აჯობე წარსულს! - თავი 13 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 13

2022-03-21 10:23:14+04:00


წინა თავი

- ორი კვირა არაფერს ცვლის, არც ტყუპის შემთხვევაში, - საქმეში ღრმად ჩახედული ექიმივით ჩაილაპარაკა, - მით უფრო, თუკი მათი დედა ძლიერია.

- ძალიან კი გასუქდა, - ამოოხვრით ვთქვი.

- ჰო, დედალ სპილოს დაემსგავსა, მაგრამ ეგ არაფერი.

- ოხ, ფაბიენ! - მის ნათქვამზე სიცილი ვერ შევიკავე, უფრო მჭიდროდ მივეკარი მკერდზე და მისი ოდეკოლონის სურნელი შევისრუტე.

- კარგია, ყავა რომ მომიტანე. ახლა ნამდვილად არ მაწყენდა. მხოლოდ ქართველი თუ მიხვდებოდა ამას, - ალერსიანად შენიშნა.

- შეგერგოს, - ქართულად ვუთხარი და ისეთი გაოცებული სახით შემომხედა, ისევ გამეცინა. ავუხსენი, რასაც ნიშნავდა ეს სიტყვა, თუმცა მთლად ფრანგული შესატყვისი ვერ მოვუძებნე.

მან ხელი შემიშვა და პლასტმასის ჭიქას დასწვდა. როგორც კი გამერიდა, თავი გარიყულად ვიგრძენი. ეს ჩახუტება მისთვის, ალბათ, ბევრს არაფერს ნიშნავდა. არადა, ჩემთვის… ჩემი სხეულის თითეული უჯრედი გრძნობდა მის შეხებას, თითოეული ნერვი. ღმერთო, რაოდენ დამამცირებელია გონის დაკარგვამდე გიყვარდეს კაცი, რომელიც ძლივს ამჩნევს შენს არსებობას. კიდევ კარგი, ჩემი აზრების წაკითხვა არ შეუძლია. კიდევ კარგი, არ იცის, როგორ განვიცდი. მირჩევნია მოვკვდე, ვიდრე ეს გაიგოს.

ყავა დავლიეთ. კიდევ ერთი საათი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ფაბიენი სხვადასხვა ამბის მოყოლით მართობდა და ყველანაირად ცდილობდა, ჩემი ყურადღება მოედუნებინა და არ მეფიქრა იმაზე, რაც, პრაქტიკულად, რამდენიმე მეტრის დაშორებით კედლის მიღმა ხდებოდა. და, მიუხედავად იმისა, რომ იგი თავს მშვიდად და უშფოთველად მაჩვენებდა, მაინც მშველოდა. თუმცა, რაც დრო გადიოდა, ვხედავდი, უფრო და უფრო ხშირად რომ გაურბოდა მზერა იმ პალატისკენ, სადაც ნანა იწვა.

ამასობაში ორი კი არა, სამი საათიც გავიდა და, როგორც იქნა, პიერი გამოჩნდა.

- აბა, რა ხდება? როგორაა? - ორივემ ერთდროულად წამოვიძახეთ და დივნიდან წამოვხტით.

პიერს ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი, მთლად კარგად ვერ იყო საქმე. ტუჩები მკაცრად მოეკუმა, სახეზე კი საშინელი მწუხარება ეხატა.

- ექიმმა თქვა, შეიძლება საკეისრო კვეთა დასჭირდესო, - პიერი ცდილობდა, მშვიდად ელაპარაკა, მაგრამ ხმა ისე უკანკალებდა, ჩანდა, როგორ ნერვიულობდა, - პირველი ბავშვი ფეხებით მოდის და ნანა ძალიან გაწვალდა.

- ოჰ, პიერ… - მეტი ვერაფერი ვთქვი.

- ძალიან გთხოვ, კირა, ნუ შფოთავ, ყველაფერი ისე გაკეთდება, როგორც უკეთესი იქნება, -ჩემი დაწყნარება სცადა ფაბიენმა.

