აჯობე წარსულს! - თავი 20 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 20

2022-03-29 11:27:52+04:00


წინა თავი

ყველაფერი კარგად მიდიოდა. ასე თუ ისე ვილხენდი, ვიცინოდი, საუბარში ყველას ვყვებოდი. ერთადერთი, რაც ოდნავ მძაბავდა, დამიენის სიყვარულით სავსე მზერა იყო. როგორც შემეძლო, გავურბოდი ამ მზერას. როცა ვერ ვახერხებდი, მომხიბლავად ვუღიმოდი. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი ჩემი გული… ჩემი გული სადღაც შორს იყო…

მიუხედავად იმისა, რომ ფაბიენი აქ არ იყო, მაინც ყოველ წუთს რაღაც მახსენებდა მის თავს - ვიღაცის ლოსიონის სურნელი, ვიღაცის ჩახრინწული სიცილი, ვიღაცის ფართო მხრები თუ თავის დაჭერის მანერა…

- თავს როგორ გრძნობ? - ნანამ წელზე მომხვია ხელი, - პიერი აღფრთოვანებულია შენით, თავი რა მაგრად უჭირავსო.

- მართლა? - სიმართლე რომ ვთქვა, ამ ქათინაურმა დიდად ვერ გამახარა.

- ახლა გარეთ გავალთ, ბაღში, დესერტის სუფრა იქაა გაშლილი. მერე ცეკვები დაიწყება. ჭამე რამე, ლუკმა არ ჩაგიშვია პირში.

- შევჭამ, აბა, რას ვიზამ, ნუ ნერვიულობ, - იქით დავამშვიდე მეგობარი.

მის დასანახავად რამდენიმე ლუკმა შევჭამე და ერთხელ კიდევ გავუღიმე დამიენს, რადგან მის შეყვარებულ მზერას ამჯერადაც ვერ გავექეცი.

ბაღში რომ გადავინაცვლეთ, უკვე ბინდბუნდი იდგა. იქაურობა ფერადი ნათურებით გაენათებინათ. ასე მეგონა, ზღაპრულ სამყაროში მოვხვდი. ლამაზად ჩაცმული ქალები, ჰაერში - მუსიკის ჰანგები, ზემოთ - ნათელი ცა, ბაღში - აყვავებული ფერადი ყვავილები საამური სურნელით… ეს ყველაფერი ჯადოსნურ სამყაროს მომაგონებდა.

რამდენიმე წყვილი უკვე ცეკვავდა საგანგებოდ მოწყობილ პატარა საცეკვაო მოედანზე. ჩემ გვერდით მოკალათებულმა დამიენმა უცებ ხელი გამომიწოდა.

- კირა, ხომ არ გვეცეკვა? ამას მერე დიდხანს გავიხსენებდი…

- დამიენ, არ მინდა ცეკვა… მაპატიე.

იმის გაფიქრებაც კი, რომ შეიძლებოდა სხვა მამაკაცი შემხებოდა, უსიამოვნო ჟრუანტელს მგვრიდა. გარდა ამისა, ისეთი რომანტიკული მელოდია ჟღერდა, მის ფონზე ჩემზე შეყვარებულ დამიენთან ვერ ვიცეკვებდი. ისედაც უსიამოვნო იყო ჩემთვის, ძაღლივით ერთგული მზერით რომ შემომციცინებდა მთელი საღამო.

- ძალიან გთხოვ!

არ მომეშვა მასწავლებელი. ვიფიქრე, ამან სხვების ყურადღება არ მიიქციოს-მეთქი, მით უმეტეს, რომ დამიენი ხელგამოწვდილი მელოდებოდა და წამოვდექი.

- მხოლოდ ერთი ცეკვა, - გავაფრთხილე.

- მხოლოდ ერთი. - გაიმეორა თვალებგაბრწყინებულმა, ხელი ჩამკიდა და მოედნისკენ წამიყვანა.

უკვე მერამდენედ გავიფიქრე ჩემთვის, რატომ ვერ შევძელი ამ მამაკაცის შეყვარება-მეთქი. მასთან ისე ადვილი იყო ურთიერთობა, ისე მსუბუქი… და, რაც მთავარია, ეჭვები არ დამტანჯავდა, ვუყვარდი თუ არა. იმთავითვე ყველაფერი ნათელი იქნებოდა.

დამიენი არაჩვეულებრივად ცეკვავდა. მეც მშვენივრად ავუწყვე ფეხი. მსუბუქად დავსრიალებდით მოედანზე, ლაღად, ხალისით, მაგრამ მაინც… ის ფაბიენი არ იყო…

- კირა, კიდევ ხომ დაბრუნდებით ნიცაში? - შემეკითხა იგი.

- შეიძლება დავბრუნდე, მაგრამ ვფიქრობ, მალე ვერა.

- და მაინც, მე იმედს ვიტოვებ, რომ დაბრუნდებით…

უეცრად თითქოს რაღაცის გაელვებამ დამაბრმავა… დამიენის მხარს იქით გავიხედე და მოშორებით, ბაღის შესასვლელთან ფაბიენს მოვკარი თვალი. მას თეთრი პიჯაკი და შავი შარვალი ეცვა, მაგნოლიის ხეს მიჰყრდნობოდა და ჩემკენ იყურებოდა. ბინდბუნდში მისი სახის გამომეტყველებას ვერ ვარჩევდი, მაგრამ ეჭვი არ მეპარებოდა, რომ ჩვეული გულგრილობით ადევნებდა თვალს, როგორ ვცეკვავდი სხვა მამაკაცთან.

