აჯობე წარსულს! - თავი 22 - Marao

აჯობე წარსულს! - თავი 22

2022-03-31 10:25:14+04:00


წინა თავი

მთელი გზის განმავლობაში ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვაკუუმში აღმოვჩნდი. იმავეს ვგრძნობდი, როცა ბარგს ვაფორმებდი და მაშინაც, როცა გამოაცხადეს, რეისი ცოტას იგვიანებსო.

- ნანა, შენ წადი, მართლა! - ვუთხარი მეგობარს, - მე შემიძლია მარტოც დავჯდე მოსაცდელში. ასე უფრო მშვიდად ვიქნები. ისე მოგწყვიტე ბავშვებს, ცოტა არ იყოს, ვნერვიულობ.

- არა! ბოლომდე აქ უნდა ვიყო! აწი კიდევ როდის გნახავ, ღმერთმა უწყის!

- ნან, სერიოზულად… - მაგრამ სათქმელი ვერ დავამთავრე. ჩემი დაქალის გაშტერებულმა მზერამ მაიძულა, შევტრიალებულიყავი.

ჩვენგან რამდენიმე მეტრის მანძილზე ფაბიენი იდგა შავ პერანგსა და შავ ჯინსში გამოწყობილი. სუნთქვა მომენტალურად შემეკრა.

- ფაბი! - პირველად ნანა მოეგო გონს, მისი გაწონასწორებული ხმა ამჯერად ოდნავ გაღიზიანებულად ჟღერდა, - აქ რას აკეთებ?

- ვფიქრობ, ეს ისედაც ნათელია, - გაიღიმა მამაკაცმა, თუმცა ძალზე ხელოვნურად გამოუვიდა, - კირას გაცილებას ვაპირებ.

- აპირებ… - ნანას ხმაში გაღიზიანება გაოცებამ შეცვალა, - არ მჯერა შენი!

- რა უნდა იყოს უცნაური იმაში, რომ ერთი ადამიანი მეორეს გამოემშვიდობოს? - საეჭვო თავმდაბლობით წარმოთქვა ფაბიენმა და მოგვიახლოვდა, - მოიცა, ნანა, ვიცი, რისი თქმაც გსურს, მაგრამ არ გათქმევინებ. მესმის, რომ კირა შენი დაქალია და მასზე ნერვიულობ. ეს დასაფასებელია, მაგრამ ის უკვე დიდი გოგოა, თუ შეგიმჩნევია საერთოდ. გარდა ამისა, არის რაღაც-რაღაცები, რაც მხოლოდ ჩვენ ორს გვეხება.

პირველ წამებში გულში კვლავ გამიელვა იმედის ნაპერწკალმა, რომ აქ იმის სათქმელად იყო მოსული, ჩემთვის დარჩენა ეთხოვა. მაგრამ კიდევ ერთხელ შევხედე თუ არა მის შეუვალ სახეს, მივხვდი, ასე არ იყო. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მოვიდა, მხოლოდ დამშვიდობება გახლდათ. მაგრამ ჩვენ უკვე დავემშვიდობეთ ერთმანეთს! რა საჭირო იყო ჩემი ტანჯვა? ეს არაადამიანური საქციელი იყო მისი მხრიდან!

- ის, რაც თქვენ ორს გეხებათ, მგონი, აღარ არსებობს, - არ დაინდო ნანამ, - მაპატიე, ფაბი, მაგრამ შენი არ მესმის.

- ეს შენი პრობლემაა. მაგრამ შენ მოგწონს თუ არა, მე მაინც უნდა დაველაპარაკო კირას, თანაც ტეტ-ა-ტეტ.

ნანა ლამის დაახრჩო აღშფოთებამ, ამიტომ მხარზე ხელი შევახე და გავაჩერე, სანამ რამეს წამოისროდა.

- ყველაფერი კარგადაა, ნან, არ ინერვიულო.