მან მზერა ამარიდა, რადგან მიხვდა, რომ მისმა სიტყვებმა ოდნავადაც ვერ მომგვარა შვება.

გაუსაძლისი სიჩუმე ჩამოვარდა. ბოლოს პიერი ალაპარაკდა:

- მე ისევ ნანასთან უნდა დავბრუნდე. თქვენ კი წადით სახლში, აქ მაინც ვერაფრით დაგვეხმარებით. დროს ტყუილად კარგავთ, დაიღლებით.

- არა, - მიუგო ფაბიენმა, - ჩვენ დავიცდით. ხომ ასეა, კირა?

- რა თქმა უნდა, - მყისვე კვერი დავუკარი.

- ეჭვიც არ მეპარებოდა, ამას რომ იტყოდი, - მომიბრუნდა ფაბიენი, ყურადღებით ჩამხედა თვალებში, მერე კი პიერს მხარზე დაჰკრა ხელი, - წადი, წადი მასთან. ყველაფერი კარგად იქნება.

პიერის წასვლის შემდეგ კარგა ხანს დაძაბულები ვისხედით და ხმას არ ვიღებდით. სამშობიარო ბლოკიდან დახშული ხმები მოისმოდა, რომლის მშვიდად მოსმენა უკვე აღარ შემეძლო.

როგორც ჩანს, ფაბიენის გონების დამცავი მექანიზმი შესუსტდა, რადგან ისეთ რამეებზე ალაპარაკდა, მანამ რომ არასდროს უთქვამს:

- არაფრით არ შეიძლება ბავშვებს რამე დაემართოთ. არ შეიძლება! მით უფრო მას მერე, რაც პიერმა და ნანამ გადაიტანეს! ხშირად ვფიქრობ იმ ბავშვებზე, რომელთა დაბადებას მშობლებისთვის სიხარული არ მოაქვს, რომლებიც სულაც არ არიან სასურველნი და ან სხვას ატანენ აღსაზრდელად, ან ბედის ანაბარად მიაგდებენ, რომ თავის ნებაზე გაიზარდონ. მაგრამ პიერი და ნანა ეგეთები არ არიან. მათ ისე უყვარდათ თავიანთი პირველი შვილი… და ესენიც არანაკლებ ეყვარებათ. უფრო მეტადაც.

- ვიცი.

- შენ ბედნიერ ოჯახში გაიზარდე? - სრულიად მოულოდნელად მკითხა.

- ჰო, ძალიან ბედნიერ ოჯახში, - შეფიქრიანებულმა მივუგე, - მართალია, უფროსი ძმები მყავს და ისინი ბავშვობაში ხანდახან ზედმეტად მაწვალებდნენ, მაგრამ ეს მხოლოდ სიყვარულით მოსდიოდათ. ახლა ისინი ჩემი გულისთვის ყველაფერზე წამსვლელნი არიან. დედას და მამასაც ძალიან ვუყვარვართ ყველანი. მათთან კარგი იყო, დროს მხიარულად ვატარებდით.

- რამდენი ძმა გყავს?

- ორი. მე უმცროსი ვარ. დედას შეეშინდა თურმე, ორი რძლის ხელში აბა, რა სიბერე მექნებაო და მესამე იმის იმედით გააჩინა, რომ გოგო ეყოლებოდა.

- და გაუმართლა კიდევაც, არა?

- კი, გაუმართლა. მე დავიბადე.

