ძალიან დიდხანს ვფიქრობთ, ვინ გადავიღოთ "ბომონდის" ყდისთვის. მსოფლიოში სექტემბრის ნომერი ყველა პრიალა გამოცემისთვის არის მნიშვნელოვანი, თანაც, ცალკე სექტემბრის ნომერი და არა რომელიმე თვესთან გაერთიანებული. ვფიქრობ, ეს "ბომონდის" ერთგვარი უპირატესობაა.
ერთხელ ერთმა ტელეკომპანიამ კომენტარი მთხოვა ქართველი მოდელის შესახებ, რომელიც მსოფლიოს ას ლამაზ ქალს შორის მოხვდა სიაში, რომელსაც გავლენიანი გამოცემა Esquire ადგენს. ეს იყო ჩემი პირველი შეხება მასთან.
მოკლედ, ეს მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი იყო და როდესაც მისი ფოტოები ვნახე, გავიფიქრე: "ღმერთო ჩემო, რამსიგრძე ფეხები აქვს!!!" მოდასა და სპორტს შორის კავშირი და ამ ნომრის პროექტები თავში მიტრიალებდა. ჰოდა, გამახსენდა, რომ თბილისში არის მოდელი, რომელსაც ძალიან მოუხდება სპორტული იმიჯი.
მეორე საფიქრალი კი ყოველთვის დიზაინერის არჩევაა. რა თქმა უნდა, sport couture იდეალური იქნებოდა, მაგრამ ლაკო ბუკიას ახალი კოლექცია მართლაც საოცრად მოუხდა ნანუკას. ლაკომ ეს კოლექცია ამერიკელ მსახიობს, patti smith-ს მიუძღვნა.
კოლექციას peace and noise დაარქვა. ლაკოს ინსპირაციის წყარო სწორედ ამ არტისტის ბიოგრაფია გახდა, რომელიც დაემთხვა იმ ტიპაჟს, ვისთვისაც ლაკო ქმნის: განსხვავებული, უშიშარი, მებრძოლი, რომანტიკული და ცოტა სევდიანი.
გზა თბილისიდან კაჭრეთის "ამბასადორამდე" ხალისიანი იყო. პირველი შთაბეჭდილება უკვე შემექმნა ნანუკაზე: გულწრფელია და თითქოს ასი წელია ვიცნობ. რაც მთავარია, არავისზე, ვინც ვახსენეთ საუბრისას (მგზავრობის დროს ყოველთვის არის საბაბი, ცოტა იჭორაო), წამოსცდენია ცუდი.
ადამიანების გამოცდა-შეფასებას ხშირად ასე ვიწყებ. ჩვენი თანამგზავრი იყო ანანო დოლაბერიძე, რომელმაც პროფესიონალურად გააკეთა სტაილინგი.
ულამაზეს ტერიტორიაზეა გადაჭიმული კაჭრეთის "ამბასადორი". მინი-გოლფისა და პროფესიონალური გოლფის მოედნები, აუზი და მშვენიერი სასტუმრო... ლანჩის შემდეგ მუშაობას ვიწყებთ. რა კარგია ასეთი გუნდი, - ყველამ იცის, რომ თავისი საქმე ისე უნდა აკეთოს, ერთმანეთს ხელი არ შევუშალოთ!
ნანუკა გოგიჩაიშვილი...
ბავშვობიდან მისი საყვარელი სიტყვა იყო: "გამარჯობა!" ყველას ღიმილით ესალმებოდა. როგორც თვითონ ამბობს, იყო მსუქანი და ყველა დარდობდა ამას ოჯახში. მეზობლის ნათქვამი ახდა, რომელმაც ნანუკას ოჯახი სასაცილო ფრაზით დაამშვიდა: "გეიზრდება და დაწვრილდებაო")))
ჰოდა, ასეც მოხდა! მისი ყველაზე ახლო მეგობარი ბავშვობიდან დღემდე ბაბუაა. ბაბუას დაჰყავდა ყველგან, მშობლების მოუცლელობის გამო და საერთოდ, ბებიამ და ბაბუამ ბევრი რამ დათმეს ნანუკასა და მისი დის გამო.
ორივე მსახიობი იყო, მაგრამ შვილიშვილების აღზრდა ამჯობინეს და დღემდე ზრუნავენ მათზე. ნანუკას კიდევ ერთი ეპიზოდი ახსენდება ბავშვობიდან: ბაღში წასვლაზე უარი უთქვამს მანამ, სანამ ყველა ლამაზ ნანუკას არ დაუძახებდა! ბაბუამ ისე მოახერხა, რომ მეორე დღეს ბაღში მისულს ყველა ამ შეძახილით შეეგება! აი, ასეთი ბაბუ ჰყავს!!!
დედას და მამას თითქმის ტელევიზორიდან იცნობს))) ისინი ძალიან მეგობრული მშობლები არიან. ხშირ შემთხვევაში, მათი სახლის ჰოლი საფრენ ბილიკს ჰგავს - დილის გადაცემიდან დაბრუნებული ნანუკა, ჩანთებით აეროპორტისკენ მიმავალი ნათია და სამსახურში მიმავალი გოგიჩა სწორედ ჰოლში ხვდებიან ერთმანეთს.
