როგორც ვთქვი, ცხრა ბავშვი ავიყვანეთ - 6 გოგო და 3 ბიჭი. ყველაზე უმცროსი ორწლინახევრის იყო, ყველაზე უფროსი - ოთხის, დანარჩენებს სამი წელი ან უკვე შესრულებოდათ, ან მალე შეუსრულდებოდათ.
როგორც იქნა, გამოცოცხლდა ჩემი მკვდარი სახლი და ბავშვების ჟრიამულით გაივსო… ახლა აღარც ბანკი მაინტერესებდა და არც სხვა სამუშაო. ჩემს საქმეს მივაგენი. ეს სწორედ ის იყო, რაც გულით მინდოდა, რაც მომწონდა და მაკმაყოფილებდა.
სანამ ფული მეყოფოდა და გავქაჩავდი, მეც ვიმუშავებდი და მირინდასაც მუდმივი სამსახური ექნებოდა. როცა ჩემი შემოსავალი გამოილეოდა, მერე სხვა გზას გამოვნახავდი - ან გადასახადს გავაძვირებდი, ან სულაც დავხურავდი ბაღს. ამ ეტაპზე ამაზე ფიქრი არ ღირდა. ნახევარ მილიონ დოლარამდე კი მქონდა შემოსავალი და რამდენიმე წელი როგორ ვერ ვიმყოფინებდი?
ვიმყოფინე.
ასე გავიდა სამი წელი.
ჩემი ცხოვრება არ შეცვლილა. ვაკოზე არაფერი ისმოდა, პოლიციაც დუმდა, თუმცა ვიცოდი, მათ კარგა ხანია, ჩემი შვილის ძებნაზე ხელი აიღეს.
სამაგიეროდ, სხვის შვილებს ვზრდიდი და დარდს ამით ვიქარვებდი.
ამ სამი წლის განმავლობაში ცოტა მოვფერიანდი. თურმე ყველაფერს შეიძლება ადამიანმა გაუძლოს. მეც გავუძელი. რაც უფრო მემატებოდა ასაკი, მით უფრო ვმშვენდებოდი. მირინდა მეტყოდა ხოლმე, ისეთი ლამაზი ხარ, ხანდახან თვალს ვერ გაშორებო. ეს მაშინ, როცა მაკიაჟს საერთოდ არ ვიკარებდი. ამის სურვილი აღარ შემრჩა. არც ჩაცმით ვიკლავდი თავს. ან კი სად დავდიოდი? მთელი დღეები ბავშვების გარემოცვაში ვატარებდი, ხშირად თავის მოსაფხანადაც ვერ ვიცლიდი, რა ჩაცმა-დახურვაზე შეიძლებოდა ლაპარაკი? ერთადერთი შაბათ-კვირა იყო, როცა ვისვენებდით და თავის მიხედვა შეგვეძლო. მირინდა თავისიანებთან გადიოდა ხოლმე, მე კი ან სალომეს ვაკითხავდი, ან ის და დემნა მსტუმრობდნენ. თუმცა ისინი სხვა დღეებშიც მოდიოდნენ, მათი მიღება ყოველთვის შემეძლო. ისეც ხდებოდა, რომ სრულიად მარტოც ვრჩებოდი. ასეთ დროს მხოლოდ ვაკოზე ვფიქრობდი. დენიელს ფიქრშიაც კი არ ვახსენებდი. ჩემი გონების კარი გადაკეტილი იყო მისთვის. ის უკვე აღარ არსებობდა არც ჩემს წარსულში, არც ჩემს აწმყოში. ფიზიკურადაც მოკვდა და მოგონებებშიც ჩავკალი.