- კარგია, როცა ოჯახი ბედნიერია, ასეც უნდა იყოს, - უხალისოდ გაიღიმა ფაბიენმა, აზრებით აშკარად სხვაგან დაფრინავდა, - აი, მე კი ერთადერთი შვილი ვიყავი. დედამ გათხოვებიდან ცხრა თვეში გამაჩინა და. საბედნიეროდ, სწორედ ის მემკვიდრე აღმოვჩნდი, ვისზეც მამაჩემი ოცნებობდა. "საბედნიეროდ" იმიტომ ვთქვი, რომ მამაჩემს სიგიჟემდე უნდოდა ვაჟი ჰყოლოდა. წარმომიდგენია, გოგონა რომ დაბადებულიყო, როგორი ბავშვობა ექნებოდა. მამაჩემის რწმენით, ქალი ბიზნესს ვერასდროს შეებმება ისე, როგორც ეს კაცს შეუძლია. ის მთელ სამყაროს ისე იღებდა, როგორც საკუთარ იმპერიას. იმისთვის ცხოვრობდა, რომ ძალაუფლება მოეპოვებინა და ფული ეკკეთებინა, სხვა დანარჩენს მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა. სულიერებისგან აბსოლუტურად დაცლილი ადამიანი იყო, მისი მსგავსი არავინ მეგულება. მინახავს, მორალურად როგორ ანადგურებდა ადამიანებს და ამით სიამოვნებას იღებდა.

- მაგრამ დედაშენი? მას, ალბათ, არ მოსწონდა ეს… - ფრთხილად ვკითხე, თან ვცდილობდი დამემალა შიში, რომელმაც შემიპყრო.

- დედაჩემი სულით ხორცამდე არისტოკრატი იყო. ის იმისთვის ცხოვრობდა, რომ გართობა არ მოჰკლებოდა. ერთხელ თქვა, კიდევ რომ დავორსულდე, თავს მოვიკლავო. ეს ხუმრობით არ უთქვამს, გამკეთებელი იყო.

მისი ლამაზი შავი თვალები ჩემს სახეს დააკვდა. აშკარად შეამჩნია, რა თავზარიც დამცა მისმა მონათხრობმა და სევდიანად გამიღიმა:

- თქვენთან, ალბათ, სულ სხვანაირი არიან მშობლები, არა? გგონია, დაუჯერებელ ამბავს გიყვები? არა, მართლა ასე იყო, არ გატყუებ. და იმიტომ კი არ ამბობდა ასე დედაჩემი, რომ ცუდი ორსულობის და დისკომფორტის ეშინოდა. უბრალოდ, არ სურდა, თუნდაც დროებით, თავისი ულამაზესი ფიგურა დაემახინჯებინა. ამიტომაც უფლის მადლიერი იყო, რომ ქმარს მემკვიდრე გაუჩინა და ამით თავისი მოვალეობა შეასრულა. მეორე შვილის გაჩენას არავინ დააძალებდა.

- მაგრამ… შვილის დაბადება ხომ არაჩვეულებრივი მოვლენაა… დავიჯერო, მასში დედობრივმა გრძნობამ არ გაიღვიძა? - გაოცებას ვერ ვმალავდი, - მით უმეტეს, რომ პირველივე შვილი ნანატრი ბიჭი აღმოჩნდა…

- როგორც კი სამშობიროდან გამომიყვანეს, იმ დღესვე ძიძას ჩააბარეს ჩემი თავი. მისი ზრუნვაც ამით დასრულდა. მამა უფრო ხშირად მნახულობდა, ვიდრე დედა. მამას თავისი საქმის გამგრძელებლად ვუნდოდი და ხშირად შეჰქონდა კორექტივები ჩემს აღზრდაში. დედა არც კი მახსოვს, ოდესმე შემოსულიყო ჩემს ოთახში. მე გავყავდით მასთან და ეგ იყო.

ფაბიენმა ჩემს დაბნეულ სახეს თვალი შეავლო და გაეღიმა. ამჯერად ხალასად, რამაც მის თვალებში ჩაბუდებული ყინული გაალღო.

- ყველაფერი რიგზეა, კირა. მე უკვე გადავხარშე ეგ ამბები. არ იფიქრო, რომ ჩემი ბავშვობა ერთი დიდი ტრაგედია იყო. სულაც არა. არაჩვეულებრივი ძიძა მყავდა და ერთობ ბედნიერი ვიზრდებოდი. ცხრა წლის რომ გავხდი, დედამ ესპანეთში წამიყვანა, მამა მიატოვა. იქ კი სკოლა-ინტერნატში გამამწესა. მხოლოდ არდადეგებზე მაგზავნიდა მამასთან. სწორედ ერთ-ერთ ასეთ ჩამოსვლაზე პიერი გავიცანი. ჩვენი მშობლები ერთი წრის ადამიანები იყვნენ, მეგობრობდნენ, თუმცა არასდროს მესმოდა, რა საერთო ჰქონდა ერთობ თბილ და მოსიყვარულე პიერის დედას დედაჩემთან. ასე რომ, თავისთავად მოხდა ჩემი და პიერის დამეგობრება. მე დიდ დროს ვატარებდი აქ, ნიცაში, პიერის სახლში და დედამისი უფრო მიყვარდა, ვიდრე დედაჩემი. მისგან ბევრი სითბო მახსოვს.