ამ დროს წავბორძიკდი და დამიენის ბოლო სიტყვები ვერ გავიგონე.

- მაპატიეთ, - დიდი გაჭირვებით მოვაშორე მზერა ფაბიენს და ჩემს მეწყვილეს შევხედე, - რა მითხარით?

- მე ვთქვი… - დამიენმა სწორედ იმ მხარეს გაიხედა, საითაც წამის წინ ჩემი მზერა იყო მიყინული, - ის ფაბიენი არ არის-მეთქი?

- მგონი, კი, ის უნდა იყოს…

უცებ ვიგრძენი, როგორ შემცივდა, მერე კი ბოღმამ დამრია ხელი. რატომ მოვიდა? რომ თავაზიანობა გამოჩინოს და დამემშვიდობოს? ლამაზად დაამთავროს ყველაფერი? მეტი საქმე არა აქვს. უბრალოდ, უნდა, რომ უარესად მაწამოს. ნუთუ ვერ ხვდება, რამდენად მტკივნეულია ეს ჩემთვის?

- მგონი, ჩემთვის რაღაცები ნათელი ხდება, - შეფიქრიანებულად ჩაილაპარაკა დამიენმა, - სწორედ ესაა მიზეზი, რის გამოც საფრანგეთს ტოვებთ?

იმწუთას ვერ მოვიფიქრე, რა სიტყვებით გავქცეოდი ამ შეკითხვის პასუხს, მაგრამ მოულოდნელად მივხვდი, რომ სულაც არ მინდოდა ამ ბიჭის მოტყუება.

- ჰო, - ვთქვი და დამიენს თვალი გავუსწორე, - თქვენ სწორად გაიგეთ.

მან თავი დააქნია.

- გამოდის, ჩვენ ორივეს გული გვაქვს გაბზარული… მაპატიეთ, კირა. ალბათ, ამას ადრევე უნდა მივმხვდარიყავი. ეჰ, რა კარგი იქნებოდა, სიყვარულის ჩართვა და გამორთვა ისევე შეიძლებოდეს, როგორც ტელევიზორის… სამწუხაროდ, ეს შეუძლებელია.

- დიახ, ეს შეუძლებელია… - მექანიკურად გავიმეორე.

მისი თანაგრძნობა იმდენად აუტანელი გახდა, რომ ცრემლები მომერია.

- კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, კირა, თქვენი გულისტკენა არ მინდოდა, - ხმადაბლა თქვა დამიენმა, თავი ოდნავ დახარა და ჩემს თმას შეეხო.

- ვიცი, - დახშული ხმით მივუგე, - უბრალოდ, ვწუხვარ, რომ მეც გული გატკინეთ. ეს არ მინდოდა. თქვენც მაპატიეთ, დამიენ.

- თავს ნუ იდანაშულებთ, კირა. თქვენ ყველაზე კეთილი ადამიანი ხართ…

- ცოტა ხნით უნდა დავარღვიო თქვენი მჭიდრო ჩახუტება… კირა, სალაპარაკო მაქვს შენთან.

ალბათ მეხი რომ ჩამოვარდნილიყო, ისე არ იმოქმედებდა ჩემზე, როგორც ამ ხმამ იმოქმედა. თავი ავწიე და ფაბიენის მოქუფრულ სახეს რომ შევხედე, აშკარად დავინახე, ტუჩებმოკუმულს თვალები როგორ ბოროტად უელავდა. იმავე მომენტში ვიგრძენი, დამიენმა უფრო მჭიდროდ რომ მიმიხუტა.

- იქნებ კირას არ უნდა შენთან საუბარი?

ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ დამიენს ფაბიენთან ასეთი ტონით შეეძლო ლაპარაკი. ამის გაგონებაზე მას ისეთი გამომეტყველება გაუხდა, თითქოს მზად იყო, გაენადგურებინა ყველა, ვინც გზაზე გადაეღობებოდა. სასწრაფოდ გავითავისუფლე თავი მასწავლებლის მკლავებისგან.

- ყველაფერი რიგზეა, დამიენ.

- კირა, სულაც არ ხართ ვალდებული…

- დაანებე თავი, თუ შეიძლება! - დაიღრინა ფაბიენმა.

- არაფერია, - შევეცადე, მასწავლებლისთვის გამეღიმა, მაგრამ არ გამომივიდა, - მას მეც უნდა დაველაპარაკო. მალე დავბრუნდები. ძალიან გთხოვთ, ხალხი გვიყურებს!

ის იყო, სტუმრებს გამოვერიდეთ, რომ ფაბიენმა იდაყვში უხეშად მტაცა ხელი და სიბნელისკენ გამათრია.

- რის უფლებას აძლევ შენს თავს? - განრისხებული შემეკითხა, როცა მაღალ ბუჩქებს შევერიეთ და უცხო თვალს გამოვერიდეთ, - ყველას თვალწინ მაგ მასხარას როგორ ეხუტებოდი?

- მე მას არ ვეხუტებოდი, მე მას ვეცეკვებოდი, - ცივად ვუთხარი და ხელი გამოვტაცე, - და საერთოდ, რა შენი საქმეა? დამიენი ჩემი მეგობარია…

- მე ვიცი, ვინცაა დამიენი, - გაღიზიანებულმა გამაწყვეტინა, - და ისიც ვიცი, რაც უნდა შენგან. აღიარე, რომ ეს შენც იცი! საკმარისია, მას შანსი მისცე…

- მას არასდროს არანაირი შანსი არ ჰქონია!

გაგრძელება იქნება