თითქმის ყველა სახეობის სპორტზე უვლია. ფიგურულ სრიალზე 13 წლამდე იარა. თხილამურებზეც კარგად დგება. მოდელობაზე არ უოცნებია, მაგრამ "ნატალიში" მივიდა. ძალიან მალე ჩვენებაზეც გამოვიდა უფროსი თაობის ცნობილ მოდელებთან ერთად.
ოცნებობდა, ამერიკაში კონკურსზე მოხვედრილიყო, რეალურ შანსად კი "მის საქართველოში" მონაწილეობა მიიჩნია. იმედი ჰქონდა, რომ ხუთეულში მაინც მოხვდებოდა. გაუმართლა, გახდა "ვიცე მის-საქართველო" და აღმოჩნდა "მის უნივერსზე", რომელიც ამერიკაში ტარდებოდა. თვლის, რომ დახვეწილი და კარგად ორგანიზებული კონკურსია. ეს მართლაც ოცნების ახდენა იყო!!!
უამრავი მსოფლიო დონის ვარსკვლავი ნახა. შვიდი თვე იყო ამერიკაში, თანაც, მარტო. ჰქონდა შემოთავაზებები. ერთხელ victoria‘s secret-ის მაღაზიაში img-ის წარმომადგენელმა სავიზიტო ბარათი მისცა. რა თქმა უნდა, მივიდა. უთხრეს, რომ მაიამის ტიპაჟი იყო და იქ გამგზავრების შემთხვევაში წარმატებას მიაღწევდა.
თუმცა ვერ გადაწყვიტა, მარტოს უჭირდა. ამ ყველაფრის ახსნა ოკეანის გაღმიდან ოჯახისთვისაც ძნელი იყო. დედა ახლაც საყვედურობს, წარმატების კარს ხშირად შენ თვითონ კეტავო! სერიალში გადაღებაც შესთავაზეს, მაგრამ დაბრუნდა. თუმცა ამბობს, რომ ისევ წავა! სწორედ ამერიკაში ყოფნის დროს მოხვდა გავლენიანი გამოცემის, Esquire-ის (hottest women in the world by country) სიაში. ეს მართლაც დიდი წარმატება იყო.
ლას-ვეგასში ყოფნისას, სადაც ლამის პურის მაღაზიაში დგას სათამაშო აპარატები, ერთხელაც არ უთამაშია. აზარტულზე მეტად ექსტრიმის მოყვარულია. გარკვეული ექსტრიმია ისიც, დილის გადაცემის წაყვანისას, როცა ამინდის პროგნოზს აკეთებს, ხან ხეზე რომ აძვრება და ხან მთაზე ავა ყინვაში))) დილა უყვარს. მოსწონს, როდესაც ყველა საწოლში ნებივრობს და ის მათ ტელევიზორიდან ამინდზე ესაუბრება.
ძილის პრობლემა არ აქვს. შეუძლია დღე-ღამეში სამი საათი ეძინოს და მთელი დღე იმუშაოს. ყველაზე სასიამოვნოდ აგონდება დოჰაში მოგზაურობა - მეგობრებთან ერთად საოცარ სამყაროში მოხვდა. თავი ერთ-ერთი პერსონაჟი ეგონა ფილმისა "სექსი დიდ ქალაქში".
ინტერვიუს შემდეგ გადაღება იწყება! ნანუკას უხდება ჩვენ მიერ მორგებული იმიჯი. უამრავი ფოტო აქვს გადაღებული და ამ ფოტოებს აგროვებს. ძირითადად, უცხოელი მეგობარი ბლოგერები უგზავნიან.
ამ გადაღების შემდეგ "ბომონდის" ფოტოებიც დაემატება! გოლფის ინსტრუქტორი გვეხმარება, რომ ფოტოები პროფესიონალური და ბუნებრივი გამოვიდეს. გადაღება მთავრდება და ვხვდებით, რომ გავერთეთ და დაღლა არ გვეტყობა. გარემომ და, რაც მთავარია, საქმისადმი სწორმა მიდგომამ კომფორტი შეგვიქმნა!
თბილისამდე გზა... გზაში კახური პური და ყველი ვიყიდეთ და გემრიელად გეახელით.
გვიანი საღამო და სასიამოვნო საუბარი გვართობს პარიზზე, სადაც გადავწყვიტეთ, ერთად წავიდეთ))) იმედია, მოვახერხებთ!
მაშ ასე, სექტემბრის ნომრის გარეკანს ნანუკა გოგიჩაიშვილი დაამშვენებს. მე კი ყველას მინდა ვუთხრა, ვინც ამ გადაღებაში მონაწილეობდა: ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან მუშაობა!!!
თეა აგლაძე
ჟურნალი "ბომონდი"
(სექტემბრის ნომერი)