გამაოგნა მისმა მონაყოლმა. ძნელი იყო ფაბიენის წარმოდგენა იმ პატარა ბიჭად, რომელსაც მშობლები ისე ექცეოდნენ, როგორც ძვირად ღირებულ მანქანას, როგორც მომგებიან კაპიტალდაბანდებას. რა თქმა უნდა, მეც მეგულებოდა საქართველოში ოჯახები, სადაც ბავშვებს მშობლების სიყვარული აკლდათ, რაც ეგრევე აისახებოდა მათ სულზე. ამ ბავშვებს ხშირ შემთხვევაში არასრულყოფილების კომპლექსი უყალიბდებოდათ და თავდაჯერებულობას კარგავდნენ, მაგრამ ფაბიენს ამის არაფერი ეტყობოდა. მგონი, ამ მხრივ ყველაფერი წესრიგში ჰქონდა.

და მაინც, იგი მე გამენდო, გული გადამიშალა და სულ სხვა მხრიდან წარმოჩინდა ჩემს თვალში. ძლივს ვიკავებდი ყელში მომდგარ ცრემლებს, ვიცოდი, მას არ მოეწონებოდა, ახლა რომ მეტირა. თანაგრძნობა ყოველთვის როდია მისაღები ადამიანებისთვის. ამიტომ რაც შეიძლებოდა მშვიდად ვთქვი:

- ახლა მესმის, რატომ ხართ შენ და პიერი ასეთი ახლობლები.

- ის იყო და დღემდე რჩება ჩემთვის ძმად, რომელიც არასდროს მყოლია, - უბრალოდ მიპასუხა, ყოველგვარი ემოციის გარეშე, - დედამისის დამსახურებით გავიგე, რას ნიშნავს დედობრივი სიყვარული, მამამისი კი ყოველთვის ცდილობდა გამოენახა დრო, რათა მოესმინა ჩემთვის, დამლაპარაკებოდა. ასე რომ, ოჯახი მაინც მყავდა, თავი ობლად არ მიგრძვნია.

- შენ არაფერი გითქვამს მიშელზე, - თავი ვერ შევიკავე და მისი ცოლი ვახსენე. ეს სახელი გამუდმებით მიტრიალებდა გონებაში და ენის წვერზე მადგა.

- იყო კიდევ… მიშელი… - მშვიდად წარმოთქვა, მაგრამ სახეზე ჩემთვის კარგად ნაცნობი შეუვალობა აღებეჭდა.

- შენი მშობლები, ალბათ, ყოველთვის თვლიდნენ, რომ თქვენ დაქორწინდებოდით, არა? -ვკითხე, თან ვიგრძენი, სული როგორ ამტკივდა, - ასე ხომ ხშირად ხდება, როცა ორი ოჯახი ერთმანეთთთან მეგობრობს.

- ყოველ შემთხვევაში, არავის გაჰკვირვებია, როცა გამოვაცხადე, მიშელი ცოლად მომყავს-მეთქი. თუმცა, როცა ის გავიცანი, დედა უკვე აღარ იყო ცოცხალი.

- საწყენია, რომ ცოტა ხანს მოგიწიათ ერთად ცხოვრება, - ასე მეგონა, ამის თქმაზე გული ცხრა ნაწილად გამეგლიჯებოდა, - მისი დაღუპვა ყველასთვის უდიდესი მწუხარება იქნებოდა.

