აჯობე წარსულს! - თავი 12 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 12

2022-03-19 07:44:46+04:00


წინა თავი

_ ახლახან ჩაეძინა, _ მივუგე და შეშფოთებულმა შევათვალიერე. გაფითრებული მეჩვენა, სახე თითქოს მოჰბერებოდა, _ რამე მოხდა?

_ სამწუხაროდ, კი. ეს წუთია პოლიციიდან დარეკეს. _ ხმადაბლა მიპასუხა, თან ნანას თვალს არ აშორებდა, _ ვიღაცა ჩემს ოფისში შევარდნილა, დაცვის ორი ბიჭი დაჭრილია. ჯერ არ ვიცი, რამდენნი იყვნენ, მაგრამ ის კი ვიცი, რომ იცოდნენ, რისთვისაც მოდიოდნენ _ პირდაპირ ჩემს კაბინეტში შეიჭრნენ და სეიფი გატეხეს.

_ ო, ღმერთო! _ შევიცხადე, _ რამე მნიშვნელოვანი წაიღეს?

_ ფული არა. საერთოდ, არ მიყვარს ოფისში მსხვილი თანხის შენახვა. სხვათა შორის, არც სახლში, მაგრამ კონფიდენციალური ხასიათის საბუთებს ვინახავდი და ეს მაწუხებს. ისინი სხვის ხელში რომ მოხვდეს, სერიოზული უსიამოვნებები არ ამცდება, _ გულგატეხილი ტონით მამცნო, _ ახლა პოლიციაში უნდა გამოვცხადდე.

_ ჰოდა, დროზე წადი, რას უცდი? ნანას გამო ნურაფრის დარდი ნუ გექნება.

_ მაგრამ იქ შეიძლება დიდხანს მომიწიოს დარჩენამ. ნანა დღეს არც ისე კარგად გრძნობდა თავს. არ მინდოდა საღამო უჩემოდ გაეტარებინა. ვერ ვიტან, როცა ჩემ გამო ნერვიულობს.

_ ახლა ბოლო თვეა და რა გასაკვირია, კარგად რომ ვერ არის, პიერ, _ თბილად ვუთხარი. მაოცებდა ამხელა იმპერიის მფლობელი ბიზნესმენი, თავისი სიმკაცრითა და შეურყევლობით ცნობილი, საკუთარი ცოლის უშნოდ დაცემინებაზეც კი პანიკურად რომ რეაგირებდა, _ მე ხომ აქ ვარ. წამითაც არ დავტოვებ მარტო, სანამ შენ მოხვალ.

_ მადლობა, კირა. შენი იმედი ყოველთვის მქონდა, _ თქვა და უხერხულად გამიღიმა, _ ალბათ ფსიქიკურად გაუწონასწორებელი გგონივარ, არა?

_ კარგი რა, მაგას როგორ მეუბნები? ძალიან კარგად მესმის შენი. მე რომ კაცი ვყოფილიყავი, ზუსტად შენნაირად ვიღელვებდი ცოლის ასეთ მდგომარებაზე. ასე რომ, ნანაზე არ იდარდო. მშვიდად წადი და მშვიდად მოდი.

როცა პიერი წავიდა, მეც ნანას გვერდით გავიშხლართე მეორე შეზლონგზე და ხელები თავქვეშ ამოვიდე. მორჩა, ამიერიდან ფაბიენზე აღარ ვიფიქრებ. აღარ ვიფიქრებ იმიტომ, რომ ასიდან ერთია შანსი, ის ჩემზე ფიქრობდეს. დავუშვათ, მე არც ისე ჭკვიანურად მოვიქეცი იმ ღამეს. თვითონ? თვითონ რა, უნაკლოდ მოიქცა? რაც მან გააკეთა, ძალზე აღმაშფოთებელი იყო ჩემთვის. როგორ განვიხიბლე…

_ ღმერთო, როგორ ვერ ვიტან! _ ოხვრას ეს სიტყვები ამოვაყოლე და იმწუთასვე მივხვდი, რომ ვიტყუებოდი.

