აჯობე წარსულს! - თავი 9 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 9

2022-03-16 10:05:04+04:00


წინა თავი

- არა, - ღრმად ამოვიოხრე, - იყოს ცხრაზე, რა მნიშვნელობა აქვს.

- ჰოდა, ძალიან კარგი. ესე იგი, ხვალ დილით ცხრაზე აქ ვიქნები.

მან ხელზე დამიპირა კოცნა, მე კი დამდუღრულივით გამოვტაცე. მისი შეხება დენის დარტყმასავით მტკივნეული იყო ჩემთვის. ფაბიენმა მომაკვდინებელი მზერა მესროლა ერთ ადგილას გაქვავებულს, შემდეგ შებრუნდა და ნანას ძალზე საყვარლად დაემშვიდობა. მას აშკარად უკეთ შეეძლო თავისი ემოციების დაფარვა, ვიდრე მე.

ასე რომ, გავები. ძალაგამოცლილი დივანზე დავეხეთქე. პარიზის ნახვა როგორ არ მინდოდა, მაგრამ რაღა ფაბიენთან ერთად? გამოდის, მთელი დღე დაძაბული უნდა ვიყო, ერთიანად დაჭიმულმა უნდა ვიარო. ის, რომ კრისტო ჩემ გვერდით იქნება, არანაირად არ მგვრის შვებას. სხვა თუ არაფერი, აქეთ ხომ მარტო ჩვენ ორს მოგვიწევს წამოსვლა?

- იცი? ხანდახან ძალზე მაშფოთებს მისი მდგომარეობა, - უცებ ნანას ხმადაბალი ნათქვამი ჩამესმა.

- რა? - ძლივს გამოვერკვიე, - მაპატიე, სხვა რამეზე ვფიქრობდი. რა გაშფოთებს?

- ფაბიენი, - ნანას ლამაზი ცისფერი თვალები ჩაუმუქდა, - სულ მარტო ცხოვრობს იმ უზარმაზარ სახლში, ძაღლი და კატაც კი არ ჰყავს. არც მოსამსახურეები. ასე ცხოვრება საშინლად მოსაწყენია, თუნდაც… - იგი მოულოდნელად გაჩუმდა.

- თუნდაც რა? - დავინტერესდი და თამამად ვკითხე, რადგან დარწმუნებული ვიყავი, მას ჩვენს "ფარდის მიღმა" ურთიერთობაზე წარმოდგენა არ ჰქონდა.

- თუნდაც მას ასე უნდოდეს და მოსწონდეს.

- შესაძლოა შეიცვალოს, - რაც შემეძლო გულგრილად ჩავილაპარაკე, - თუკი შეხვდება ისეთ ქალს, ვისაც ისე შეიყვარებს, როგორც მიშელი უყვარდა.

- მიშელი?

რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ ნანას ხმაში სიძულვილის ნოტები გაჟღერდა, მაგრამ ვიფიქრე, მომეჩვენა-მეთქი.

- ჰო, რა. ის ხომ საოცრად ლამაზი ქალი იყო. ასე არ არის? კარგა ხანს ცხოვრობდნენ ერთად. ფაბიენს ალბათ დღემდე ენატრება თავისი ცოლი.

- ოჰ, კირა! ნეტავ შემეძლოს შენთვის ყველაფრის თქმა, - სასოწარკვეთილი ხმით წამოიძახა ნანამ, - მაგრამ შეპირებული ვარ…

- რაზე ამბობ? არაფერი მესმის, - შეცბუნებული მივაჩერდი დაქალს.

- დაივიწყე, რაღაც წამოვროშე, ნუ მომაქცევ ყურადღებას. ძალიან გთხოვ, დაივიწყე!

- უკვე დავივიწყე, - ღიმილით მივუგე, რადგან ვხედავდი, როგორ ანერვიულდა.