- ვხედავ, რამდენად კარგადაცაა! - წამოიძახა, - მართლა გინდა წავიდე? - ქორივით გამომხედა.

- მგონი, ასე უკეთესი იქნება. როგორც კი ჩავფრინდები, დაგირეკავ, - ხმადაბლა ვუთხარი, -ბავშვები გელოდებიან, არ ღირს ამდენი ხნით მათი დატოვება.

- კარგი, - უკმაყოფილო ტონით წამოისროლა და უხალისოდ გადამეხვია. თვალები ცრემლით აევსო, მეც ცოტა დამაკლდა, არ ავღრიალებულიყავი.

- ოღონდ არ გაბედო!.. გესმის? არ გაბედო კიდევ ერთხელ მისი წყენინება! - ტუჩები ყურთან მიუტანა ფაბიენს და უჩურჩულა.

მამაკაცმა წარბები აზიდა, მაგრამ სანამ პასუხს გასცემდა, ნანამ სწრაფი ნაბიჯებით დაგვტოვა.

- აი… ახლა მარტო დარჩი რუხ მგელთან, - ჩაიცინა ფაბიენმა, - ვერავინ დაგიცავს.

თვალი თვალში გავუყარე და გავოცდი - სახეზე აშკარად დაუცველი გამომეტყველება აღბეჭდოდა. მივხვდი, ნერვიულობდა, რამაც გამაოცა. ეს იმდენად უჩვეულო იყო, რომ არ შევწინააღმდეგებივარ, როცა ხელი ჩამჭიდა და ხალხმრავლობას გამარიდა.

- შეიძლება ყავაზე დაგპატიჟო? - მკითხა, როცა რბილ სავარძელთან მიმიყვანა.

ახლა, როცა მარტონი დავრჩით, ფაბიენი რატომღაც არ ჩქარობდა ჩემთან დამშვიდობებას. უარის ნიშნად თავი გავაქნიე, რადგან ვგრძნობდი, ნერვები დაწყვეტაზე მქონდა. ერთხელ უკვე გადავიტანე საშინელი დამცირება, როცა მას სიყვარულში გამოვუტყდი და მან უარმყო. ეს ჩემს სიამაყეზე მოუნელებელი დარტყმა იყო, ამიტომ სულაც არ მინდოდა, საწყალი, აცრემლებული, მასზე ჩაციკლული ქალი დავმახსოვრებოდი. არადა, უკვე მაგ ზღვრამდე ვიყავი მისული…

- არა, ყავა არ მინდა, - მივუგე, - იქნებ ჯობია, უბრალოდ, მითხრა, რისთვის მოხვედი და მერე შენს გზას გაუდგე?

- კირა… - წარმოთქვა და გაჩუმდა, მერე ჩემ გვერდით დაჯდა და ხელზე ხელი მომკიდა, - მე, ალბათ, არ უნდა მოვსულიყავი აქ. ან იქნებ უნდა მოვსულიყავი… სულ დავიბენი… მაგრამ ის, რაც დანამდვილებით ვიცი, ისაა, რომ არ შემიძლია საფრანგეთიდან გაგიშვა… გაგიშვა ისე, რომ ჩემი ცხოვრების შესახებ სიმართლე არ გიამბო. არ ვიცი, ეს კარგი იქნება თუ ცუდი, აღარაფერი ვიცი, მაგრამ ვალდებული ვარ, აგიხსნა.

- რა? - მისი სახის გამომეტყველება მაშინებდა.

- შენ ფიქრობ, რომ მე მიშელი მიყვარდა და დღემდე არ მასვენებს მისი სიყვარული, არა? -მკითხა, - მიგაჩნია, რომ ჩვენ ბედნიერი ოჯახი გვქონდა, რომ ჩვენი ცხოვრებისეული გზა, როგორც თქვენთან იციან თქმა, ია-ვარდით იყო მოფენილი?

- ჰო, ასე მგონია.