მე მიყვარდა ფაბიენ მორელი და სწორედ ეს იყო მიზეზი ჩემი ჩუმი ტანჯვისა.

ნანას კარგა ხანს ეძინა, მე კი თვალი ვერ მოვხუჭე. სადღაც, ორ საათში გაიღვიძა და ნამძინარევი მზერა ზანტად მოავლო აივანს. გავუღიმე.

_ სალამი, ძილისგუდა! კარგად გეძინა?

_ უჰ, გადასარევად, _ წამოდგომა სცადა, მაგრამ უეცრად გადაფითრდა და მუცელზე იტაცა ხელი, _ ოი, ვაი, კირა!.. _ ნანა პირს ისე აღებდა, როგორც თევზი წყალში, და ხარბად ყლაპავდა ჰაერს, _ კირა, მგონი, იწყება. აჯობებს, პიერს დაუძახო.

წამოვხტი და მის წინ ჩავიმუხლე.

_ რა, მართლა დაგეწყო სამშობიარო ტკივილები?

_ ჰო, აშკარად, _ კვნესით ამოთქვა, _ როგორ მივლის, ყველაფერი მეკრუნჩხება.

_ ნან, პიერი სახლში არ არის, _ სწრაფად შევეცადე ახსნას, _ როგორ გგონია, მის დაბრუნებამდე გაუძლებ?

_ ვეცდები, მაგრამ… რამდენ ხანში მოვ… ააააააიიიიიი!!! _ ვეღარ დაამთავრა, რადგან ჭინთვებმა ისევ შემოუტია.

_ ვერა, ვერ შეძლებ, _ დავასკვენი, _ აჯობებს, ტაქსი გამოვიძახო. შენ მანამ შეეცადე დამშვიდდე და მოდუნდე ცოტა.

_ არ გინდა ტაქსი! _ ხელი ჩამკიდა და წამოჯდომას შეეცადა, _ ფაბიენს დაურეკე, ათ წუთში აქ გაჩნდება. პიერი გაგიჟდება, მას რომ არ შევატყობინო.

_ ფაბიენს?

_ ჰო. და პიერთანაც დარეკე ოფისში, უთხარი, რაც ხდება. თუ გასულია, ავტომოპასუხეზე დაუტოვე შეტყობინება. ჩვენ მეტი არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია, _ ახლა უკვე მშვიდად ჟღერდა მისი ხმა, მშვიდად და საქმიანად. ეს იმას ნიშნავდა, რომ შეგნებულად გადაერთო მშობიარობის რეჟიმზე და საკუთარი თავის მობილიზება შეძლო, _ ალბათ, სამშობიაროში დარეკვაც არ იქნებოდა ურიგო. ჩემს ექიმს ვაცნობოთ, რომ მოვდივარ. ყველას ნომერი ჰოლშია, ტელეფონის გვერდით.

როცა ფაბიენი ჰოლში შემოიჭრა, ჩვენ ყველა ნივთი ჩალაგებული გვქონდა, რაც თან უნდა წაგვეღო. ნანა კრისტიანის მხარს დაყრდნობილი უკვე კიბეზე ჩადიოდა, მე უკან მივყვებოდი ჩანთით ხელში.

_ როგორც ჩანს, გიჟივით მოქროდი, _ გაეცინა ტკივილით გაწამებულს, _ ამის აუცილებლობა არ იყო… _ მაგრამ ამის თქმა და მუცელზე ხელი მიიჭირა, წელში მოიხარა და კვნესა აღმოხდა. მე და ფაბიენმა ძლივს მოვასწარით მისი დაჭერა, თორემ კიბეზე დაგორდებოდა.

