ცოტა ხნის წინ უკრაინის მთავრობამ ქალაქ ბუჩაში შესვლის კადრები გაავრცელა, სადაც ხელებაწეული მშვიდობიანი მოსახლეობა და ქალაქის ქუჩებში მიტოვებული გვამები ჩანს. ფოტოებმა მთელი ინტერნეტსივრცე მოიცვა, განსაკუთრებით აქტიურად კი გავრცელდა უკრაინელი ქალის, ოლენა ფშენიჩნას ემოციური მიმართვა, რომელშიც მან რუსეთზე, რუსეთის კულტურაზე, კინოსა და ლიტერატურაზე ისაუბრა.
“რამდენჯერაც დიდ რუსულ ბალეტზე ისაუბრებთ, იმდენჯერ მოგიყვებით ახალგაზრდა მასწავლებლის ისტორიას, რომელიც მშობლების თვალწინ არაერთხელ გააუპატიურეს და შემდეგ რუსმა არაადამიანებმა მოიტაცეს. მოგიყვებით დაახლოებით ათობით ან შესაძლოა ასობით გაუპატიურებული უკრაინელი ქალის ისტორიას... ხშირად ბავშვების თვალწინ. დაახლოებით 15-16 წლის გოგონების ისტორიას ბოროდინკიდან, რომლებიც განიცდიდნენ საშინელ ძალადობას. ხუთი გაუპატიურებული მოკლული და გზაზე დატოვებული ახალგაზრდა გოგონას ცხედრის შესახებ. აი, რას გეტყვით დიდი რუსული ბალეტის საპასუხოდ.
რამდენჯერაც დიდ რუს კომპოზიტორებზე მომიყვებით, იმდენჯერ მოგიყვებით ამბავს გოგონას შესახებ, რომლის თვალწინაც მარიუპოლის სარდაფში დედა დაიღუპა, შემდეგ კი, გარდაცვლილი დედის გვამთან, ბავშვები იძულებულნი იყვნენ სარდაფში გაეგრძელებინათ დამალვა, რათა ჭურვები აერიდებინათ თავიდან. მოგიყვებით ბიჭზე, რომლის თვალწინაც რუსმა ჯარისკაცებმა მამას ესროლეს, შემდეგ კი შვილის მოკვლა უნდოდათ, მაგრამ ის გადარჩა და ბოლოს გოგოზე, რომელსაც პირდაპირ სახეში ესროლეს.
ბავშვზე, რომელიც ბებიასთან ერთად ნავით გაიქცა. ბებო დაიხრჩო, ბიჭუნა კი თითქმის ერთი თვე ეძებდა. აი, რას გეტყვით პასუხად დიდ რუს კომპოზიტორებზე.
რამდენჯერაც დიდ რუს მხატვარზე მკითხავთ, იმდენჯერ მოგიყვებით მაკაროვსკის რაიონში მშვიდობიანი უკრაინელების კადრებზე, რომელთაც სიკვდილის წინ ორკებმა ხელები შეუკრეს. ასობით გვამზე, რომლებიც ბუჩის, ირპენის, გოსტომელის ქუჩებში დატოვეს.
მოგიყვებით საძმო საფლავების შესახებ საცხოვრებელი კვარტლების ეზოებში. მშვიდობიანი მოსახლეობის ძმური საფლავების შესახებ მყუდრო და უსაფრთხო ქალაქებში. ძმათა საფლავების შესახებ 21-ე საუკუნეში, - აი, რას გეტყვით დიდი რუსი მხატვრების საპასუხოდ.
რამდენჯერაც დიდ რუსულ თეატრზე მომიყვებით, იმდენჯერ მოგიყვებით ბროვარის რაიონიდან ჩამოსული ქალის ისტორიას, რომლის სახლიდანაც რუსმა ლოთებმა მეტლახის ფილებიც კი ამოიღეს. უკრაინულ სახლებში მოპარული ტელეფონების, ტაბლეტების, ტელევიზორების, სარეცხი მანქანების, ხალიჩების, სამკაულების, ლიქიორის ბოთლების, ტაფების, ტანსაცმლის, სათამაშოების, ფეხსაცმლის შესახებ. იმის შესახებ, თუ როგორ ვაჭრობდნენ მოპარული საქონლით ბელარუსის ბაზრებში. აი, რას გეტყვით დიდი რუსული თეატრის პასუხად.
რამდენჯერაც დიად რუსულ კინოზე მეტყვით, იმდენჯერ მოგიყვებით კიევის რეგიონში სასტიკად დახვრეტილ ცხენებზე. იასნოგოროდკის ზოოპარკის მშიერ-მწყურვალი ცხოველების შესახებ. აფეთქების შემდეგ ირმის დამწვარი კანის შესახებ. და მაქსიმალური ველურობის შესახებ. რუსი ოკუპანტების მიერ დახოცილი და შეჭმული ძაღლების შესახებ. აი, რას გეტყვით დიდი რუსული კინოს პასუხად.
აღარ არსებობს დიდი რუსული კულტურა, ლიტერატურა, კინო, მხატვრობა, თეატრი და ბალეტი. მხოლოდ გარეწრების, ლოთების, მოძალადეების და მკვლელების ქვეყანა არსებობს. ველურები, რომელთა ადგილი ცივილიზებულ სამყაროში არ არის!”