- შენ იცი, რომ მიშელი აყვანილი იყო? - მოულოდნელად შემეკითხა, - პიერის შემდეგ დედამისი არ დაორსულდა და იმის შიშით, მეტი შვილი არ გამიჩნდებაო, მიშელი იშვილა.

- არა, არ ვიცოდი… - საშინლად დავიბენი.

- ეს კი ნიშნავს, რომ მის ძარღვებში ერთი წვეთი სისხლიც კი არ იყო ჟერარების, - ცივად წარმოთქვა, - ერთი წვეთიც.

გავშრი. შეძრწუნებულმა ავხედე ფაბიენს, მინდოდა გამომეცნო ასეთი უცნაური კომენტარის მიზეზი. ვიფიქრე, ამით იმის თქმა უნდა, რომ მიშელს თავის დად არასდროს თვლიდა, მაშინ, როცა პიერი ღვიძლ ძმად ჰყავდა მიჩნეული-მეთქი, მისი მშობლები კი ლამის თავის მშობლებად გაიხადა. ცოტა უცნაური კი იყო ასეთ დროს ოჯახის წევრის შეყვარება.

- მიშელი საოცრად ლამაზია ფოტოებში, - ვთქვი, - ლამაზი წყვილი იქნებოდით.

- ლამაზი წყვილი… - მშვიდად თქვა, თუმცა ისეთი გულგრილი ტონით, რომ შევკრთი, - ჰო, ლამაზი წყვილი ვიყავით. ამას ბევრი აღნიშნავდა.

ლამის გული გამიჩერდა. მისი გულწრფელი აღიარების მოსმენა მეტად აღარ ძალმიძდა, ის კი, თითქოს ჯიბრზე, განაგრძობდა:

- გინახავს ძველი საფლავის ქვები, მარმარილოს გამოსახულებებით მოჩუქურთმებული? ადამიანები უყურებენ ასეთ შედევრებს და აღფრთოვანებას ვერ მალავენ დახვეწილი ნამუშევრით, მისი სილამაზით, მაგრამ შიგნით… შიგნით ყინულივით სიცივე და ფერფლია მხოლოდ.

- საფლავის ქვები? გამოსახულებები? რაზე ლაპარაკობ? - გავოცდი.

- ვერავინ გაიგებს, თუ საძვალეში არ ჩაიხედავს, რა განსხვავებაა გარეთა მხარესა და შიგთავსს შორის. - მერე უეცრად თავი დახარა, სახეში შემომხედა და მისმა თვალებმა უცნაურად გაანათა, - მე კი ვიყავი შიგნით. მე ეს ვნახე!

- ფაბიენ, ამით რისი თქმა გინდა? - საშინლად შევშინდი.

ეს ყველაფერი რეალურობის ზღვარს სცილდებოდა. მინდოდა, რამეს მაინც მივმხვდარიყავი, მაგრამ არ გამომდიოდა.

- უბრალოდ…

- გოგო და ბიჭი! - ამ დროს პიერი გამოიჭრა პალატიდან, ტორნადოსავით მოქროდა, სახე უბრწყინავდა, - ქალ-ვაჟი მყავს, ფაბიენ! - მთელი ხმით იყვირა და მეგობრის მკერდზე მიესვენა ღრიალით, - მეგონა… არა, არ მეგონა, მაგრამ… იქ… ამწუთას…

- ვიცი, რაც გეგონა.

ფაბიენს ხმა ჩაეხრინწა. მან პიერის თავს ზემოთ მზერა მე მომაპყრო და დავინახე, როგორ ასწყლიანებოდა თვალები.

- ნანა როგორაა?

- კარგად, ძალიან კარგად! - ისეთი სასოებით ამოთქვა ეს სიტყვები პიერმა, რომ გამეღიმა, -შეგიძლიათ შეხვიდეთ და ახალშობილები ნახოთ.

- ახლავე? - გავიკვირვე, - ანუ ექიმები უარს არ გვეტყვიან?