მივუგე, მაგრამ ძლივს ამოვთქვი ეს სიტყვები, რადგან ლაპარაკის უნარი უკვე წართმეული მქონდა. ასე პირველად მაშინ ვიგრძენი თავი, ოპერაციის შემდეგ ნარკოზიდან რომ გამოვდიოდი.

- ცდები… ჩემი ქორწინება ნამდვილი კოშმარი იყო, ისეთი კოშმარი, რომლის წარმოდგენაც კი შეუძლებელია! ეს იყო საათები, დღეები, კვირები, თვეები სრული ტანჯვისა და ტკივილისა, - ნაღვლიანად წარმოთქვა, - იყო წუთები, როცა მეჩვენებოდა, თითქოს ჭკუიდან ვიშლებოდი. სიგიჟის ზღვრამდე მივედი. ვუყურებდი ჩემ გარშემო მოტრიალე ადამიანებს და არ მესმოდა, რატომ იყვნენ სხვები კარგად, მე კი ცუდად.

- ფაბიენ! - უნდობლად შევხედე, - არ შემიძლია…

მან თავი გააქნია და ამით გამაფრთხილა, არაფერი მითხრაო, მერე მწარედ ამოიხვნეშა და ხელები მუშტებად შეკრა.

- თუმცა აჯობებს, თავიდან დავიწყო. უკვე გიამბე, როგორი ბავშვობა მქონდა, როგორ გახდა პიერის ოჯახი ჩემი ოჯახი. მინდა გითხრა, რომ მასთან ერთად მართლა უზრუნველად ვცხოვრობდი და არანაირი სიამოვნება არ მაკლდა…

ახლა იგი გულგრილი, მონოტონური ხმით ლაპარაკობდა, რაც უფრო მაშინებდა, ვიდრე სიმწარე, რომელიც მის სიტყვებში მანამდე ჟღერდა.

- მიშელი პიერის და იყო, უმცროსი და… ჩემი დაც, სხვათა შორის. ლეკვი რომ პატრონს შეეჩვევა, ისე მომეჩვია ბავშვობიდან, მაგრამ როცა თხუთმეტი წლის გახდა, მივხვდი, რომ ეს შეჩვევა სულ სხვა რაღაცაში გადაიზარდა. მას… მას მე ვუნდოდი - არც მეტი და არც ნაკლები! ვცდილობდი, რაც შემეძლო დელიკატურად დავლაპარაკებოდი, ამეხსნა მისთვის, რომ დასავით მიყვარდა და მის ძმად მიმაჩნდა თავი. როცა ამან საქმეს ვერ უშველა, იძულებული გავხდი, დროებით დამეტოვებინა მათი სახლი და, საერთოდ, ქალაქი. მეგონა, ეს საშუალებას მისცემდა, დაფიქრებულიყო და გონს მოვიდოდა, ჩვენს ურთიერთობას სხვა კუთხით შეხედავდა… ან იქნებ სხვა მოსწონებოდა ვინმე.

- ამან არ უშველა? - ხმადაბლა ვკითხე.

- არა, - მოღუშულმა მიპასუხა, - ისე გათავხედდა, რომ სწორედ იმ ადგილებში ხვდებოდა, სადაც მე მიწევდა ყოფნა. მერე სახლშიც მაკითხავდა, კვირაში ორ-სამჯერ მაინც. არავის და არაფერს შეეძლო მისი შეჩერება. რა თქმა უნდა, ამას ისე ვიღებდი, როგორც მოზარდი გოგონას ახირებას, მომწიფების ასაკში რომ შედის, თუმცა რაღაც მაინც მაფრთხობდა…

- პიერს ელაპარაკე ამაზე?