_ ყოველ თხუთმეტ წუთში ერთხელ უვლის ტკივილი, _ არ ვიცოდი, ფრანგულად `ჭინთვა~ როგორ იყო, ამიტომ მის ნაცვლად `ტკივილი~ გამოვიყენე, _ ასე რომ, უნდა ვიჩქაროთ. რახან ბავშვებმა ამქვეყნად მოვლენა გადაწყვიტეს, ჩვენ არ დაგველოდებიან.

_ კრისტიან, შენ შინ დარჩები, _ ფაბიენი ბიჭს მიუბრუნდა, _ ახლა უფროსი შენ ხარ ამ სახლში. მოვილაპარაკეთ? თუ პიერმა დარეკა, უთხარი, პირდაპირ საავადმყოფოში მოვიდეს.

_ გასაგებია, ასე ვიზამ… და ნანა? მაგრად სტკივა, არა? ფეხზე დადგომა რატომ უჭირს?

_ ნანა კარგად იქნება, არ ინერვიულო, _ ისე ალერსიანად მიმართა ბიჭს ფაბიენმა, რომ გული ამიჩუყდა, _ შეგიძლია მენდო, კრისტო. შენ ხომ იცი, ვინც ვარ…

_ ჰო, _ თავდაჯერებულად დაუქნია კრისტიანმა თავი.

_ მე კი პირობას გაძლევ, პირველს შენ გაგაგებინო ბავშვების დაბადება. აქ კი შენ უნდა დარჩე ბატონ-პატრონად. სახლს უნდა მიხედო. პიერს ამისთვის არ ეცლება, შენ უნდა შეცვალო იგი!

_ გავართმევ თავს, _ კრისტოს ხმა უცებ თავისი უფროსი ძმის ხმას მიემსგავსა.

_ მჯერა, _ მიუგო ფაბიენმა და იმის ნაცვლად, ბიჭისთვის ქოჩორზე გადაესვა ხელი, როგორც ამას ყოველთვის აკეთებდა, ზრდასრული ადამიანივით ჩამოართვა ხელი.

ძლივს მოვახერხეთ ნანას ჩასმა უკანა სავარძელზე. ფეხებზე პლედი გადავაფარე, რომ არ შესცივნოდა.

_ დამშვიდდი და ღრმად ისუნთქე… და კიდევ… რა ვიცი, რას აკეთებენ ამ დროს შენს მდგომარეობაში მყოფი ქალები, _ შეიშმუშნა ფაბიენი და რატომღაც, დარცხვენით მე გადმომხედა.

_ წავედით? _ მკითხა თავისი დაბნეულობის დასაფარავად.

_ წავედით, _ მივუგე და ნანას გვერდით მოვთავსდი.

საავადმყოფოში უკვე გველოდნენ. მშობიარე მაშინვე შეიყვანეს ცალკე პალატაში, საიდანაც ცოტა ხანში მედდა გამოვიდა და შემატყობინა:

_ ვფიქრობ, მადამ ჟერარის ახლა მარტო დატოვება არ ღირს. მეუღლე მალე მოვა?

წარმოდგენა არ მქონდა, პიერი სად იყო და რამდენ ხანში დაბრუნდებოდა. მან ხომ არაფერი იცოდა. ღმერთო, რაღა მაინცდამაინც დღეს დაემთხვა ყველაფერი ერთმანეთს?

_ სამწუხაროდ, მესიე ჟერარს გადაუდებელი საქმეები აქვს, არ ვიცით, როდის გათავისუფლდება. ყოველ წუთს ველოდებით, მაგრამ…

_ მაშინ… თუ თქვენი მეუღლე წინააღმდეგი არ იქნება, _ მედდამ ფაბიენისკენ ღიმილით გაიხედა, _ იქნებ თქვენ დარჩეთ მასთან პალატაში?

_ ო, რა თქმა უნდა! ოღონდ ეს ჩემი ქმარი არ არის. მესიე მორელი მესიე ჟერარის მეგობარია. _ ვიგრძენი, როგორ ვწითლდებოდი, მაგრამ ფაბიენს მაინც აუღელვებლად მივუტრიალდი, _ პიერს ხომ დაელოდები? როცა ოფისში დავრეკე, პოლიციელმა მიპასუხა, აქვეა სადღაც, მოვძებნი და გადავცემ დანაბარებსო. ასე რომ, ალბათ, მალე მოვა.

