ძილის პარალიზი მსოფლიოს მოსახლეობის 8%-ს ერთხელ მაინც გამოუცდია და თანამედროვეობაში მას ‘’ძილის დამბლა’’-ს უწოდებენ. ეს არის მდგომარეობა, როდესაც ადამიანი ფიზიკურად იღვიძებს, თუმცა მის გონებას ჯერ ისევ სძინავს, რაც იწვევს შფოთვასა და რეალისტურ ჰალუცინაციებს, როგორებიცაა გაგუდვის, ხრჩობის შეგრძნებები და ავი, ამოუხსნელი არსების დანახვა, რომელიც მის საწოლიდან გადმოთრევას ცდილობს.
მეცნიერულად, ძილის პარალიზს გულაღმა წოლა, სტრესი ან ძილის რეჟიმის დარღვევა იწვევს, დაავადება კი გენეტიკური ხასიათისაა. ამ დროს ტვინი რთავს ე.წ გადარჩენის ინსტინქტს და ადამიანი ცდილობს გაქცევას, თუმცა ვერ მოძრაობს და ვერც ლაპარაკობს, ესმის უჩვეულო ჩურჩულის ან ყვირილის ხმები.
როგორც წესი, დამბლა რამდენიმე წამი გრძელდება და ამ დროს კონცენტრაცია სხეულის რომელიმე ნაწილის, თუნდაც თითის გამოძრავებაზე უნდა მოხდეს.
ისტორიის მიხედვით, ძილის პარალიზს დემონი, სახელად ინკუბუსი იწვევს. რელიგიაში ნახსენებია, რომ ინკუბუსთან ხშირი კონტაქტი საბოლოოდ ჯანმრთელობის პრობლემებს ან სიკვდილსაც კი იწვევს, თუმცა მეცნიერულად ძილის პარალიზი ჯანმრთელობისთვის საშიშ დაავადებას არ წარმოადგენს.
,,საღი გონებით წევხარ საწოლზე, დაბინდული სივრცისკენ იყურები, მაგრამ ვერ ინძრევი, პარალიზებული ხარ, მხოლოდ თვალების დახამხამება და ხმის გაგონება შეგიძლია; ცდილობ, ამ მდგომარეობიდან გამოხვიდე, იყვირო, ვინმეს დაუძახო, მაგრამ ეს შეუძლებელია’’, - ასე აღწერენ დაავადებას ქალები, რომლებმაც ძილის პარალიზი საკუთარ თავზე გამოსცადეს.
ისტორიულად, ინკუბუსი ძირითადად სწორედ ქალებთან ამყარებდა სიზმარში ფიზიკურ კავშირს, თუმცა არსებობდა ვერსიაც, რომ დემონის შესახებ ლეგენდებს რეალური დამნაშავეები ავრცელებდნენ, რომლებიც ღამით ქალებს აშინებდნენ და დანაშაულს ამ გზით მალავდნენ.
ელენე ასათიანი