- ექიმები? რა დროს ექიმებია! რას ჰქვია, უარს გეტყვიან. ჩემს ორ ყველაზე უახლოეს ადამიანს ჩემი შვილების ნახვა სურს და ვის აქვს უფლება, დაუშალოს? მით უფრო, სეხნიებს?

- სეხნიებს? - პირი ღია დამრჩა.

- პატარა ფაბიენი და კირა! - წარმოთქვა პიერმა და უცებ აიფარა პირზე ხელი, - ოი, ეგ რა წამომცდა! ეს სიურპრიზი უნდა ყოფილიყო თქვენთვის!

- სწორედ ეგაა სიურპრიზი, - მშრალად შენიშნა ფაბიენმა, - ხარ კი დარწმუნებული იმაში, რომ ოჯახში ერთი ფაბიენი არასაკმარისია?

- დარწმუნებული ვართ, ფაბი, აბა რა! - პიერი ორივეს ჩაგვეჭიდა და ლამის ძალით წაგვათრია, - ჩქარა, ჩქარა, ნანა გელოდებათ. მართალია, ძალიან დაიღალა, მაგრამ თქვენი ნახვა მაინც უნდა.

პალატა, სადაც ნანა გადაეყვანათ, ერთი შეხედვით შეიძლებოდა სტანდარტული მოგჩვენებოდათ, როგორც, მაგალითად, თბილისის თანამედროვე სამშობიაროებში, მაგრამ ის ფუფუნება მაინც შეიმჩნეოდა, რომლის უფლებას თავს მხოლოდ ძალიან მდიდარი ადამიანები აძლევენ. მაგალითად, ორი სარწეველა პატარა საწოლი, რომლებიც ნანას საწოლის გვერდით იდგა. ასეთი არასდროს მინახავს.

ორ პატარა უმწეო არსებას ძლივს მოუჩანდა თავი საწოლში და მშვიდად ეძინა. ერთს ვარდისფერი საბანი ეფარა, მეორეს - ცისფერი. ახლოს მივედი, რათა უფრო კარგად შემეთვალიერებინა ტყუპი. ამ დროს ბიჭმა სასაცილოდ დაამთქნარა და ისევ მიიძინა.

- ვაიმე, ნანა, რა საყვარლები არიან… არ მჯერა, - ქართულად ვუთხარი მეგობარს და თვალებზე სიხარულის ცრემლი მომადგა.

- ვიცი, - ნანას თვალები ბედნიერებისგან უბრწყინავდა, - წონით გოგო უფრო დიდია, ვიდრე ბიჭი. გოგო სამი და ასია, ბიჭი კი ორი და ექვსასი. სად მეტეოდა ამხელები, ჰა? - იმანაც ქართულად მიპასუხა.

- აბა, აბა, რაზე ლაპარაკობთ, იქნებ ჩვენც გაგვაგებინოთ? - პიერმა ღიმილით გამომხედა.

გადავუთარგმნე, რასაც ვლაპარაკობდით.

- სად გეტეოდა და აი, აქ, - პიერმა საჩვენებელი თითი ატაკა ცოლს მუცელში, - შენ რა, დაგავიწყდა, საზამთროსავით რომ დაგორავდი?

- დედალ სპილოსავით, - შეუსწორა ფაბიენმა და ყველას გაგვეცინა.

- მადლობა ღმერთს, რომ საკეისრო არ დაგჭირდა, ჰუუუ! - შვება ამოვაყოლე ნათქვამს.

- ჰო. ბიჭი თავიდან ფეხებით მოდიოდა, მაგრამ უცებ შემოტრიალდა და ბოთლის საცობივით გამოვარდა, ექიმებსაც კი გაუკვირდათ, იმდენად მოულოდნელი იყო. გოგონა კი რამდენიმე წუთის შემდეგ უპრობლემოდ გამოსრიალდა, - ნანამ გაიღიმა და საზეიმოდ გამოაცხადა, -ახლა კი… ტრამ-ტა-ტა… - და ხელები ზეაღმართა, - ჩვენ გადავწყვიტეთ, თქვენ პატივსაცემად გოგონას კირა დავარქვათ, ბიჭს კი ფაბიენი.