- შევეცადე, მაგრამ მას ჩემი არ ესმოდა. დასწყევლოს ღმერთმა, მე თვითონაც ვერ ვიგებდი, რა ხდებოდა! მერე მამამისი მძიმედ დაავადდა და პიერს სხვა საზრუნავი გაუჩნდა, ოჯახური ბიზნესის საქმეები დაატყდა თავს. მარტოს უნდა მიეხედა ყველაფრისთვის. ამიტომ ჩემს პრობლემებს ვერ დავუმატებდი. თავისიც ჰყოფნიდა.

როგორ მომინდა შევხებოდი ფაბიენს, მის წამებით გატანჯულ სახეზე თითები ჩამომესვა და გამექრო ის ტკივილი, ასე რომ აწუხებდა. მაგრამ იმის გააზრებამ, რომ მას არ ვუყვარდი, რომ მხოლოდ გამოსამშვიდობებლად მოვიდა, შემაჩერა.

- და მერე?

- ერთხელაც შინ გვიან ღამით დავბრუნდი და აღმოვაჩინე, რომ მიშელი ჩემს საწოლში შიშველი იწვა. უკიდურესი ნაბიჯის გადადგმა დააპირა, - შევამჩნიე, როგორ შეუკრთა ნაკვთები ამ მოგონებაზე, - ამიტომაც გადავწყვიტე, რადგან ასე ვუყვარვარდი და საშველი აღარ იყო, მასზე დავქორწინებულიყავი. ვიფიქრე, თუ რამეა, მას მაინც გავაბედნიერებ, ჯანდაბას ჩემი თავი-მეთქი. იმ პერიოდში არავინ მყავდა, ამიტომ მსხვერპლის გაღება არ მიწევდა. მიშელი კი დიდი ხნის განმავლობაში იყო ჩემი ცხოვრების ნაწილი და იმედი მქონდა, მეც ისე შემიყვარდებოდა, როოგორც მას ვუყვარდი.

- პიერმა იცოდა იმ უკიდურესი ნაბიჯის შესახებ? - ქვემოდან ავხედე, ვცდილობდი წარმომედგინა, რა შეიძლებოდა ეგრძნო იმ მომენტში, როცა ეს ხდებოდა.

- არა, ახლაც არ იცის ამის შესახებ. მეორე დილით მიშელი თავის სახლში მივიყვანე და გამოვაცხადე, მასზე უნდა დავინიშნო-მეთქი. რამდენიმე თვეში კი, როცა სრულწლოვანი გახდა, დავქორწინდით. ცოლქმრული ცხოვრებიდან ზუსტად ერთ თვეში მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი, საშინელი და გამოუსწორებელი შეცდომა. ის, რაც მისი მხრიდან სიყვარული მეგონა, უბრალოდ, ავადმყოფობა აღმოჩნდა. ძალიან მალე მას მოვბეზრდი და ზუსტად ისე, როგორც ჩემზე, ამჯერად სხვაზე დაიწყო ნადირობა. მერე კიდევ სხვაზე, კიდევ სხვაზე და… აღარ დამთავრდა…

- ოჰ, ღმერთო…

- მაპატიე, რომ ეს ყველაფერი თავს მოგახვიე, - ფაბიენმა თავისი უძირო თვალებით შემომხედა, - მიშელი მართლა ავად იყო. მას ეშინოდა ექიმთან მისვლის, ამიტომ ძალით წავიყვანე. სხვა სიკეთესთან ერთად აღმოჩნდა, რომ ის ვერასდროს დაორსულდებოდა და იცი, რა ქნა? მთელი თავისი სიძულვილი იმ ახალგაზრდა ქალებისკენ მიმართა, ვისაც ბავშვის გაჩენა შეეძლო. ამის შემდეგ ჩემი და მისი ცხოვრება ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა.

