გიორგი ღოღობერიძე გადაცემას "ბაიასთან" სტუმრობდა, სადაც განვლილი ცხოვრებისა და პირადი ტრაგედიის შესახებ ისაუბრა: "როცა ფინანსები არ გაქვს და ამ პირობებში დედას უდგინდება სიმსივნე, ხედავ, რომ მამას ბევრი არაფერი შეუძლია... დედა მუშაობდა სკოლაში 200-300 ლარზე. წამლების სია იყო უზარმაზარი. მამამ ყველაფერი გააკეთა, ყველა წამალი მოუტანა, მაგრამ პრობლემა იცით, რა იყო? ახლა რომ ვიხსენებ, დედას იმ წამლების ნახევარზე მეტი არ სჭირდებოდა. მე ყველაზე კარგად მესმის, როგორ შეიძლება ეიმედებოდეს პაციენტს წამალი, რომელიც მას მართლა სჭირდება.
მამაჩემი იყო იურისტი და მეც ეს პროფესია მქონდა არჩეული, მაგრამ როცა დედაჩემს დაუდგინდა ეს დიაგნოზი, შევშფოთდი. დედაჩემმა მითხრა, არ ვიცი, რატომ მაქვს გადიდებული ლიმფური კვანძები, შენ ხომ არ შეგიძლია, დამეხმაროო? მე კარგად ვსწავლობდი და დედაჩემს ყოველთვის ჰქონდა ჩემი იმედი. მე გავიქეცი ბიოლოგიის მასწავლებელთან, წავედი ბათუმში, მოვიძიე ინტერნეტში და ვნახე, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო სიმსივნე. ერთი დღეც არ ყოფილა, როცა ჩვენთან სასწრაფო არ იყო. როცა ბავშვი ამას ხედავ, პანიკაში ვარდები, ვფიქრობდი, რა გამეკეთებინა... მრჩებოდა არჩევანი, რომ მე თვითონ გავმხდარიყავი ექიმი. დედაჩემი იყო ჩემი მოტივაცია. იყო დღეები, როცა 2-3 დღე არ მეძინა, სკოლასაც ვაცდენდი, რომ სამედიცინოზე მაღალი შედეგებით ჩამებარებინა და მომესწრო მეცადინეობა. დედაჩემს დავპირდი, მე ვიქნები ის ექიმი, რომელიც გადაგარჩენს-მეთქი, მაგრამ ეს მხოლოდ პირობად დარჩა. მან ადრე დამტოვა. ყოველდღე მირეკავდა ხოლმე და საათობით მელაპარაკებოდა, მე კიდევ მეზარებოდა ეს ამდენი საუბარი, ვფიქრობდი, ხვალაც დამირეკავს, ზეგაც დამირეკავს... ერთხელაც მამაჩემმა დამირეკა და მითხრა, ბათუმში უნდა ჩამოხვიდეო. გზაში ყველაფერზე ვიფიქრე, მაგრამ რომ ჩავედი, რაზეც არ მიფიქრია, ის დამხვდა. დედა აღარ იყო ცოცხალი. იცით, როგორი პერიოდი იყო, აბსოლუტური სიბნელე. ბოლოს იმდენად ცუდად გავხდი, რომ ვიფიქრე, ცხოვრება ხომ არ დავამთავრო-მეთქი, ვიყავი ამაზე წამსვლელი, მაგრამ როცა ჩემი და ჩამოვიდა თბილისში და დავინახე, რომ კინაღამ მან გადადგა ეს ნაბიჯი, გავჩერდი...“ - თქვა გიორგი ღოღობერიძემ.