აჯობე წარსულს! - თავი 8 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 8

2022-03-15 10:15:20+04:00


წინა თავი

როგორც იქნა, რის ვაივაგლახით ამოვბობღდი აუზიდან, დამიენს ბოდიში მოვუხადე, ავალ, გამოვიცვლი და ჩამოვალ-მეთქი, ახარხარებულ კრისტიანს მუშტი მოვუღერე და სასწრაფოდ სახლს მივაშურე ერთიანად დასველებულმა. არა, რა თქმა უნდა, კრისტოზე არ გავბრაზებულვარ. ბავშვი იყო და ბავშვურად მოიქცა. უბრალოდ, შემრცხვა, უცხო კაცის წინაშე ასე რომ გამეხუმრნენ.

ოთახში ასულმა სასწრაფოდ გავიხადე სველი სამოსი და მშრალი გადავიცვი. მერე ისევ დაბლა ჩავედი და კრისტოსა და დამიენს ცოტა უხალისოდ შევუერთდი. შემეძლო არც ჩამოვსულიყავი, მაგრამ არ მინდოდა უყურადღებობაში ჩამთვლოდა.

დამიენი მიხვდა, რომ აუზში ჩასვლას არ ვაპირებდი, ამიტომ აღარც შემოუთავაზებია, თვითონ კი გაიხადა და წყალში ჩასასვლელ კიბეს მიუახლოვდა. უკვე მერამდენედ ვეკითხებოდი ჩემს თავს, რატომ არ მომწონდა ეს კაცი, რატომ ოდნავადაც არ მაღელვებდა. კარგად ჩამოსხმული სხეული ჰქონდა, გახდილი სულაც არ ჩანდა ნაზი, პირიქით, დაკუნთული მკლავები და ფართო მხრები ერთობ მამაკაცურს აჩენდა. მაგრამ ჩვენ შორის არანაირი ნაპერწკალი არ გამკრთალა, როცა მას შევყურებდი. ეს კაცი არ აღმაგზნებდა. არ ვიცი, რატომ, ვერ ვხვდებოდი, რა არ მომწონდა. უბრალოდ, არ იყო ეს ნაპერწკალი და მორჩა!

რამდენიმე წუთის განმავლობაში მასწავლებელი და მოსწავლე ერთმანეთს ცურვაში ეჯიბრებოდნენ. მერე წყლიდან ამოვიდნენ და ჩემ გვერდით დასხდნენ.

- კიარა, ბავშვობაში როგორი იყავით? - დაინტერესდა დამიენი.

- ო, არ მკითხოთ. საშინელი გოგო ვიყავი, მოუსვენარი. ჩემს ძმებს მოსვენებას ვუკარგავდი. დედა სულ მიჯავრდებოდა. დახვეული თმა მქონდა და კულულებზე მტაცებდა ხოლმე ხელს და მჩეჩდა, რომ ასე დავესაჯე. - ამის გახსენებაზე სიცილი ამიტყდა.

- უმცროსი ძმები გყავთ?

- არა, უფროსი, მაგრამ მაინც ვახერხებდი მათ დაბრიყვებას. ერთხელ ტუალეტში ჩავკეტე შუათანა ძმა, რადგან რაღაცაზე გამაბრაზა. გასაღები კი ისე დავმალე, რომ მერე მე თვითონ დამავიწყდა, სად დავდე. მამა იძულებული გახდა, კარი შეემტვრია.

- რას ამბობთ! ამას ვერ დავიჯერებ. წარმოუდგენელია, ასეთი ცელქი ყოფილიყავით, -დამიენსაც გულიანად გაეცინა.

- ოჰ, მე პატარა მონსტრი ვიყავი.

ამის მერე კიდევ რამდენიმე ამბავს მოვყევი ჩემი ბავშვობიდან და ორივე გულიანად ვაცინე. ჩვენი სიცილის ხმები შემოგარენში ისმოდა. ისე გავერთე, აღარც მახსოვდა, დამიენთან მარტო დარჩენას რომ ვერიდებოდი.

მაგრამ მოულოდნელად ჩემი იდილია ნაცნობმა ხმამ დაარღვია:

- კირა! ნანა გეძახის!

ეს ფაბიენის ხმა იყო. უსიამოვნოდ გამცრა ტანში. მის გამოჩენას არ ველოდი.

- რა მოხდა? - შეშინებული ფეხზე წამოვიჭერი.

