მოგინდა, ამის შესახებ საჯაროდ გეთქვა?
- გოგონები, ვისაც ცხვირი "გაკეთებული" აქვს, ამას არ მალავენ. არ მიმაჩნია, რომ ეს დასამალია. მისასალმებელია, როცა ადამიანი საკუთარ თავზე მუშაობს - როგორც გონებრივი, ასევე ფიზიკური განვითარებისთვის, მით უმეტეს, როცა ეკრანზე ჩანს... ჩემი ნათქვამი წახალისება უნდა იყოს იმ ადამიანებისთვის, ვინც თუნდაც, ეკრანზე არ ჩანს, მაგრამ საკუთარი სხეულის რომელიმე ნაწილის გამო კომპლექსდება, თავს ცუდად გრძნობს, ვერ გადაუწყვეტია, შეცვალოს თუ არა... საბედნიეროდ, დღეს გარეგნობის კორექტირების საშუალება გვაქვს. რატომ არ უნდა გამოვიყენოთ, თუ შედეგი მაქსიმალურად ბუნებრივთან მიახლოებული იქნება? სხვათა შორის, ვიღაცები ცდილობენ, ეს ცუდად წამომაძახონ (იცინის), მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ.