აჯობე წარსულს! - თავი 17 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 17

2022-03-25 10:16:13+04:00


წინა თავი

სანამ გავიაზრებდი, რას მეუბნებოდა, ხელში ამიტაცა. მე კი ძალა აღარ შემრჩა, შევწინააღმდეგებოდი. ისღა დამრჩენოდა, თვალები დამეხუჭა და მის ნებას დავყოლოდი, სანამ სახლში შემიყვანდა.

საბოლოოდ გონს თბილ აბაზანაში მოვეგე. ნანა და მერი თავს დამტრიალებდნენ, ფუსფუსებდნენ, ფაბიენი უკვე აღარსად ჩანდა.

- კრისტო როგორაა? - ვიკითხე, სანამ ნანა ტანზე მხდიდა.

- კარგადაა, კარგად. - მომიგო და პირთამდე სავსე ცხელ წყალს ქაფი ჩაამატა, - უბრალოდ, ცოტა ყელი სტკივა, ბევრი წყალი აქვს ნაყლაპი. ექიმი გამოძახებულია, მალე მოვა…

ექიმი მართლაც მალე მოვიდა, კრისტიანი გასინჯა, პირველი დახმარებაც აღმოუჩინა და მერე ჩემთან შემოიხედა. მე ბალიშებზე ვიყავი მისვენებული, გაფითრებული და განაწამები.

მანამდე ნანამ რამდენჯერმე მომაკითხა, მაგრამ თვითონაც ისე იყო დაბნეული, ოთახიდან ოთახში დარბოდა. ხან კრისტიანთან შერბოდა, ხან ბავშვებთან, ხან ჩემთან. ჩემთვის უკეთესი იყო, სულ თავთან რომ არ მეჯდა, რადგან ახლა მარტო ყოფნა მერჩივნა.

- საღამო მშვიდობისა, კირა! - მომესალმა ოჯახის ექიმი.

ეს კაცი ყოველთვის მომწონდა. ის მთელი ორსულობის განმავლობაში ადევნებდა თვალყურს ნანას ჯანმრთელობის მდგომარეობას და, საერთოდ, უკვე მრავალი წელია, ჟერარების ოჯახის ექიმად მუშაობდა.

- საღამო მშვიდობისა, - მივუგე გასავათებული ხმით. შევეცადე გამეღიმა, მაგრამ, ჩემდა საუბედუროდ, თვალები ცრემლით ამევსო.

ექიმი ჩემს საწოლზე ჩამოჯდა და ხელის ზურგზე ხელი გადამისვა. ისე მამშვიდებდა, როგორც პატარა ბავშვს.

რამდენიმე წუთმა განვლო, სანამ ემოციებს გავუმკლავდებოდი. ექიმი უხმოდ და მოთმინებით ელოდებოდა, როდის მოვიწმენდდი ცრემლებს და მხოლოდ მერე მკითხა ხმადაბლა:

- ეს ბანაობის ინციდენტის გამო ხდება თუ სხვა მიზეზიცაა რამე, კირა?

მზად ვიყავი, მეცრუა, მაგრამ მის კეთილ, ბრძენ, სიბერეშეპარულ სახეს რომ შევხედე, სიმართლის თქმა ვამჯობინე. ან… ნახევარსიმართლის…

- არის კიდევ რაღაც, - დასუსტებული ხმით მივუგე, - პრობლემა, რომელიც მტანჯავს… აუცილებლად უნდა დავტოვო საფრანგეთი. ჩემს სახლში თავს უკეთ ვიგრძნობ, მაგრამ ნანას დატოვება არ შემიძლია, მას ჯერ კიდევ ვჭირდები.

- ვფიქრობ, თქვენ კარგი ქენით, რომ ჩამოხვედით, კირა. ვხედავ, აქ ყველას უყვარხართ. ამიტომ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი დარჩენაც ყველას გაახარებს, მიუხედავად იმისა, რომ ნანა უკვე მშვენივრად ართმევს ყველაფერს თავს.

მან გამიღიმა. მეც ვცადე გაღიმება, თუმცა თვალები ჯერაც ცრემლით მქონდა დანამული.

- თქვენი პრობლემა… ალბათ… გულთანაა დაკავშირებული, არა? - ფრთხილად შემეკითხა ექიმი და მეც შეცბუნებულმა დავუქნიე თავი, - ეგ არაფერი, თქვენს ასაკში ეს სრულიად ნორმალურია.

- თქვენი აზრით, ნანას ჩემი დახმარება აწი დიდად არ სჭირდება, არა?

- მართალი ხართ, არ სჭირდება, მაგრამ მას უხარია, როცა მის გვერდით ხართ. თუმცა ის ჭკვიანი ქალია, უყვარხართ. ამიტომ, თუ წასვლას მოისურვებთ, ამას გაიგებს. თქვენც ხომ უნდა გქონდეთ პირადი ცხოვრება. ამიტომ არ მოისურვებს, მის გამო მსხვერპლი გაიღოთ. ახლა დამამშვიდებელს მოგცემთ, რათა კარგად გამოიძინოთ, დილით კი დასვენებული გონებით კიდევ ერთხელ გააანალიზეთ შექმნილი სიტუაცია. ახლა არ არის იმის დრო, რაიმე გადაწყვეტილება მიიღოთ…

ვიწექი საწოლში და ველოდებოდი, წამალი როდის დაიწყებდა მოქმედებას. თან ვათვალიერებედი ჩემს მყუდრო საძინებელს, წარმოსახვაში კი ვხატავდი გარე პერიმეტრს, სახლის წინ მდებარე მინდორს, ბაღს, აუზს… მალე დავკარგავდი ამ ყველაფერს, დავკარგავდი ნანას და პიერს, კრისტიანსა და ბავშვებს, მაგრამ ჩემი გამგზავრება აუცილებელი იყო. უნდა გავქცეულიყავი აქედან! ამ საღამომ, მოვლენებით ასე დატვირთულმა, ბევრი რამ გახადა ნათელი. სულაც არ არის საჭირო, დილას დაველოდო და სიტუაცია გავაანალიზო, არც ჩემი გონება გახდება უფრო ნათელი.

შემიყვარდა ადამიანი, რომელიც ისევე მიუწვდომელია ჩემთვის, როგორც უცხოპლანეტელი! ამ კაცს შეუძლია გვერდით იყოლიოს ნებისმიერი ქალი, ვისაც მოისურვებს! ის ძლიერია, მდიდარი და სიმპათიური. ყველაზე უარესი კი ის არის, რომ შემიყვარდა მამაკაცი, რომელიც სხვისი ერთგულია, მიუხედავად იმისა, რომ მისი ლტოლვის ობიექტი რამდენიმე წლის წინ დაიღუპა!

იმ საღამოს მერე, როცა კლინიკაში ფაბიენმა მომიყვა თავის მშობლებზე, თავის ერთფეროვან ბავშვობასა და პიერთან მეგობრობაზე, მივხვდი, რომ არანაირი შანსი არ მქონდა, იმიტომ, რომ მიშელი ფაბიენისთვის არა მხოლოდ პირველი სიყვარული იყო, არამედ მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილიც, თანაც ბავშვობიდან, - აუცილებელი და მარადიული ნაწილი…

ფაბიენს არ დაუმალავს, რომ ახალგაზრდობაში მეგობარი ქალები ჰყავდა, რომლებიც მდიდარი მემკვიდრის, მით უმეტეს, ასეთი წარმოსადეგი და ლამაზი მემკვიდრის ხელში ჩაგდების მიზნით თავზე დაჰფოფინებდნენ, მაგრამ მისი გული სამუდამოდ მხოლოდ მიშელმა დაიპყრო. როდესაც დრო მოვიდა, ფაბიენი მიხვდა ამას და დაქორწინდა კიდევაც მასზე. ეს იყო სრულყოფილი წყვილი… მანამ, სანამ ბოროტი ბედისწერა მათ სამუდამოდ დააშორებდა…

ახლა თვალები სრულიად გამშრალი მქონდა. ტკივილი ზედმეტად ძლიერი იყო იმისთვის, რომ მეტირა…

- გამოსამშვიდობებელი საღამო? - ფაბიენმა გაოცებით შემომხედა, - შენ რა, მიემგზავრები, კირა?

- ერთ-ორ კვირაში, - ვუპასუხე და კმაყოფილება ვიგრძენი, რომ ჩემი ხმა მშვიდად და გაწონასწორებულად ჟღერდა, - ეს ნანამ დაიჟინა გამოსამშვიდობებელი საღამო.

ფაბიენი აუზის ინციდენტის შემდეგ დღეს პირველად გამოჩნდა პიერის სახლში. მანამდე მხოლოდ რეკავდა კრისტიანისა და ჩემი ამბის გასაგებად.

- რა თქმა უნდა, დავიჟინე, - წამოიძახა ნანამ, - შენ უამრავი მეგობარი შეიძინე, რაც აქ ხარ და ყველას სურს, დაგემშვიდობოს. დამიენს ხომ, საერთოდ… გული გახეთქვაზე აქვს. - დაამატა მან გამაფრთხილებელი ტონით და ფაბიენს ორაზროვნად გახედა, - იცი, რა უთხრა კირამ? ძალიან დაკავებული ვარ, რომ ვინმესთან რომანი გავაბაო. იმ საწყალს კი იმედი ჰქონდა, სანამ კირა საფრანგეთშია, კიდევ მაქვს შანსიო. ჩემი აზრით, მშვენიერი წყვილი იქნებოდა. შენ რას იტყვი, ფაბიენ? ახლა დამიენი თავბედს იწყევლის, რამ ამაღებინა შვებულება, ნეტავ აქ დავრჩენილიყავიო.

- მართლა? - ისეთი უინტერესო ტონით შეეკითხა ფაბიენი ნანას, გაოცებისგან თვალები გამიფართოვდა, თუმცა ჩემმა დაქალმა ეს ვერ შენიშნა.

- ჰო, აშკარად სასოწარკვეთილია. აბა, ამდენი დრო დაკარგა და… - გადაიკისკისა ნანამ, -თუმცა ორი კვირა კიდევ აქვს, რათა კირას გამგზავრება გადააფიქრებინოს, - დაამატა მან და ერთხელაც ესროლა ორაზროვანი მზერა.

სულ გაგიჟდა ეს გოგო! ესმის მაინც, რას ლაპარაკობს? დაბნეულმა გავხედე მეგობარს. მას არ სჩვეოდა ასეთი რამეები! მით უფრო, რომ კარგად იცოდა, დამიენი, როგორც მამაკაცი, საერთოდ არ მაინტერესებდა. მასწავლებლისგან მომეტებული ყურადღება მხოლოდ უხერხულობაში მაგდებდა.

- კარგი, გავალ, ვნახავ, მერი და სოფი დღეს რას გვიმზადებენ სადილად. შენ ხომ რჩები, ფაბი? არ წახვიდე, გთხოვ. შენი აქ ყოფნა ყველას რომ გვიხარია, იცი, ალბათ. - ამ სიტყვებით სამზარეულოსკენ გაემართა.

- არა, მაპატიე, დღეს ვერ დავრჩები. სხვაგან ვარ სადილად მიპატიჟებული, - თავაზიანად მიუგო ფაბიენმა, - უბრალოდ, მოსაკითხად შემოვიარე.

"მიპატიჟებული! დიდი დაფიქრება არ სჭირდება იმას, რომელი სქესის წარმომადგენელმაც დაპატიჟა სადილად!" - სიმწრით გავიფიქრე.

- მაშინ რამე მაინც დალიე და კირასაც დაუსხი, კარგი? მე მალე დავბრუნდები, - ხმამაღლა თქვა ნანამ და კარი გაიხურა. ჩვენ მარტონი დავრჩით.

- გინდა დალევა? - მშრალად მკითხა ფაბიენმა.

- დიდად არა… შენ? - ავნერვიულდი.

- არა, მე არაფრის დალევა არ მინდა, კირა, - შავი თვალები უცნაურად გაუბრწყინდა, - ესე იგი, დამიენის გულის გაბზარვის შემდეგ შენ საქართველოში ბრუნდები, - ეს შეკითხვა კი არა, ფაქტის კონსტატაცია იყო, - ვაღიარებ, არ მეგონა, ნანას ასე მალე თუ მიატოვებდი.

მან ეს სიტყვები ყოველგვარი ემოციის გარეშე წარმოთქვა, მაგრამ მაინც დავიჭირე მის სიტყვებში საყვედური.

- შენ რა, ნანა უღირს დედად მიგაჩნია? - სარკასტული ღიმილით შევეკითხე.

- რა თქმა უნდა, არა! - შეცბუნებულმა მომიგო.

- მაშინ რატომ…

- მე მეგონა, როგორც მეგობარი, ისე ჩამოხვედი, როგორც… კომპანიონი, - შეპარვით წარმოთქვა, - ადამიანი, ვისაც შეუძლია ახლობელს გული გადაუშალოს… ეს ხომ ქალისთვის ემოციურად ძალზე რთული პერიოდია…

- შენი რჩევები არ მჭირდება! - უხეშად გავაწყვეტინე. აღმაშფოთა იმან, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, რაც მე დამმართა, ემოციებზე დაიწყო ლაპარაკი. - ნანას მართლა რთული პერიოდი ჰქონდა, სანამ იმშობიარებდა, ახლა ყველაფერი წესრიგში აქვ. მე კი… მე ჩემი საქმეები მაქვს საქართველოში.

- რა საქმეები უნდა გქონდეს შენ?

ეს სიტყვები ისეთი ირონიით იყო წარმოთქმული, გულში ხანჯალივით გამიარა, მაგრამ გადავწყვიტე, არ ავფეთქებულიყავი. როგორც ჩანს, საწყალ შინაბერად მივაჩნივარ, რომელსაც არც არაფრის თავი აქვს და არც არაფრის კეთება შეუძლია.

- ჩემი საქმე პირადი ხასიათისაა, - ამპარტავნულად მივუგე.

- ეს პასუხი არ არის.

- მაგრამ ეს ერთადერთია, რისი თქმაც შემიძლია!

იმ საღამოს მომხდარმა ამბებმა გონებაში კიდევ ერთხელ გაიელვა და საბოლოო დასკვნამდეც მივედი: ფაბიენს ვეცოდებოდი და ამიტომ ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ მიმზიდველი ქალი ვიყავი. ამის გამო უცნაურად მიყვარდა და მძულდა იგი. მიყვარდა იმიტომ, რომ გამიგო და მგრძნობელობა გამოიჩინა ჩემ მიმართ, მაგრამ მძულდა იმის გამო, რომ ყველაზე ღრმა გრძნობა, რომელიც მსურდა მასში გამეღვიძებინა, შეცოდება აღმოჩნდა.

- გასაგებია… - ჩაილაპარაკა და შემომხედა.

თითქოს ჯიბრზე, დღეს საოცრად მომნუსხველი იყო. ერთობ მოხდენილი პიჯაკი ეცვა, რომელიც ხაზს უსვამდა მის ფარულ მამაკაცურ ძალას. რაღა მაინცდამაინც ეს შემიყვარდა? -უიმედოდ გავიფიქრე.

- იმედია, გამოსამშვიდობებელ საღამოზე მოხვალ… - რამდენიმე წუთის შემდეგ ფრთხილად შევეკითხე.

- შენ გინდა, რომ მოვიდე?

- რა თქმა უნდა. პიერს და ნანას ეწყინებათ, თუ უარს იტყვი.

- ახ… პიერს და ნანას… გასაგებია… - თვალები მოწკურა და ისე შემომხედა, - თუ ასეა, მოვალ.

ჰმ, თურმე მათ გამო მოვა. ღმერთო! როგორ ვერ ვიტან ამ კაცს!

- ახლა კი ნამდვილად ჩემი წასვლის დროა. დაგვიანება არ შემიძლია.

- რა თქმა უნდა. მას არ უნდა ალოდინო.

თვითონაც არ ვიცი, რატომ ვთქვი ეს. კიდევ კარგი, გულგრილად წარმოვთქვი, თითქოს ეჭვიანობისა და ცნობისმოყვარეობისგან არ ვიწვოდი, ვისთან მიიჩქაროდა ასე მოწადინებულად და როგორ გამოიყურებოდა ის ქალი.

- სწორედ რომ. - ნიშნის მოგებით მომიგო.

ერთით ნული მის სასარგებლოდ! - გავიფიქრე ჩემთვის, როცა ფაბიენმა ცალყბად გამიღიმა, დამშვიდობების ნიშნად თავი დამიქნია და სასტუმრო ოთახი დატოვა. რას ვიზამ… მას აქვს უფლება, ვინც მოსწონს, იმას შეხვდეს. ფაბიენი ხომ ჩიტივით თავისუფალია - არანაირი შეჩვევა, არანაირი მოვალეობა… გაგულისებული გავეშურე ნანას მოსაძებნად… ან პიერის… ამწუთას სულერთი იყო, ვის დაველაპარაკებოდი, ოღონდ კი ის დროებით დამევიწყებინა. ვგრძნობდი, როგორ დამინაფოტდა გული და არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ცხრაას ნატეხად დამსხვრეული გულის ხელახლა შეკოწიწებას შევძლებდი. იქნებ თბილისში ჩასვლამ მიშველოს და თავიდან ამაშოროს ეს სასიყვარულო განსაცდელი? მეტი არაა ჩემი მტერი, თუმცა უნდა ვცადო…

შუა ივლისი იდგა. საშინლად ცხელი დღე იყო. ბოლო კვირა მთლიანად მზის აბაზანებს დავუთმე, აუზს არ მოვცილებივარ. გარუჯვა ძალზე მომიხდა. კანი სპილენძისფრად მილაპლაპებდა. ბოლო ორი კვირა მე და ნანამ საყიდლებზე სიარულს დავუთმეთ. რამდენჯერმე გავედით ქალაქში და ბუტიკები დავლაშქრეთ. როცა შოპინგს მოვრჩებოდით, სადმე კაფეში დავსხდებოდით და ყავას მივირთმევდით, თან გამვლელებს ვათვალიერებდით, სანამ სახლში დაბრუნების დრო მოვიდოდა.

ეს იყო იდილიური პრელუდია თბილისში დაბრუნების წინ. ასე ნანამ შეარქვა. არადა, ჩემთვის ყველაზე ძნელი და მტკივნეული დღეები იყო - საფრანგეთს სამუდამოდ ვტოვებდი. ასე გადავწყვიტე. აქ დაბრუნებას აღარ ვაპირებდი…

მე და ნანა, ორივე გასავათებული, ბუტიკში ვტრიალებდით და ტანსაცმელს ვათვალიერებდით. ბოლოს ჩემი ყურადღება ერთმა საღამოს კაბამ მიიპყრო. სპილოსძვლისფერი სიფრიფანა ქსოვილისგან შეკერილი ძალზე მაცდუნებლად გამოიყურებოდა. გასახდელში შესულმა ტანზე რომ მოვირგე, გავოცდი - ასე არასდროს არაფერი მომხდენია.

- ღმერთო, რა სილამაზეა! კირა, ეს აუცილებლად უნდა იყიდო, თორემ არ ვიცი, რას გიზამ! - ტაში შემოჰკრა ნანამ და აღტაცებულმა შემათვალიერა.

კი მეძვირა, მაგრამ ისე მომეწონა, რომ ფასის გამო უკან არ დავიხიე. მით უმეტეს, რომ ასეთი ძვირფასი და ელეგანტური არასდროს არაფერი მღირსებია.

არადა, მე ხომ ვიცოდი, სინამდვილეში რატომაც ვყიდულობდი. ფაბიენს არა აქვს სურვილი, ჩემთან რაიმე საერთო ჰქონდეს. კი ბატონო, გასაგებია. მას ვეცოდები - ეს საშინელებაა, მაგრამ ამის გადატანაც შეიძლება… სამაგიეროდ, ამ საღამოს ამ კაბას ჩავიცვამ და მიხვდება, რაც დაკარგა. მისი ცხოვრებიდან ამაყად თავაწეული წავალ!

მაგრამ ეს მოგვიანებით მოხდება, შეღამებისას. ახლა კი ნანასთან ერთად აუზისკენ გავემართები. დავსხდებით ერთად და ცოტას განვიტვირთები, რაც ბოლო დროს უფრო და უფრო ცუდად გამომდის.

სარკეს მოვშორდი და ჩემი თითქმის შიშველი ორეული შევათვალიერე. თითები გადავუსვი მუცელს, რომელიც ნაიარევებს დაესახიჩრებინა. კარგია თუ ცუდი, ლამაზია თუ უშნო, ეს ჩემი ნაიარევებია და მეტად აღარ ვაპირებ მათ დამალვას! მსოფლიოში ათასობით ადამიანი გაცილებით უარეს დაზიანებებს უმკლავდება და საკმაოდ მამაცურადაც. მე კი ზედმეტად ვამახვილებ ჩემს ნაკლოვანებებზე ყურადღებას, იმაზე ზედმეტად, ვიდრე ისინი იმსახურებენ. მაგრამ ამიერიდან ყველაფერი სხვაგვარად იქნება.

მე იღბლიანი ვარ! მე იღბლიანი ვარ! - ამ შეგონებას ყოველდღე გავიმეორებ, ყოველ საათში, ყოველ წუთს, სანამ ჩემ გარშემო შემოჯარული შავი ღრუბლები არ გაიფანტება! მაგრამ რომ არასდროს გაიფანტოს? მერე რა, ამასაც შევეგუები და ცხოვრებას გავაგრძელებ.

დღეს დამიენიც მოვიდა. აი, ახლა ის კრისტიანსა და პიერთან ერთად აუზში ნებივრობს, ცურვაში ეჯიბრებიან ერთმანეთს. მე და ნანა შეზლონგზე ვართ გაწოლილი და ღიმილით გავყურებთ მოცურავეებს.

სიამოვნებით გავცქეროდი კრისტოს. იმ შემთხვევის შემდეგ ბიჭი კარგა ხანს ვერ ჩადიოდა წყალში, ისე იყო შეშინებული. ახლა კი ისევ გათამამდა.

არც ვიცი, როგორ მოხდა, რომ ძილმა წამიღო. როგორც ჩანს, მაღაზიებში სიარულმა მაგრად მომთენთა. როცა თვალი გავახილე, ნანა უკვე აღარ იყო ჩემ გვერდით, მის ადგილას კი, მეზობელ შეზლონგზე ფაბიენი წამოწოლილიყო.

- გამარჯობა, კირა, - ხმადაბლა მომესალმა, თან თვალს არ მაშორებდა.

არ ვიცი, რამ უფრო იმოქმედა ჩემზე - მისმა მოულოდნელმა დანახვამ თუ იმან, რომ ნახევრად შიშველი მის სიახლოვეს აღმოვჩნდი, მაგრამ ვიგრძენი, რომ განძრევა არ შემეძლო.

- ნანა წავიდა, ბავშვებს უნდა ვაჭამოო. კიდევ ის მითხრა, რომ სუფრას გარეთ გაშლიან, სუფთა ჰაერზე. მოკლედ, ყველა ფუსფუსებს. - მაცნობა მან.

- შენ გარდა, - ხაზგასმით აღვნიშნე.

წამოვიწიე. ცოტა არ იყოს, უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, დაძინებული რომ მნახა. მას შეეძლო ამ დროის მონაკვეთში ჩემი სხეულის ყოველი მილიმეტრი გულდასმით შეეთვალიერებინა. ეს არ მომეწონა. სხვებს საერთოდ არ ვერიდებოდი, მათ შორის, არც დამიენის მრცხვენოდა, როცა ჩემს დაჩეხილ მუცელს ვაჩენდი, მაგრამ ფაბიენი სხვა იყო, მას არ მინდოდა დაენახა.

- ჩემ გარდა, - კვერი დამიკრა მან.

