გასული წელი თამუნა გომართელისთვის ძალიან ტკივილიანი და მძიმე განცდებით იყო დატვირთული. მან თავისი ცხოვრების უსაყვარლესი ადამიანი – მამა გააცილა უკანასკნელ გზაზე. როგორც თავად ამბობს, ეს ტკივილი იმდენად დიდია, რომ ხანდახან მისი გაძლება უჭირს. თუმცა ცხოვრება გრძელდება, ახალი გამოწვევების, გამოცდების, სიახლეების წინაშე გვაყენებს და ვცდილობთ, საყვარელი საქმის კეთებით გავუმკლავდეთ ყველა განსაცდელს. ფაქტია, თამუნა, საკმაოდ ძლიერი პიროვნებაა და საკუთარ ტკივილს გარშემო მყოფებს არ აჩვენებს, თუმცა, როცა მარტო რჩება, ქალური სისუსტე ეძალება და ამ დროს ტირილიც „მოსულა“.
თამუნა გომართელი: გასული წელი ყველაზე მძიმე წელი იყო, რაც კი ოდესმე მქონია. მთელი ჩემი ცხოვრება სიგიჟემდე მიყვარდა ზაფხული და სულ ველოდი მის დადგომას. უკვე აღარ მიყვარს, რადგან სწორედ ზაფხულში დავკარგე მამა. თავიდან რკინასავით გამხადა დიდმა ტკივილმა და პასუხისმგებლობამ ოჯახის წინაშე. ვიცოდი, რომ ჩემი სისუსტის დრო არ იყო, ამხელა ეგოიზმი არ მეპატიებოდა, მე მაინც უნდა ვყოფილიყავი ძლიერი და ჩემი ცრემლი დედას არ უნდა დაენახა. ჯოჯოხეთური იყო ის 40 დღე. შემდეგ, როცა ჩემს სახლში დავბრუნდი და მარტო დავრჩი, მეტად გამიჭირდა, თითქოს ერთბაშად მოვწყდი, ამ დანაკარგის მიმღებლობა გამიქრა და შეუგუებლობა დამეწყო. მეგონა, რომ დროებით პარალელურ რეალობაში გადავინაცვლე და ისევ დავბრუნდებოდი ჩემს ცხოვრებაში, სადაც სიცოცხლე და მამა დავტოვე. მერე ერთბაშად სხვა გავხდი, ამ ენით აუწერელმა ტკივილმა შიში გამიქრო. მთელი ცხოვრება მეშინოდა სიკვდილის და მამას წასვლის მერე კი აღარ მეშინია. მას შემდეგ ბევრი რამის აღარ მეშინია, შეიძლება ითქვას, სრულიად აღარაფრის.
– პირველი ახალი წელი დადგა მამის გარეშე. როგორ შეხვდი, გაგიჭირდა იმ სახლში მისვლა, სადაც ის აღარ გელოდებოდა?
– მძიმე იყო იმასთან შეგუება, რომ ჩვეულ გარემოში, ოღონდ ამჯერად მამას გარეშე, უნდა შევხვედროდი ახალ წელს. რაღაც აუცილებლად უნდა შემეცვალა, სადმე სხვაგან, აქედან შორს წასვლა მინდოდა, ამიტომ მე და ჩემი მეუღლე 28-ში გავფრინდით და ახალი წლის დღეებში საზღვარგარეთ ვიყავით. ქეთისაც კონცერტი ჰქონდა და დედასთან ერთად მანაც დატოვა ქალაქი. შობაზე ერთდროულად დავბრუნდით. ჩემი ბავშვობის სახლში კი მამა სულ იყო და იქნება, თავისი სულის ნაწილს აუცილებლად დატოვებდა ჩვენთან, ასე ვერ შეგველეოდა, საკუთარ თავზე მეტად მას ჩვენ ვუყვარდით. მე იმ სახლშიც და ყველგან, სადაც ვარ, მამას მუდმივად ვგრძნობ და ასე იქნება სულ.
– რისი თქმა ვერ მოასწარი მისთვის? ნანობ რამეს?
– ყველაფრის თქმა მოვასწარი. სულ იცოდა, რომ უზომოდ მიყვარდა, რომ საუკეთესო რჩევის მოცემა იცოდა, რომ ყველაზე კეთილი და კარგი მყავდა, რომ მისით ვამაყობდი. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ისაა, რომ ძალიან უნდოდა შვილიშვილი და ვერ შევძელი მისი გახარება. მაგრამ მას ყოველთვის საუკეთესოდ ესმოდა ჩემი. ბევრჯერ გვისაუბრია მარტოებს, პირისპირ, ყველას გარეშე, როგორც ახლო მეგობრებს და ზოგჯერ მგონია, რომ მან ბევრად მეტი იცოდა ჩემზე, ვიდრე მე თვითონ ვიცი საკუთარი თავის შესახებ.
– სიზმრად თუ მოდის და რას გეუბნება? რა ფორმით გრძნობ მასთან უხილავ კავშირს?
– როცა მარტო ვარ, მაშინ ველაპარაკები, ზოგჯერ უსიტყვოდაც, მარტო ცრემლებით. ძალიან ხშირად მესიზმრება, სიზმრებში კი უფრო ხშირად ახალგაზრდაა, ისეთი, როგორიც ბავშვობიდან მახსოვს. ახლოს არ მეკარება, მაგრამ მაგრძნობინებს, რომ კარგადაა. ზუსტად ვიცი, რომ ჩვენ შორის ეს უწყვეტი კავშირი მუდამ იქნება...გაგრძელება