_ დაველოდები, სად წავალ, _ მშვიდად მომიგო ფაბიენმა.

ნუთუ გულთან ახლოს არაფერი მიაქვს? _ ვფიქრობდი ჩემთვის და თეთრად განათელ გრძელ დერეფანში მედდას ფეხდაფეხ მივდევდი. პირველად ვხედავდი მამაკაცს, ასე გულგრილად რომ შეეძლო თავისი ემოციების გაკონტროლება…

რამ გახადა ეს კაცი ასეთი გულცივი? იქნებ ყოველთვის ასეთი იყო და მე ვერ შევიცანი? არ ვიცი, არ ვიცი. ფაქტი ის იყო, რომ რასაც ვხედავდი, არა მხოლოდ მაშინებდა, არამედ მაძრწუნებდა კიდევაც.

დაახლოებით ერთი საათი დავყავი ნანასთან. ვანუგეშებდი, ვამხნევებდი. ბოლოს, როგორც იქნა, პიერიც მოვიდა და მე გამოვედი პალატიდან, სადაც ნანა მარტო იწვა.

დერეფანში ორი ჭიქა ცხელი ყავა ჩამოვასხი აპარატიდან და ფაბიენს მივაშურე.

_ პიერი აქ არის, პირდაპირ ნანასთან შევიდა, _ ვაუწყე და ერთი ჭიქა მივაწოდე.

_ ნანა როგორაა?

_ ყველაფერი ნორმაში აქვს, თუმცა წვალობს. მოვლითი ტკივილები უფრო გაუხშირდა, მაგრამ ექიმმა თქვა, ჯერ ადრეა, დაახლოებით ორი საათი მაინც არის დარჩენილი მშობიარობამდეო.

ეს ისე ხმადაბლა ვთქვი, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ფაბიენმა გაიგონა. უბრალოდ, ცრემლმა არ მომცა საშუალება, უფრო ხმამაღლა გამომეთქვა ჩემი გულისტკივილი. მაშინვე ფანჯრისკენ შევბრუნდი, არ მინდოდა ამ სუპერმენს ჩემი სისუსტე შეემჩნია.

მაგრამ იგი მოულოდნელად მომიახლოვდა, ჩემი ყავიანი ჭიქა გამომართვა და თავისი ჭიქის გვრდით დადგა ფანჯრის რაფაზე.

_ მოდი ჩემთან, _ დაიჩურჩულა და მომეხვია, _ ჩვენთვის, ორივესთვის ეს ყველაფერი უსიერ ტყესავითაა, სიბნელისთვის თვალის შეჩვევა არც ისე ადვილია, თუმცა შესაძლებელი. ასე რომ, ყველაფერი კარგად იქნება.

სუნთქვა შემეკრა, მაგრამ არა იმის გამო, რომ ნანაზე ვწუხდი. მისი მკლავების შეხებამ და მის ძლიერ მამაკაცურ მკერდზე დავანებამ ჩემი დამმართა. ამაზე ხომ ყოველღამე ვოცნებობდი…

_ ეს პირველი კლასის კლინიკაა, აპარატურაც უმაღლესი ხარისხის აქვთ, _ ხმადაბლა, მშვიდად თქვა ფაბიენმა და თავისი ნიკაპი ჩემს თავზე დააბჯინა, _ ნანა ახალგაზრდა ჯანმრთელი ქალია, ბავშვების წონაც ნორმალურია, როგორც ვიცი. უბრალოდ, ორნი არიან და ამიტომაც დამძიმდა ბოლო დღეებში. ხუმრობა ხომ არაა ტყუპის გაჩენა.

_ მაგრამ ჯერ დრო არ იყო. ნაადრევი მშობიარობა კი…

გაგრძელება იქნება