- მაგრამ ნანა ხომ დაახლოებით სწორედ იმ დროს შეირთო პიერმა ცოლად, - შეშფოთებულმა აღვნიშნე, - მიშელს ხომ არაფერი…

- ყველაფერი მოხდა, რაც შენ ახლა გაიფიქრე და უფრო მეტიც, - თავი დამიქნია ფაბიენმა, -მე, რა თქმა უნდა, კარგა ხნის განმავლობაში არაფერი ვიცოდი. მიშელი სასტიკად ექცეოდა, ნანა კი ხმას არ იღებდა, რათა ოჯახში სიმშვიდე შეენარჩუნებინა. ის კი ყველაფერს აკეთებდა, ოღონდ პიერი და ნანა ერთმანეთისთვის დაეშორებინა, განსაკუთრებით, პირველი შვილის დაღუპვის შემდეგ. მიშელი პათოლოგიური მატყუარა იყო, რაც მისი დაავადების სიმპტომებს ახასიათებდა. ხლართავდა ინტრიგებს და ცდილობდა, ოჯახი ყირამალა ამოეტრიალებინა…

იმდენად შემძრა მისმა მონაყოლმა, რომ თავი ვერ შევიკავე და ხელზე შევეხე თანაგრძნობის გამოხატვის მიზნით.

იგი დიდხანს დასცქეროდა ჩემს თითებს, უხმოდ, უსიტყვოდ, მერე კი გააგრძელა:

- სამწუხაროდ, მისი რომანების შესახებ საკმაოდ გვიან გავიგე, მას შემდეგ, რაც ის გარდაიცვალა. რა თქმა უნდა, გარკვეული ეჭვები მქონდა, მაგრამ მიშელი ძალიან ეშმაკი იყო, ამიტომაც ვერასდროს ვერაფერი დავუმტკიცე. მტკიცებულებები მხოლოდ მაშინ გამოჩნდა, როცა პიერისა და ნანას ოჯახში შეიტანა არეულობა. თუმცა ესეც სრულიად შემთხვევით გავიგე.

ირგვლივ თითქოს ყველაფერი გაქრა, მხოლოდ მას ვუსმენდი და ვხედავდი. მისი წამება მეც მაწამებდა. თურმე რა ბრმა ვყოფილვარ! როგორ ვერ მივხვდი, ამდენი რამ რომ აწუხებდა? როგორ მინდოდა გულში ჩავკვროდი, მისი სახე კოცნით დამეფარა, მეთქვა, ყველაფერი კარგად იქნება-მეთქი, რომ მისი გულისთვის ყველაფერს გავაკეთებდი, რაც საჭირო იქნებოდა. მაგრამ ვერ შევძელი… არ შემეძლო. ამიტომ გაუნძრევლად ვიჯექი და მისი ხელი მეჭირა.

- ავარია იმის გამო მოხდა, რომ გადამეტებული სიჩქარით მიდიოდა. მიმალვას ცდილობდა, რადგან ბოლოს და ბოლოს, გამოიჭირეს უწესო საქციელში, - მონოტონური ხმით ჰყვებოდა ფაბიენი, - მან მორიგი ჩხუბის სცენა გამართა ნანასთან, რაც ტრაგედიით დასრულდა თვითონ მისთვის. პიერი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იმ დროს სახლში და ყველაფერი გაიგონა. მიხვდა, ვინც ცდილობდა წყლის ამღვრევას და მისი ოჯახის დაშლას. პიერს რაღაც შეატყობინა ჟაკომ, რისთვისაც მისი ყოველთვის მადლიერი ვიქნები.

- ჟაკომ? - ისე გამიკვირდა, ვიფიქრე, მომესმა-მეთქი.

- ჰო, ამ საოცარმა ფრინველმა. მიშელი და ნანა თავიდან კრისტიანის ოთახში კამათობდნენ, მერე კი ბაღში გადაინაცვლეს. სწორედ იმ ოთახში ნალაპარაკევიდან რაღაც სიტყვები წამოიყვირა ჟაკომ, როცა პიერი შევიდა. ეს საკმარისი აღმოჩნდა, პიერი ყველაფერს მიმხვდარიყო, დასკვნები გამოეტანა და ემოქმედა.