მაშინვე შევცვალე საუბრის თემა და იმით დავინტერესდი, ტყუპისცალებს რა სახელების დარქმევას უპირებდა. გადართვამ ნანას კი უშველა, მაგრამ მე არა. მივხვდი, რომ არაფერიც არ დავივიწყე და ცნობისმოყვარეობა მკლავდა, რას მიმალავდა მეგობარი ფაბიენისა და მისი ცოლის ურთიერთობაზე. მით უფრო, რომ ჩემს სიცოცხლეში არც ერთ მამაკაცთან ურთიერთობას ასე არ ავუღელვებივარ.

- აბა, რას იტყვი? - თავი ჩემკენ მოაბრუნა ფაბიენმა, - არც ისე ცუდი მოგზაურობა გამოგვივიდა, როგორც ელოდი, არა? - უკვე უკან ვბრუნდებოდით, კრისტიანი კი სტუმრად დავტოვეთ თავის მეგობართან.

მართლა მშვენიერი დრო ვატარეთ. ფაბიენი არაჩვეულებრივი თანამგზავრი აღმოჩნდა, ერთი წამით არ მომიწყენია. რადგან პარიზის ძირითადი ღირსშესანიშნაობები, თავისი ლუვრითა და ვერსალით, ეიფელის კოშკითა და მონმარტრით, უკვე ნანახი მქონდა, სხვა ისეთი რამის ნახვა მოვისურვე, რაც არც მენახა და არც გამეგონა. ჰოდა, თავი ამოვყავი კუნძულ სიტეზე, ანუ ლუტეციაზე, როგორც მას რომაელები უწოდებდნენ. აღმოჩნდა, რომ ქალაქის ცენტრში, მდინარე სენაზე, ორი კუნძული მდებარეობს - სიტე და სენ ლუი, რომლებიც ერთმანეთთან ხიდებით არის დაკავშირებული. დაახლოებით ისე, როგორც თბილისში - მტკვრის მარჯვენა და მარცხენა სანაპირო. სიტეზე საცხოვრებელი სახლები საერთოდ არ იყო. თურმე ტურისტული ზონა ყოფილა. სწორედ აქ მდებარეობს პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი -ნოტრდამი, მართლმსაჯულების სასახლე, ისტორიად ქცეული უძველესი საავადმყოფო, პოლიციის პრეფექტურა და შუა საუკუნეების ციხე კონსიერჟერი, რომელშიც ამჟამად მუზეუმია განთავსებული.

მოვიხიბლე, კმაყოფილებას ვერ ვმალავდი და მეც კრისტიანივით ვჭყლოპინებდი აჟიტირებული. მხოლოდ ამ კუნძულის ნახვის გამო ეკუთვნოდა ფაბიენს ჩემგან მადლობა.

საღამოს კი, როცა კრისტო და ნინა მის სახლთან ჩამოვსვით, მე და ჩემმა კავალერმა ელისეს მინდვრებზე გავისეირნეთ და მერე უკანა გზას დავადექით.

იძულებული ვიყავი, მეღიარებინა, რომ მოგზაურობა ძალიან მომეწონა.

- ემოციური დღე იყო…

- არ მესმის, რაზე მიმანიშნებ. სხვა შთაბეჭდილებას რატომ ელოდი? იმდენი კარგი რამ ვნახე, ალბათ ვერასდროს რომ ვერ ვნახავდი…

- მაგრამ იქ შენ ჩემთან ერთად იყავი. ეს კი დიდად არ გხიბლავს… არასდროს.

ძალიან კარგადაც ვიცოდი, რომ ეს ჰქონდა მხედველობაში, მაგრამ თავი გავისულელე. ვითომ ვერ მივუხვდი. არადა, მის გვერდით ჯდომა მართლა საშინლად მძაბავდა. ის ამ ელეგანტური სალონის მქონე მანქანაში ზედმეტად დიდი ჩანდა, ზედმეტად საშიში, ზედმეტად…

- მერე რა? რატომ გეგონა, რომ რაიმე ცუდის მოლოდინი მქონდა?

- განა არა? - კითხვა შემომიბრუნა და ირონიული ღიმილით დამასაჩუქრა.

- არა, სულაც არა, - მივუგე რაც შეიძლებოდა თავაზიანად, მაგრამ უეცრად ფაბიენმა გადაიხარხარა.

- ო, როგორ მომწონს შენი მოკრძალებული, კეთილშობილი გოგონას იმიჯი. ეს, ალბათ, ქართული აღზრდის შედეგია. ასე ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე გუშინ, აუზთან, შიზოფრენიკივით რომ იქცეოდი.

- საკმარისია! - გაჯავრებულმა გავაჩუმე. თავისას არ იშლიდა. ისე გავცოფდი, კეთილშობილების აღარაფერი შემრჩა. ეგრევე დავკარგე წონასწორობა. ის დამცინოდა, მე კი ვერაფერს ვუხერხებდი. აუტანელი კაცი იყო!

- მართალს ვამბობ, - არ გაჩერდა ფაბიენი, თუმცა ახლა უფრო მეტი სერიოზულობით გააგრძელა, - უნდა ვაღიარო, რომ მიყვარს ადამიანების დაკვირვება, დღეს კი ამისთვის თავზე საყრელი დრო და შესაძლებლობა მქონდა. შენ ერთობ საინტერესო…

- შეწყვიტე!

შეცდომა დავუშვი, მისკენ რომ შევტრიალდი. როგორც კი შევხედე, მისი თვალების ეშმაკურმა გამოხედვამ ეგრევე გამაშეშა.

მან მოულოდნელად მკვეთრად გადაუხვია გზიდან, პატარა მოედანზე შეაყენა მანქანა და დაამუხრუჭა. სალონში მტვრის ბუღი შემოიჭრა. ლამის გული გამიჩერდა, როცა მან ხელი ასწია და ჩემს ნიკაპს ოდნავ შეეხო. მერე თავისკენ მიმიზიდა და საოცრად ნაზად მაკოცა ტუჩებში. ეს, ალბათ, დამამშვიდებელი კოცნა უფრო უნდა ყოფილიყო, მაგრამ მე ჩემი დამემართა. სურვილის ტალღამ ერთიანად დამრია ხელი და სისხლი ამიჩქროლა, მაიძულა თვალები დამეხუჭა და ამ უტკბილეს გრძნობას მივნდობოდი, სანამ არ მივხვდი, რასაც აკეთებდა. გაოცებულმა ფართოდ გავახილე თვალები და ფანჯარას ავეკარი.

- არ გინდა… - ჩავიჩურჩულე.

- "შეწყვიტე", "არ გინდა", - ხმადაბლა გამომაჯავრა, - მაგრამ შენი სხეული სრულიად საპირისპიროს რომ მეუბნება? ასე არ არის?

- არა, ასე არ არის! - უფრო მეტად ავეკარი მანქანის კარს, სახე მიხურდა, - ასეც რომ იყოს, ეს, უბრალოდ, ქიმიაა, ჰორმონების ბუნტი. ეს არაფერს ნიშნავს!

- ახ, ქიმია?! მაგრამ ასეთ შემთხვევაში ეს ყოველთვის ერთნაირად უნდა ხდებოდეს, პარტნიორის მიუხედავად. გამოდის, შენს სხვა მამაკაცებთანაც იმავეს განიცდიდი, რასაც ჩემთან? - შეპარვით დაინტერესდა, - მაგალითად, კრისტიანის მასწავლებელთან… რა ჰქვია? დამავიწყდა.

- დამიენს გულისხმობ? - აღვშფოთდი. მგონი, ჭკუიდან შეიშალა. მთლად გაგიჟდა ალბათ. ამ ყველაფერთან რა საერთო აქვს კრისტოს მასწავლებელს? - დამიენი "ჩემი მამაკაცი" არასდროს ყოფილა. სხვათა შორის, ისევე, როგორც შენ! - უხეშად აღვნიშნე, - და, საერთოდ, ჩემი პირადი ცხოვრება შენ არ გეხება!

- მაგაში გეთანხმები, - მშვიდად წარმოთქვა, სავარძლის საზურგეზე ჩაცურდა და ხელები გულზე დაიკრიფა.

- და ახლა რა? - ვკითხე, როცა სიჩუმე აუტანელი გახდა, - უკვე ბნელდება, სახლში არ მივდივართ?

- არა! - უკმეხად წამოიძახა და ძრავა აათუხთუხა.

- არა? - ხმა ლამის ამიფეთქდა, - ამით რისი თქმა გინდა?

- იმის, რომ ჯერ არ ვაპირებ შენს დაბრუნებას ნანასა და პიერთან, - თქვა და მანქანა გზაზე გაიყვანა, - ყოველ შემთხვევაში, სანამ არ ვისადილებთ, მანამ.

- რა დროს სადილია, ღამდება.

- მაშინ ვივახშმებთ.

- მაგრამ ისინი ხომ მელოდებიან, - დავიბენი, - თანაც, სარესტორნოდ ჩაცმული არ ვარ.

მას შემდეგ, რაც მაკოცა, გონებაში ყველაფერი ერთმანეთში ამერია, აზრებს თავს ვერ ვუყრიდი.

- მშვენივრად ხარ ჩაცმული, - ფაბიენმა სწრაფი მზერა შემავლო, - ყოველ შემთხვევაში, ჩემს თვალში.

- ფაბიენ…

- მხოლოდ სადილი, კირა… თუ ვახშამი… - მისი ხმა ალერსიანად, დამამშვიდებლად ჟღერდა, - შენ უნდა ჭამო, მეც. რატომ არ გავაკეთოთ ეს ერთად?

- მაგრამ…

- დავურეკავ ნანას და ვეტყვი ჩვენი გეგმების შესახებ, კარგი?

კარგად ვიცოდი, რომ ჩემი თანხმობა სულაც არაფერში სჭირდებოდა. მან ჩემ მაგივრად ისევ თვითონ მიიღო გადაწყვეტილება! რა გზა მრჩებოდა? ერთადერთი, გაქანებული მანქანიდან თუ გადავხტებოდი, 30-იანი წლების ფილმის გმირივით, რომელსაც თავს მოძალადე ესხმის. მაგრამ მასთან ვახშმობას სულაც არ ვაპირებდი. ვიცოდი, რომ ეს ისევე სახიფათო იყო, როგორც ცეცხლთან თამაში. თუმცა მეორე მხრივ… მე ეს მინდოდა! ყველაფერზე მეტად მინდოდა. ალბათ მეც გავგიჟდი.

- კარგი? - ფაბიენმა რბილად, მაგრამ დაჟინებით გაიმეორა.

კი მაგრამ, რატომაც არა? მე ხომ წლები გავატარე საკუთარ თავთან მტკივნეულ ბრძოლაში, ვცდილობდი, შევგუებოდი წარსულს, დამევიწყებინა ფრიდონის ღალატი, მომეშორებინა მოგონებები, რომლებიც სიზმრებშიც არ მასვენებდა.

დიახ, რაღაც პერიოდის განმავლობაში მართლა დავკარგე საკუთარი თავის რწმენა, სასოწარკვეთის უმაღლეს წერტილს მივაღწიე, მაგრამ თანდათან მაინც გადავლახე ყველა წინაღობა, დღიდან დღემდე, თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე შევძელი მეძლია ჩემი თავისთვის და გადავხარშე და მოვინელე ჩემი ყველა უბედურება. გამუდმებით ჩავაგონებდი ჩემს თავს, რომ ოდესმე ისევ შევძლებდი ბავშვებთან მუშაობას, ოდესმე კვლავ შევხვდებოდი ვინმე სხვას, ოცნების მამაკაცს რომ ვარქმევთ ქალები.

ახლა რა გამოდის? ნუთუ ვერაფერს მივაღწიე? ჩემი ყველა ძალისხმევა წყალში ჩამეყარა? სხვანაირად ხომ არ შემეშინდებოდა ფაბიენთან ერთად `პური გამეტეხა~. და განა მეშინია? არ მეშინია! მე, უბრალოდ, შიშის უფლება არ მაქვს!

- რატომაც არა? - ზედმეტად ხმამაღლა გამომივიდა ნათქვამი.

- მართლაც, რატომაც არა? - მის ხმაში დაუფარავი კმაყოფილება იგრძნობოდა.

ამ კითხვაზე პასუხი ის შეკანკალება იყო, ჩემი სხეული რომ მოიცვა და ბუსუსები, მკლავებზე რომ დამაყარა. მაგრამ გადავწყვიტე, ამაზე არ მეფიქრა. გავიღიმე და შევეცადე, თანაბრად მესუნთქა, თან გულში ჩემთვის ვიმეორებდი: "მე ახალგაზრდა ვარ, თავისუფალი და სრულიად ნორმალურია, მივიღო მოწვევა სიმპათიური მამაკაცისგან, ვივახშმო მასთან ერთად. ეს ყველაზე ჩვეულებრივი ამბავია ამქვეყნად"…

- ოჰ, აქ რა სილამაზეა! როგორი მდიდრული ადგილია, ფაბიენ, ხომ გითხარი, სათანადოდ ჩაცმული არ ვარ-მეთქი!

- არაფერია, - თქვა მან და ასობით პატარა ნათურით განათებული გალერეის თაღქვეშ გამატარა. მას ხელი ჩემს წელზე ჰქონდა შემოხვეული და ეს შეხება საოცრად ნაზი, მაგრამ იმპერიული იყო, - აქ სხვადასხვა ჯურის ხალხი შემოდის - მეფეებიდან დაწყებული, მათხოვრებით დამთავრებული.

თუ ასეა, სრულიად გასაგებია, რომელ კატეგორიაშიც მოვხვდები მე, - გავიფიქრე, როცა შევაბიჯე დარბაზში, რომელიც შუა საუკუნეების ბრწყინვალებით იყო გაფორმებული.

პარიზში გასამგზავრებლად ძალზე უბრალოდ და თავისუფლად ჩავიცვი. რას ვიფიქრებდი, რესტორანში თუ ამოვყოფდი თავს, თანაც ასეთ მდიდრულში. გრძელმკლავიანი აბრეშუმის თეთრი ბლუზა მეცვა და მუქმწვანე შარვალი – იდეალური ვარიანტი სამოგზაუროდ, მაგრამ არა ასეთი დახვეწილი და უეჭველად პრესტიჟული ადგილისთვის…

დიდი თაღოვანი დარბაზის კედლების გასწვრივ განლაგებულმა მაგიდებმა ჩემი შიში დაადასტურა. ქალების უმეტესობას ძვირად ღირებული სამოსი ეცვა და მდიდრული სამკაულები ეკეთა, თუმცა მამაკაცები შედარებით უბრალოდ ჩაცმული გამოიყურებოდნენ. ზოგიერთი ჯინსითაც კი იყო. თუმცა ავტოსადგომი გადავსებული დაგვხვდა ძვირფასი მანქანებით.

მეტრდოტელი, რომელიც შემოგვეგება, თურმე ფაბიენს იცნობდა. მან საცეკვაო სცენიდან არც ისე შორს, მაგრამ ერთობ ინტიმურ კუთხესთან მდგარ ორ კაცზე გაშლილ მაგიდასთან მიგვაცილა, რაც გულწრფელად გამიხარდა. ეს შესაძლებლობას მაძლევდა, მოვდუნებულიყავი და ცნობისმოყვარე მზერები თავიდან ამეცილებინა, ამასთან, იქაური ფუფუნების ყურებით დავტკბებოდი. წყნარი და სასიამოვნო მუსიკა უკრავდა და ჩემ გარდა არავის ედარდებოდა, ვიყავი თუ არა სარესტორნოდ ჩაცმული.

- აქ ხშირად მოდიხარ?

გაგრძელება იქნება