- რაღაც ვერ არის კარგად, თავი ცუდად იგრძნო, - ცივი ტონით მომიგო, - კარგი იქნება, თუ ამ სიამოვნებას მოსცდები და მასთან ახვალ.

- ჰო, რა თქმა უნდა, - სწრაფად მივუგე და ნირწამხდარი სახლისკენ მიმავალ ბილიკს გავუდექი.

როცა ფაბიენს გავუსწორდი, თვალი თვალში გავუყარე. ისეთი მოღუშული სახე ჰქონდა, საწვიმრად გამზადებულ ღრუბელს ჰგავდა.

- მეგონა, აქ ნანას დასახმარებლად ჩამოხვედი, მის გასამხნევებლად და არა სალაზღანდაროდ…

და ეს იყო პირველი სიტყვები, რომლებიც მან ამ სამი კვირის განმავლობაში მითხრა.

ნანას მდგომარეობამ შემაშფოთა, ფაბიენის ნათქვამმა კი გამაბრაზა. ამ ბრაზის დამალვა არ იყო ადვილი საქმე.

- რა თქვი? - მის წინ შევჩერდი და გაგულისებული მივაჩერდი.

- ის, რომ სასწრაფოდ შენს მეგობართან უნდა გაჩნდე. - უკმეხად მომიგო და ერთი ნაბიჯი უკან გადადგა, რათა ასე უკეთ შევეთვალიერებინე.

- მაგაზე არ გეკითხები. კარგად იცი, რაც ვიგულისხმე! - შევუტიე. მიჭირდა თავის შეკავება, მაგრამ ხმისთვის არ ამიწევია, კრისტომ არ გაიგონოს-მეთქი, - როგორ მიბედავ ასე ლაპარაკს?

- კიარა! უკვე მიდიხარ? - სწორედ ამ დროს დამიძახა დამიენმა, - გვტოვებ?

მინდოდა პასუხი გამეცა, ნანა მეძახის და უნდა დაგტოვოთ-მეთქი, მაგრამ ფაბიენმა დამასწრო:

- ნანა თავს შეუძლოდ გრძნობს და მასთან უნდა ავიდეს, - უხეშად გასცა პასუხი დამიენს, მერე კი მე მომიბრუნდა, - იმედია, შენთვის დიდი მსხვერპლის გაღება არ იქნება, აქაურობა რომ დატოვო. ხომ მართალი ვარ?

- რა თქმა უნდა! - მივახალე წყობილებიდან გამოსულმა.

"რა აუტანელია!" - ბოღმით გავიფიქრე. კრისტიანი რომ არა, ერთ მაგარ სილაქს ვუთავაზებდი, მაგრამ არ მინდოდა ბიჭი ამ სცენას შესწრებოდა.

ნანა დილით ვნახე, ველაპარაკე. ისიც იცოდა, დაბლა რომ ჩავდიოდი გასასეირნებლად. ცუდად არ ყოფილა. არა მგონია, ფაბიენი ჩემ მოსახმობად გამოეგზავნა. ეს სულ ამ მდიდარი ქვრივის ოინებია. სამაგიეროს მიხდის იმ საღამოსთვის. მომენტს არ უშვებს ხელიდან, ოღონდ შენიშვნა მომცეს, ოღონდ შეურაცხმყოს. და აი, რა მოიგონა. თითქოს მე ნანას უყურადღებოდ ვტოვებ!

- მაპატიე, დამიენ, ცოტა ხნით უნდა დაგტოვოთ. უჩემოდ არ მოიწყინოთ. ვნახავ, ნანა როგორაა, რა სჭირდება და ვეცდები, დავბრუნდე.

- მიდი, კირა, მიდი! - გამომძახა აუზიდან კრისტიანმა, - ჩვენ შენ მოსვლამდე ერთმანეთს შევეჯიბრებით! აბა, ოცჯერ იქით და ოცჯერ აქეთ!

დამიენმა გაიღიმა:

- არის ოცჯერ იქით და ოცჯერ აქეთ! - დაიყვირა და კვლავ წყალში გადაეშვა.

- აბა? აქ აპირებ დგომას და შენი თაყვანისმცემლის ყურებას, რამდენჯერ გავა-გამოვა ერთი ბოლოდან მეორეში თუ ნანას მიხედავ? - მომიბრუნდა ფაბიენი, თან თვალით გამზომა.

- ჩემი ვინ? - ხელები მოვმუშტე და მისკენ გავიწიე, თუმცა დარტყმა არც მიფიქრია. ან კი რას გავაწყობდი ამხელა კაცთან, მხრებამდე ძლივს რომ ვწვდებოდი.

- შენი თაყვანისმცემელი, მოფლირტავე, კუდში მდევარი… როგორც გენებოს, ისე გაიგე. თქვენთან არ ვიცი, ასეთებს რას ეძახიან.

- ჩვენთან ასეთებს მეგობარს ეძახიან. უბრალოდ, მეგობარს! - განვუმარტე სუნთქვაგახშირებულმა. დიდი სიამოვნებით მივახრჩობდი, რომ შემძლებოდა. არ მახსოვს, ვინმეს ასეთი რამ ეკადრებინოს ჩემთვის. რამდენის უფლებას აძლევდა ეს კაცი თავის თავს, -ამ ყველაფერთან ერთად, ჩემთვის აღმაშფოთებელია შენი მინიშნება, თითქოს მე ნანას ფეხებზე ვიკიდებ!

- ბოდიში, - გულგრილად მომიგო ფაბიენმა, - მაგრამ მე საკუთარი თვალების ყოველთვის მჯერა. რასაც ვხედავ, იმას ვამბობ ხოლმე.

- შესანიშნავია! - მთელი სარკაზმი ჩავაქსოვე ამ ერთ სიტყვაში, - როგორი თავდაჯერებული ადამიანი ხარ! საკუთარ თვალებს ენდობი! შენ ხომ ის კაცი ხარ, რომელიც არასდროს არაფერში ცდება!

- ჩემს მოთმინებას ნუ გამოცდი, კირა! - ხმის აწევით წარმოთქვა მან და ფართო ნაბიჯებით სახლისკენ გაეშურა.

- მე ვცდილობ შენი მოთმინების გამოცდას? - წინ გავიჭერი, გავასწარი და გზა გადავუღობე, - შენ არ გაქვს უფლება, ასე მელაპარაკო და იმაში დამადანაშაულო, თითქოს ნანა ჩემ გამო გახდა ცუდად.

- მსგავსი არაფერი მითქვამს. - მხრები აიჩეჩა და აუღელვებლად მომიგო.

- გითქვამს! მე შენ წეღან სწორედ ამაში დამადანაშაულე! და გგონია, ვერ ვხვდები, რატომ? იმიტომ, რომ სამაგიეროს გადახდა გწადია! შური გინდა იძიო ჩემზე! ის თუ იცი, რომ ქალზე შურისძიება სულმდაბლობაა? ვხვდები, რომ შენს სახლში არასწორად მოვიქეცი, ვთქვი ისეთი რამე, რაც არ უნდა მეთქვა, და ვნანობ ამას. მაგრამ მე… მე გულწრფელი ვიყავი. არ მინდოდა ისეთი რამ მომხდარიყო, რასაც მერე ორივე ვინანებდით. მართალია, უფრო ადრე უნდა გავჩერებულიყავი, სანამ შენ კოცნის უფლებას მოგცემდი, მაგრამ შენც ხომ არანაკლებ დამნაშავე ხარ იმაში, რაც მოხდა! საშინელი, უგულო, სასტიკი ადამიანი ხარ და ვერ გიტან! უბრალოდ, ვერ გიტან!

მან ხელი გამოიწოდა ჩემკენ, ალბათ ჩემი დამშვიდება განიზრახა, მე კი ხელი ავუქნიე, განზე გავხტი და გავიქეცი. ზურგს უკან ჩემი სახელი მესმოდა, უცნაური ინტონაციით წარმოთქმული ჩემი სახელი, მაგრამ არ შევჩერებულვარ, სანამ შემოსასვლელში არ შევვარდი. როგორც კი მარტო დავიგულე თავი, კედელს მივეყრდენი სულის მოსათქმელად.

- მშვიდად, კირა, მშვიდად, - ვუჩურჩულე ჩემს თავს, - ნანა ტყუპს ელოდება, მისთვის ნერვიულობა აკრძალულია! ასეთი სახით მასთან ნუ შეხვალ!

რამდენჯერმე ჩავისუნთქე, ამოვისუნთქე, მერე სველ თმაზე ხელი გადავისვი, უდარდელი გამომეტყველება მივიღე და სასტუმრო ოთახს მივაშურე, სადაც ნანა მეგულებოდა. ის სავარძელში იჯდა, ფეხები მოეკეცა და თვალები მიელულა. ისე შემეშინდა, სულ გადამავიწყდა, აუღელვებელი ვჩვენებოდი და მივვარდი.

- ნანა, რა გჭირს? ფაბიენმა მითხრა, თავს ცუდად გრძნობსო. რა მოხდა? რამე გტკივა?

ნანამ წამწამები შეარხია და თვალები ნელა გაახილა.

- არაფერი არ მჭირს, კარგად ვარ. ეს ბავშვები წარამარა ფეხებს მირტყამენ და ესაა. ფაბიენი საერთოდ არ მინახავს ამ დილით. - ნამძინარევი ხმით მომიგო ნანამ, - ალბათ, ჩაძინებული დამინახა და ამან შეაშინა. კაცები ხომ იცი, როგორი პანიკიორები არიან, როცა საქმე ქალის ორსულობას ეხება. პიერიც ასეთია. ჩემს მუცელში ორი პაწაწინა არსება ზის, ესენი კი მეკითხებიან, მძიმედ რატომ ხარო. რამ გაგანერვიულა ასე, კირა? ცუდად რომ გავმხდარიყავი, პირველ რიგში შენ დაგიძახებდი, - იგი წელში გასწორდა, ფეხები იატაკზე ჩამოიღო და შემომაცქერდა, - მოიცა, რა გითხრა ფაბიენმა?

- სასწრაფოდ ადი ნანასთან, ცუდად გახდაო, - ვუპასუხე და სავარძლის სახელურზე ჩამოვჯექი.

- ოხ, ეს კაცები! - ამოიოხრა ნანამ, - ესენი ორივენი გამაგიჟებენ, სანამ ბავშვებს გავაჩენ. მათ გამო ხანდახან კრისტოც კი შეშინებული მომჩერებია. - შეფიქრიანებულმა თქვა, - და მაინც… უცნაურია, რაში დასჭირდა ამის თქმა? შეუძლოდ რომ მეგრძნო თავი, მერის ვეტყოდი და ის დაგიძახებდა. მოასწარი მაინც ბანაობა?

- არა, არ მიბანავია. უბრალოდ…

- აბა, თმა რატომ გაქვს სველი?

- კრისტომ წყალში ჩამაგდო და იმიტომ, - გავიცინე და ნანაც გავამხიარულე, - დამიენიც შემოგვიერთდა და კარგა ხანს ვლაპარაკობდით. რაღაცები გავიხსენე ჩემი ბავშვობიდან.

- რა საძაგელი ბიჭია! - თავი გადააქნია ჩემმა მეგობარმა, - კრისტიანს ჰგონია, რომ შენ მისი გულისთვის ჩამოხვედი ნიცაში. მან თავის მეგობრად დაგიგულა და გაგითამამდა, ხედავ? ამაზე უნდა დაველაპარაკო.

- რას ამბობ! ეგ არ ქნა! პირიქით, მიხარია, რომ ასე ახლობლად მთვლის. გამეხუმრა ბავშვი, მერე რა მოხდა? ფაბიენი რომ არ მოსულიყო, ცოტა ხანს კიდევ გავერთობოდით.

- და გითხრა, ნანა გეძახისო?

- ჰო… შენი მეგობარი გიხმობსო… რა იყო, რო?

- არაფერი… გაბრაზებული ჩანდა?

- კი, აშკარად გაღიზიანებული იყო. აი, მისი ხმა ისმის. აჯობებს, გავასწრო და ჩემს ოთახში ავიდე. მისი დანახვა არ მინდა. წყალს გადავივლებ და ჩამოვალ, კარგი?

- მიდი, მე აქ ვიქნები, - თავი დამიქნია ნანამ და როგორც კი გავეცალე, მისი შეფიქრიანებული ხმით ნათქვამი სიტყვები მომხვდა ყურში, - საინტერესოა… ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა…

დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ კვლავ სასტუმრო ოთახში დავბრუნდი. გაშლილი თმა მხრებზე ლამაზად მეყრებოდა. თეძოებზე შემოკვალთული ჯინსის შარვალი მეცვა, ზემოდან კი ორი ზომით დიდი სვიტერი, სხეულზე ხალვათად რომ მედგა და ლამის მუხლამდე მწვდებოდა. შეგნებულად დავიგვიანე, მეგონა, ფაბიენი ამასობაში წასვლას მოასწრებდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. ის იქ იყო. უკვე კიბეზე ჩამოვდიოდი, მისი ხმა რომ გავიგონე და კინაღამ ჩავიკეცე, გულმა კი გაცხრამაგებულად დამიწყო ცემა.

- ამწუთას ზუსტად შენზე ვსაუბრობდით, - შემომღიმა ნანამ, - ერთი პრობლემა წამოგვეჭრა, თუმცა ფაბიენი შეგვპირდა დახმარებას.

- რა პრობლემა? - წარბები შევიჭმუხნე და ფაბიენს ფრთხილად გავხედე. სულაც არ მომეწონა ქვეტექსტი, დაქალის ნათქვამიდან რომ გამოსჭვიოდა. ყველაზე ნაკლებად მსურდა ახლა ფაბიენის დახმარება.

- პიერს უნდოდა ხვალ ჩვენ, ოთხივენი პარიზში წავსულიყავით გასართობად, მაგრამ რომ დავფიქრდი, ცოტა შევშინდი - ჩემთვის ამხელა გზაზე მგზავრობა შეიძლება?

- გამოდის, ყველა არ უნდა წავიდეთ, - მსწრაფლ ვუპასუხე, რადგან გულმა რეჩხი მიყო.

- მაგრამ კრისტიანს ისე დასწყდება გული, ყველას გაგვებუტება, - დამწუხრებული სახით მომიგო ნანამ, - ხომ იცი, იქ მეგობარი ჰყავს, აი, ლამაზთვალება გოგო რომაა, ნინა. ადრე რომ ვიყავით პარიზში, მაშინაც გავუარეთ სახლში და მერე ჩვენთან ერთად ისეირნეს მაგან და დედამისმა. ჰოდა, უკვე დაურეკა კრისტომ, ხვალ მოვდივართო და ისიც გველოდება.

ძლივს შევძელი სახეზე ღიმილის გამოსახვა. გულში ღმერთს ვევედრებოდი, ნანას მომდევნო სიტყვები ის არ ყოფილიყო, რასაც მოველოდი, მაგრამ ჩემი ვედრება უფალმა არ შეისმინა.

- მე თუ არ წავედი, ვიცი, რომ პიერიც დარჩება, აქ მარტოს არ დამტოვებს. სამაგიეროდ, ფაბიენი ყოფილა ხვალ თავისუფალი და შემომთავაზა, კირას და კრისტიანს მე წავიყვანო. მაინც უწევდა თურმე ხვალ პარიზში ჩასვლა.

რა უნდა მეთქვა? პანიკამ ისე შემიპყრო, ყურებს უკვე შუილი გაჰქონდა.

- ასე რომ, მოემზადე. ფაბიენი ხვალ დილით ცხრა საათზე გამოგივლით და წაგიყვანთ. -აზრი არც მკითხა, ისეთ მტკიცებით ფორმაში გააგრძელა ნანამ, - კრისტიანი ნინასთან დარჩება ღამით, შენ კი შეგიძლია ნებისმიერ დროს დაბრუნდე უკან.

- ნანა… სიმართლე გითხრა…

- და მეც აღარ შემაწუხებს სინდისის ქენჯნა, რომ დღე ყველას ჩავუშხამე. ვიცი, შენც როგორ გინდა პარიზის კიდევ ერთხელ ნახვა. ისედაც ყველანი გაგაწამეთ ჩემი კვნესით.

- კარგი, რა, სისულელეს ნუ იძახი. შენც მშვენივრად იცი, რომ ასე არ არის!

საქმე უკვე გადაწყდა, მაგრამ ცოტა არ იყოს, მეწყინა. წესით, ნანა ჯერ მე უნდა შემთანხმებოდა და ფაბიენისთვის მერე ეთხოვა დახმარება. ხომ იცის, როგორ არ მომწონს ეს კაცი, როგორ მეძნელება მის გვერდით ყოფნა. განა ამაზე ერთხელ და ორჯერ ველაპარაკე?

რა თქმა უნდა, ნანასთვის საყვედური არ მითქვამს. ისედაც ყველაფერზე ნერვიულობდა, თუმცა ვინ მოიფიქრებდა, ასეთ "სიურპრიზს" თუ მომიმზადებდა?

- ცხრა საათი გაწყობს? - ფაბიენი თავზე წამომადგა და სრულიად მშვიდი ხმით მკითხა, მაგრამ რომ შევხედე, მის შავ თვალებში აცეკვებული ჭინკები შევამჩნიე, ხოლო მისი ირონიულად მოკუმული ტუჩები იმაზე მოწმობდა, რომ კარგად ხვდებოდა, ამწუთას რაც ხდებოდა ჩემს გულში, - თუ ცოტა მოგვიანებით მოვიდე?

გაგრძელება იქნება