ვცდილობდი, მისი ნათქვამი გამეაზრებინა. ხმას ვერ ვიღებდი, ისეთი თავზარდაცემული ვიყავი. ნანა ჩემი უახლოესი მეგობარი იყო და ამის შესახებ ერთხელაც არ დასცდენია სიტყვა. რატომ, არ მენდო? მერე რა, რომ ვიღაცას სიტყვა მისცა? მე ხომ ამას არავის მოვუყვებოდი, უბრალოდ, მეცოდინებოდა. მეცოდინებოდა და რაღაც-რაღაცებს გავითვალისწინებდი არა მხოლოდ ფაბიენთან, არამედ მასთან ურთიერთობაშიც. ახლა ყველაფერი ნათელი გახდა. ნათელი გახდა ისიც, რომ ფაბიენს მიშელი არასდროს ჰყვარებია და მათი ქორწინება პირველი დღიდან უკანასკნელამდე კოშმარი იყო. მაგრამ მაშ რა იყო მიზეზი, ასე რომ გაურბოდა ქალებთან ურთიერთობას? რატომ არ ცდილობდა ახალი ოჯახის შექმნას? რატომ იყო მისი გული სხვა ქალისთვის დახურული? ეს არ მესმოდა.

- მინდა ჩემი გესმოდეს, კირა. მე მეშინია სიყვარულის და მასთან დაკავშირებული ემოციების გამომჟღავნების. არ მინდა ვინმეს ისე მივეჩვიო, რომ მერე ვეღარ გადავეჩვიო. - ამ სიტყვებით ჩემკენ შემობრუნდა. სახე მთლიანად გაჰფითრებოდა, - როცა იგი დაიღუპა, ამან უარესად იმოქმედა ჩემზე. უფრო ცუდად გავხდი. სინდისი მქენჯნიდა, რომ მისმა სიკვდილმა შვება მომგვარა. ის ხომ ძალზე ახალგაზრდა იყო. შეიძლებოდა ემკურნალა და სულაც შეცვლილიყო. იქნებ მე ვერ მოვიქეცი სათანადოდ, მე დავაკელი რაღაც, რამაც მისი ავადმყოფობის გამძაფრება გამოიწვია. აი, ასეთი შეგრძნებები დიდხანს მტანჯავდა, ღამით დაძინებაც კი მიჭირდა.

- მაგრამ ის ხომ დაავადებული იყო, ფაბიენ, - არც კი შემიმჩნევია, როგორ ჩავაფრინდი ხელში, - ავად იყო, გესმის? შენ რა შუაში ხარ?

- მაგრამ მე მისი მეუღლე ვიყავი და გარკვეული პასუხისმგებლობა მეკისრა, -შემეწინააღმდეგა, - ამასთან, მასთან შეუღლების შემდეგ ყოველი დღე, თვე, კვირა ისე გაწელილად მეჩვენებოდა, თითქოს ერთი ჯოჯოხეთიდან მეორე ჯოჯოხეთში გადავდიოდი. ვცდილობდი, მაგრამ ვერ შევიყვარე. დაქორწინების მერე კიდევ უფრო დავშორდით ერთმანეთს და გავუცხოვდით. ამას ვერ ვინელებ.

- ახლა ეს ყველაფერი წარსულშია, იქ დარჩა, - თავს ძლივს ვიკავებდი, არ მეყვირა, მაგრამ საშინლად მინდოდა რამით დავხმარებოდი, - შენ არაფერში ხარ დამნაშავე, დამნაშავე მისი სენია. და ამიერიდან არასდროს აღმოჩნდები მსგავს სიტუაციაში. ასეთი რამ ორჯერ არ მეორდება. იმედია, შეხვდები ვინმეს, ვისაც შეიყვარებ… უნდა სძლიო შენს თავს, აჯობო წარსულს.

გაგრძელება იქნება