- ამათ უკვე ვუთხარი, - გაიკრიჭა პიერი.

- ოხ, რანაირი ხარ, პიერ, რა. ვერ გენდობა ადამიანი, - მოჩვენებითი სიბრაზით წამოიძახა ნანამ, მაგრამ თვალებით იმხელა სიყვარული შეანათა ქმარს, გულში საოცარი სითბო ჩამეღვარა, - ჰოდა, მიუყვანე ახლა ფაბიენი ფაბიენს, კირა კი კირას.

ნანას სიტყვებმა ექოსავით გაიარა ჩემს გულში - როგორ სიმბოლურად ჟღერდა მისი ნათქვამი…

პიერმა ჯერ მე მომაჩეჩა პატარა, მერე მეორეს დაავლო ხელი და ფაბიენს გაუწოდა.

- რა პაწაწინაა, - ფაბიენს ხმა აუკანკალდა. შევხედე და გამეცინა. ამხელა კაცს ისე მოუხერხებლად ეკავა ხელში თოთო ბავშვი, თითქოს ფაიფურის თოჯინა ყოფილიყო, - ერთი შეხედეთ, როგორი ხელები აქვს! დიდი ადამიანივით. შენ ყველას ძალიან, ძალიან ეყვარები, პატარავ. მთელი შენი ცხოვრება ყველასთვის საყვარელი ბიჭი იქნები!

- ჰოდა, ნათლიაც შენ იქნები, - პიერმა მეგობარს მხარზე გადახვია ხელი.

- რა თქმა უნდა, ამას დიდ პატივად ჩავთვლი, - მიუგო ფაბიენმა, თან თვალს არ აცილებდა ჩვილს, რის ვაივაგლახით რომ ეჭირა ხელში.

- შენც ხომ იქნები ნათლია, კირა? - მკითხა ნანამ, - გეხვეწები, უარი არ მითხრა.

- ასეთ რამეზე უარის თქმა როგორ შეიძლება, ნანა? - და ბავშვს დავხედე. ნეტავ მე თუ მეღირსება ოდესმე ასეთი თოთო შვილი? საკუთარი, ღვიძლი? ვინ იცის… მე მხოლოდ ის ვიცი, რომ უსიყვარულოდ არასდროს გავთხოვდები, დანარჩენი განგების საქმეა…

გულაჩუყებულს რომ არ მეტირა, პატარა სასწრაფოდ საწოლში ჩავაწვინე და ვთქვი:

- ჩვენი წასვლის დროა.

ფაბიენმა იმწუთასვე მიაწოდა ჩვილი პიერს, მერე ნანას აკოცა და "მე მზად ვარ" მზერით შემომხედა.

- რაც უნდა იყოს, ბავშვი საოცრებაა, - ჩემთვის ჩავილაპარაკე დერეფანში ფაბიენის გვერდით მიმავალმა.

- ჰო, საოცრებაა, - დაღლილი ხმით მიპასუხა. გავხედე.

ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს რაღაც ძლიერი საყრდენი გამოაცალესო.

- ცუდად ხომ არ ხარ? - შეშფოთებულმა ვკითხე.

- არ ვიცი… უბრალოდ, არ მეგონა, ეს პაწაწინა არსებები ასეთ ზემოქმედებას თუ მოახდენდნენ ჩემზე. გულში თითქოს სიცარიელის შეგრძნება გამიორმაგდა.

ეს სრულიად ახალი იყო ჩემთვის. ვერაფრით ვერ მივხვდი, ასეთი გულახდილობის ხასიათზე რატომ დადგა დღეს და მაინცდამაინც ჩემთან.

რა უნდა მეპასუხა? დავდუმდი, თუმცა არაფრის თქმა არ გახდა საჭირო, რადგან თვითონვე გააგრძელა, ოღონდ საუბრის თემას არ მიჰბრუნებია:

- ვშიშობ, ნანა ახლა უფრო გახდება შენზე დამოკიდებული, შესაბამისად, თქვენი მეგობრობაც მეტად განმტკიცდება. მაგრამ შენ რა უნდა ქნა? მალე ვერ დაბრუნდები საქართველოში.