- იქნებ… იქნებ… - მინდოდა მეთქვა, იქნებ წასულიყავი-მეთქი, მაგრამ ენა არ მომიტრიალდა ამის სათქმელად, ამიტომ ესღა ამოვთქვი, - იქნებ ნანას ჩემი მიხმარება სჭირდება. წავალ, დავხედავ.

- მინდა გელაპარაკო.

- ო! - პანიკამ შემიპყრო, - რისი თქმა შეგიძლია ჩემთვის, ფაბიენ, ა?

- უბრალოდ, შენი გეგმები მაინტერესებს, მეტი არაფერი, - მშვიდად მომიგო, - აპირებ ისევ ჩამოსვლას თუ არა? ვიცი, რომ ნანას ეს ძალიან უნდა.

იმედის პატარა სხივიც ჩაქრა, თუმცა გული ისევ გამალებით ბაგუნობდა.

- არა მგონია. - წარმოვთქვი, მუხლები მოვხარე და ხელები ზედ შემოვხვიე, მერე კი ჩემს მუხლისთავებს ნიკაპით დავეყრდენი. ამით მუცელიც დავმალე და ჩემი აბრეშუმივით ლამაზი თმა ჩამოვიშალე, რათა სახე დამემალა. ესღა მაკლდა, ფაბიენს ჩემი ცრემლები დაენახა, - ბოლო ორ თვეში, რაც ნანას ვეხმარებოდი, საბოლოო გადაწყვეტილებამდე მივედი. ახლა მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა განვახორციელო, სანამ გადამიფიქრებია.

- შეიძლება გკითხო, რა გადაწყვეტილებაა ასეთი?

- მინდა ისევ ძველ სამუშაოს დავუბრუნდე, - მივუგე, - იმ ავარიის შემდეგ, რომელზეც ადრე მოგიყევი, ძალიან ცუდად ვიყავი. კინაღამ დავღუპე ბავშვები, რომლებიც მე მებარა. ამის გამო კარგა ხანს საკუთარი თავის რწმენა დავკარგე. ბავშვებს ვერ ვეკარებოდი, პასუხისმგებლობის ჩემს თავზე აღება მიჭირდა.

- და ის ბავშვები…

- არა, მათ სერიოზული არაფერი მოსვლიათ, მაგრამ ნამდვილი შოკი კი განიცადეს. არადა, შეიძლებოდა სულ სხვანაირად დამთავრებულიყო ყველაფერი და ეს აზრი თვეების განმავლობაში მოსვენებას მიკარგავდა. თვითონ კარგა ხანს ვიწექი კლინიკაში - ტრავმები მქონდა, საბედნიეროდ, სერიოზული არაფერი. მხოლოდ ნაიარევები დამრჩა, თუმცა ესენი არაფერია მეხსიერებაში დარჩენილ ნაიარევებთან შედარებით, - ტკივილიანი ხმით დავასრულე.

- კირა…

- მაგრამ მე მიყვარს ბავშვები და მომწონს მათთან მუშაობა. ამიტომ გადავწყვიტე წარსულს არ მივცე უფლება, მმართოს, - ჩქარ-ჩქარა წარმოვთქვი, რადგან არ მინდოდა თანაგრძნობის სიტყვები მომესმინა, ამის ატანა მტკივნეული იქნებოდა ჩემთვის.

- შენ შეძლებ, კირა, შენ ყველაფერს გაუმკლავდები. ვიცი, როგორი მამაციც ხარ. - ეს ისეთი ხმით მითხრა, რომ თავი ძალაუნებურად ავწიე და შევხედე. გავოცდი - მამაკაცს სახე გაჰფითრებოდა.

- არა, არც ისე, - სევდიანად ვთქვი, - ყოველ შემთხვევაში, ყოველთვის ვერა.

"მით უფრო, შენთან, - გავიფიქრე, - შენთან მამაცი ვერასდროს ვიქნები". იმის გააზრებამ, რომ მას უკანასკნელად ვხედავდი, თავზარი დამცა, რაც აშკარად სახეზე დამეტყო. ასე იყო თუ ისე, ფაბიენი მოულოდნელად ჩემკენ გადმოიხარა.

გაგრძელება იქნება