ვაკო ალბათ, უკვე დიდი ბიჭი იქნებოდა, მალე ექვსი წლის გახდებოდა. მე კი, ქუჩაში შემთხვევით რომ შემხვედროდა, შეიძლება ვერც მეცნო. ამის გააზრება გულს მიკლავდა. ვნატრობდი, ნეტავ შორიდან მაინც შემახედა, როგორი ბიჭი დადგა-მეთქი. გადმოვიღებდი ხოლმე მის ალბომს, რომელშიც სურათები მქონდა ჩაკრული და ყველა ის მოგონება ჩაწერილი, მისი ჩვილობის წლებს რომ უკავშირდებოდა. ვკითხულობდი და ცრემლები მახრჩობდა. თან მსიამოვნებდა ყველაფრის მოგონება, რაც მას უკავშირდებოდა, თან გულს მისერავდა…
და აი, დადგა 2020 წელი. ახალ წელს მე და მირინდა ერთად შევხვდით. მირინდა ყოველთვის თავისიანებთან ერთად ხვდებოდა ახალ წელს, მაგრამ ამჯერად გამონაკლისი დაუშვა, მარტო არ დამტოვა. არსადაც არ გავსულვართ, სახლში ვისხედით და წავუქეიფეთ. სასმელმა ცოტათი გამახალისა, ტკივილის მეექვსედი მაინც დამავიწყა და ისევ იმედით ამავსო. მომავალში, რა თქმა უნდა, არანაირ სიახლეს არ ვგეგმავდი. გათხოვებაზე ფიქრიც ზედმეტი იყო, კაცის ხსენებაზეც კი უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა, თუმცა თაყვანისმცემლების სიმცირეს არ განვიცდიდი. ჩვენი აღსაზრდელების მშობლები ხშირად გვეპატიჟებოდნენ მე და მირინდას თავიანთ ოჯახებში ხან დაბადების დღეებზე, ხან დღესასწაულებზე. მათთან ახლო ურთიერთობა გვქონდა, ზოგიერთთან - განსაკუთრებით. რა თქმა უნდა, როცა სტუმრად მიდიხარ ვიღაცასთან და გაშლილ სუფრას მიუჯდები, უნებურად გიწევს უცხო ადამიანების გაცნობა, მათ შორის, მამაკაცების. ჰოდა, შეუმჩნეველი არასდროს დავრჩენილვარ. ეს მე ვერ ვამჩნევდი ვერავის. ერთხელ ერთმა ასე სუფრასთან გაცნობილმა სიმპათიურმა მამაკაცმა, რომელსაც ფლირტში არ ავყევი და საკმაოდ მკვახე-მკვახე ვუთხარი, "იდეალურად არაიდეალური ქალი" მიწოდა. ამის გამო კიდევ უფრო აგრესიულად განვეწყვე კაცების მიმართ.
აი, ასე გრძელდებოდა ჩემი ცხოვრება 2020 წლის მარტის ბოლომდე. მერე კი ყველაფერი აირია. მსოფლიოს კორონავირუსი "დაესხა თავს" და მარტში საქართველოშიც ჩამოაღწია.
განგაში რომ ატყდა, ურწმუნო თომასავით გავაქნიე თავი, რაღაცას გვაბოლებენ-მეთქი. ყოველდღე აცხადებდნენ, ამდენი და ამდენი დაინფიცირდაო. შემოიღეს პირბადეები, ორმეტრიანი დისტანცია და ათასი სისულელე… მაშინ მართლა სისულელე მეგონა. მალე ყველაფერი დაკეტეს, ტრანსპორტი გააჩერეს და "კომენდანტის საათიც" დააწესეს.
დროებით ჩვენი ბაღიც დაიხურა. მაინც არ ვიჯერებდი კოვიდ-19-ის არსებობას. ნუთუ იმდენ დაავადებულ ადამიანში ერთი მაინც არ უნდა გამორეულიყო ნაცნობი? ან ვიღაცის ნაცნობი? პროტესტის ნიშნად პირბადესაც არ ვატარებდი ქუჩაში გასული, სანამ ჯარიმები არ შემოიღეს.
გაგრძელება იქნება