თითქოს უბრალო ფრაზა იყო, თავაზიანი, თანაგრძნობის, მაგრამ თვითონ ტონს, რომლითაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა, ვერც მეგობრულს დავარქმევდი და ვერც დელიკატურს. უცებ შევჩერდი და ისიც იძულებული გახდა, გაჩერებულიყო.

- რა დაგემართა? - შეცბუნებულმა მკითხა.

საშინლად დაღლილი ვიყავი. ემოციური აფრენები და დანარცხებები აქ ჩამოსვლის დღიდან კვალდაკვალ მომყვებოდა, ხოლო ბოლო საათების დაძაბული ატმოსფერო უკვე სრულიად აუტანელი გახდა. თვითონაც არ ვიცი, როგორ მოსწყდა ჩემს ტუჩებს შემდეგი სიტყვები:

- მგონი, მე უნდა გეკითხებოდე, რა მოხდა-მეთქი.

- ვერ გავიგე? - დაბნეულმა წარბები აზიდა.

- არ გინდა, ფაბიენ! მომბეზრდა ეს შენი თამაშები! - აღმომხდა, - მე ხომ არ გამიკვირდებოდა, უბრალოდ რომ გეთქვა: "იმედია, მალე გაემგზავრები საქართველოში!" თუმცა ეს ისედაც იგრძნობოდა შენს ინტონაციაში.

- რას ამბობ, კირა! მე მხოლოდ გკითხე… ისე, უბრალოდ…

- ვიცი, რაც მკითხე!

- ასეთ შემთხვევაში… ამ სპექტაკლისთვის მიზეზს ვერ ვხედავ!

მისმა გულგრილმა ტონმა ვერანაირი შთაბეჭდილების მოხდენა ვერ შეძლო ჩემზე. ისეთი გაგულისებული ვიყავი, სულერთი იყო, როგორ მიპასუხებდა.

- ესე იგი, ვერ ხედავ, ხომ? - აგრესიულად ვკითხე, წინ გადავუდექი და თვალებში ჩავხედე, -კარგი, მაშინ აგიხსნი. როცა ადამიანს ისე ესაუბრები, თითქოს ის შენი ფეხის მტვერი იყოს, უბრალოდ, საწყენია. შენ შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ ასეა. თქმა არ უნდა, ლამაზი და მდიდარი ხარ, მაგრამ სამყაროში უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს - ადამიანური სიკეთე, მაგალითად. და დაიმახსოვრე: მე საფრანგეთიდან მაშინ წავალ, როცა ამას საჭიროდ ჩავთვლი. ვერანაირი შენიშვნა შენი მხრიდან ჩემს გადაწყვეტილებას ვერ შეცვლის. გაიგე?

- გავიგე ის, თუ ვინ გგონივარ. - მოღუშულმა მითხრა, - ჩემთვის გაუგებარია შენი გაბრაზების მიზეზი, მაგრამ მესიჯი მიღებულია. სხვათა შორის, კლინიკის ნახევარ მედპერსონალთან ერთად, - მან ირონიულად გაიღიმა და ირგვლივ მიმოიხედა.

- ჩემთვის სულერთია! - იმის გამო, რომ სრულიად უცხო ადამიანებს ესმოდათ ჩემი ლამის ბღავილი, უკან არ დამიხევია, არ მაინტერესებდა, რას იფიქრებდნენ სხვები, - ვიცი, რომ ვაშლის გამყიდველივით გავყვირი და ისიც ვიცი, მე რომ მთვლი ყველაფერში დამნაშავედ. მე კი დამნაშავე არ ვარ! ეს შენ მექცეოდი თავიდანვე გულისამრევად (სიტყვა "აუტანელი" არ ვიცოდი ფრანგულად როგორ იყო). ახლაც კი, როცა ეს მშვენიერი ბავშვები გაჩნდნენ! როგორ შეგიძლია ასე, ვერ წარმომიდგენია!

- კირა…

გაგრძელება იქნება